უმუშევარი ქმარი თქვენი სარჩენი რომ არ გახდეს

უმუშევარი ქმარი თქვენი სარჩენი რომ არ გახდეს

ზოგიერთ ოჯახში ქმარი, ოჯახის მამა და მთავარი მარჩენალი უცბათ უმუშევარი რჩება და ცოლის კმაყოფაზე ცხოვრებას იწყებს. ხანმოკლე უმუშევრობას ადამიანი აიტანს, მაგრამ, როგორ მოვიქცეთ თუ ასეთი მდგომარეობა თვეობით და წლობით გრძელდება? როგორ ვაიძულოთ ქმარი იმუშაოს?  

უმუშევრობა სერიოზული ცხოვრებისეული გამოცდაა, ცოლ–ქმარს შორის ურთიერთობის გამძლეობაზე შემოწმებაა. ქალის უმუშევრობა დასაშვებია, რადგან ეს საუკუნეებით დამკვიდრებულ ოჯახის კერის დამცველის როლს შეესატყვისება, ხოლო მამაკაცი უძველესი დროიდან მშოვნელად, მომპოვებლად ითვლება. ამიტომ ვალდებულია, ოჯახის მატერიალურ კეთილდღეობაზე იზრუნოს.

და უცბათ, ერთ მშვენიერ დღეს, ქმარმა სამუშაო დაკარგა. ოჯახში მაშინვე არამხოლოდ მატერიალური, ასევე მორალური ხასიათის პრობლემები იწყება. ამ სიტუაციაში ქალის ყველაზე გავრცელებული შეცდომაა უკმაყოფილების გამოხატვა, პრეტენზიების წამოყენება, წვრილმანებზე შარის მოდება, ჩხუბისა და სკანდალების მოწყობა. კიდევ უარესია, თუ ქალი ქმარს ქვეცნობიერად აუფასურებს, უვარგისად თვლის, სხვა წარმატებულ მამაკაცებს ადარებს, მოკლედ, ქმრის თვითშეფასებას მუდამ ამცირებს.

არსებობს მრავალი მიზეზი, რომელთა გამო სამსახურის შოვნა არც ისე იოლია. აქ ფსიქოლოგიური პრობლემაც იჩენს თავს. ახალი სამუშაოს ძებნისას ხშირად ადამიანი ესწრაფის, ისეთი იპოვოს, როგორიც ადრე ჰქონდა, სადაც უკვე ყველაფერი ცნობილია, კოლექტივი ნაცნობია, სადაც პატივს სცემენ და საკუთარი შესაძლებლობების არავისთვის დამტკიცება სჭირდება. ასეთი სამუშაოს პოვნის ალბათობა კი თითქმის ნულის ტოლია. რა თქმა უნდა, ყველაფრის ხელახლა დაწყება ძნელია, მაგრამ ამის გარეშე არ გამოვა. გარდა ამისა, ძლიერი სქესის წარმომადგენელთა ლოგიკაში არსებული სტერეოტიპის გამო, რომ მამაკაცმა ქალზე მეტი უნდა გამოიმუშაოს, ქმარი მოკრძალებულ ხელფასზე უარს ამბობს.

სიტუაციას აღრმავებს ის ფაქტიც, რომ ყველა ახლობელმა და მეგობარმა იცის, ცოლის კმაყოფაზე რომ ცხოვრობს. საზოგადოებრივი მორალის მიხედვით, მამაკაცის უმუშევრობა დაუშვებელია, ამიტომ გარშემომყოფთა ირიბი გამოხედვები, ზურგსუკან სარკაზმული რეპლიკები, თანაგრძნობითი ოხვრები მხოლოდ ცეცხლზე ნავთს ასხამს.

ქმარმაც და ცოლმაც უნდა იცოდნენ, რომ სიტუაციის შეფასების უფლება მხოლოდ მათ ოჯახს აქვს და სხვის აზრებზე ფიქრი არ ღირს.

მწუხარებასა და სიხარულში, სიმდიდრესა და სიღარიბეში...

ბრძენ, მოსიყვარულე ცოლს უნდა ახსოვდეს, რომ ქმრის უმუშევრობა დროებითი მოვლენაა, რომ მას ამ მომენტში არანაკლებ უჭირს, მომავლის გამო წუხს და შფოთავს. ქმარს გულახდილად ესაუბრეთ, აუხსენით, რომ მისი გჯერათ და დროთა განმავლობაში ყველაფერი აუცილებლად გამოუვა. თანაუგრძნეთ, გაუგეთ, გაამხნევეთ, უფრო ყურადღებიანი და გულისხმიერი გახდით.

მთელი სიტუაცია დაწვრილებით გადმოეცით, საყვედურების გარეშე ლოგიკურად აუხსენით, რომ ქმრის უმუშევრობა ოჯახს ზიანს აყენებს, რომ აუცილებელ მოთხოვნებზე ფული ძლივს გყოფნით. ამიტომ მისი თუნდაც მცირედი ხელფასი ცხოვრებას მნიშვნელოვნად გაგიადვილებთ. არამხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც დაეხმარეთ. მაგალითად, მასთან ერთად ვაკანსიების შესაფერისი ვარიანტები ეძებეთ, ყველა ახლობელსა და მეგობარს აცნობეთ, რომ მეუღლე სამუშაოს ეძებს. თუ კარგ ვარიანტს ვერ მოძებნით, ქმარი დაარწმუნეთ, რომ დასაწყისში ნებისმიერ სამუშაოს დათანხმდეს, შემდეგ შეიძლება უკეთესი იშოვოს.

არსებობს მეორე ვარიანტიც. თუ მამაკაცს რაღაც მიზეზით სამუშაოს ძებნა არ სურს, მაშინ დიასახლისის მოვალეობები უნდა შეასრულოს. როლები ამგვარად გადანაწილდება: ცოლი ფულს შოულობს, ქმარი საოჯახო საქმეს აკეთებს. თუ მამაკაცი ამას გაგებით ეკიდება, კონფლიქტები არ წარმოიშვება. თუ დიასახლისის როლი არ სურს, რბილად დაელაპარაკეთ, აუხსენით, რომ ამაში დამამცირებელი არაფერია, რომ ეს დროებითია და მანამ გაგრძელდება, სანამ ისევ მუშაობას არ დაიწყებს. ყველა მამაკაცი საოჯახო საქმეს მიჩვეული არ არის. ამიტომ პირველ ხანებში აუცილებელი საქმეების სია შეუდგინეთ და ზოგიერთი რამის კეთება ასწავლეთ. სხვათა შორის, ოჯახში მომუშავე ბევრი მამაკაცი იგებს, რომ სამსახურში გაცილებით უკეთესია და სახლში ჯდომა მამაკაცური საქმე არ არის. შესაძლებელია, როლების გაცვლა ორივე მეუღლეს აწყობდეს.

მაგრამ თუ საყვარელ მამაკაცს არც მუშაობა სურს და არც ოჯახის გაძღოლა თუ მთელი დღეები ლუდით ხელში ტელევიზორის წინ დივანზე წამოწოლილია ან ინტერნეტთან ზის? მაშინ აშკარაა, ჩვენ წინაშე ალფონსია. როგორც წესი, ასეთი ტიპის მამაკაცის ამოცნობა ჯერ კიდევ ურთიერთობის დასაწყისში შეიძლება. აქ ყველაფერს ქალის არჩევანი განსაზღვრავს. ზოგიერთ დამოუკიდებელ ბიზნესლედის საქმის ასეთი ვითარება სრულად აწყობს. მოცემულ მომენტში ქმარი ცოლის პერსონის ეფექტურ დანამატად ითვლება, ყველგან თან დაჰყვება და თითქოს მის სახეს სრულყოფს. ამისთვის ქალი აფინანსებს. რა გაეწყობა. ყველა ისე ცხოვრობს, როგორც სურს. შანსი, რომ ასეთი მამაკაცი უცბათ შეიცვლება და მუშაობას დაიწყებს, ძალიან მცირეა. ჩიჩინი, დარწმუნება აბსოლუტურად უშედეგოა. ზრდასრული ადამიანის ძალდატანებით შეცვლა და აღზრდა შეუძლებელია. გარდაქმნის აუცილებლობა თავად უნდა გააცნობიეროს.

მთელი ფულის მონოპოლიზაცია მოახდინეთ. დახარჯეთ კვებაზე, სახლისთვის აუცილებელ ნივთებზე, თქვენთვის და ბავშვისთვის. ქმარს არაფერი მისცეთ და არც მოემსახუროთ. დაე, ყველაფერი თავად გააკეთოს. დროდადრო შეახსენეთ, როგორ იღლებით, რომ ყველაფერი ძვირდება. თუ ყველაფერი ეს დადებით შედეგს არ გამოიღებს, გაყრით დაემუქრეთ. გაყრა, რა თქმა უნდა, უკიდურესი ზომაა, მაგრამ საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიშმა შეიძლება მამაკაცი გამოაფხიზლოს და გაინძრეს.

დაბოლოს, თუ ჭეშმარიტ გზაზე ქმრის დაყენების თქვენი ყველა მცდელობა ფუჭი აღმოჩნდა, დაფიქრდით, გვერდით ნამდვილად ის ადამიანია, რომელთანაც ცხოვრების გაგრძელება გსურთ? თანახმა ხართ, პენსიამდე შეინახოთ? ყველაფერი გონივრულად აწონ–დაწონეთ და გაიაზრეთ, ასეთ მდგომარეობას შეურიგდებით თუ არა. თუ დადებითი პასუხი გაქვთ – მოითმინეთ, თუ უარყოფითი – წინ იარეთ ახალ ბედნიერ პირად ცხოვრებასთან შესახვედრად.