აშშ-ის სატრანსპორტო სარდლობის მეთაური თავდაცვის სამინისტროში (ვიდეო)

აშშ-ის სატრანსპორტო სარდლობის მეთაური თავდაცვის სამინისტროში (ვიდეო)

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სატრანსპორტო სარდლობის მეთაური იმყოფება. დღეს, გენერალი პოლ სელვა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მიიღო. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა ავღანეთიდან ნატო-ს ჯარების გაყვანის კონტექსტში საქართველოს სატრანზიტო ინფრასტრუქტურის გამოყენების საკითხი იყო. მხარეებმა საქართველოს ხელსაყრელი გეოსტრატეგიული მდებარეობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში, აშშ-საქართველოს ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებს. ყურადღება გამახვილდა ქართული სამხედრო კონტინგენტის მონაწილეობაზე ISAF-ის საერთაშორისო მისიაში.

„დღეს, თავდაცვის სამინისტროს სტუმრობს გენერალი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ძალიან კარგი მეგობარია. აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული ურთიერთობა დღითიდღე ძლიერდება. დღევანდელი ვიზიტი კიდევ ერთი დემონსტრირებაა იმისა, რომ ამერიკა  საქართველოს გვერდით დგას და ჩვენთან ერთად ზრუნავს, როგორ გახდეს ჩვენი რეგიონი უფრო უსაფრთხო. ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ იმ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ შესაძლებლობებზე, რომელიც  საქართველოს აქვს და რომელიც სწორედ იმ ინფრასტრუქტურის ნაწილია, რომლითაც ავღანეთსა და ნებისმიერ სხვა რეგიონში ნატოს ძალების უზრუნველყოფა ხდება. მაგრამ, ჩვენ მხოლოდ ავღანეთზე არ ვისაუბრეთ. ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენი ურთიერთობების მომავალზე ამ კუთხით და საქართველოს აქვს ყველაზე გამოკვეთილი გეოსტრატეგიული მდგომარეობა და ფასი. სწორედ ეს იყო ძირითადად ჩვენი დღევანდელი განხილვების მიზანი. ჩვენ ასევე, ვისაუბრეთ პრეზიდენტ ობამას ინიციატივაზე, რომ მხარი დაუჭიროს უსაფრთხოების კუთხით აღმოსავლეთ ევროპას. საქართველო, ბუნებრივია,  ამ ახალი ინიციატივის ნაწილი იქნება“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

გენერალმა პოლ სელვამ ქართულ მხარეს ISAF-ის ოპერაციაში შეტანილი წვლილისა და „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ მისიაში სამომავლო მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. მან ასევე, აშშ-საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობას გაუსვა ხაზი: „მინდა მადლობა გადავუხადო მინისტრს და მის თანამშრომლებს კონსტრუქციული შეხვედრების ორგანიზებისთვის. განსაკუთრებით საინტერესო იყო ბოლო შეხვედრა, სადაც დეტალურად განვიხილეთ ამერიკის შეერთებული შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ  ნდობაზე დამყარებული და ხანგრძლივი სტრატეგიული თანამშრომლობა მხოლოდ საერთაშორისო ოპერაციებით არ შემოიფარგლება. ასევე, ვიმსჯელეთ რეგიონში უსაფრთხოების შესახებ  და როგორ უნდა გამოიყენოს ამერიკამ, ნატომ და ევროპამ საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები, თუ რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას საფრთხე შეექმნება“.

აშშ-ის სატრანსპორტო სარდლობის დელეგაციის წევრებთან ერთად გაფართოებულ შეხვედრას დაესწრნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი გიორგი კბილცეცხლაშვილი, შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი ალუდა კოპალიანი, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის მეთაური, პოლკოვნიკი დავით აბრამიშვილი, ასევე, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის სხვა ხელმძღვანელი პირები.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ამერიკელმა გენერალმა უკვე გამართა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან და პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან. დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს რკინიგზის დირექტორთანაც.