„18 პლუსი“ - ასე შეიძლება ეწოდოს ცალკეული ქართული კომპანიების მიერ წამოწყებულ ფასდაკლების ღონისძიებას, რომელში ჩასართავადაც საარჩევნო ასაკის გარდა კიდევ ერთი კრიტერიუმის დაკმაყოფილება - მარკირების ტესტის გავლაა საჭირო. კონკრეტული კომპანიები კონკრეტულ სარგებელს სთავაზობენ ყველას, ვისაც მარკირება დაუდასტურდება. აქცია ერთდღიანია და უშუალოდ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს უკავშირდება.
ამომრჩეველთა წამახალისებელ კამპანიაში 9 კომპანია მონაწილეობს. კვების ობიექტები - „მაკდონალდსი“ და „ვენდისი“ მარკირებულ ამომრჩევლებს 12 ივლისს 20%-იან ფასდაკლებას სთავაზობენ, აფთიაქები - PSP, „ავერსი“ და „ჯი პი სი“ - ამ კატეგორიის მომხმარებელზე პროდუქციას 22%-ით ნაკლებ ფასად გაყიდიან, 15%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს „გუდვილსა“ და „სმარტში“, ხოლო „გალფი“ და „ვისოლი“ მარკირებულ კლიენტს საწვავს 5 თეთრით უფრო იაფად ჩაუსხამენ.
„დილის 8 საათიდან იწყება კენჭისყრა და დაიწყება ფასდაკლების აქციაც. მარკირებულ ადამიანს დღის განმავლობაში ექნება საშუალება, 22%-იანი ფასდაკლებით ისარგებლოს „ავერსის“ ქსელში ყველა იმ ქალაქსა და რაიონში, სადაც არჩევნების მეორე ტური იმართება. აფთიაქებში ჩვენს თანამშრომლებს ექნებათ სპეციალური გასანათებელი აპარატები, რომლითაც მარკირებას შეამოწმებენ“, - განუცხადა for.ge-ს კომპანია „ავერსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ლალი ბრეგვაძემ. მისივე თქმით, ეს აქცია კომპანიების ერთობლივი ბიზნესიდეა იყო და „ავერსისთვისაც“ მისაღები აღმოჩნდა.
ფასდაკლების აქციის შესახებ ვიდეორგოლები ტელევიზიებით გადაიცემა და რეკლამამ უკვე ბევრი საზოგადოებრივი ჯგუფის ყურადღებაც მიიპყრო. საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები და იურისტები განმარტავენ, რომ აქცია კანონსაწინააღმდეგო არ არის, რადგან ვიდეორგოლში რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდამჭერი რამე მინიშნება არ იკვეთება.
უმრავლესობა თანხმდება, რომ ამომრჩეველთა აქტივობის წამახალისებელი აქცია მხოლოდ პოზიტიურ შეფასებას იმსახურებს, მაგრამ მაინც ჩნდება კითხვები - კონკრეტულად ვინ და რატომ გადაწყვიტა მარკირებული ამორჩევლების წახალისება და რა ქვეტექსტი შეიძლება ჰქონდეს კომპანიების კეთილ ნებას?
ერთი რამ ფაქტია, იდეის უშუალო ავტორი ამ დრომდე არ სახელდება და ინიციატივას კომპანიები და საზოგადოებრივი გაერთიანებები ერთმანეთს აბრალიან. „ბრალდება“ ოფიციალური განცხადებით უკვე უარყო „საქართველოს ბიზნესასოციაციამ“ და განმარტა, რომ სამოქალაქო აქტივობის წამახალისებელი ფასდაკლებების აქცია შესაძლოა, ამომრჩევლებისათვის საინტერესო აღმოჩნდეს. ასოციაციაში აცხადებენ, რომ იდეის ავტორები არ არიან და საყურადღებოა ისიც, რომ აქციაში ჩართული კომპანიების ნაწილი მათი წევრიც კი არ არის.
აქციაში მონაწილე ზოგიერთმა კომპანიამ, მაგალითად, „მაკდონალდსმა“ იდეის ავტორად ცესკოც კი დაასახელა, თუმცა, ცესკო-მაც „საქართველოს ბიზნესასოციაციის“ მსგავსად უარყო ფასდაკლების აქციის ინიცირებაში რამე ფორმით მონაწილეობა და ამომრჩეველთა გააქტიურების ღონისძიებებს მხოლოდ მიესალმა.
ერთი შეხედვით უწყინარი ფასდაკლების აქციას ავანტიურისტულ თამაშს და „საარჩევნო კარუსელის“ ერთგვარ ინტერპრეტაციას უწოდებს „საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე. იგი ფიქრობს, რომ საზოგადოებამ „საარჩევნო თამაშებში“ ჩართულ კომპანიებს ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს.
„არჩევნების მერე მთავრობას ეტყვიან, ჩვენ გაგამარჯვებინეთო და რაც ფასდაკლებით იზარალეს, ათმაგად ამოიღებენ! არ გაუკეთებიათ თუ რა? სირცხვილია! როდემდე უნდა შეეტენოთ ყველა მთავრობას, შევარდნაძით დაწყებული და ვინ იცის, კიდევ ვისით დამთავრებული თუ არდამთავრებული!“ - წერს რომან გოცირიძე „ფესიბუქში“.
For.ge-ს კითხვაზე, თუ რა იმალება საარჩევნო ფასდაკლების აქციის მიღმა? გოცირიძე ასე პასუხობს: „ორი კურდღლის დაჭერას ცდილობენ - უნდათ, ასიამოვნონ ხელისუფლებას და, იმავდროულად, გაზარდონ გაყიდვები. ფადაკლებით გამოწვეულ ზარალს მნიშვნელოვნად გადაფარავს მყიდველების რაოდენობის ზრდით მიღებული შემოსავალი. იფიქრეს, დაბალშემოსავლიანი ამომრჩევლების ხარჯზე, რომელთათვისაც 5-20 პროცენტიანი ფასდაკლება რაღაცას ნიშნავს, ფულსაც ვიშოვითო. მცდარი მარკეტინგული გათვლა იყო. ნახეთ, რა ხდება სოციალურ ქსელში, მედიაში - შედეგი საპირისპიროა“.
„საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის“ თავმჯდომარე ყურადღებას აქციაში მონაწილე კონკრეტულ კომპანიებზე ამახვილებს და აღნიშნავს, რომ რამდენიმე მათგანი საკუთარი ბიზნესის ხელისუფლებასთან ერთად კეთებაში ყოველთვის შემჩნეული იყო.
„ასეთი ბიზნესმენების ინიციატივების უკან ხელისუფლებასთან ქულების ჩაწერა და სარფიანი კონტრაქტების მიღების სურვილიც იმალება. ჩაპაევს ჰკითხეს, რომელ პარტიას უჭერ მხარსო. - „პარტია - მარტია მე არ ვიცი, იმას ვუჭერ, სადაც ლენინიაო“! ასეა ჩვენი ბიზნესიც: იმას უჭერენ მხარს, სადაც ფულია. ამიტომ გვყავს „გასტროლიორი“ ბიზნესმენ- დეპუტატები, პარტიიდან პარტიაში მოსეირნეები. გული მიგრძნობს, ამ იდეაში მათი ხელიც ურევია. ესაა პირდაპირი მოსყიდვა და მიკვირს, საარჩევნო კომისიის არაკომპეტენტური განცხადების“, - აცხადებს რომან გოცირიძე და აღნიშნავს, რომ დღევანდელ მოცემულობაში ამომრჩეეველთა რაოდენობა პირდაპირ კავშირშია არჩევნების შედეგთან. ამასთან, იმ კატეგორიის ადამიანთა წახალისება, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია 5-20 პროცენტიანი ფასდაკლება, ასევე არის ზემოქმედება განსაზღვრულ სოციალურ ჯგუფზე და, გარკვეულწილად ირღვევა კეთილსინდისიერი კონკურენციის კანონიც.
იმუშავებს თუ არა „საარჩევნო ფასდაკლების“ აქცია და იქნება თუ არა ამომრჩეველთა ხალხმრავალი რიგები ჯერ საარჩევნო უბნებთან, შემდეგ კი აქციაში მონაწილე კომპანიებთან, უშუალოდ, 12 ივლისს გაირკვევა.
მანამდე კი რომან გოცირიძე ვარაუდობს, რომ არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ კონკრეტული პოლიტიკური ძალები ამ თემით სპეკულაციაზე უარს არ იტყვიან და შეეცდებიან ამტკიცონ, რომ „საარჩევნო აქცია“ ხელისუფლებასთან შეუთანხმებელი არ ყოფილა.