საქართველოში რელიგიური ტურიზმი განვითარდება

საქართველოში რელიგიური ტურიზმი განვითარდება

ხელისუფლება რელიგიური ტურიზმის განვითარებას გეგმავს. საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია ამჟამად მუშაობს პილიგრიმული კატალოგის გაკეთებაზე, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ კულტურულ მემკვიდრეობას მოიცავს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, ტურიზმის ცენტრის მთავარი სპეციალისტი გიორგი ქემერტელიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოში 12 ათასზე მეტი ტაძარია და ჩვენი ქვეყნის რესურსები ამ მხრივ ძალზე დიდია. ამდენად, კარგია, რომ სახელმწიფომ ეს მიმართულება პრიორიტეტად მიიჩნია. მით უფრო, რომ ჩვენი ქვეყნის რელიგიური ტურისტული რესურსით ბევრი უცხოელია დაინტერესებული.

გიორგი ქემერტელიძის აზრით, მართლია, ისრაელს, საბერძნეთს, იტალიასა და თურქეთს რელიგიური ტურიზმით კონკურენციას ვერ გავუწევთ, მაგრამ ამ ქვეყნებისგან მაინც განვსხვავდებით. კერძოდ, უცხოელებს ჩვენ ვთავაზობთ მართლმადიდებლური რელიგიური ტურიზმის მიმართულებას. ამ მხრივ შეიძლება, საბერძნეთთანაც გვქონდეს ანალოგია, მაგამ იქ უფრო ანტიკური მითოლოგიური ტურიზმია განვითარებული.

„რელიგიური ტურიზმი რელიგიათა პატივისცემას შეუწყობს ხელს. ტურისტები აღარ შევლენ ეკლესიაში შორტებით, ჩვენი ტრადიციები უფრო მეტად რელიგიაზეა დამყარებული. მაგალითად, მთის ტრადიციები იმდენად შესისხლხორცებული აქვთ მთაში მცხოვრებ ადამიანებს, რომ ტურისტის არასწორად ჩარევა ამ პროცესში გაუცხოებას იწვევს მათ მიმართ. პირადად გამომიცდია, მაგალითად, პირიქითა ხევსურეთში, რომელიც ეკლესიათა სიმრავლით არ გამოირჩევა და უფრო სალოცავი ნიშებით არის ცნობილი, არის ადგილები, სადაც არ შეიძლება ქალბატონი მივიდეს ან საერთოდ, ხევისბერის გარდა, ნებისმიერ ადამიანს ეკრძალება ცალკეულ ადგილებში შესვლა. უცხოელი ტურისტები კი მისულან ამ წმინდა ადგილებში და ქვებზე ჩამომსხდარან, რადგან არ იცოდნენ ხევსურების ტრადიციები. ამას მოჰყვა უთანხმოება ადგილობრივ მოსახლეობასთან, რომელთაც კოპალას ხატის ნიშის შეურაცხყოფად მიიჩნიეს მათი საქციელი. ამიტომ აუცილებელია, უცხოელები გარკვეულ რეკომენდაციებს გაეცნონ “, - აცხადებს გიორგი ქემერტელიძე.

მისი აზრით, რელიგიური ტურისტული მარშრუტი შეიძლება მოეწყოს ისტორიული თანმიმდევრობით - წარმართული რელიგიური კუთხეები, შემდეგ წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის მარშრუტი, ყველაფერი კი შეიძლება დასრულდეს უზარმაზარი სამების ტაძრის დათვალიერებით. ამ ყველაფერს დასჭირდება ე.წ. ტურისტულ პროდუქტად შეფუთვა. ცხადია, ეს მარშრუტი სასულიერო პირებისთვისაც საინტერესო იქნება, რადგან ეკლესია-მონასტრებს თავიანთი შემოსავლის წყარო ექნებათ. ამის დასტურად, გიორგი ქემერტელიძე აცხადებს, რომ მას რამდენიმე ტაძრის წინამძღვართან, ბერებთან ჰქონია ურთიერთობა და ისინი ფიქრობენ, რომ აუცილებელია რელიგიური ტურიზმის მიმართულების განვითარება.

თეოლოგი ლევან აბაშიძე მიიჩნევს, რომ რელიგიური ტურიზმი ძირითადად მომლოცველობას დაუკავშირდება. უცხოელ ვიზიტორთა დიდი ნაკადი, ალბათ, მართლმადიდებელი ტურისტი იქნება, თუმცა, ასევე, ჩამოვლენ სხვადასხვა კონფესიის ან არარელიგიური ადამიანებიც.

თეოლოგის აზრით, ქართულ ეკლესია-მონასტრებში ტურისტების შესვლის წესი თავად ეკლესიის შიდა განაწესით უნდა დარეგულირდეს, რადგან წირვა-ლოცვის დროს არც ცალკეულ ქვეყნებში არ არის დაშვებული ტურისტების შეშვება. ასე ხდება ინგლისში, საბერძნეთში და სხვა.

რაც შეეხება საქართველოს, ლევან აბაშიძე უმთავრეს სიწმინდედ ქალაქ მცხეთას და მცხეთის ჯვარს, ასევე, სვეტიცხოველს, წმიდა ნინოს საფლავს მიიჩნევს. აცხადებს, რომ მცხეთაში ჯერ კიდევ მეოთხე-მეხუთე საუკუნიდან დაიწყო პილიგრიმობა და ეს საეკლესიო განხეთქილებამდე მოხდა. ასე რომ, სომხები, ალბანელები ჩამოდიოდნენ კვართის დაფვლის ადგილის სანახავად.

„მაგალითად, ისრაელში ტურიზმის ერთ-ერთი დიდი სეგმენტი მომლოცველობაა. აქ ჩადიან არა მარტო სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ებრაელები, არამედ ქრისტიანები, მუსლიმანები. შესაძლოა, უსაფრთხოების თვალსაზრისით, იქ გარკვეული პრობლემები იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ გოლგოთაზე, ქრისტეს ჯვარცმის ადგილას, არის ეკლესია, სადაც წირვა-ლოცვა მიმდინარეობს. ასევე, ეგვიპტეში სინას მთის ძირას არის წმიდა ეკატერინეს მონასტერი, იქვე ცხოვრობენ ბერები და სწორედ ამ ადგილების მოლოცვა ხდება პილიგრიმებისგან. ნებისმიერი სახის ტურიზმი ექსპორტის ზრდას უწყობს ხელს, ეკლესიისთვისაც შემოდის თანხები. ქრისტიანისთვის, პირველ რიგში, ისრაელი, იტალია და საბერძნეთია სამი უმთავრესი ადგილი, შემდეგ მოდის ეგვიპტე. მუსლიმანებისთვის კი მნიშვნელოვანია საუდის არაბეთი და იერუსალიმი“, - აცხადებს ლევან აბაშიძე.

მისივე თქმით, საერთოდ, წმიდა ადგილების მოლოცვა ქრისტიანობისთვის არ არის არსებითი და აუცილებელი. რა თქმა უნდა, იყვნენ წმიდა მამები, რომლებიც მოილოცავდნენ ასეთ ადგილებს, თუმცა არსებობდნენ სხვა წმიდა მამებიც, რომლებიც ამას ზედმეტად მიიჩნევდნენ და ფიქრობდნენ, რომ მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ადგილას ცხოვრობ, მთავარია, ღმერთთან უფრო ახლოს იყო. მაგალითად, ღირსმა მამამ დავით გარეჯელმა წმიდა ადგილთა მოსალოცად წასვლა გადაწყვიტა, იერუსალიმის კარიბჭესთან მივიდა და მოკრძალების გამო წმიდა ქალაქში შესვლის ღირსად არ მიიჩნია თავი, თუმცა მადლის ქედიდან დიდი რწმენით სამი ქვა წამოიღო. იმ ღამით იერუსალიმის პატრიარქ ილიას უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა, რომ დავითმა „სარწმუნოებითა მისითა წარიღო სრულიად მადლი იერუსალიმისა“, ქვების დაბრუნების მიზნით ილიამ მალემსრბოლი დაადევნა დავით გარეჯელს, მამა დავითმა დაუბრუნა იერუსალიმს ორი ქვა, ხოლო მესამე ქვა უკვე გარეჯში დაბრუნებულმა ეკლესიაში დაასვენა.

ლევან აბაშიძის ინტერპრეტირებით, ამ გადმოცემის დედააზრი ის კი არ არის, რომ მთავარია ქვები, არამედ მთავარია დავით გარეჯის სულიერი მდგომარეობა.

„რაღა მაინცდამაინც იმ სამ ქვაში იყო მთელი იერუსალიმის მადლი ჩაქსოვილი?! უბრალოდ, ეს ქვები მამა დავითის ხელშენახები იყო და ამიტომ იყო მადლის ქვები. ამდენად, მთავარი მადლი მაინც ადამიანშია“, - ასკვნის თეოლოგი.