თბილისის საკრებულოს განცხადება

თბილისის საკრებულოს განცხადება

თბილისის საკრებულო ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც შეეხება სოფელ თხინვალას მიმდებარე ტერიტორიაზე და საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობას. 

,,გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ აღნიშნული საკითხი კერძო მესაკუთრეების მიმართვის საფუძველზე თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში და მერიის ზონალურ საბჭოში იქნა განხილული. ამის შემდეგ თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებლმა, სევდია უგრეხელიძემ მიმართა საკრებულოს აღნიშნული ტერიტორიებისთვის ზონის შეცვლასთან დაკავშირებით.

საკრებულო კოლეგიალური ორგანოა და სხდომაზე მერიის წინადადებით მიიღო გადაწყვეტილება ამ ტერიტორიებისთვის ზონის შეცვლასთან დაკავშირებით. აქვე განვმარტავთ, რომ საკრებულოს თავმჯდომარე არ იღებს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს, ის ეთანხმება თუ არ ეთანხმება, თავისი ხელმოწერით ადასტურებს საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.

ხოლო იმას, თუ რა ობიექტი უნდა განთავსდეს შემდგომ კონკრეტულ ადგილას, ამასთან დაკავშირებით ნებართვას გასცემს თბილისის მერია და ეს ნებართვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, კანონის მოთხოვნებთან უნდა იყოს თანხვედრაში.

რამდენად სწორად არის აღნიშნული საკითხები შესწავლილი და დაცულია თუ არა სტანდარტები სასაფლაოს მოწყობასთან დაკავშირებით, ამ საკითხზე პასუხისმგებლობა ეკისრება თბილისის მერიას და არა საკრებულოს.

და ბოლოს, ვინაიდან სოფელ თხინვალას მოსახლეობა შეცდომაშია შეყვანილი და მათ ეუბნებიან, თითქოს სოფელთან ახლოს სასაფლაო საკრებულოს გადაწყვეტილებით კეთდება, მოვუწოდებთ მერიას, კიდევ ერთხელ შეისწავლოს აღნიშნული საკითხი და ახალი სასაფლაოს მოწყობის წესის დარღვევის არსებობის შემთხვევაში კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოიყვანოს’’,–ნათქვამია განცხადებაში.