ბრაზილიაში მიმდინარე ფეხბურთელთა მსოფლიო პირველობაზე დღეს გამარჯვებულის ვინაობა გამოვლინდება. არგენტინა თუ გერმანია - საფეხბურთო მსოფლიოს უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში ახალი ჩემპიონი ეყოლება.
წინა წერილებში რამდენჯერმე აღვნიშნე რომ „მუნდიალი - 2014“ ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეულ ადგილს დაიკავებს. ნახევარფინალურ შეხვედრებამდე მაინც მიმაჩნდა, რომ 1982 წლის პირველობა ყველაზე საინტერესო და დაძაბული გახლდათ. ალბათ გაიხსენებთ ბრაზილიის დიდებულ ეროვნულ გუნდს, შესანიშნავ მწვრთნელ ტელე სანტანასა და სამხრეთ ამერიკული გუნდის „მესაფლავე“ პაოლო როსის.
ალბათ ბედის ირონიას თუ დავარქმევთ, რომ მიმდინარე ჩემპიონატის „მთავარი გმირი“ კვლავ ბრაზილია გახდა, ოღონდ - უარყოფითი ასპექტით. ალბათ არ შემეკამათებით, მაგრამ ასეთი უსუსური „პენტაკამპეონები“ ჯერ არსად მიხილავს. ვეთანხმები ახლო წარსულში ცნობილი მოთამაშის, რომარიოს აზრს, რომ ამჟამინდელი ბრაზილიური ფეხბურთი კორუფციამ წალეკა.
ამ ქვეყნის საფეხბურთო მმართველებს მომავალში ალბათ სერიოზული მუშაობის წარმართვა დასჭირდებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოთხი წლის შემდეგ, რუსეთში პელეს თანამემამულეები წარმატებას კვლავ ვერ მიაღწევენ.
გუშინ ერთ საფეხბურთო „ნიუსს“ გავეცანი და სიმართლე გითხრათ ძალიან გამიკვირდა. მავან და მავან ბრიტანელ ფეხბურთის ქომაგს ბრაზილიელთა სასტიკი მარცხი წინასწარ გამოუცვნია და ერთ ლონდონურ ტოტალიზატორში ოთხი ათასი ფუნტი სტერლინგი მოუგია. ქართველებს ფსონების დადება განსაკუთრებულად გვიყვარს, მაგრამ მეეჭვება ის დაფიქსირებული ანგარიში ვინმეს გამოეცნოს.
ასეა თუ ისე, 2014 წლის მსოფლიო პირველობა დასასრულისკენ მიდის და ამ ჩემპიონატმა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში პირველი ადგილი დამსახურებულად დაიკავა.
დღეს არგენტინა-გერმანიის ფინალური დაპირისპირებაა. იოაჰიმ ლიოვის გუნდის მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, ჩემი გული მაინც დიეგო მარადონას თანამემამულეებს ეკუთვნის. ნება მომეცით დღევანდელ წერილში ძირითადად არგენტინის ეროვნულ გუნდზე ვისაუბრო.
მეტოქეებს ურთიერთშეხვედრების მდიდარი ბიოგრაფია გააჩნიათ. 1986 წლის მუნდიალის ფინალში, კარლოს ბილარდოს გუნდმა გერმანელები დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. ოთხი წლის შემდეგ, ასევე გადამწყვეტ შეხვედრაში, რევანში ფრანც ბეკენბაუერის აღზრდილებმა აიღეს. 2006 წლის მსოფლიო პირველობის მეოთხედფინალში წარმატებას კვლავ გერმანელებმა მიაღწიეს. 2010 წლის მსოფლიო პირველობის მეოთხედფინალში გერმანელებმა კიდევ ერთხელ იმარჯვეს.
ამ გუნდის ქართველ ქომაგებს დღეს რამდენიმე “მძიმე” საათი ელით. მათდამი ერთგვარი სოლიდარობის მიზნით გადავწყვიტე, რომ დღევანდელ წერილში არგენტინული ფეხბურთის ისტორიაზე ვისაუბრო.
არგენტინის ფეხბურთის ფედერაცია 1893 წელს ჩამოყალიბდა. იგი ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში, ამიტომ, ალბათ, შემთხვევითი არ იყო, რომ 1930 წელს, მსოფლიოს პირველი ჩემპიონატის ფინალში სწორედ არგენტინა გავიდა. მაშინ, მართალია, ურუგვაიმ გაიმარჯვა (4:2), მაგრამ საქვეყნოდ გაითქვა სახელი რამდენიმე არგენტინელმა ფეხბურთელმა, განსაკუთრებით კი სტაბილემ და მონტიმ. ამ დროიდანვე დაიწყო არგენტინელთა “ექსპორტი” ევროპაში. ამით უპირველესად ეროვნული ნაკრები ზარალდებოდა.
მერე, თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში, არგენტინამ მსოფლიო ჩემპიონატებში თავი ვერაფრით გამოიჩინა, ხოლო გუნდებმა, რომლებშიც არგენტინელი ლეგიონერები გამოდიოდნენ პირიქით, დიდ წარმატებებს მიაღწიეს. 1934 წელს იტალიელებს ფასდაუდებელი სამსახური გაუწიეს მონტიმ და ორსიმ. შეუძლებელია, მადრიდის “რეალის” წარმოდგენა დი სტეფანოს, რიალის ან დომინგესის გარეშე. იტალიური კლუბების წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს ანხელმა, გრილმა, მასკიამ და სივორიმ. წინა საუკუნის სამოციან წლებში “ექსპორტის” ეპიცენტრმა ბრაზილიაში, კოლუმბიასა და მექსიკაში გადაინაცვლა. პერფიუმო, მორსოლინო, არტიმე, ონეგა, რატინი, მასი - ეს მოთამაშეები ამ თაობის საუკეთესო წარმომადგენლები არიან. მაგრამ ნაკრებმა ისევ კრახი განიცადა. ინგლისში, 1966 წლის ჩემპიონატზე, არგენტინელები მასპინძლებთან დამარცხდნენ. მაშინ მინდვრიდან სრულიად უსაფუძვლოდ გააძევეს სამხრეთამერიკელთა კაპიტანი რატინი. ოთხი წლის შემდეგ ისინი საერთოდ მუნდიალის გარეშე დარჩნენ. ეს მაშინ, როდესაც იმ ხანად არგენტინული კლუბები შთამბეჭდავ წარმატებებს აღწევდნენ. “ინდეპენდიენტესა” და “რასინგის” შემდეგ, სამხრეთ ამერიკის ჩემპიონთა თასის გათამაშებაში ზედიზედ სამჯერ იმარჯვა ლა-პლატის “ესტუდიანტესმა” (1968-1970 წლებში). ამ გუნდის თამაში სამხრეთამერიკული სიმსუბუქისა და ევროპული პრაქტიციზმის ნაზავს წარმოადგენდა. გუნდს წვრთნიდა ოსკარ სუბელდია, მისი წამყვანი მოთამაშეები იყვნენ ბილარდო, პაჩამე და მადერო. 1974 წელს არგენტინამ დასავლეთ გერმანიაში ჩაიყვანა სრულიად ახალი გუნდი, რომელმაც ნაწილობრივ აღიდგინა შელახული რეპუტაცია. იმ ნაკრებში გამოირჩეოდნენ აიალა, ერედია, იასალდე, ბრინდისი, ჰაუსმანი, ფილოლი, კემპესი.
როცა ცნობილი გახდა, რომ 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატს არგენტინა უმასპინძლებდა, გულშემატკივრებმა გუნდს ერთადერთი მიზანი - ჩემპიონობა დაუსახეს. მთავარ მწვრთნელად დაინიშნა იმ ხანად ნაკლებად ცნობილი სპეციალისტი ლუის სესარ მენოტი. გუნდი ემზადებოდა ისე, როგორც არასდროს. ამან შედეგი გამოიღო. მას შემდეგ, რაც ფინალურ შეხვედრაში დაამარცხა ჰოლანდიის ნაკრები (3:1), არგენტინა ჩემპიონი გახდა. იმდროინდელ გულშემატკივრებს ამ არგენტინის ნაკრების შემადგენლობა დღემდე ზეპირად ახსოვთ: ფილოლი, ოლგუინი, გალვანი, პასარელა, ტარანტინი, გალიეგო, არდილესი, ვალენსია, ვილა, ბერტონი, ლუკე, ორტისი, კემპესი, ჰაუსმანი. ოთხი წლის შემდეგ, ესპანეთში, არგენტინამ თავისი ტიტული ვერ შეინარჩუნა. მას ვერც ახალმა ვარსკვლავმა მარადონამ უშველა.
ოთხი წლის წინ არგენტინელთა მთავარი მწვრთნელი დიეგო მარადონა გახლდათ. სამწუხაროდ დიდი დიეგო გუნდს ვერ დაეხმარა და მეოთხედფინალში გერმანიასთან უშანსოდ დამარცხდა (0:4).
საინტერესოა, რომ არგენტინის ეროვნული გუნდის ერთ-ერთი მხურვალე გულშემატკივარი, ცნობილი კუბელი რევოლუციონერი ფიდელ კასტრო გახლავთ. სამხრეთ აფრიკაში, გერმანელებთან მარცხის შემდეგ ბატონმა ფიდელმა შემდეგი მოსაზრება გამოთქვა:
“ფეხბურთი ჩემთვის ადრე მხოლოდ თერთმეტი მამაკაცის ჩხუბი იყო, სხვა თერთმეტ მამაკაცთან და თანაც, მხოლოდ და მხოლოდ ბურთის გამო. მარადონას წყალობით კი ფეხბურთი ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა, რადგან სწორედ მისი დამსახურებაა, რომ წესებიც დავიზეპირე და ტაქტიკა-სტრატეგიებშიც გავერკვიე” - განაცხადა ბატონმა ფიდელ კასტრომ. სამწუხაროდ, დიეგო მარადონა არ გამოდგა ისეთი სტრატეგი, როგორიც ფაბიო კაპელოა, არც ისეთი მშვიდი და გაწონასწორებული, როგორებიც ოტმარ ჰიტცფელდი ან ვისენტე დელ ბოსკე არიან. დიეგოს მიერ დანერგილი გუნდის გაწვრთნისა და მართვის მეთოდები, ბევრისათვის თითქოს მოულოდნელი აღმოჩნდა.
“დიეგო ნებისმიერი ჩვენთაგანისათვის უდიდესი გმირი იყო, არის და იქნება. არგენტინის ნაკრების თითოეული მოთამაშე მის თამაშებსა და გოლებზე გაიზარდა. ახლა კი, როდესაც მარადონა ჩვენი მწვრთნელია, ეს მთელი გუნდისათვის განსაკუთრებული პატივი და მოტივაციაა.“ - განაცხადა გონსალო იგუაინმა. სამწუხაროდ, დიეგო მარადონა დამარცხდა. მისთვის გერმანელებთან წარუმატებლობის დღე სამუდამოდ დასამახსოვრებელი გახდა და ეს მოგონება აშკარად არ იქნება სასიამოვნო.
დღეს დიეგო რიო დე ჟანეიროს „მარაკანას“ სპორტულ სარბიელზე იქნება და თანამემამულეებს მხარს აქტიურად დაუჭერს. იმედი მაქვს რომ არგენტინელი მოთამაშეები ოთხი წლის წინ განცდილი მარცხისთვის სრულფასოვან რევანშს აიღებენ და დიეგო მარადონას კიდევ ერთხელ გაახარებენ.
დღევანდელი წერილის მეორე ნაწილში ნება მომეცით მცირეოდენი ისტორიული რაკურსი გავაკეთო.
ზუსტად 84 წელი გვაშორებს იმ დროს, როდესაც ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში ფეხბურთელთა პირველი მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდა. ამ ტურნირს წინ უსწრებდა დღეისათვის მთელ პლანეტაზე ისეთი გავლენიანი სპორტული ორგანიზაციის ჩამოყალიბება, როგორიც ფიფაა. იგი 1904 წლის 21 მაისს დაარსდა. მის პირველ პრეზიდენტად ეროვნებით ფრანგი, რობერ ჰერენი აირჩიეს. იმხანად, ჰერენი საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტიც იყო და პარალელურად, სპორტული გაზეთი “ლე მატინის” საფეხბურთო მიმომხილველად მუშაობდა. გარდა ამისა, ფიფა-ს პირველი ხელმძღვანელი დიპლომირებული ინჟინერიც გახლდათ.
რობერ ჰერენმა პირველმა გამოთქვა მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების იდეა, თუმცა მისი პრეზიდენტობის პერიოდში ამ გეგმის განხორციელება ვერ მოხერხდა.
1905 წელს ფიფა-ს კონგრესზე ჰოლანდიელმა კარლ ანტონ ჰირშმანმა, საკლუბო ჩემპიონატის ჩატარების იდეა წამოაყენა. შეჯიბრებაში მონაწილეობა ინგლისის, შოტლანდიის, უელსის, ჩრდილოეთ ირლანდიის, ბელგიის, საფრანგეთის, ჰოლანდიის, ესპანეთის, იტალიის, ავსტრიის, შვეიცარიის, უნგრეთის, დანიის, გერმანიისა და შვედეთის საფეხბურთო კლუბებს უნდა მიეღოთ. განაცხადების შეტანის ბოლო ვადად 1905 წლის 31 აგვისტო მიიღეს.
სამწუხაროდ ამ შეჯიბრებაში მონაწილეობის სურვილი არც ერთი ამ ქვეყნების წარმომადგენელს არ გამოუთქვამს.
1906 წლის 4 ივნისს გამართულ ფიფა-ს კონგრესზე, ამ ორგანიზაციის ახალ პრეზიდენტად ინგლისელი დანიელ ბერლი ვულფოლი აირჩიეს. ის მსოფლიო საფეხბურთო ცენტრად ინგლისს მიიჩნევდა და ამიტომ საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების იდეით გატაცებული ნამდვილად არ იყო.
1918 წლის 24 ოქტომბერს ვულფოლი გარდაიცვალა. ახალი პრეზიდენტი 1921 წლის 1 აპრილს აირჩიეს. ეს პიროვნება ფრანგი ჟიულ რიმე აღმოჩნდა. სწორედ რომ რიმემ შეძლო მსოფლიოს ჩემპიონატის იდეის ხორცშესხმა, რითაც უკვე მომავალში საკუთარი სახელი სამუდამოდ უკვდავყო. ჟიულ რიმე ძალიან გონივრულ საფეხბურთო პოლიტიკას ატარებდა. ის გრძნობდა, რომ დამდგარი იყო დრო, როდესაც დიდი საერთაშორისო შეჯიბრების ჩატარება უკვე შეიძლებოდა.
ჟიულ რიმემ და მისმა მემკვიდრე ანრი დელონმა ახალი იდეა ფიფა-ს 1926 წლის კონგრესზე წამოაყენეს. გადამწყვეტი ნაბიჯი 1928 წლის 28 მაისს გადაიდგა. ამ დღეს, ამსტერდამში შეკრებილმა დელეგატებმა ხმათა უმრავლესობით (27 ხმა ხუთის წინააღმდეგ) მსოფლიო თასის გათამაშების გადაწყვეტილება მიიღეს. გადაწყდა, რომ პირველი მუნდიალი 1930 წელს ჩატარდებოდა. ამ ჩემპიონატის მომავალი მასპინძლის ვინაობა კი 1929 წლის 18 მაისს, ბარსელონაში ჩატარებულ ფიფა-ს კონგრესზე მიიღეს. კანდიდატურები ხუთმა ევროპულმა (იტალია, შვედეთი, ჰოლანდია, უნგრეთი, ესპანეთი) და ერთმა სამხრეთამერიკულმა (ურუგვაი) ქვეყანამ წამოაყენა. საბოლოოდ ურუგვაიმ გაიმარჯვა.
იმ დროს ურუგვაული ფეხბურთის ავტორიტეტი მეტად მაღალი იყო. მათ საფეხბურთო სამყარო 1924 და 1928 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მოხიბლეს. 1930 წელს ურუგვაი თავისი დამოუკიდებლობის 100 წლისთავს აღნიშნავდა. ამ შეჯიბრების პატივსაცემად მასპინძლებმა ახალი სტადიონი - “სენტენარიო” ააშენეს და საკუთარ თავზე აიღეს ყველა სტუმრის საცხოვრებელი ხარჯები.
სამხრეთ ამერიკაში პირველობის გამართვის იდეამ ყველა ევროპელი ვერ მოხიბლა. მათ მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. ასე დარჩა ურუგვაის მუნდიალი მხოლოდ 13 გუნდის ამარა.
ჯილდო - ჟიულ რიმეს სახელობის თასი – ფრანგი ოქრომჭედელის, ანრი ლაფლიორის ნახელავი გახლდათ. ეს იყო 30 სმ-ის სიმაღლისა და 4 კგ-ზე მეტი წონის ოქროს სტატუეტი და გამარჯვების ქალღმერთ ნიკეს გამოხატავდა. 40 წლის შემდეგ ის საბოლოოდ ბრაზილიელებმა დაისაკუთრეს.
ჩემპიონატის ჩატარების ვადები ახლოვდებოდა. ევროპელები მასპინძლებს მგზავრობის თანხების გადახდასაც სთხოვდნენ. ჟიულ რიმემ მოახერხა და საზღვაო ხომალდში ოთხი ევროპული ნაკრები - საფრანგეთი, იუგოსლავია, რუმინეთი და ბელგია მოათავსა. იმ დროისათვის ისინი ევროპის უძლიერესი გუნდები არ იყვნენ. ყველაზე დიდი იმედგაცრუება კი ინგლისის ნაკრების უარი გამოდგა.
1930 წლის 29 ივნისს საოკეანო ლაინერი “კონტე ვერდე” რიო დე ჟანეიროს სანაპიროს მიადგა. ევროპულ ნაკრებებს ბრაზილიის ეროვნული გუნდიც შეუერთდა და გემიც მონტევიდეოსაკენ დაიძრა. ურუგვაი სტუმრებს ეკონომიკური კრიზისით შეხვდა. დამთავრებული არ იყო “სენტენარიოს” მშენებლობაც, რომელიც მწყობრში ჩემპიონატის დაწყებიდან მეხუთე დღეს ჩადგა.
ოთხი ევროპული გუნდი და ბრაზილიის ნაკრები შეუერთდა პერუს, აშშ-ის, არგენტინის, ბოლივიის, ჩილეს, მექსიკის, პარაგვაისა და ურუგვაის გუნდებს. პირველობა გაიხსნა 1930 წლის 13 ივლისს, საფრანგეთისა და მექსიკის ნაკრებების შეხვედრით.
“მუნდიალი-1930”-ის ფინალში ერთმანეთს მასპინძლები და არგენტინელები შეხვდნენ, რომელიც ურუგვაელთა გამარჯვებით დასრულდა. ბელგიელმა მსაჯმა იოჰანეს ლანგენუსმა საბოლოო შედეგი - 4:2 დააფიქსირა და ნიკეს თასიც სამხრეთამერიკელთა კაპიტანს, ხოსე ნასასის გადასცა. გამარჯვების დღესასწაული მონტევიდეოს ქუჩებში რამდენიმე დღეს გაგრძელდა. 31 ივლისი კი ქვეყნის პრეზიდენტის ბრძანებულებით, ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა.
სტატისტიკის მოყვარულებს ვთავაზობთ პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე დაფიქსირებულ რამდენიმე საინტერესო მოვლენას:
1. მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველი გოლი ფრანგმა ლუსიენ ლორანმა გაიტანა - ადგილობრივი დროით 15 საათსა და 20 წუთზე.
2. პერუელი გალინდო პირველი ფეხბურთელია, ვინც მსოფლიო ჩემპიონატზე გააძევეს მოედნიდან. ეს მოხდა პერუ-რუმინეთის მატჩის დროს.
3. მსოფლიოს პირველი ჩემპიონატის ბოლო გოლი ურუგვაელმა ექტორ კასტრომ გაიტანა. კასტრო ხეიბარი იყო - ცალხელა თამაშობდა ფეხბურთს.
4. ურუგვაის ჩემპიონატი ერთადერთი იყო, რომელზეც არ გამოვლენილა მესამე ადგილოსანი - მაშინ მატჩი მესამე ადგილისათვის ჯერ არც კი იყო ჩაფიქრებული. ფიფა-ს ოფიციალურ ბიულეტენში, რომელიც 1984 წელს გამოვიდა, მითითებულია, რომ 1930 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილისათვის იუგოსლავიისა და აშშ-ის ნაკრებები შეხვედრიან, სადაც ბალკანელებს უმარჯვიათ - 3:1. ამგვარი შეხვედრა მართლაც გაიმართა, ოღონდ არა ურუგვაის მსოფლიოს ჩემპიონატზე. ეს ერთ-ერთი ოლიმპიური თამაშების საფეხბურთო მატჩის ანგარიშია. ანუ ზოგჯერ ფიფაც ცდება.
5. 1930 წლის პირველობის ყველა შეხვედრა ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში ჩატარდა.
6. ამერიკელმა ბრედ ჰეიტნოულდმა შეასრულა პირველი ჰეთ-თრიქი მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში. მან სამი გოლი პარაგვაის ნაკრებს გაუტანა.
7. ამ ჩემპიონატზე აკრძალული იყო ფეხბურთელთა შეცვლა. გამონაკლისი იყო მეკარე. თუმცა, პირველი შეცვლა მსოფლიოს ჩემპიონატებზე მაინც ურუგვაიში დაფიქსირდა - დემეტრიოს ნეირა მე-80 წუთზე შეცვალა როდრიგეს ლისარდო ნეუმ.