„დასავლელ ლიდერებს რომ დაეჯერებინათ შევარდნაძისთვის, უკრაინის კრიზისს მომზადებული შეხვდებოდნენ“

„დასავლელ ლიდერებს რომ დაეჯერებინათ შევარდნაძისთვის, უკრაინის კრიზისს მომზადებული შეხვდებოდნენ“

13 ივლისს სახელმწიფო დროშები დაეშვება - ეს თარიღი ისტორიაში საქართველოს მეორე პრეზიდენტის დაკრძალვის დღედ შევა. პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვას საერთაშორისო დელეგაციები და უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრები ესწრებიან. ყველა სხვა საკითხი კი სამთავრობო კომისიამ ოჯახთან შეთანხმებით გადაწყვიტა.

სამოქალაქო პანაშვიდები 9-10 ივლისს კრწანისის რეზიდენციაში, ხოლო 11-12 ივლისს სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა.13 ივლისს, 14.00 საათზე სამების საკათედრო ტაძარში სამგლოვიარო ცერემონია ჩატარდება, 15.00 საათზე კი ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს სამებიდან გამოასვენებენ. დაკრძალვის ცერემონია გაიმართება 16:00 საათზე. ედუარდ შევარდნაძეს კრწანისის რეზიდენციის ეზოში მეუღლის გვერდით დაკრძალავენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად თბილისს მაღალი რანგის სტუმრები ეწვევიან, საქართველოს ესტუმრებიან სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები და დიპლომატები. გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰანს დიტრიხ გენშერი და მისი მეუღლე ბარბარა გენშერი; აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარე ოკტაი ასადოვი; თურქეთის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრი ფარუქ ჩელიქი; სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე გალუსტ საჰანიანი. ავსტრიის იუსტიციის მინისტრი ვოლფგანგ ბრანდშტეტერი; იაპონიის პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი იჩირო აიზავა და მარგარიტ ტეტჩერის ყოფილი მრჩეველი დიდი ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკის საკითხებში ლორდი პაუელი. ასევე, ესტონეთის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი არნოლდ რუტელი; ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი როზა ოტუმბაევა.

თბილისში უკვე ჩამოვიდა ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი არნოლდ რუტელი და შვეიცარიის კონფედერაციის ყოფილი ფედერალური კანცლერი სამუელ შმიდი, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი, რომლებიც ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვის ცერემონიაში მიიღებენ მონაწილეობას.

აშშ-ის საპრეზიდენტო დელეგაციის შესახებ, რომელიც ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვას დაესწრება, ბარაკ ობამას სახელით განცხადება გამოქვეყნდა. განცხადების თანახმად, ცერემონიას დაესწრებიან ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, რიჩარდ ნორლანდი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების გამო საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში 10-11 ივლისს სამძიმრის წიგნები გაიხსნა.

კენტ ბრაუნი იხსენებს, რომ „ედუარდ შევარდნაძე, როგორც მას ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღაჩინოსანმა 1994 წელს უთხრა, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ფიგურა იყო. გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების კუთხით მისი ღვაწლი ძალიან დიდია და მისი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ნორმას (ბრაუნის მეუღლე) და მე გვინდა გაგიზიაროთ ამ დიდი ადამიანის შესახებ ბევრი შთაბეჭდილებებიდან ერთ-ერთი - მისი არაჩვეულებრივი ვალდებულება და თავგანწირვა საქართველოს მიმართ,  რომლის დემონსტრირებასაც ძალიან ხშირად ახდენდა. თითქმის დაუძლეველი პრობლემების მიუხედავად, შევარდნაძემ რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა ქართველი ხალხის გაერთიანებისთვის, იმ დროს, როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ცენტრიდანული ძალები თარეშობდნენ. ჩვენ აღფრთოვანებულები ვიყავით მისი ძალისხმევით, სიბრძნით, რეალიზმით და სიმამაცით, რომელიც მან, პირადად მის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ წაყენებული მუქარების წინაშე გამოიჩინა. ბევრი პრობლემების მიუხედავად, მას ჰქონდა დრო, რომ ჩვენთვის საკუთარი აზრები, იუმორის გრძნობა და მუდმივი ოპტიმიზმი გაენდო. ჩვენ ის ძალიან დაგვაკლდება“, – ნათქვამია კენტ და ნორმა ბრაუნების სამძიმრის წერილში.

საქართველოს რიგით მეორე პრეზიდენტის გარდაცვალებას საერთაშორისო პრესა აქტიურად გამოეხმაურა. მას სტატიები Washington Post-მა, The New Yorker-მა, Bloomberg View-მ და Huffington Post-მა მიუძღვნა. ედუარდ შვარდნაძის გარდაცვალებას ეხმაურება მსოფლიოს თითქმის ყველა გამოცემა, Maiami Herald, ABCnews, CBSnews, FoxNuws, CNN, USATodey, Chicago Tribune და ა.შ.

აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივნმა, ჯეიმს ბეიკერმა ედუარდ შევარდნაძეზე გამოცემა Washington Post-ში სტატია გამოაქვეყნა, სათაურით - „ჩემი მეგობარი ედუარდ შევარდნაძე“. სტატიაში ნათქვამია, რომ ისტორია სწორად შეაფასებს შევარდნაძეს. რომ ედუარდ შევარდნაძის გარეშე ცივი ომი მშვიდობიანად ვერ დასრულდებოდა.

Washington Post-ის სარედაქციო კოლეგიის სტატიაში კი ნათქვამია, რომ „შავი ზღვის სანაპიროზე 1984 წელს ქალაქ ბიჭვინთაში, საბედისწერო საუბრისას შევარდნაძე და გორბაჩოვმა თავიანთი ქვეყნის მომავალი განიხილეს. „ყველაფერი დამპალია, ცვლილებების დროა“, - განაცხადა ბატონმა შევარდნაძემ. პირველ რიგში ბატონი შევარდნაძე უნდა გვახსოვდეს იმ წლებისთვის, როდესაც თანამედროვე აზროვნებით  და „გლასნოსტ“-ის ინიციატივით, იგი გორბაჩოვს მხარს უჭერდა. ეს ორი ადამიანი დაუჯერებელი რევოლუციონერი იყო, მათ შეძლეს ყველაფრის შეცვლა“.

The New Yorker-ის სტატიის მიხედვით, შევარდნაძე თავის უდიდეს მიღწევად კომუნისტობიდან - დემოკრატიული პრინციპების ადამიანად ჩამოყალიბებას თვლიდა. „შევარდნაძეს, როგორც გორბაჩოვის საგარეო საქმეთა მინისტრს, დიდი წვლილი მიუძღვის ეპოქის ყველაზე რადიკალურ ცვლილებებში, როგორიცაა საბჭოთა ჯარის ავღანეთიდან გამოყვანა, აღმოსავლეთ ევროპის დემილიტარიზაცია და გერმანიის გაერთიანება. თავისი ქარიზმითა და სიმამაცით მან დასავლელი ლიდერები მოხიბლა. შევარდნაძემ განაცხადა, რომ გერმანელებმა მას ბერლინში საცხოვრებლად გადასვლაც კი  შესთავაზეს, მაგრამ მან საქართველოში, ცოლის საფლავთან დარჩენა ამჯობინა“,- ნათქვამია სტატიაში.

Blomberg View: „დასავლელ ლიდერებს რომ მიექციათ ყურადღება ბატონი შევარდნაძისთვის, ისინი მომზადებულნი იქნებოდნენ უკრაინაში დღევანდელი კრიზისისთვის. მან ეს საფრთხე დაინახა უკრაინის საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის დროს, როდესაც რუსი ნაციონალისტები ყირიმის დაბრუნებას ითხოვდნენ... შევარდნაძე იყო პირველი პოსტ-საბჭოთა ლიდერი, რომელმაც საკუთარ თავზე იწვნია რუსეთის მიერ არაოფიციალური სამხედრო ოპერაციები საკუთარ ქვეყანაში და დღევანდელი უკრაინელი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, მან ამას რუსეთთან ომი უწოდა“.

შეგახსენებთ, რომ ქართველი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, ედუარდ შევარდნაძე, 1972-1985 წლებში იყო საქართველოს სსრ-ის  კომპარტიის პირველი მდივანი, ხოლო 1985 – 1990 წლებში -საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი.

საქართველოში ედუარდ შევარდნაძე 1992 წლის 7 მარტს ჩამოვიდა. 1992 წელს საპარლამენტო არჩევნებით მოხდა შევარდნაძის ხელმძღვანელობის ლეგიტიმაცია - ის აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარედ.

შევარდნაძე პარლამენტს თავმჯდომარეობდა 1995 წლამდე. ამავე წლებში იყო თავდაცვის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო 1993-1995 წლებში თავმჯდომარეობდა საკონსტიტუციო კომისიას, რომელმაც მოამზადა საქართველოს  კონსტიტუციის პროექტი. 1995 წელს შექმნა პარტია „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“, რომელიც წამყვანი პარტია გახდა საქართველოში 1995-2002 წლებში.

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, 2003 წლის ნოემბერში, შევარდნაძე თანამდებობიდან გადადგა და პოლიტიკას ჩამოსცილდა. სიცოცხლის ბოლო წლები კრწანისის რეზიდენციაში გაატარა. ავტორია რამდენიმე, ავტობიოგრაფიული წიგნის, ამათ შორისა, „ჩემი არჩევანი“, სადაც მისი პოლიტიკური კარიერა, გაუხმაურებელი ფაქტები და მოვლენებია აღწერილი. ედუარდ შევარდნაძე 2014 წლის 7 ივლისს გარდაიცვალა.