ავიარეისი „მოსკოვი-თბილისი“ - საფრთხე და სარგებელი

ავიარეისი „მოსკოვი-თბილისი“ - საფრთხე და სარგებელი

რუსეთ-საქართველოს შორის რეგულარული ფრენები აღდგება. ინიციატივა რუსეთს ეკუთვნის. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით უკვე მიიღო რუსეთის ფედერაციისგან გამოგზავნილი ოფიციალური ნოტა, რომელიც, სწორედ, ავიარეისების აღდგენას ეხება. რეგულარული რეისი „მოსკოვი-თბილისი“ და „თბილისი-მოსკოვი“, სავარაუდოდ, 15 სექტემბრიდან ამოქმედდება. მანამდე კი ორი ქვეყნის შესაბამისი სამსახურები მოსამზადებელ სამუშაოებს ჩაატარებენ.

„1-ელ სექტემბრამდე ჩვენ უნდა მივაწოდოთ რუსეთის მხარეს და იმავე დროში რუსეთის საავიაციო ხელისუფლება მოგვაწვდის იმ კომპანიების კონკრეტულ ჩამონათვალს, რომლებიც 15 სექტემბრიდან რეგულარულ რეისებს განახორციელებენ“, - განმარტავს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე.

საქართველო-რუსეთს შორის რეგულარული ავიარეისები 2006 წლიდან ოფიციალური რუსეთის გადაწყვეტილებით შეწყდა. რატომ გახდა დღეს აქტუალური ფრენების აღდგენა რუსეთისთვის და ვინ და რა სარგებელი შეიძლება მიიღოს ამ შეზღუდვის მოხსნით?

„საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ წარმომადგენელი, საერთაშორისო საკითხთა ექსპერტი ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის რეგულარული ავიარეისების აღდგენით ადამიანებს მიმოსვლის საშუალება ექნებათ და ეს კარგია, მაგრამ რუსეთის ეს ინიციატივა რამე განსაკუთრებულ მადლობას ნამდვილად არ იმსახურებს.

„მიმოსვლა ჩვენი მიზეზით არასდროს ყოფილა შეწყვეტილი. ეს იყო რუსეთის მიერ გამოყენებული არაჰუმანიტარული ბლოკადა და ომი. ახლა გადაწყვიტა, რომ რაღაცას აღადგენს. მაგრამ, ეს ხდება პირდაპირი მუქარების ფონზე. რუსეთი ცდილობს, შექმნას საქართველოში ანტიდასავლური პროპაგანდა, შეუქმნას საზოგადოებას ილუზია - „ჩვენთან უფრო კარგია, ვიდრე დასავლეთში“. რეალურად, რუსეთი არც ერთ თავის გადაწყვეტილებას პატივს არ სცემს და ნებისმიერ მომენტში შეუძლია, ისევ დახუროს საჰაერო სივრცე საქართველოსთვის და აკრძალოს ფრენა. შეუძლია, ისევ დახუროს ბაზარი ქართული პროდუქციისთვის“, - განუცხადა for.ge-ს ელენე ხოშტარიამ.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ რუსეთის რომელიმე გადაწყვეტილებამ საქართველოში არ უნდა შექმნას გადაჭარბებული მოლოდინი, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები რეგულირდება და ამის ნება რუსეთს აქვს.

„რეალობა სულ სხვაგვარია - დასავლეთი არის გრძელვადიანი, სამართლიანი, სტაბილურ პირობებზე დამყარებული ურთიერთობა, ხოლო, რუსეთი ტყუილზე, ზეწოლასა და უპატივცემლობაზე დამყარებული ურთიერთობა. ამიტომ, მთლიან კონტექსტში უნდა განვიხილოთ ეს საკითხი და ფრთხილად უნდა მივუდგეთ ამგვარ „ინიციატივებს“,- აცხადებს ელენე ხოშტარია და აღნიშნავს, რომ საქართველო, რა თქმა უნდა, უნდა დასთანხმდეს ავიარეისების აღდგენას, მაგრამ ხელისუფლებამ ეს არ უნდა შეაფასოს, როგორც რუსეთთან ურთიერთობის დალაგება.

„ამ მახეში არ უნდა ჩავებათ. ამით არაფერი ლაგდება. ეს არის რუსეთის ძალიან საშიში პოლიტიკა. ამ გადაწყვეტილებით უნდა ვისარგებლოთ, თუმცა, მუდმივად უნდა გვახსოვდეს, რომ საქმე გვაქვს ქვეყანასთან, რომლის მთავარი ამოცანაა საჭიროების შემთხვევაში შეზღუდვების დაწესება, იქნება ეს ენერგორესურსების, ფრენების, ბაზრის დახურვის თუ სხვა სახით“, - აცხადებს ელენე ხოშტარია.

რუსეთის ფედერაციის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიმართ სიფრთხილის საჭიროებაზე საუბრობენ ეკონომისტებიც. ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტი პაატა შეშელიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ დღეს რუსეთს საქართველოსთან აქტიური სავაჭრო ურთიერთობა ხელს აძლევს, რადგან ამ გზით ქვეყანაში საკუთარი დასაყრდენის, სოციალური ბაზისის შექმნას ცდილობს და რეგულარული ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებაც, სწორედ, ამ პოლიტიკის ნაწილია.

„რუსული მხარის გადაწყვეტილება ეს არის საქართველოში სოციალური დასაყრდენის ძიების ერთ-ერთი გზა. ბლოკადის შექმნა იყო დიდი შეცდომა , ახლა, მგონი, ხვდებიან ამას და ცდილობენ, შეცდომა სათავისოდ გამოასწორონ. მე ვფიქრობ, ქვეყნებს შორის ფრენები კერძო კომპანიებმა საკუთარი გადაწყვეტილებებით უნდა აწარმოონ. სახელმწიფო კომპანიები არარაციონალური და მოუქნელია. ამიტომ, სჯობს, იფრინონ კერძო კომპანიებმა და აიღონ კერძო პასუხისმგებლობა. სავაჭრო პოლიტიკას პოლიტიკური ბარიერები არ უნდა აფერხებდეს. თუ კომპანიას უნდა ფრენა, უნდა იფრინოს. თუ კომპანიას სურს ინვესტირება, უნდა განახორციელოს ინვესტიცია“,- აცხადებს პაატა შეშელიძე.

რუსეთ-საქართველოს შორის რეგულარული ავიარეისების აღდგენაზე ორი ქვეყნის სპეციალურმა წარმომადგენლებმა 9 ივლისს პრაღაშიც ისაუბრეს. ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში გამართულ აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ-კულტურული საკითხები განიხილეს.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ მოგვიანებით რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან შეხვედრა შეაჯამა და აღნიშნა, რომ 2012 წლის ბოლოდან დაწყებულმა ორმხრივმა არაფორმალურმა დიალოგმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის თვალსაზრისით, გარკვეული პრაქტიკული შედეგები გამოიღო - კერძოდ, მოიხსნა ბარიერები სავაჭრო და სატრანსპორტო ურთიერთობებში, სავაჭრო ბრუნვა გასული წლის განმავლობაში 50%-ით გაიზარდა.

„ამ ტენდენციის შენარჩუნებას ხელი უნდა შეუწყოს დარიალის ხეობაში საგზაო მიმოსვლის განახლებამ. სტიქიური მოვლენების შედეგების აღმოფხვრაში ქართულ მხარეს შესაბამისმა რუსულმა სტრუქტურებმაც აღმოუჩინეს მხარდაჭერა“,- აცხადებს ზურაბ აბაშიძე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ინფორმაციით, კარასინთან შეხვედრაზე საუბარი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების თაობაზეც გაიმართა, სადაც მან განმარტა, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება არანაირად არ უშლის ხელს ნორმალური, ურთიერთხელსაყრელი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას რუსეთთან და სხვა მეზობელ ქვეყნებთან.

აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა, სავარაუდოდ, ოქტომბერში, მოსკოვი-თბილისის რეგულარული ავიარეისების აღდგენის შემდეგ გაიმართება.