თაფლი სილამაზეს გვჩუქნის

თაფლი სილამაზეს გვჩუქნის

კოსმეტიკაში თაფლი გამოიყენება სახისა და სხეულის მოსავლელად, თმის გასამაგრებლად და აღსადგენად. თაფლი კანს წმენდს, არბილებს, კვებავს, ხავერდოვანს ხდის და ნაოჭებს ასწორებს.

ვიტამინებისა და მიკროელემენტების გარდა, თაფლი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც კანში სისხლის ცირკულაციას ააქტიურებენ და კანს კვებავენ.

კოსმეტიკისთვის არანაკლებ ძვირფასია მეფუტკრეობის სხვა პროდუქტებიც – ცვილი, პროპოლისი, ფუტკრის რძე. მაგალითად, ფუტკრის რძე, რომელიც კოსმეტიკურ ემულსიებში გამოიყენება, უჯრედოვან ცვლას ასტიმულირებს და ცხიმის ჯირკვლების მუშაობას ნორმალურს ხდის, კანს ატონიზირებს და ატენიანებს, მის ელასტიკურობას აუმჯობესებს და დაბერების პროცესს ანელებს.

აქტიური ნივთიერებებითა და ვიტამინებით გამდიდრებული ცვილისა და პარაფინის სახვევი ღაბაბს ებრძვის, წვრილ ნაოჭებს ასწორებს და ღრმა მიმიკურ ნაოჭებს ამცირებს. ცვილის ნიღბები ნებადართულია იმ ადამიანებისთვისაც, რომლებსაც პრობლემური სისხლძარღვები და კაპილარების გაფართოება აქვთ.

თაფლს აქვს ერთადერთი უკუჩვენება – ეს არის ინდივიდუალური აუტანლობა.  

ზოგჯერ არც კი ვიცით, რომ კანს ნატურალური ნივთიერებები აკლია. თაფლზე დამზადებული ვიტამინური ნიღაბი ყველა ტიპის კანისთვის სასარგებლოა.

1 სუფრის კოვზი თაფლი და 1 უმი კვერცხის გული შეურიეთ. შემდეგ 30 მლ ცხელ რძეში დამბალი შავი პურის უქერქო ნაჭერი და 1 ამპულა ფ ვიტამინი (ზეთოვანი ხსნარი) დაუმატეთ. კარგად აურიეთ. ნიღაბი წინასწარ გასუფთავებულ სახესა და ყელზე დაიდეთ. ბამბის ტამპონის დახმარებით თბილი წყლით ჩამოიბანეთ, სახე პირსახოცით შეიმშრალეთ და კრემი წაისვით. მაშინაც კი, თუ თაფლიან ნიღაბს კვირაში მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ გაიკეთებთ, ეფექტი გასაოცარი იქნება.

თაფლის მასაჟი არამხოლოდ კოსმეტიკური, ასევე გამაჯანსაღებელი საშუალებაა. თაფლი კანიდან ყველაფერ ზედმეტს იწოვს. ზურგში ტკივილის დროს ასეთ მასაჟს ხშირად მიმართავენ, მაგრამ არანაკლებ საოცარი ეფექტი აქვს სახის მასაჟსაც თაფლით:

 

სახეზე თაფლი თანაბრად გაანაწილეთ და 5 წუთი გაიჩერეთ. არავითარი წრიული მოძრაობები, რომელსაც ზეთოვანი მასაჟის დროს მივმართავთ. კანს ხელი ოდნავ დააჭირეთ და გაუშვით, რომ მტკივნეული შეგრძნებები არ იყოს. სახის კანზე თითების მიკვრა–მოცილების ეფექტი ფორებისთვის ქმნის ვაკუუმს, რომელიც ცხიმის საცობებს ისრუტავს.

მასაჟი უმჯობესია დილით, გაღვიძებისთანავე. ფრთხილად გაიკეთეთ, კანი არ გაწელოთ. შემდეგ თბილ წყალში მწვანე ჩაი ჩაუმატეთ და სახე ჩამოიბანეთ. კანზე ჯერ ყინულის კუბიკი წაისვით, მერე კი დღის კრემი. კურსი 10–15 სეანსია, რომელიც დღეგამოშვებით კეთდება.

თაფლის მასაჟი მკვდარი უჯრედების მოცილებასა და ახალი უჯრედების ჟანგბადით მომარაგებას ეხმარება. ვინაიდან თაფლი ძლიერმოქმედი მკვებავი საშუალებაა, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი შესანიშნავად ითვისებს, შედეგი არ აყოვნებს. კანი იჭიმება, ახალგაზრდავდება, ნორჩი და მომხიბლავი ხდება.

ცხიმიანი კანის მფლობელების არ შეგშურდეთ, მიუხედავად იმისა, რომ ცხიმიანი კანი გვიან ბერდება. ვინაიდან ცხიმის ჯირკვლები აქტიურად მუშაობენ, კანი ხშირად ჭუჭყიანდება და ანთებითი პროცესები იწყება. ცხიმიან კანსაც ესაჭიროება კვება, ტონუსი და, რა თქმა უნდა, გაწმენდა.

ნიღაბი ჭირვეული ცხიმიანი კანისთვის მჟავე ბალანსის აღდგენას ეხმარება, ფორებს ავიწროებს, ანთებას აქრობს, კანს კვებავს.

ნიღბისთვის დაგჭირდებათ თაფლი, თბილი რძე, კარტოფილის სახამებელი და მარილი, ყველაფერი თითო კოვზის ოდენობით. კომპონენტები კარგად აურიეთ, ბამბის ტამპონის დახმარებით სახეზე დაიდეთ და 20–25 წუთი გაიჩერეთ. ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ, შემდეგ გრილი წყალი გადაივლეთ.

პერიოდულად შეგიძლიათ თაფლის ნიღაბი ლიმონის წვენითა და კვერცხის ცილით გაიკეთოთ. ცილიანი თაფლის ნიღბის შემდეგ სახე გლუვი, კანი მოჭიმული ხდება. ასეთი პროცედურა რეკომენდებულია თვეში არანაკლებ 2–3–ჯერ, ვინაიდან თაფლი ძლიერმოქმედი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებაა.