თბილისის საქალაქო სასამართლო 14 ივლისს ერთ-ერთი გახმაურებული საქმის განხილვას იწყებს. კომპანია „ორთაჭალ-ენერჯი“ ეკონომიკის სამინისტროს ედავება და კომპენსაციას სთხოვს.
ეკონომიკის სამინისტრომ „ორთაჭალ-ენერჯის“ მიერ გრძელვადინი იჯარით აღებული ენერგეტიკული ობიექტი – ორთაჭალჰესი აუქციონზე 2009 წლის იანვარში გაყიდა. ცალკე საკითხია, რამდენად კანონიერი და სამართლებრივად გამართული იყო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, აუქციონი გამოცხადდა ობიექტზე, რომელიც კომპანიას იჯარა–გამოსყიდვის უფლებით 2019 წლამდე ჰქონდა გადაცემული. ამ საკითხზე „ორთაჭალ-ენერჯის“ საქმე სტრასბურგის სასამართლოში აქვს გაგზავნილი.
ხვალიდან კი საქალაქო სასამართლო აღნიშნული საქმის უცნაურ და შეიძლება ითქვას, სასაცილო ეპიზოდის განხილვას იწყებს. „ორთაჭალ-ენერჯის“ წარმომადგენლების თქმით, 2009 წლის იანვარში, ეკონომიკის სამინისტრომ არა მარტო სახელმწიფოს კუთვნილი (თუმცა, გრძელვადიანი იჯარით გაცემული და შესაბამისად პრივატიზაციას ნაკლებად დაქვემდებარებული) ობიექტი გაყიდა, არამედ ამ ქონებას დაამატა „ორთაჭალჰესის“ კუთვნილი და დღემდე ამ კომპანიის ბალანსზე არსებული ქონება და მანქანა–დანადგარები და ისინიც „უფეშქაშა“ ახალ მყიდველს. დღემდე სწორედ ორთაჭალჰესის „აუქციონზე“ შემძენი კომპანია – „ენერგო პრო ჯორჯია“ ახორციელებს ამ ქონების ექსპლუატაციას და იღებს შემოსავალს ისე, რომ მის მეპატრონესთან – „ორთაჭალ-ენერჯისთან“ არც ქონება გაუმიჯნავს და არც მის გამოსყიდვაზე უფიქრია. ამის უფლება ობიექტის დღევანდელ მმართველს, „ენერგო–პრო ჯორჯიას“, სწორედ, ეკონომიკის სამინისტროს იმდროინდელმა გადაწყვეტილებამ მისცა.
საკითხზე დავა წლებია გრძელდება და ამ კუთხით მოქმედი ხელისუფლების პირობებშიც არაფერი შეცვლილა. სწორედ, საკუთარ ქონებაზე უფლებების აღდგენის და შესაბამისი კომპენსაციის მოთხოვნით მიმართა „ორთაჭალ-ენერჯიმ“ სასამართლოს.
„ორთაჭალ-ენერჯის“ წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ეკონომიკის სამინისტროსთან მიმდინარე მათი დავა ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის საკითხზე ჩატარებული ერთგვარი ტესტი იქნება.
„ეს სასამართლო განხილვა დაგვანახვებს, რამდენად გულწრფელია სახელმწიფო, როდესაც აცხადებს, რომ არ აქვს გავლენა სასამართლოზე და რამდენად დამოუკიდებელი და ობიექტურია საკუთარი მოვალეობის შესრულების დროს თავად სასამართლო. მიგვაჩნია, რომ ეს საქმე და ეკონომიკის სამინისტროსთან ჩვენი დავა ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით კარგი ტესტი იქნება“,- აცხადებს for.ge-სთან საუბრისას კომპანია „ორთაჭალ-ენერჯის“ დირექტორი ნატალია ქუთათელაძე.
მისი განცხადებით, ყველაზე ცინიკური ის იყო, რომ 2009 წლის 16 იანვარს, როცა ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ გააფორმა საპრივატიზებო ხელშეკრულება, მასში მითითებული იყო, რომ საპრივატიზებო ქონება ობიექტის რეკონსტრუქციის შედეგად შექმნილ აქტივებსაც მოიცავდა. სადავო, სწორედ, ეს ჩანაწერი გახდა.
„ორთაჭალ-ენერჯის“ ხელმძღვანელთა მტკიცებით, ეკონომიკის სამინისტრომ მათი კომპანიის მიერ რეკონსტრუქციის პერიოდში შეძენილი ძირითადი საშუალებები უკანონოდ გაყიდა და დიდი ოდენობით შემოსავალი სხვისი ქონების განკარგვით მიიღო. დღეს სასამართლო დავის საგანი, სწორედ, ამ ქონების დაბრუნება და შესაბამისი კომპენსაციის მიღებაა.
„ორთაჭალ-ენერჯის“ საქმეზე სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14 ივლისს, 17:00 საათზეა ჩანიშნული. საკითხს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე თეა ხამხაძე განიხილავს.