საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასოცირების დღის წესრიგი გამოაქვეყნა. „ასოცირების დღის წესრიგი“ წარმოადგენს ერთობლივად შეთანხმებული პრიორიტეტების ნუსხას 2014-2016 წლებისთვის, რომელიც ემსახურება ასოცირების შეთანხმების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) იმპლემენტაციას.
დოკუმენტი შეიცავს პოლიტიკურ კომპონენტს, მათ შორის ისეთ თემებს როგორიცაა პოლიტიკური დიალოგი, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენ მიმართული რეფორმები, კანონის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა, ადამიანის უფლებათა პატივისცემა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე თანამშრომლობა, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება და თანამშრომლობა მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების საკითხებზე.
გარდა ამისა, ასოცირების დღის წესრიგი ქართულ მხარეს კონსტიტუციის შესაბამისად, პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის როლების პატივისცემის უზრუნველყოფას ავალდებულებს. კოსტისტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ პოლიტიკური ნაწილი ასოცირების ხელშეკრულებისა მიმართულია სწორედ იმისკენ, რომ ინსტიტუციონალურად მოხდეს მკაფიო გამიჯვნა პრეზიდენტსა და პრემიერის უფლებამოსილებებს შორის და მოხდეს დემოკრატიის ინსტიტუციონალიზაცია.
For.ge ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.
ასოცირების დღის წესრიგი ქართულ მხარეს კონსტიტუციის შესაბამისად, პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის როლების პატივისცემის უზრუნველყოფას ავალდებულებს.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობისა და პრეზიდენტის მოვალეობები ძალიან კარგად და ნათლად არის გაწერილი საქართველოს კონსტიტუციაში. რატომ გახდა აუციელებელი, რომ ეს ჩანაწერი ყოფილიყო ასოცირების ხელშეკრულების დღისწესრიგში?
- 2010 წელს მოხდა საკონსტიტუციო ცვლილებები. შეიცვალა ქვეყანაში მართვის ფორმა, მივიღეთ ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობა. დღევანდელი კონსტიტუცია, რომელმაც გარაკვეული ცვლილებები განიცადა, უფრო იხრება საპარლამენტო მმართველობისაკენ, მაგრამ პრინციპულად მოხდა ისე, რომ კონსტიტუცია რომელიც დღეს მოქმედებს, საკმაოდ წინააღმდეგობრივია, ანუ პრეზიდენიტსა და პრემიერის უფლებამოსილების გამიჯვნა ვერ მოხდა, რამაც გარკვებული დისონანსი გამოიწვია ხელისუფლების ამ ორ შტოს შორის.
ეს ჩანაწერი არაა მხოლოდ და მხოლოდ დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე გაკეთებული. ლაპარაკია იმაზე, რაც იყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც პრემიერი იყო ივანიშვილი, ხოლო პრეზიდენტი იყო სააკაშვილი. მათ შორის გარკვეული დაპირისპირება არსებობდა, რაც ქვეყნისთვის არ იყო მომგებიანი და როგორც ჩანს, ესეც აქვთ მხედველობაში. ანუ პოლიტიკური ნაწილი ასოცირების ხელშეკრულებისა მიმართულია სწორედ იმისკენ, რომ ინსტიტუციონალურად მოხდეს მკაფიო გამიჯვნა პრეზიდენტსა და პრემიერის უფლებამოსილებებს შორის და მოხდეს დემოკრატიის ინსტიტუციონალიზაცია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ეს შეფასება - ერთმანეთს სცენ პატივი, მომდინარეობს აქედან.
საკონსტიტიციო კომისია, რომელიც შეიქმნა და მუშაობს ამ საკითხებზე, ალბათ გაითვალისწინებს ამ რჩევებს...
- რა თქმა უნდა, ეს რჩვენები უნდა იქნას გათვალისწინებული. რჩევებიც რომ არ ყოფილიყო, ჩვენთვის აუცილებელია, რომ სახელმწიფომ გამართულად და სწორად იმუშაოს. ეს ცვლილებები შევიტანოთ ისე, რომ აღარ იყოს გარჩევის საგანი როგორც მედიაში, ასევე პოლიტიკურ წრეებში ვინ სად წავიდეს და ვინ არა.
რეკომენდაცია, რომელიც ჩაიწერა, როგორ ფიქრობთ, გამოწვეულია ბოლო პერიოდში ამ ორ შტოს შორის არსებული დაპირისპირებით?
- ჩვენ არ ვიცით როდის გაჩნდა ეს ჩანაწერი. არა მგონია, რომ ეს მხოლოდ ბოლო ვითარების ანარეკლი იყოს, რადგან, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ვითარება პრემიერსა და პრეზიდენტს შორის საკმაოდ დაძაბული იყო. მგონია, რომ ეს რჩევებიც იმ პერიოდთან არის დაკავშირებული და სათავეს იქიდან იღებს, თუმცა ცოტა სხვაგვარი მოდიფიკაციით, მაგრამ მაინც გამოვლინდა და ეს დაძაბულობა დღევანდელ პირობებში გრძელდება.
როგორც ჩანს, ამას მიაქციეს ყურადღება, რაღა დაგიმალოთ და ჩვენც ვაქცევთ ამას ყურადღებას. ქართული საზოგადოება მუდმივად ცდილობს გაერკვეს, ვინ რას და როგორ აკეთებს, ეს არის საფრთხეები და ეს საფრთხეები არახალია. კონსტიტუცია სწორედ ისე უნდა იქნას აწყობილი, რომ ეს საფრთხეები ამ კონსტიტუციამ გაანეიტრალოს და არა პირიქით. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ჩვენი კონსტიტუცია ამის საშუალებას არ იძლევა.
ხელშეკრულება ქვეყანას ავალდებულებს, რომ პოლიტიკურ სისტემაში ბალანსი უნდა არსებობდეს. როდესაც ლაპარაკია ბალანსზე, აქ იგულისხმება ზოგადად ბოლო პერიოდის ვითარება?
- ჩვენ ხომ რეალურად ასეთ სიტუაციაში ვცხოვრობდით, როდესაც ხელისუფლების ცვლილების შემდეგ იყო ხელისუფლება და ქრებოდა ოპოზიცია. გარკევეული დროის შემდეგ ჩნდებოდა პოლიტიკური ოპოზიცია. დღეს სიტუაცია ცოტა სხვაგვარია. ამ შემთხვევაში ვის ვისი სიმპათია აქვს, ან ანტიპათია ამას არ ვეხებით, მაგრამ დღეს არის პოლიტიკური ოპოზიცია. მიჭირს ზუსტად განვსაზღვრო რა ბალანსზეა საუბარი, მაგრამ როგორც ჩანს, საუბარია, რომ პოლიტიკაში მრავალპარტიულობა იყოს რეალაური და არა ფიქტიური. გარკვეული ეჭვები დასავლეთში მუდმივად იყო და არის იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, ანუ სამართლიანაობის აღდგენას პოლიტიკური ფონი ახლავს.
სწორედ, ამიტომაც მოითხოვენ ისინი ჩვენგან, რომ ჩვენც აქ შევქმანთ დემოკრატიული ინსტიტუტები, ერთხელ და სამუდამოდ გადავიდეთ რეალურ მრვალაპარტიულ სისტემაზე. ამაში შედის არა მარტო ოპოზიციის არსებობა-არარსებობა, არამედ ეს მოიცავს საკმაოდ ფართო სპექტრს, როგორიც არის საარჩევნო კანონმდბელობა, პარტიათა დაფინანსება, მედიის თავისუფლება, მრავალკლანიანი პოლიტიკური ბალანსი. არა მარტო ორი ან სამი პარტიის ურთიერთობაზე, მთლიანად გარემოს ცვლილებაზეა საუბარი და ცხადია, რომ ეს უნდა გაკეთდეს და უნდა ჩამოყალიბდეს მყარი, სტაბილური პოლიტიკური გარემო.
ასოცირების დღის წესრიგში ჩამოთვლილია პრიორიტეტების სია, რომლებიც ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, უახლოესი 3 წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. ხელშეკრულება სახელმწიფოს ავალდებულებს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გადახედვას და რაც საყურადღებოა ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის მიღმა ვაჭრობის, მოგზაურობისა და ინვესტიციების წახალისების მიზნით შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა. როგორ ფიქრობთ, კონფლიქტის ზონაში, ადმინისტრაციულ საზღვართან თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნა ხელს შეუწყობს ინტეგრაციის პროცესს?
- ეს იყო ძველი იდეა და როგორც ჩანს, ამ იდეას იმეორებს ევროკავშირი ასოცირების ხელშეკრულებასთან მიმართებაში. სამწუხაროდ ამ იდეის რეალიზება გარკვეული პრობლემების გამო ვერ ხორციელდება. თავისთავად, ის, რომ დაიწყო ლაპარაკი სავაჭრო კორიდორის შექმნის შესახებ, როგორც ერგნეთთან, ასევე ზუგდიდში, თავისთავად მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ეს ხელს უწყობს ადამიანური ურთიერთობების აღდგენას და ამ კონფლიქტში შემოდის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინტერესები ორივე მხრიდან, რაც ქმნის გარკვეულ წინაპირობას იმისა, რომ ამის შემდეგ მოხდეს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება.
რამდენად იქნება ეს ეფექტიანი, რეალობა ხომ სხვაა, კონფლიქტი ქართველებსა და აფხაზებს შორის ხომ არ არსებობს?
- გეთანხმებით, სხვა ძალებია ჩართული, რომლებიც ხორციელად არიან დაინტერესებულნი, რომ ეს მშვიდობიანი პროცესი შეაჩერონ ან თავისი მიზნებისათვის გამოიყენონ, მაგრამ ესეც ცალკე საკითხია და ეს არ გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ უარი ვთქვათ ამ მიმართულებით მუშაობაზე. თუ არის რაიმე შესაძლებლობა, რომ გაძლიერდეს ამ მიმართულებით მუშაობა, საქართველოს ხელისუფლებამ ეს უნდა გააკეთოს და მგონია, რომ საქართველოს ხელისუფლება დღეს-დღეობით არის მზად იმისთვის, რომ გადადგას პირდაპირი და ღია ნაბიჯები ამ მიმართულებით. თუ ამაში ევროკავშირთან ერთად ჩაერთვება სხვა ძალები, რომლებიც რეალურად ორიენტირებულნი იქნებიან კონფლიქტის მოგვარებაზე და არა მის გაღვივებაზე, ეს მისასლმებელია.
თუ რაიმე არის, რომელიც ხელს უშლის ძირითადი მიზნის მიღწევას, ანუ კონფლიქტის მოგვარებას, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მშვიდობიანი გზით შევძლოთ კონფლიქტის მოგვარება. ეკონომიკა არაა ის სფერო, რომელიც ასე სწრაფად იძლევა ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას, მაგრამ თუ ეს მოხდება, ვგულისხმობ ერთობლივ ეკონომიკურ ზონებს, ეს აუცილებლად მიგვიყვანს ბოლოს პოლიტიკური პროცესის გადაწყვეტამდე.
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის ცვლილება - ეს არის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა. შერიგების სამინისტროს მიერ შემუშავებული ამ კანონპროექტის მიმართ უარყოფითი პოზიცია ჰქონდა საერთაშორისო ორგანიზაციებს, თუმცა ეს არ იქნა გათვალისწინებული. როგორ ფიქრობთ, მთავრობა კორექტირებას შეიტანს ამ კანონპროექტში, რომელსაც თავად იდეალურად აფასებდა?
- მეტსაც გეტყვით, საკმაოდ ემოციურ ფონზე იქნა ეს კანონი მიღებული, მას შემდეგ საკმაოდ დიდი დრო გავაიდა და ბუნებრივია, აუცილებელია დღევანდელი დღის გათვალისწინებით ვნახოთ ამ კანონში რამ იმუშავა, რამ არ იმუშავა, რისი შეცვლა არის შესაძლებელი. ანუ, ის, რომ კანონი მივასადაგოთ დღევანდელ არსებულ ვითარებას, ამის აუცილებლობა ნამდვილად არის. იმის გათვალისწინებით, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი არის საქართველოს განაუყოფელი ნაწილი, აი, ამ კუთხიდან და იდეოლოგიიდან უნდა მოხდეს გადახედვა, რა არის ისეთი იმ კანანონში, რომელიც საჭიროებს კორექტირებას და თუ საჭიროა კორექტირება, ეს უნდა მოხდეს.