მსახიობებს მრავალი გასახსენებელი გააჩნიათ. რასაკვირველია “სახალისო ისტორიების” მოყოლა სხვა დარგებში მოღვაწე პიროვნებებსაც ახასიათებთ, მაგრამ აქტიორები მაინც ხალხის განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობენ.
მსახიობი ჯემალ ღაღანიძე ერთ კურიოზულ შემთხვევას ხშირად იგონებს:
„გასტროლებზე ვართ საზღვარგარეთ. ვთამაშობთ “კავკასიურ ცარცის წრეს”. მოგეხსენებათ, ამ სცენას ფარდა არ სჭირდება, რადგან ეზოდან, ღია სცენიდან იწყება სპექტაკლი. მაყურებლის წინა რიგებსა და სცენას შორის მანძილი, ფაქტობრივად, არ არსებობს. გავიხედე კულისებიდან და ვხედავ, ფუმფულა, თმებგადატკეცილ მანდილოსანს, რომელსაც თითქმის სცენაზე ულაგია ნახევრადშიშველი მკერდი და მასზე მიყრილი ოქრო-ვერცხლეული.
კარლო საკანდელიძემ შეამჩნია თუ არა “ვკუსნი პერაჟოკი”, განაცხადა, ეს ქალი ჩემიაო. ვუთხარი, შენი როგორ არის, მოჩიპჩიფებულ თმააბურძგნულ ბერიკაცს თამაშობ, შენს გვერდით არის ორმეტრიანი და მომხიბვლელი მამაკაცი, კახი კავსაძე. თვალები გაქირავებული კი არ აქვთ-მეთქი, ლამაზ ქალებს. მაგასაც ნახავთ, თუ ჩემი არ იქნებაო, ჯიუტად გაიმეორა კარლომ.
დაიწყო სპექტაკლი, ეშმაკის მახემ წააქცია კარლო და პირდაპირ ქალს ჩაეხუტა უნებლიედ. იმანაც მიიზიდა ახლოს და ხელში აიყვანა. ეტყობა, იგრძნო ახალგაზრდა კაცის კუნთები და აღარ ემეტებოდა ძირს დასასმელად. დაგვიბრუნე კაცი, გვჭირდებაო, როგორც იქნა, მივახვედრედ.
დამთავრდა სპექტაკლი ზარ-ზეიმით. მოვიდა კარლოს მხსნელი კულისებთან. ცხადია, მასთან შესახვედრად. კარლოს უკვე გამოცვლილი ჰქონდა ფორმა, ამიტომაც ვერ იცნო და ზედაც არ შეხედა, მაგრამ მალევე მიხვდა ქალური ალღოთი, რომ “ის - ის იყო” და სახლში დაპატიჟა. ჩვენი უცხოელი ქალი ძიუდოისტი აღმოჩნდა და იმ დღიდანვე ჩვენი კარლო საკანდელიძე არაერთხელ მოიგდო ფართო მხრებზე. ასე რომ, რწმენით ყველა სურვილი სრულდება. კარლო საკანდელიძეს კი, ტანმორჩილობის მიუხედავად, ყოველთვის შესწევდა ძალა ქადილისა და ასრულებდა ხოლმე სიტყვას”.
ახალგაზრდა თაობის დიდმა ნაწილმა ალბათ არ იცის, რომ იპოლიტე ხვიჩიას ნამდვილი გვარი ყვინჩია გახლდათ.
დოდო ანთაძის ხელში ვიქეცი იპოლიტე ყვინჩია ხვიჩიადო, - იგონებდა ხშირად ბატონი იპოლიტე. ქუთაისის თეატრში მსახიობსა და დოდოს შორის შემდეგი დიალოგი გამართულა.
- მობრძანდით, დაბრძანდით, წარმომიდექით, - უთქვამს დოდო ანთაძეს. - იპოლიტე ვარ, ყვინჩია! - ააა, ყვინჩია? მოდით, შევცვალოთ ასო ყ - ხ-თი, რა მოხდება ამით, ვითომ დაშავდება რამე?!
იპოლიტეს უპასუხია, არც არაფერი! კარგი, ბატონო! თუ ვინმეს არ მოსწონს ჩემი ყ, იქნებ ხ უფრო მოეწონოსო. აუტეხიათ ხარხარი.
დოდო აბაშიძის გარდაცვალების შემდეგ მის ვერელ მეგობრებს შორის დამკვიდრდდა ტრადიცია, რომლის მოთავე და სულისჩამდგმელი გურამ ლორთქიფანიძე გახლდათ - მაისის ერთ ნებისმიერ დღეს ისინი სასტუმრო “საქართველოს” გვერდით მდებარე დოდო აბაშიძის სახელობის სკვერში იკრიბებოდნენ და დიდუბის პანთეონში მსახიობის საფლავზე მიდიოდნენ. მერე კი ყველა ეს შეხვედრა, როგორც წესი, რესტორანში დოდოს გახსენებით მთავრდებოდა.
სწორედ სუფრაზე იგრძნობოდა ყველაზე მტკივნეულად დოდოს არყოფნა - იგი ხომ საოცრად ენამჭევრი, ტკბილმოუბარი, იუმორით აღსავსე უბადლო თამადა გახლდათ, რომლის მსგავსსაც ბევრს ვერ შეხვდებოდით ღვინითა და თამადობით განთქმულ ჩვენს ქვეყანაშიც კი.
აი, როგორ იხსენებდა ამ ფაქტს ცნობილი სომეხი მსახიობი ფრუნზიკ მკრტჩიანი: “ეს იყო თამადობის უმაღლესი მწვერვალი, რომლის მიღწევაც მხოლოდ მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანს თუ შეეძლო”.
სამწუხაროდ, ამ ქვეყნად არაფერია მარადიული. უკვე რამდენიმე წელია ეს ტრადიცია ერთობ სამწუხარო მიზეზების გამო დაირღვა - საგრძნობლად შემცირდა დოდოს ვერელ მეგობართა რიცხვი, კანტიკუნტად დარჩენილებს კი მის აღსადგენად, ალბათ აღარც ჯანმრთელობა უწყობთ ხელს და აღარც მატერიალური მდგომარეობა.
ალბათ გახსოვთ ქართული მხატვრული ფილმი “არდადეგები”. ამ სურათის გადაღებიდან ბატონ მერაბ კოკოჩაშვილს ერთი ეპიზოდი სამუდამოდ დაამახსოვრდა.
“ფილმ “არდადეგებს” მანავში, ძველი ციხის ზემოთ, სასაფლაოზე ვიღებდით. მაგრამ რა ადგილიც გვჭირდებოდა, იქ ქვები არ იყო და ამიტომ ბუტაფორიული საფლავის ქვების დამზადება გადავწყვიტეთ. დავამზადეთ კიდეც და ყოველი გადაღების შემდეგ მე, გოგი გეგეჭკორი, რეზო ინანიშვილი და სხვები ამ “საფლავის ქვებს” ბეჭზე შემოვიდებდით და გალავანში შეგვქონდა.
ერთხელ ასე გამწკრივებულები მივდივართ, შევდივართ გალავანში, იქ სადაც ნამდვილი საფლავებია და ვხედავთ, ერთ ახალთახალ სამარესთან ქალი ზის და გულდათუთქული მოთქვამს: “დედი, დედი, რატომ წახვედი, ეს რა ქენი, რატომ მიგვატოვე, დედიი, დედიი”. ამ “საფლავის ქვებით” რომ მივადექით, მოიხედა და ერთბაშად გაქვავდა. მერე გადაირია, მაგრამ რა გადაირია - აღარც დედა ახსოვდა და აღარც თავი, ლამის შეიშალა.
ისე, ნაღდად ჯოჯოხეთის შეგრძნება კი იყო: აგერ მზე ჩადის, ბინდი მოიპარება და გალავანს რაღაცნაირი შუქი ეცემა. მერე მწკრივად, საფლავიანი კაცები, ქოფაკებთან ერთად, მოემართებიან.
ქალი ისე უკანმოუხედავად გარბოდა, ძლივს დავეწიეთ და, როგორც იქნა, დავამშვიდეთ”.
ქართული კინოს მოყვარულებს თენგიზ მაისურაძე ყველაზე უკეთ “უდიპლომო სასიძოში” შესრულებული შერეკილი ექიმი-ფსიქიატრის როლით უნდა დამახსოვრებოდა. ფილმის ძირითად ნაწილს მახარაძის რაიონის ერთ-ერთ სოფელში იღებდნენ. რეჟისორი ლევან ხოტივარი გახლდათ, ხოლო სცენას უბადლო ტექნიკოსი სუხოვი ანათებდა. დიპლომიანი ფსიქიატრი სოფელში ექიმად არის გაგზავნილი და ყველგან გიჟები ელანდება. სწორედ ამ დროს საწყალი ვარდენი “ჭკუიდან შეირყა” და მის საშველად თენგიზ მაისურაძის გმირს უხმეს.
ბატონი თენგიზი ამ ეპიზოდის გადაღებას მოგვიანებით ასე იხსენებდა:
“ხომ გაგიგიათ, გიჟს ისევ გიჟი თუ უშველისო. მიდის გადაღება მთელი სვლით. “მეტი სიგიჟე, მეტი სიგიჟე!” - გადმოგვძახის რეჟისორი. პირველი დუბლი დამიწუნეს. მეორეზე მეტი მოვინდომე, მაინც ჩავარდა. “მეტი გიჟი მინდა, მეტი გიჟი მინდა” - არ ცხრება ხოტივარი. - შენ გიჟი ხარ, გიჟი, უნდა დაიჯერო, თენგო, გიჟი ექიმი ხარ, გიჟი!!! - მაინც არ დამინდო ბოლოს.
მსახიობი რეჟისორს ვერასოდეს ჰკადრებს, გიჟი შენ თვითონ ხარო! მეც დავემორჩილე ბედს და “გავგიჟდი”. სუხოვმა განათება ჩართო. მე მთელი სისწრაფით ჩამოვრბივარ კიბეებზე. ძალიან მოვინდომე, ფეხი წამოვკარი და გასროლილი ქვასავით გავვარდი. დირეს მივენარცხე და მთელი გასანათებელი აპარატურა ძირს დავფინე, სუხოვის ჩათვლით. მაშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ზოგი ჭირი მართლაც მარგებელია. აპარატურის გარემონტებას მთელი კვირა დასჭირდა. ჩვენ კი ამ ხნის განმავლობაში მახარაძეში მწვადებსა და შამპანურს არ გვაკლებდნენ”.
დღევანდელი მოგონებების ბოლო სტუმარი, სახელმწიფო ფილარმონიის მსახიობი დავით მჭედლიძე გახლავთ, რომელიც ერთ სახალისო შემთხვევას გაიხსენებს:
„გასტროლები გვიმთავრდებოდა კუბაში. ორი დღეც და სახლში ვბრუნდებოდით. მოგეხსენებათ, იმ ძველი ინსტრუქტაჟის ამბები. აკრძალული გვქონდა მარჯვნივ და მარცხნივ გახედვა, დალევა - არა, გართობა - არა, ქალები - არა.
არადა, ქალები დადიოდნენ, მაღლები, შხვართები, შოკოლადისფერები, თვალებბრიალები. მოკლედ, სამი ვაჟკაცი ვდგავართ სასტუმროს წინ, ხან ერთი მანქანა გააჩერებს ქალებით სავსეს, ხან - მეორე, გვიკრავენ თვალს - ბამოს კონ მიგო (წამოდი ჩემთან, მეგობარო), ჩვენ ხელებს ვასავსავებთ გულზე. ასე გავუშვით ულამაზესი ქალებით სავსე ხუთამდე მანქანა, გააჩერა მეექვსე მანქანამ, გადმოყო ერთმა „დასაწვავმა“ თავი და გვეძახის - წამოდითო, თან უკან ორი ულამაზესი „შოკოლადკა“ უზის. ჩვენ გადავხედეთ ერთმანეთს, ჯანდაბას, რაც იქნება, იქნებაო, ჩავსხედით და გავყევით. მიდის მანქანა და მიდის ვაჭრობა, არა ამდენს მოგცემ, არა - იმდენსო. ქალაქიდან კარგა შორ მანძილზე გავედით, ქალები თანხას უწევენ თანდათან. ჩვენ კი ფული იმდენი აღარ გვაქვს, გროშებს ვითვლით, რაც გვაქვს, სულ უნდა დავხარჯოთ და ვწუწუნებთ
ჩვენი ერთი მეგობარი მეგრელი იყო, უყურებს ის ერთ-ერთ გოგოს და აღფრთოვანებას ვერ მალავს: - ხოხ, სენიორა, ხოხ! ისიც უჟუჟუნებს თვალებს და აგიჟებს ამ საწყალს. მივედით სადღაც ტყეში, მძღოლმა დაასიგნალა, აიწია რაღაც უზარმაზარი ბრეზენტის ფარდა, გამოჩნდა სამსართულიანი გაჩახჩახებული შენობა. გადმოვედით, გოგონები გვეუბნებიან, ოთახის და სალაროს ფული წინასწარ მოგვეცითო. ჩვენც შევაკოწიწეთ როგორც იქნა. ახლა ტაქსის ფულიც გადასახდელიაო და ათი პესოც იმაზე „აგვწაპნეს“.
ცოტა გვერდზე მიდექით და დაგიძახებთო, გვითხრეს. ჩვენც განზე მდგარი პალმებისკენ გავიწიეთ. ეს გოგოები უცბად მოწყდნენ ადგილს, ჩასხდნენ მანქანაში და გავარდნენ. ჩვენ დავრჩით პირღიები, სახლში სინათლეები ჩაქრა, ბრეზენტი ჩამოეფარა და დავრჩით ტროპიკულ ტყეში პალმებისა და გვიმრების ამარა, ეს სამი მოტყუებული ყაზილარი.
რა ვქნათ? საით წავიდეთ? - მარჯვნივ, მარცხნივ თუ პირდაპირ - აღარ ვიცით. უკუნი სიბნელეა, ჩავკიდეთ ერთმანეთს ხელი და ნელ-ნელა, ბორძიკით როგორღაც გამოვედით ტრასაზე. მანქანის ჭაჭანება არ არის, ღამის ოთხი საათია. როგორც იქნა გამოიარა ერთმა დანჯღრეულმა სატვირთო მანქანამ, გავაჩერეთ: - ჰავანა? - ვეკითხებით.
- სი, სი (დიახ) ჰავანა! ჩვენც ავძვერით მისაბმელზე და რაღაცა მაგარზე დავერეხვეთ, ქალაქამდე გვერდებგამოთქვეფილები ჩავედით. ეს ჩვენი მეგრელი მეგობარი საერთოდ სიტყვაძუნწი ვინმე იყო და აღშფოთების ნიშნად, ეს რა გვიყვეს კუბელმა ქალებმაო, წამოისროლა: - ხოხ, სინიორინებო, მაგალითად!
- ხოხ კი არა, ბიჭო, ვავა, ვავა, რავა გაგვაცუცურაკეს ამათი კუბელი დედაც - თქვა ჩემმა მეორე მეგობარმა.
მართლაც ვავა! კაპიკი ფული არ გვიჭყაოდა ჯიბეში, გაღლეტილები ვიყავით უსაშველოდ. სასტუმროში რომ მივედით და ჩვენი გადაგდების ამბავი მოვყევით, მეგობრებმა გვაჩუქეს ფული, სახლამდე შიმშილით რომ არ მოვმკვდარიყავით“.