„თუ თქვენ გსურთ, რომ კვლავ საბოტაჟის მსხვერპლი გახდეთ, მაშინ ხმა მიეცით ნიკა მელიას. თუ გსურთ, რომ უნდა მისცეთ ხმა განვითარებას, უნდა მისცეთ ხმა დავით ნარმანიას“, - აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც აღნიშნავს, რომ მეორე ტური მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის და ქართული დემოკრატიის განვითარებისათვის.
„გასულ წელს ძალიან რთული კოაბიტაციის პერიოდი გავიარეთ, ძალიან კარგად გვახსოვს, მითუმეტეს, თბილისის მცხოვრებლებს, თუ როგორ მიზანმიმართულ საბოტაჟურ პოლიტიკას ახორციელებდა ყოფილი მერი გიგი უგულავა და მის დაქვემდებარებაში არსებული სამსახურები, ანალოგიური საბოტაჟის ნიშნები შეინიშნებოდა დედაქალაქის გარდა სხვა რეგიონებში. ჩვენ მეორე ტურით დავასრულებთ საბოტაჟს“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
მოვლენათა როგორი განვითარებაა მოსალოდნელი მეორე ტურისთვის, ამ თემაზე ექსპერტი, სოსო ცისკარიშვილი გვესაუბრება.
სოსო ცისკარიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პოლიტიკური ძალის დასასრული, გახლავთ კიდევ ერთი ქართული ოცნება, რომელიც დიდი ალბათობით, მარტივად ვერ აღსრულდება. შესაბამისად, არ ველი, რომ რაიმე სერიოზული ცვლილებები მოხდეს ადგილობრივი არჩევნების დასრულების შემდეგ არსებულ პოლიტიკურ რეალობაში, რადგან არსებობს პარლამენტი, მართვის უმაღლესი ორგანო ქვეყანაში და მისი შემადგენლობა არ გვაძლევს საფუძველს რაიმე დასაბუთებული ცვლილების მოლოდინისა.
რაც შეეხება ადგილობრივ არჩევნებს და მეორე ტურს, ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ დემოკრატიულობის ზრდის თვალსაზრისით ეს ძალზე მნიშვნელოვანია...
- ადგილობრივი არჩევნები ნამდვილად მაჩვენებელია ჩვენი ქვეყნის მზარდი დემოკრატიულობის. თავად ის ფაქტი, რომ მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ მაგალითი მისცა ყველა, მის წინამორბედ და მომავალ პოლიტიკურ ძალებს, რომ არ უნდა ეშინოდეს რომელიმე სავარძლის დაკარგვის და სრულიად მოულოდნელად ბევრისთვის, 30%-იანი ბარიერი - 50%-ად აქცია. რითაც მართალია, შედარებით მეტი თავისტკივილი გაუჩნდათ თავადაც, მაგრამ ამით პატივი სცეს ჩვენთვის გაუცხოებულ რეჟიმში მყოფ დემოკრატიას.
იმედი მაქვს, სამომავლოდაც გაგრძელდება დახვეწა საარჩევნო კანონმდებლობის და ერთი და იგივე ხალხის მიერ არჩეული მერის და საკრებულოს ურთიერთობა დაეყრდნობა ახალ, სამართლიან საფუძველს - თუ მერის გადარჩევის უფლება ეძლევა საკრებულოს, მაშინ კეთილი ინებოს, საკრებულომ გაითვალისწინოს ისიც, რომ მერიც და საკრებულოს წევრებიც ერთი და იგივე ადამიანების მიერ არიან არჩეული და თუ ამ ადამიანებს სწორი არჩევანის გაკეთება არ შეუძლიათ და ამიტომ დგება საკითხი მერის გათავისუფლებისა, მაშინ ასეთი გადაწყვეტილების მიღებისთანავე, საკრებულო თავადაც უნდა დაიშალოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები - ამას ჰქვია სამართლიანობა. ყოველივე დანარჩენი, აღიქმება, როგორც გამარტივებული გზა მმართველი პოლიტიკური ძალისთვის, რომ არსებული უმრავლესობა თითოეულ საკრებულოში იყოს ზეწოლის ინსტიტუტი ხალხის მიერ არჩეულ მერზე. რასაც იგივე, დემოკრატია, ნამდვილად არ მოგვიწონებდა.
ხალხს აინტერესებს, იქნება თუ არა ახალი თვითმმართველობა ხალხის სამსახურში - ნარმანიამ და მელიამ დებატების დროს გაკეთებული და გასაკეთებელი საქმეების სიები გაცვალეს - თქვენ თუ დაგამახსოვრდათ მნიშვნელოვანი ფაქტები, რა გაუკეთა ყოფილმა მერმა მნიშვნელოვანი თბილისელებს და ახალი მერისგან რას ელოდებით?
- მერობაზე არასოდეს მიფიქრია, შესაბამისად, ასეთი პროგრამები არ შემიდგენია, დაპირებები და ხედვა საკმარისზე მეტი აქვთ მეორე ტურისთვის შემორჩენილ კანდიდატებს. ჩვენს მოსახლეობასაც მკაფიოდ აქვს ჩამოყალიბებული საკუთარი განწყობა. განსხვავება პირველსა და მეორე ტურს შორის უნდა იყოს ის ფაქტი, რომ ნაცვლად საკუთარი სამზარეულოსი, საკუთარ აზრს გამოთქვამენ საარჩევნო უბანზე მისვლით.
ამდენად, თუკი რაიმე აზრი ჰქონდა თბილისის მერობის კანდიდატების დებატებს, ვფიქრობ, ეს უნდა ყოფილიყო სრულიად მკაფიო მოწოდება თბილისელებისთვის, მივდნენ არჩევნებზე. ვფიქრობ, რომ ინდიფერენტული მეორე ტურის მიმართ თბილისელები არ იქნებიან, რადგან მათ საკუთარი დამოკიდებულება რეალობის მიმართ, უკვე ორჯერ, შარშან და შარშანწინ გამართული არჩევნების დროს გამოხატეს.
პირველი ტურიც არ იძლევა რაიმე სიურპრიზის მოლოდინის საფუძველს, მითუმეტეს, მას შემდეგ, რაც ბატონ ნარმანიას ჰქონდა სურვილი, საკუთარი გეგმები წარმოედგინა პროგრამის სახით. ხოლო ბატონი მელია ძირითადად, ორიენტირებული იყო დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალთა შორის საუკეთესოს წარმოჩენის სურვილით.
ამდენად, დღეს გვიანია ვინმესთვის საკუთარი პოზიციის გადაფასება. ელემენტარულად, ვებრძოლოთ საკუთარ სიზარმაცეს, გავაცნობიეროთ საკუთარი ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე და ნუ დავიზარებთ, საარჩევნო უბნებზე მისვლას.
საზოგადოებაში გაჩნდა მოსაზრება, რომ უგულავას სწორედ ახლა დაკავებით ხელისუფლება ხომ არ შეეცადა დამატებითი სტიმულის მიცემას ხალხისთვის. თუმცა ნარმანია აცხადებს, რომ უგულავას დაკავება მელიასთვის არის მომგებიანი, რადგან კრიმინალი აღარ ჰყავს გვერდით. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს ფაქტი რომელიმე კანდიდატზე აისახება?
- ვფიქრობ, მერობის კანდიდატების გასარჩევი კრიმინალური პროცესი არ უნდა იყოს, მითუმეტეს, ვიდრე სასამართლო არ იტყვის საკუთარ სათქმელს. ისიც უცნაურია ჩემთვის, საარჩევნო პროცესში, მთავრობის თავმჯდომარე, როგორც პარტიის თავმჯდომარე, ისე რომ საუბრობს საზოგადოებასთან. გასაკეთებელი კიდევ ბევრია, ამიტომ აგიტაციის ფუნქციის მქონე სტრუქტურაც და პიროვნებაც არ უნდა იყოს მთავრობის უმაღლესი პირი, რადგან ისინი არიან არა რომელიმე ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალის მომხრე ხალხის პრემიერები და ვიცე-პრემიერები, არამედ მთლიანად, ქვეყნის პასუხისმგებლობით აღჭურვილი პირები.
პარტიულ ორგანოებს საკმარისზე მეტი ჰყავთ ადამიანები, რომლებმაც მხოლოდ პოლიტიკური გზავნილები უნდა მისცენ საზოგადოებას. ხოლო, თუ მერი უნდა იყოს მხოლოდ მეურნე ვინმეს წარმოდგენაში, რასაც მე არ ვიზიარებ, არც პრემიერმა და ვიცე-პრემიერმა არ უნდა დაივიწყონ, რომ ისინი უპირველეს ყოვლისა, მეურნენი უნდა იყვნენ და პოლიტიკური შეფასებებისა და წინასაარჩევნო ლოზუნგებისგან თავი უნდა შეიკავონ, რომელი პოლიტიკური თანამდებობაც არ უნდაც ეკავოთ პოლიტიკურ პარტიაში.
ნარმანია აცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში, პირველ რიგში, მერიას გაათავისუფლებს არაკვალიფიციური კადრებისგან. ისიც ვიცით, რომ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მერია უმუშევარი ნაციონალების თავშესაფრად იქცა. თუ გავითვალისწინებთ, რომ საკადრო წმენდა ხელისუფლებას არც ერთ უწყებაში არ განუხორციელებია, რამდენადაა მოსალოდნელი, ეს გააკეთოს ახალმა მერმა? ამასთან, ტაქტიკურად, რამდენად სწორია ასეთი განცხადება მეორე ტურის წინ?
- რასაკვირველია, არაკვალიფიციური კადრების ადგილი არ არის მერიაში, თუმცა ასეთ მაგალითს უფრო მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ვერ ვამჩნევთ. ალბათ, ამისი მაგალითი ჯერ მთავრობის მეთაურმა და მინისტრებმა უნდა აჩვენონ, შემდეგ მერიის დროც მოვა.
თუმცა, არ მგონია, რომ თავად მერიაში მომუშავე პროფესიონალმა მლიქვნელებმა ასეთი განცხადების შემდეგ ხმა მისცენ ნარმანიას - მათ კიდევ ჰქონდათ მოლოდინი, რომ ხმის მიცემისა და სოლიდარობის გამოცხადების შემთხვევაში, ისინი შეძლებდნენ სავარძლების შენარჩუნებას. ნებისმიერ შემთხვევაში, არც ეს გამონათქვამი და არც რაოდენობა მლიქვნელი მოხელეებისა მერიაში არ ახდენს რაიმე ტიპის გავლენას არჩევნების შედეგებზე. ყველას შეუძლია ისაუბროს იმაზე, რაზეც სურს, იმოქმედოს ისე - როგორც სურს, ამას ჰქვია არჩევანი.
საინტერესო ინიციატივა შემოგვთავაზეს ბიზნესკომპანიებმა, ვისაც ექნება მარკირება, შეუძლია 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლოს მათ ქსელში. გაზრდის ეს ამომრჩევლის რაოდენობას? თუ გავითვალისწინებთ, რომ ხელისუფლებას აწყობს ბევრი ამომრჩეველი, მის მიერ ნაკარნახევ იდეას ხომ არ ჰგავს?
- საქართველოსთვის უპრიანი იქნებოდა არა ასეთი ნოუჰაუ, არამედ ბელგიაში არსებული კანონი, სადაც არგამოცხადებულ ამომრჩეველს ელის საკმაოდ სერიოზული ჯარიმა. არ ვიცი, ვინ არის ავტორი ასეთი ინიციატივის - მერე დაიწყება ბრალდებები, რომ მეოცნებეთა ამომრჩეველს სხვა ტიპის სითხეს ასხურებდნენ, „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველს - სხვას - მოქმედი ხელისუფლების მხარდამჭერებს ჰქონდათ 20%-იანი ფასდაკლება, სხვებს - არა. ეს იქნება კიდევ ერთი მიზეზი დაპირისპირების და 24-საათიანი ინტერესის თემა „რუსთავი2“-ისთვის.
ეს უფრო გარკვეული თამაშის ფორმას მიიღებს - რომ ვთხოვო, ორ თითზე დამასხურონ სითხე, მომცემენ თუ არა 40%-იან შეღავათს. ან შევძლებ თუ არა ორ სხვადასხვა ადგილას გამოვიყენო ეს სიკეთე. ამიტომ ხალისის დრო დადგება მაშინ, როდესაც არჩევნები დასრულდება. ზოგს სიხარული მოიცავს, ზოგს - უკმაყოფილება, მაგრამ ქვეყანამ უნდა მოამთავროს საშინაო პრობლემების ასეთი განსაკუთრებული რეჟიმი და მიმოიხედოს იმ საფრთხეების აღმოსაფხვრელად, რასაც ადგილი შეიძლება ჰქონდეს უახლოეს მომავალში. იზრუნოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე და ერთხელ და სამუდამოდ, მესამეხარისხოვან თემად დაიტოვოს პოლიტიკური კინკლაობა.
მოსალოდნელი არის თუ არა პროვოკაციები „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან? - პირველ ტურში ვნახეთ, რომ მსგავსი მცდელობები იყო, ახლა კიდევ უფრო ხომ არ გაქტიურდებიან?
- მეორე ადგილოსანთა უმრავლესობა აღარ ეკუთვნის „ნაციონალურ მოძრაობას“, შესაბამისად, მათი მოტივაცია მკაფიოდ გასაშიფრი იქნება, ბევრ იმისთანა ინციდენტს ექნება ადგილი. არ ვარ დარწმუნებული, რომ იქ, სადაც მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი არ არის დაშვებული, რაიმე განსაკუთრებული აქტივობა იყოს ამ პოლიტიკური ძალისგან.
ერთადერთი, ისინი გააქტიურდებიან იქ, სადაც „ქართული ოცნების“ კანდიდატზე უფრო მეტი საფრთხის განცდა ექნებათ. არ გამოვრიცხავ, რომ ასეთ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს დაუჭერს „ქართულ ოცნებას“.
ამას თავადაც მიხვდება მკითხველი, თუ მივანიშნებ, რომ მსგავსი რამ შეიძლება, მოხდეს გორში - ნებისმიერი კანდიდატის მიმართ გაცილებით მეტი მხარდამჭერი აღმოჩნდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, გარდა ოქრუაშვილის მიერ წარდგენილი კანდიდატისა.
ანუ საინტერესო პროცესები შეიძლება ვიხილოთ?
- არ მგონია, რადგან იქ ორი ძალა ებრძვის ერთს. ვგულისხმობ „ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ - ეს დუეტი უპირისპირდება სხვა კანდიდატს, რომელიც ამჟამად მეორეადგილოსანია გორში.
რაც შეეხება რუსთავს?
- რუსთავში საინტერესო მოვლენა უკვე შედგა კიწმარიშვილის განცხადების შემდეგ, როდესაც მან კვლავ დაუდასტურა წლების შემდეგ ერთგულება „ნაციონალურ მოძრაობას“ და მისთვისვე მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ არც ერთი მისი მხარდამჭერი არ აპირებს „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მხარდაჭერას.
ასევე, ბურჯანაძის კოალიციის წარმომადგენლები რუსთავში, მიუხედავად იმისა, რომ ესმოდათ საკუთრი ლიდერისგან განცხადებები, რომ არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, მეორე ტურში აპირებენ, აქტიურად დაუჭირონ მხარი „ქართულ ოცნებას“ იმავე მოტივაციით, რითაც „ნაციონალური მოძრაობა“ დაუჭერს მხარს „ქართულ ოცნებას“ გორში. ანუ იმიტომ, რომ არ მოვიდეს მათთვის არასასურველი კანდიდატი.
ზოგადად, ჩვენ, ქართველებს გული მაშინ მიგვიწევს საარჩევნო ყუთებისკენ, როდესაც საფრთხეს ვგრძნობთ, ჩვენთვის არასასურველი პოლიტიკოსის გამარჯვებისა. სხვა შემთხვევაში, როდესაც ასეთ საფრთხეს არ ვგრძნობთ, გაგვაჩნია აქტივობის ის მუხტი, რომელიც ტრადიციულია ევროპული კულტურისთვის - მოწმენი ვართ, რომ ორიოდე კვირის წინ არჩეული ევროპის ახალი პარლამენტი, მოსახლეობის მაქსიმუმ - 40%-მა აირჩია. ისეთი ქვეყნებიც არსებობენ, სადაც აქტივობა 20%-ზეც ნაკლბიც კი იყო. ასე რომ, ყველას აქვს საკუთარი გადაწყვეტილების მიღების უფლება. როგორები ვართ ჩვენ და როგორია ჩვენი არჩევანი, იმედია, კვირა საღამოს მაინც, ზუსტად გვეცოდინება.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „ნაციონალური მოძრაობისთვის“ თბილისი და დიდი სურვილი აქვს მისმა კანდიდატმა მოიგოს. აქვს რაიმე შანსი?
- საინტერესოა რომელი წინა არჩევნების საფუძველზე აქვთ ასეთი მოლოდინი? სურვილებს რაც შეეხება, შეუძლიათ, შექმნან ახალი პოლიტიკური პარტია - „ოცნება2“ და იოცნებონ პარტიის შიგნით.
თბილისელების საკუთარ ჭკუაზე გადაყვანას სჭირდება არა დაპირება, არამედ რაიმე გამოცდილება საკუთარ მოსახლეობასთან ურთიერთობისა. რაც, მაინც და მაინც კომფორტული არ უნდა იყოს „ნაციონალური მოძრაობისთვის“.
სწორედ ამიტომ, თბილისში თუ არის მოსალოდნელი საბოტაჟის მოწყობის მცდელობები, მიმართული საარჩევნო პროცესის ჩასაშლელად?
- რაც ვიხილეთ უგულავას პროცესის დასრულების შემდეგ, ვერ გვაფიქრებინებს, რომ არანაირი მუხტი არ არსებობს ძალისმიერი პროვოკაციებისთვის. ყველაფერი მოსალოდნელია, მაგრამ იმედი მაქვს, სამართალდამცველები უფრო პროფსიულად იმოქმედებენ და არ იქნება შურისძიებისმაგვარი განწყობა ხელისუფლების მხარდამჭერთა შორის.
ძალიან საინტერესოა საკრებულოს თავმჯდომარის თემაც - ყველა პარტიას ჰყავდა სიის პირველი ნომერი, გარდა „ქართული ოცნებისა“, სავარაუდო კანდიდატის ვინაობაც დღემდე გასაიდუმლოებულია. როგორ ფიქრობთ რა მიზეზით შეიძლება იყოს ეს თემა გასაიდუმლოებული?
- როგორ გითხრათ, ეს უკვე ჩამოყალიბებული ვირუსია, რომელიც „ქართულ ოცნებას“ შეეყარა. ბოლო დღემდე გვეუბნებოდნენ, ვიცი, მაგრამ თქვენ არ გეტყვით, ვინ იქნება პრეზიდენტობის თუ მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი. ახლა ჯერია, ბოლო წუთამდე ვმალოთ საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურის ვინაობა - ამაში ახალი არაფერია, თუ ეს ახალისებს ან უფრო მონოლითურს ხდის „ქართულ ოცნებას“, კი ბატონო, შეინახოს ბოლომდე - ამას მოსახლეობაც შეეჩვევა, ჟურნალისტებიც - არავინ კითხვებს არ დაუსვამთ და ბოლოს თვითონ ექნებათ საძებარი, საინფორმაციო წყაროები გადაწყვეტილების გასავრცელებლად.
როგორი იქნება მთლიანობაში მეორე ტური?
- მეორე ტური იქნება ის ახალი ხილი საზოგადოებისათვის, რომელიც მას არ ავნებს. გემო შესაძლოა, მოლოდინისგან განსხვავებული იყოს, მაგრამ უფრო მეტი მოიწონებს, ვიდრე დაიწუნებს.