ზუგდიდელი მელია ზუგდიდელი ნარმანიას წინააღმდეგ

ზუგდიდელი მელია ზუგდიდელი ნარმანიას წინააღმდეგ

არასწორად გაგებული თბილისელობა - ეს განწყობა დაგეუფლებოდათ ოპონენტ დავით ნარმანიასთან დებატებში ნიკანორ მელიას ქმედებების შემხედვარეს. მოგვიანებით მელიამ გამოასწორა ეს ლაფსუსები, მაგრამ დავით ნარმანიას მიმართ სათქმელი უკვე ითქვა: „რამდენი წელია თბილისში ცხოვრობ?“ (ამით მელია უკვე დებატების შემდგომ დაინტერესდა); „თბილისის ქუჩებიც კი არ იცი“; „ჩიტაძის ქუჩა სად არის, არც ეს იცი“; „ბიძინა ივანიშვილმა რომ დაგირეკოთ და გითხრათ - იდექით ღამის 12-ის ნახევრამდე იქ, სადაც დგახართო, იდგებით“...

მოგვიანებით, როგორც ჩანს, ნიკა მელიას თანაპარტიელებმა მიანიშნეს, რომ მის მიერ არათბილისურ წარმომავლობაზე მითითება ისეთ მასშტაბებში გადაიზარდა, რაც მას არაერთ ხმას დააკარგინებდა როგორც თბილისელებში, ისე არათბილისური წარმომავლობის ამომრჩევლებში. მეტიც, მისდამი თბილად განწყობილ არასამთავრობოებსაც უხერხულობაში ჩააგდებდა, რადგან მათ მელიას მხრიდან ადამიანის წარმომავლობით აპელირების გამო, წესით, დისკრიმინაციულობა უნდა გახსენებოდათ, რაც არ მომხდარა. ამიტომ მეორე დღეს ნიკა მელიამ ერთგვარად „მოიბოდიშა“ და დავით ნარმანიას მიმართ გამოთქმულ კრიტიკაზე განმარტებები გააკეთა, რომ მისთვის თურმე, არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია ადამიანის წარმოშობას და უზნეობად მიაჩნია ამ ასპექტზე ყურადღების გამახვილება. უბრალოდ, ამ ფორმით მისი პრეტენზიები მდგომარეობდა იმაში, რომ ნარმანიას არათუ გათავისებული არ ჰქონდა, არამედ საერთოდ არ ესმოდა დედაქალაქის წინაშე არსებული გამოწვევები და არ გააჩნდა უნარი, მიეღო დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები.

სინამდვილეში, ამ დებატების შემდეგ თბილისელთა დიდი ნაწილი შეურაცხყოფილი დარჩა. თბილისელთა აზრით, იმდენჯერ გაუსვა ნიკა მელიამ თავის წარმომავლობას ხაზი, რომ ამით ფასი მისგან ნათქვამმა თბილისელობამაც კი დაკარგა. მით უმეტეს, ძირძველი თბილისელების აზრით, ნიკა მელია ე.წ. „ახალი თბილისელების“ კატეგორიაში გადის, რომელიც სულ რაღაც ერთი თაობაა, რაც თბილისში დაემკვიდრა. მამამისი-  ანზორ მელია 1947 წლის 5 აგვისტოს ზუგდიდში დაიბადა. ასე რომ, ზუგდიდელი მელია ზუგდიდელი ნარმანიას წინააღმდეგ გამოვიდა.

თბილისელებისგან განსხვავებით, ნიკა მელიას ქმედებით აღფრთოვანებულია ციხეში მყოფი ყოფილი მერი. გიგი უგულავა მელიას „ფეისბუქის“ გვერდზე ასე მიმართავს: „მიდი, ნიკანორ, ფინალში უკვე ხარ!“ გიგი უგულავა დარწმუნებულია, რომ „მელიამ ნარმანიასთან გუშინდელ დებატებში გერმანიის შედეგი გაიმეორა“.

ინტერნეტფორუმზე აშკარად ჭარბობდა ნიკა მელიათი იმედგაცრუებული ადამიანების პოზიცია, მათ შორის, არაერთ თავგადაკლულ ნაციონალს გაუტეხა გული ნიკა მელიამ. კონკრეტულად, თუ დებატების დაწყებამდე ამომრჩეველი ფიქრობდა, რომ მელია დებატებში დასცემდა ნარმანიას, დებატების შემდეგ ამომრჩევლების რეაქცია ასეთი იყო:

„მელიამ უბანში მობირჟავე ბიჭები გამახსენა, უბრალოდ, ეთერში წელგამართული დგას, გარეთ რომ გავა, ეგრევე ჩაიცუცქებს“.

„იმედი მქონდა, რომ ამ დებატებში ქოცებს გააფარჩაკებდნენ, მაგრამ პირიქით მოხდა, ჩემდა სამწუხაროდ“.

„მთელი დებატები მელია პოლიტიკაზე არ საუბრობდა, მარტო პიროვნულად ეხებოდა ნარმანიას და ივანიშვილს“

„ჩიტაძის ქუჩა არ იციო, წამო, მთაწმინდაზე გაგასეირნებო“.

„ძველი ბიჭი, უშიშროების აფიცერი, ნიკანდრო, თარგამაძისგან ისწავლე ქურდული?“

„აუ, რა ძიშოვი ტიპი ყოფილა ეს მელია... საზამთრო შეახსენა ნარმანიას... ნაცების დონის კანდიდატია“...

„მელია არის ჩემს თვალში ყველაზე სნობი ადამიანი, გუშინდელი საქციელიდან გამომდინარე“.

„რაც შეეხება ნარმანიას, არც ის უქნია ღმერთს, მაგრამ მელიას ფონზე გაცილებით უფრო აკადემიურად და ინტელექტუალ ტიპად გამოიყურებოდა“.

„არცერთი კანდიდატი არ ვარგა, ამათ ისევ გიგი ჯობდა“.

„ბევრი ქუჩა მეც არ ვიცი, მგონი, გამობრძმედილმა ტაქსისტებმაც არ იციან, ქუჩების ცოდნის სენი ჩამოსულთა სიმპტომია“.

საზოგადოებრივი ურთიერთობების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ნიკანორ მელია სულ სხვა სტრატეგიით უნდა წარმდგარიყო დებატებში და ნაცმოძრაობის აქტივისტის შთაბეჭდილება არ უნდა დაეტოვებინა. მისი აზრით, ჩვენს კულტურაში ცინიკური დამოკიდებულებები, ზემოდან ყურება დადებითად არ ფასდება. შეიძლება, ეს სტუდიური და საეთერო დინამიკისთვის ეფექტური იყოს, შეიძლება, სხვა ქვეყანაში ეფექტურად შეფასებულიყო, მაგრამ მელიას მხრიდან ზედმეტად იერიშზე გადასვლა ჩვენს მენტალობაში დადებითად არ ფასდება. ის ალბათ, ისევ ნაცმოძრაობის ამომრჩეველზე მუშაობდა, აჩვენებდა, რამდენად ძლიერი იყო, რაც ცოტა ბირჟავიკული, ცოტა ძველბიჭური იყო.

„ეს ალბათ მცდელობაა, თბილისელობის განცდა ძველბიჭურობით აჩვენოს, რაც ძალიან შორს დგას თბილისელობისგან. ეს თბილისელობა არაა, მაგრამ მას ჰგონია, რომ ეს არის თბილისელობა. მიუხედავად, იმისა, რომ მამაჩემი, ბაბუა მთაწმინდაზე იყვნენ გაზრდილნი და მეც თბილისელი ვარ, ძალიან მიჭირს გავაცნობიერო, რას გულისხმობენ თბილისელობაში. თბილისელობა ეს არის მენტალობა, რომელიც კუთხურ ზეგავლენას არ ექვემდებარება. თბილისელი -  ეს არის ადამიანი, რომელიც თავისი წარმოშობის კუთხური ზეგავლენებისგან თავისუფალია და კუთხურ კულტურაში ჩაკეტილი არ არის. მაგალითად, მეტყველებაში თბილისელობა ეს არის უაქცენტო ლიტერატურული ქართულით მოსაუბრე ადამიანი. ჟარგონებით მოსაუბრე ადამიანი თბილისელი არ არის. „ქართული ოცნების“ და ნაცმოძრაობის კანდიდატსაც სხვა პოლიტიკურ ჯგუფებზე ორიენტირი არ ჰქონიათ. არადა, დებატების პრინციპი ის არის, რომ გამოიყენონ შესაძლებლობა სხვა აუდიტორიასთანაც ურთიერთობისთვისაც. ორივე კანდიდატი თავის ნაჭუჭში ჩაკეტილი იყო. ეს იყო რიტუალური დანიშნულების დებატები და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში ცვლილებას არ განახორციელებდა. ეს იყო დებატები დებატებისთვის“, - აცხადებს არჩილ გამზარდია.

მისი თქმით, ნარმანია ბევრად უფრო თავდაცვის პოზიციაში იყო ჩამდგარი, ეს დადებითი არ არის, თუმცა პროპაგანდისტიკაში არსებობს ასეთი ბუმერანგის მეთოდი, როცა პოლიტიკური სუბიექტი ცდილობს, დაჩაგრულის პოზიცია მიიღოს. ზოგადად, „ოპოზიციები“ ამ ტექნიკას აქტიურად იყენებენ, რომ აჩვენონ, როგორი შევიწროებულები არიან. შესაძლოა, „ქართული ოცნების“ გათვლა ისიც იყოს, რომ ნარმანია დაჩაგრულის პოზიციაში ჩადგეს, რადგან მასზე საზოგადოებრივი „მზრუნველობა“ უფრო მეტად განხორციელდეს. მელია კი ამ მხრივ ბევრად უფრო ცოცხალი, ენერგიული იყო, მაგრამ არაეთიკური გამოხატულებებით.

„მკვდარი ნარმანიას და ცოცხალი მელიას პერსონაჟების სტრატეგია დადებითად არ მიმაჩნია. დღემდე ნაცმოძრაობის ხარჯზე იკვებება „ქართული ოცნება“, ნაცმოძრაობას კი ეტყობა, რომ სააკაშვილის შექმნილია - ისეთივე სულისკვეთება, აგრესიული რიტორიკა, თავდასხმები, რომელიც სულაც არ არის საჭირო“.

ექსპერტი გია ხუხაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საქციელწამხდარია ნაცმოძრაობა და ცდილობს, რაღაცნაირად პოლიტიკაში გადაიტანოს ყველაფერი. მისი თქმით, დებატებში გამოჩნდა, რომ არსებულ პრობლემებზე საუბრობდა ნარმანია და არა ნიკანორ მელია, რომელიც უფრო თეატრალიზებული მიმართულებით მიდიოდა.

„რაზეც აკეთებს ნიკა მელია აქცენტებს, ეს არაკორექტულია. საქმე თბილისელობა-არათბილისელობაზე არ არის, ეს არაღირსეული ნაბიჯია და თბილისის მოსახლეობა ამას მაინცდამაინც არ მიიღებს, თუ არ ჩავთვლით გარკვეულ სეგმენტს, რომელიც სნობის პოზიციიდან უყურებს ყველაფერს. დღეს პრობლემა არ არის ნარმანიას გამარჯვებაში. მე მგონი, ეს გარდაუვალია და მას წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ პრობლემა გახლავთ ის, რომ თბილისელი ამომრჩევლის უმრავლესობა, ფაქტობრივად, არჩევნებს ჩამოშორებულია. ხელისუფლებამ ამაზე უნდა იფიქროს, რომ მოსახლეობის უმრავლესობა არცერთ კანდიდატს არ აძლევს ხმას. ნარმანიამ უნდა იცოდეს, რომ ეს ხალხი ჰყავს დასაბრუნებელი და ისე უნდა იმოქმედოს, ხალხი დააბრუნოს აქტიურ მოქალაქეობრივ მდგომარეობაში“.

ექსპერტის აზრით, დავით ნარმანია წესიერი, მორიდებული ადამიანია და ის არ არის პოლიტიკურად პოპულისტი. მის შესახებ მსჯელობა, თითქოს ნარმანიამ „დაჩაგრულის იმიჯი“ მოირგო, გია ხუხაშვილს არასწორად ეჩვენება, რადგან ეს დაჩაგრულის კი არა, წესიერი ადამიანისთვის დამახასიათებელი თავმდაბლობა და გარკვეული მოკრძალებაა.

„ნარმანია არასდროს ყოფილა აქტიურ პოლიტიკურ პროცესში, ეს მისი პირველი ცდაა და ამას გაგებით უნდა შევხედოთ. მას ეს არც მოეთხოვება. მას მოეთხოვება, ქალაქს მიხედოს“.