ზონდერპორტრეტები: თემურ გელდიაშვილი და სხვები

ზონდერპორტრეტები: თემურ გელდიაშვილი და სხვები

ბიზნესმენი, „ემ-ჯი მოტორსის“ დამფუძნებელი მამუკა გრძელიძე, დიღმის პოლიციის ყოფილ უფროსს თემურ გელდიაშვილს, რომელიც ამჟამად გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს დაცვის ინსპექციის უფროსის მოადგილეა, თაღლითობაში ადანაშაულებს. ბიზნესმენის განცხადებით, პოლიციის უფროსმა მისი შევიწროება მისივე ყოფილი მეუღლის, ხათუნა სისაურის ხელშეწყობით დაიწყო. ბიზნესმენი რამოდენიმჯერ დააკავეს, მაგრამ ყველა დაკავება ადმინისტრაციული ჯარიმით მთავარდებოდა. ბიზნესმენი პოლიციის ყოფილი უფროსის დაკავებას და მისი კუთვნილი თანხების დაბრუნებას ითხოვს, ამ მოთხოვნით მან მთავარ პროკურატურას მიმართა.

For.ge ბიზნესმენ მამუკა გრძელიძეს ესაუბრა.

ბატონო მამუკა, როდიდან დაიწყო თქვენი დევნა და რა იყო ამ დევნის მთავარი მიზეზი? 

მამუკა გრძელიძე: მქონდა ფირმა „ემ-ჯი მოტორსი“, ვასრულებდი სახელმწიფო შეკვეთებს. 15 წელზე მეტია, ეს ავტოსერვისი მაქვს. 2010 წელს დამეწყო პრობლემები. ერთ დღეს სამსახურის შემოსასვლელთან მეგობრებს ვესაუბრებოდი, ამ დროს დამიჭირა პატრულმა. მანქანა ბათუმის ქუჩაზე გააჩერეს, ტელფონით გადარეკეს და ვიღაცას ეუბნებიან, რომ დავაკავეთ და სად წავიყვანოთო.

დაკავებისას არ განგიმარტეს რატომ დაგაკავეს?

- არა. ერთ-ერთს ვკითხე, რატომ მიჭერთ, რა დავაშავე-თქო, მითხრა - დამავალესო. მეტი არაფერი უთქვამს. მანქანა რომ გააჩერეს, გავექეცი მანქანიდან. ხელბორკილებით ბევრს ვერ ვირბენდი, ხერხემალზე ტრამვა მქონდა. ამ დროს 5 გასროლა განახორციელეს ჩემი მისამართით, იძულებული გავხდი გავჩერებულვიყავი. პატრულის თანამშრომლები ფიზიკურად გამისწორდნენ, ყბა მქონდა მოტეხილი. წამიყვანეს ნარკოლოგიურში, არაფერი არ ამომივიდა. ამაზე საერთოდ გაგიჟდნენ, წამიყვანეს და ადმინისტრაციული შემიფარდეს, თითქოსდა პატრულს გავუწიე წინააღმდეგობა.

თქვენთვის თუ არის ცნობილი, ვისი დაურეკა პატრულის თანამშრომელმა და ვის ეუბნებოდა, დავაკავეთ და სად წავიყვანოთო?

- მაშინ ამას ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ 2012 წელს უკვე გავიგე, ვინც იყო. ეს იყო დიღმის პოლიციის უფროსი, თემურ გელდიაშვილი. პირველი დაკავებიდან 8 თვეში ისევ დამაკავა იგივე ეკიპაჟმა. სხვა ეკიპაჟი გამოიძახეს, გადამსვეს სხვა მანქანაში, ვისი ბრალეულობის გამოც დამაკავეს, მას 100 ლარიანი ჯარიმა გაუფორმეს, ხოლო მე - 1-კვირიანი პატიმრობა. როდესაც დამაკვეს, მან დამიდო იარაღი და მთხოვდა მეღიარებინა, რომ ეს იარაღი ჩემი იყო და ასევე ითხოვდა ჩემი ქონება გადამეფორმებინა ხათუნა სისაურზე და ამით თავს დამანებებდა.

რა ქონებაზე იყო ლაპარაკი?

- „ემ-ჯი მოტორსის“ გადაფორმებაზე. ეს ქონება მე შრომით მაქვს შეძენილი, დღესდღეობით სახლიც არ მაქვს, რადგან ეს ტერიტორია შევიძინე, რომ მემუშავა. მოხდა ისე, რომ ბელგიაში ვიყავი ავტომობილებს ვაგზავნიდი. ამ პერიოდში დააკავეს ჩემი ყოფილი მეუღლე, ხათუნა სისაური, რომელიც ჩემი ავტოსერვისის დირექტორი იყო.

რა ბრალდებით დააკავეს?

- ყალბი საბუთის დამზადება და არგამოყენება. არ ვიცი, რამდენად დაამზადა, რადგან გამოყენებით არაფერი არ გამოუყენებია. გირაოს თანხა გადავიხადე 100 ათასი ლარი. საკრედიტო ხაზი მქონდა ფირმის სახელზე გაკეთებული, ბანკს მივეცი ნებართვა, რომ ჩემი მეუღლე არ დაეჭირათ და გადავიხადე ეს თანხა. თქვენ წარმოიდგინეთ, პოლიციის უფროსი თემური გელდიაშვილი, ვინც მაკავებდა, თითქოსდა ჩემთან მეგობრობდა, მაგრამ მერე უკვე მან და ჩემმა ყოფილმა მეუღლემ დაამყარეს „კარგი“ ურთიერთობა.

საქართველოში როდის დაბრუნდით?

- ხათუნამ დამირეკა და მითხრა, არ ჩამოხვიდე ძებნილი ხარო. სხვათა შორის იგივე მითხრა თემურ გელდიაშვილმაც. ჩემი ბელგიელი მეგობარი ჩამოფრინდა, შეხვდა თემურ გელდიაშვილს და მასაც უთხრა, რომ მამუკა ჩემი მეგობარია და ძებნილიაო. მითხრა ჩემმა მეგობარმა, რა ვითარებაც იყო, მაგრამ ვუთხარი, რომ აუცილებლად უნდა გადავფრენილიყავი საქართველოში, რადგან ანგარიშებიდან თანხები იხსნებოდა.

ვინ ხსნიდა ამ თანხებს და სად მიდიოდა?

- ხათუნა სისაური ხსნიდა და ალბათ ერთმანეთში ინაწილებდნენ ეს ქალბატონი და პოლიციის უფროსი, თემურ გელდიაშვილი. შესაძლოა, აიძულეს ამ თანხების მოხსნა... არ ვიცი. საქართველოში დაბრუნებიდან მესამე დღეს დამიჭირეს. ჩემი პიროვნება მთავრობას არ აინტერესებდა, თორემ იმავე დღეს დამიჭერდნენ. მე ვაინტერესებდი პოლიციის უფროსს, გელდიაშვილს. ბელგიური ნომრიდან ვურეკავდი ხათუნას. არ მინდოდა გავეშიფრე, რომ თბილისში ვიყავი. ამ სამი დღის განმავლობაში თავად ვუყურებდი, როგორ მიჰყავდათ ჩემი მანქანები ჩემივე ფირმიდან.

შეგიძლიათ მითხრათ, ვის მიჰყავდა?

- ფირმის სახელზე გამოგზავნილი მანქანებიც გამიყიდეს. როგორ გაყიდეს და ეს თანხები როგორ ჩაიდეს ჯიბეში, არ ვიცი. მიმღები ხომ უნდა ყოფილიყო? ხათუნა სისაურის სახელზე კრედიტი მაქვს აღებული, ამონაწერიდან ჩანს, რომ ამ თანხით მანქანები გამოგზავნილი მაქვს, მაგრამ ეს მანქანები მათ გადაყიდეს, თანხა ბუღალტერამდე არ მისულა. თანხებს განაგებდა დირექტორი, მას ჰქონდა ყველაფერი.

თუკი ძებნილი იყავით, როგორც ამას თქვენი ყოფილი მეუღლე და პოლიციის უფროსი გიმტკიცებდათ, საზღვარზე როგორ შემოხვედით?

- ვიცოდი, რომ ტყუილი იყო. ამ სამი დღის განმავლობაში ვაკვირდებოდი ყველაფერს. დავურეკე ხათუნა სისაურს ბელგიური ნომრიდან და ვუთხარი, რომ რაღაცა ნივთი გადაეცი პიროვნებას-თქო და მოვიყვანე იმ ადგილამდე, სადაც თითქოსდა უნდა გადაეცა ეს ნივთი პიროვნებისთვის. როდესაც მოვიდა იქვე დავიჭირე. მომატყუა, ბავშვი მყავს დატოვებული და წავიდეთო, გავყევი. ბაზარში მივიდა დედამისთან, გადავალ და მოვალო, დამიტოვა თავისი ხელჩანთა, სადაც იყო პირადობა, ბანკის ბარათი და მართვის მოწმობა. დედამისი მოვიდა და მითხრა, რომ ხათუნა გაიპარა, შენთან ლაპარაკი არ უნდაო.

ვიცოდი, რომ დიღმის პოლიციასთან, თემურ გელდიაშვილთან ახლოს ჰქონდა ბინა ნაქირავები და მივედი ადგილზე. იქვე იყო ასაკოვანი ქალბატონი, მას ვკითხე ხათუნა სისაუარი აქ ხომ ცხოვრობს-თქო. კიო - აგერ, ამ მანქანაში ზისო. ახალი „პასატი“ იდგა, ეს იყო პოლიციის უფროსის მანქანა... ხათუნა ამ მანქანაში ზის გელდიაშვილთან ერთად, მაგრამ მე ვერ დავინახე. მანქანა დაიძრა თუ არა, მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები და დამაკავეს. მიმყვანეს თემურ გელდიაშვილის კაბინეტში, ჰკითხა ამ პოლიციელებს, რატომ დააკავეთო, მათაც განუმარტეს - ქალის ხელჩანთით დავაკავეთო. 

თქვენი ყოფილი მეუღლე და პოლიციის უფროსი ერთად მოქმედებდნენ თქვენს წინააღმდეგ?

- დიახ, შეკრული იყო გელდიაშვილთან და ერთად მოქმედებდნენ. შესაძლოა, აიძულეს კიდეც...

დაკავებისას არ განუმარტეთ, რომ ეს ჩანთა ხათუნა სისაურის იყო?

- თემურ გელდიაშვილმა მითხრა - ბიჭო, მე შენ წამალი როდის შემოგთავაზეო და, ფიზიკურად გამისწორდა, არადა, ხათუნამ შემომთავაზა წამალი მისი ხელით. გელდიაშვილის მოადგილე იყო გია სიდამონიძე. მოითხოვდა, რომ იარაღის შენახვა-ტარება მეღიარებინა, რაც - არ გავაკეთე. ჩემი პირადი ნივთები აღწერეს და ეს ჩანთა არ აღწერეს. ეს ჩანთა ცალკე დადეს. ამ პოლიციელებთან საუბარში ეს ჩანთა გავხსენი, სისაურის პირადობა და ბანკის ბარათი ამოვიღე, რომ ეს თანხები ამათ არ მოეხსნათ, რადგან ყოველდღიურად ირიცხებოდა თანხები, საკმაოდ დიდ თანხებზე იყო საუბარი. წამიყვანეს ნარკოლოგიურში და ამომივარდა, რომ მიღებული მქონდა ნარკოტიკი.

ასე იყო, რასაც ვაკეთებდი იმას არ ვუარყოფ, იმ წუთას მჭირდებოდა და ვიკეთებდი წამალს. სასამართლოზე ადმინისტრაციული შემიფარდეს ნარკოტიკებზე და არა, თითქოსდა, ჩანთის მოპარვაზე. სასამართლოს შემდეგ მირეკავს გამომომძიებელი - შენი ნახვა მინდაო, მაგრამ არ შევხვდი. ვიცოდი, რაც ხდებოდა - ჩანთა რომ გახსნეს, ნახეს, რომ არ იყო ბანკის ბარათი და თანხა როგორ უნდა მოეხსნათ?! ბოლოს დამიკავშირდა გამომძიებელი და მომთხოვა ბანკის ბარათის დაბრუნება - სამსახურიდან გამაგდებენ თუ ბანკის ბარათს არ მივიტანო. არ მივეცი, რადგან არ ჰქონდათ გაფრმებული, რომ თითქოს ჩანთა მოვიპარე. ადგნენ და იმავე დღეს დაიჭირეს ჩემი ბიძაშვილი და ბიძაშვილის შვილი. იძულებული გავხდი, რომ ბანკის ბარათი გელდიაშვილისთვის მიმეცა.

მაშინვე რატომ არ მიმართეთ პროკურატურას პოლიციის უფროსის წინააღმდეგ?

- ერთი ჯგუფი იყო. მცხვენოდა იმის თქმა, რომ ჩემს ყოფილ მეუღლეს და პოლიციის უფროსს ერთმანეთში რომანი ჰქონდათ გამართული იმისათვის, რომ ჩემი ქონება მიეთვისებინათ. მაგრამ დახმარება ვთხოვე მეგობრებს, რომლებმაც გამინეიტრალეს ეს ვითარება და ისინიც შემეშვნენ. გელდიაშვილი და სისაური უკვე უძლური იყვნენ ჩემს წინაშე.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ თუ მიმართეთ პროკურატურას?

- მივმართე, მაგრამ ჩემი საჩივარი დაეწერა იმ პროკურორს, რომელიც კაპეზეზე დამცინოდა. ეს გახლავთ სოსო ალავიძე. მითხრა, ხომ ხედავ ისევ ჩემთან მოხვედიო. ისევ ძველი ხალხი ზის. იმედია, რომ არჩევნების შემდეგ მაინც შეცვლიან ამ ძველ კადრებს და სიმართლე იზეიმებს ამ ქვეყანაში.

თემურ გელდიაშვილისა და ხათუნა სისაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვთ?

- რა თქმა უნდა. თემურ გელდიაშვილისნაირი ადამიანი სახელმწიფო სტრუქტურაში კი არ უნდა მუშაობდეს, არამედ ციხეში უნდა იჯდეს. ვითხოვ ჩემი კუთვნილი თანხის დაბრუნებას და ამ თანხის გადარიცხვას ჩვილ ბავშთა სახლში.

დაახლოებით რა თანხაზეა საუბარი?

-100 ათასი ლარი ხათუნა სისურის გირაოში გადამახდევინეს, 8 ათასი ჩემი გირაოსთვის გადავიხადე, დაახლოებით 65 ათასი ხათუნა სისაურს აქვს მოხსნილი ჩემი ანგარიშიდან. აღარაფერს ვამბობ მანქანებსა და ოჯახის კუთვნილ ძვირფასეულობაზე, რომლის ღირებულებაც თავისთავად სოლიდურ თანხას შეადგენს.

თემურ გელდიაშვილი შსს-ს სტრუქტურაში მუშაობს?

- ხელისუფლების შეცვლის შემდეგ თემურ გელდიაშვილი სამი დღე „სოდ-ის“ უფროსი იყო, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილს მოახსენეს მისი რაობა-ვინაობის შესახებ და გააგდო. შემდეგ, გადავიდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, სადაც ერთ-ერთი საპატიმრო დაწესებულების უფროსის მოადგილედ დაინიშნა, მაგრამ მისი წარსულის შესახებ სამინისტროში შეიტყვეს და გელდიაშვილი სად-იდანაც გაათავისუფლეს. ახლა გარემოს დაცვის ინსპექციის უფროსის მოადგილეა.

გარემოს დაცვის სამინისტრო ყოფილი პოლიციელების თავშესაფარი გახდა. უახლოეს დღეებში ჩემთვის ცნობილი იქნება პატრულის იმ თანამშრომლების ზუსტი ვინაობა, რომლებიც თემურ გელდიაშვილის დავალებით უდანაშაულოდ მაკავებდნენ. დარწმუნებული ვარ, ისინი ისევ იქ მუშაობენ (ანაც, დააწინაურეს) იმედი მაქვს, რომ ამ არჩევნების შემდეგ მაინც, ყველა ეს ადამიანი საბრალდებო სკამზე აღმოჩნდება.