ჯეკ ბრიუსი - გემოვნებაზე, ზოგჯერ... არ დავობენ

ჯეკ ბრიუსი - გემოვნებაზე, ზოგჯერ... არ დავობენ

ზოგიერთ მუსიკოსს საკუთარ ქვეყანაში წილად ხვდა გამორჩეული დაფასება.  ამას საფუძვლად უდევს ერთგვარი მედროშეობა და წინამძღოლობა ხელწერისა, რომელიც ძირძველ ინგლისს განსაკუთრებული წვდომით გარდასახავდა ბლუზში და შუასაუკუნეორივი იდუმალი სიმძიმით განაზავებდა მას როკ’ნ’როლში, წარმოქმნიდა რა მძიმე ბლუზად წოდებულ ფუნდამენტურ მიმდინარეობას.

1966 წელს შექმნილმა Cream, მუსიკალურ სამყაროს შეატყობინა, რომ როკ მუსიკას გაცილებით “მძიმე“ მომავალი ელოდა, რისთვისაც სამი მუსიკოსიც საკმარისი უნდა ყოფილიყო.

Cream თვით The Jimi Hendrix Experience-ზე ორი თვით ადრე დაარსდა, ხოლო გასული საუკუნის 60-იანი წლებისთვის, როცა Frank Zappa-ს Absolutely Free-სა და The Beatles –-ის Sgt. Pepper’s Lonely Hearts Club Band-ის გამოცემას სულ რაღაც 4 დღე აშორებდა, წარმოვიდგინოთ დროის რამხელა პერიოდია ეს 2 თვე!

ჯეკ ბრიუსი კი Cream-ის სულისჩამდგმელი იყო. მრავალი გამოკითხვით, თუკი დღესდღეობით ელვისი როკ’ნ’როლის მეფედაა აღიარებული, ჯეკ ბრიუსს ყველა დროის უდიდესი როკ-ბას გიტარისტის სახელთან აიგივებენ ხოლმე.

ამგვარი შეფასებები იქით იყოს, მაგრამ მუსიკოსის ღვაწლი რომ უდიდესია, თუნდაც აქედანაა ადვილად მისახვედრი. როდესაც გასულ წელს თბილისს Deep Purple სტუმრობდა და პრეს კონფერენციაზე როჯერ გლოვერს შეეკითხნენ Motorhead-ის ბასისტ ლემი კილმისტერის შესახებ, ღვაწლმოსილმა ბასისტმა წაუყრუა და თუ გნებავთ ჯეკ ბრიუსისა და პოლ მაკარტნის შესახებ შემეკითხეთო, განაცხადა...

გასული საუკუნის 60-იანების შემდეგ, როგორც დაკვრის, ასევე ჩაწერის ტექნოლოგიები არნახული სისწრაფით ვითარდება დღემდე. უბრალოდ, ისმის კითხვა - სად არის შუალედი, რა არის უფრო დასაფასებელი - შესრულების ტექნიკის სირთულე, თუ სადა გემოვნებით დაკრული. რამდენად ობიექტურად ვაფასებთ ამა თუ იმ შემსრულებელს...

ამომწურავი პასუხი ამაზე რა თქმა უნდა არ არსებობს, რადგან ხან დრონი მეფობენ, ხოლო იშვიათ შემთხვევაში კი - მეფენი. აი როდესაც მეფენი მეფობენ, ანუ, მუსიკოსს შესანიშნავად აქვს გათავისებული ახალი მუსიკალური ტენდენციები, მაგრამ ძველსაც არ ღალატობს, მაშინ გარკვეული პასუხი შეიძლება მივიღოთ, თუმც ჯეკ ბრიუსი რობერტ ფრიპისნაირი ნოვატორი არასოდეს ყოფილა და აქაც „დრონისა და მეფენის მეფობის“ ერთგვარ შუალედთან გვაქვს საქმე, რაც მით უფრო საინტერესოს ხდის ჩვენს „შუალედურ“ კვლევას დაკვრის ტექნიკითა თუ უპირველეს ყოვლისა გემოვნებით შესრულებულით მიღებულს სიამოვნებას შორის განსხვავების შესახებ...

თუკი დაკვრის ტექნოლოგია წინ მიიწევს, როკ ვოკალი ნამდვილად არ განვითარებულა არც სირთულის, არც ტემბრის სილამაზის მაჩვენებლის მიხედვით. ჯეკ ბრიუსი ამ შემთხვევაშიც „შუალედური“ ფიგურაა, რადგან ბას გიტარისტობასთან ერთად, იგი დიდებული თვითმყოფადი ვოკალისტია, რომლის ამოცნობისთვისაც რამდენიმე მოსმენა და ოდნავი სმენაც კი საკმარისია. აღსანიშნავია ჯეკ ბრიუსის შესანიშნავი პიანისტობაც.

და კიდევ, გასული საუკუნის 60-იან წლებში, როდესაც დღევანდელთან შედარებით, გაცილებით მელოდიური მუსიკა იქმნებოდა, ჯეკ ბრიუსის კომპოზიციები სულაც არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული მელოდიურობით და პიტი ბრაუნის ტექსტებზე აგებული იმ დროისათვის საკმაოდ მძიმე ჰიტები Strange Brew თუ Sunshine Of Your Love, მსმენელს უფრო ჟღერადობის იმ განსხვავებულობით იზიდავდა, რასაც ერიკ კლაპტონის გიტარის გამჭოლ ბგერასთან ერთად, Cream-ის რიტმ-სექციით განპირობებული ფსიქოდელიური ჟღერადობა ჰქმნიდა.

თითქოს უცნაურია, მაგრამ Cream, Led Zeppelin-ის წინამორბედადაც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რადგან საფუძველი აქაც ბლუზურია და არც ძირძველი ინგლისური ფოლკლორია მივიწყებული Passing The Time -ის ტიპის კომპოზიციიდან გამომდინარე, რომელიც დრამერ ჯინჯერ ბეკერის კალამს ეკუთვნის პიანისტ (და არა ცნობილ გიტარისტ) მიკ ტეილორთან ერთად.

Cream მალევე დაიშალა, რადგან მუსიკოსებს შორის ისეთივე მძიმე დამოკიდებულება იყო, როგორც თვით ამ უნიკალური ჯგუფის ჟღერადობა. „ორთავ სიმძიმეს“ უპირველეს ყოვლისა ჯგუფის წარმმართველი ძალა - ჯეკ ბრიუსი განაპირობებდა. 1969 წელს, ტრიოს დაშლის შემდეგ, კლაპტონმა და ბეკერმა ერთობლივი მოღვაწეობა განაგრძეს, ხოლო ჯეკ ბრიუსმა კი პირველი სოლო ალბომი Songs For A Taylor ჩაწერა.

სადებიუტო ალბომზე მუშაობისას ჯეკ ბრიუსს ჯორჯ ჰარისონი, ორი დრამერი ჯონ ჰაისმანი და ჯონ მარშალი, ასევე საქსოფონისტი დიკ ჰეკსტოლ სმიტი და სხვა ცნობილი მუსიკოსები ეხმარებოდნენ. ბრიტანულ ჩარტებში ჩანაწერმა მე-6 პოზიციას მიაღწია და როკ საგანძურს მარადიული ჰიტი Theme For An Imaginary Western დაუტოვა.

ნამუშევრის ჯაზ როკულმა მორთულობამ ჯეკ ბრიუსი Graham Bond Organisation საწყისებთან დააბრუნა და უახლოეს წლებში განაპირობა მისი თანამშრომლობა ჯერ ლარი კორიელთან, ხოლო შემდეგ კი ფიუჟენ ჯგუფ Lifetime-თან, სადაც გიტარისტი ჯონი მაკლაფლინი, დრამერი ტონი უილიამსი და ორგანისტი ლარი იანგი უკრავდნენ.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჯეკ ბრიუსის უკვე მომდევნო ჯგუფი West, Bruce & Laing. გიტარისტი ლესლი უესტი და დრამერი კორკი ლაინგი Cream-ის პროდიუსერ ფელიქს პაპალარდის ტრიო Mountain -დან იყვნენ, რომელმაც გარდა იმისა, რომ ბევრი რამ გადაიღო Cream-გან, ალბათ ყველაზე უკეთ შეასრულა Theme For An Imaginary Western ვუდსტოკის ფესტივალზე. აქვე ბარემ აღვნიშნოთ, რომ ფელიქს პაპალარდი 1981 წელს ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა მეუღლემ...

ტრიომ ორი ალბომი Why Dontcha და Whatever Turns You On ჩაწერა. საკმაოდ არათანაბარი და მძლავრი რეპერტუარიდან გამოვარჩევდით კომპოზიციას Token, რომლის კლასიკური ბას გიტარ სოლო, ზუსტად გაგვცემს პასუხს ზემოთ დასმულ კითხვაზე. ანუ შეძლებს კი სუპერ ტექნიკური ბილ შიჰანი ისეთი სიმძაფრით ბლუზისა და ფიუჟენის საფუძვლებში წვდომას, როგორც ამას „ბებერი“ ჯეკ ბრიუსი ახერხებს? - ალბათ ვერა...

თუმც ეს უკანასკნელი გაცილებით ეფექტურად ახერხებს Mr. Big-ში Free-ს კომპოზიცია Mr. Big-ის ბას გიტარის დღესდღეობით მოძველებული სოლოს გადმოცემას.

ბუნებრივია, რომ ჯეკ ბრიუსი ბოლო ხანები ძველებური შემართებით ვეღარ მუშაობს, მაგრამ სასიხარულოა, რომ 2003 წლის გახმაურებულ More Jack Than God-ის შემდეგ, სახელოვანმა ბას გიტარისტმა, მომღერალმა და კომპოზიტორმა 11 წლიანი პაუზა წლევანდელი ალბომით Silver Rails დაარღვია, რომელშიც Rusty Lady მარგარეტ ტეტჩერის ხსოვნას მიუძღვნა...

დაახლოებით 20 მუსიკოსისგან შემდგარ სიაში, რომელთაც ამ ალბომის ჩაწერაში მიიღეს მონაწილეობა, გამოვყოფდით ფილ მანზანერას, ული ჯონ როტს, რობინ ტრაუერს და ბერნი მარსდენს. ხოლო ალბომი, რომ „როკულია“, ამას დიდი მტკიცება არც სჭირდება.

თუმცა, ერთი უარყოფითი გამოძახილი ჯეკ ბრიუსს მაინც აქვს დატოვებული მუსიკალურ სამყაროში. მისი დაკვრით უკმაყოფილო დარჩა ფრენკ ზაპა ალბომში Apostrophe და რაც მთავარია, თვით ამავე სახელწოდების ინსტრუმენტულ კომპოზიციაში, სადაც სოლო თითქოს შესანიშნავადაა დაკრული. რას იზამ, გემოვნებაზე ზოგჯერ, არ დავობენ...