მთავრობა ერგნეთის ბაზრობის ალტერნატივაზე მუშაობს

მთავრობა ერგნეთის ბაზრობის ალტერნატივაზე მუშაობს

წინა ხელისუფლების მიერ გაუქმებულ და კონტრაბანდის ბუდედ გამოცხადებულ ე.წ. ერგნეთის ბაზრობის ალტერნატიულ ვარიანტზე ღარიბაშვილის ხელისუფლება მუშაობს. არსებული ინფორმაციით, მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრები არა მხოლოდ ქვემო ქართლში, არამედ ზუგდიდშიც აშენდება და გამყოფ ხაზთან თავისუფალი ეკონომიკური ზონები შეიქმნება.

როგორც რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი აცხადებს, ლაპარაკია იმაზე, რომ ჩვენს ტერიტორიაზე შეიქმნას თავისუფალი ეკონომიკური ზონა, სადაც ბიზნესს შესაძლებლობა ექნება, ინვესტიციები ნებისმიერი მიმართულებით განახორციელოს.

რეალურად, ერგნეთის ბაზრობა ღია ცის ქვეშ რამდენიმე ჰექტარზე გადაჭიმული კუსტარულად ორგანიზებული სავაჭრო ინფრასტრუქტურა გახლდათ, რომელიც 90-იანი წლების მეორე ნახევარში ედუარდ შევარდნაძისა და ლუდვიგ ჩიბიროვის დამთბარი ურთიერთობების შედეგად სპონტანურად ჩამოყალიბდა. ეს იყო ერთგვარი არაოფიციალური თავისუფალი ვაჭრობის ზონა, რომლითაც ცხინვალის რეგიონის ფინანსურ სივრცეში მიმოქცევაში შევიდა ქართული ეროვნული ვალუტა, ხოლო ქართველი და ოსი მოქალაქეები თითქმის შეუზღუდავად გადაადგილდებოდნენ კონფლიქტის ორივე მხარეს.

2004 წლის ზაფხულში ბაზრობა კორუფციის კერად გამოცხადდა და გაუქმდა, რაც ირაკლი ოქრუაშვილის სახელს დაუკავშირდა. იმ პერიოდში ოქრუაშვილი შიდა ქართლის გუბერნატორი იყო. მოგვიანებით ითქვა, რომ ერგნეთის ბაზრობისკენ მიმავალ ტვირთებს ის და მიშა ქარელი ინაწილებდნენ. ერგნეთიდან საქართველოში მართლაც შემოდიოდა კონტრაბანდული ტვირთი, რაც ჩვენს ეკონომიკას შესაძლოა, ზიანს აყენებდა, მაგრამ ერთი დადებითი შედეგი ჰქონდა - ამ ბაზრობის წყალობით, ქართულ-ოსური კონფლიქტი თითქმის მოგვარებული იყო.

რეალურად, მაშინდელ ხელისუფლებას სანაკოევის პროექტზე ჰქონდა ფსონი დადებული და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებასთან ურთიერთობის ნაცვლად, პარალელური დე ფაქტო ხელისუფლების შექმნასა და ამის შემდეგ ცხინვალის მოსახლეობის გადმობირების უტოპიურ იდეაზე ფიქრობდა.

სხვათა შორის, ერგნეთის ბაზრობის აღდგენა ხელისუფლებაში მოსვლამდე ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი დაპირება იყო. იმ პერიოდში ჯერ კიდევ კონფლიქტოლოგის სტატუსის მქონე პაატა ზაქარეიშვილი ჩვენთან საუბარში აღნიშნავდა, რომ „კონტრაბადის შემოტანა მხოლოდ მოტივი იყო და ოქრუაშვილს უნდოდა, საკუთარ ხელში ჩაეგდო მთელი ეს სავაჭრო ურთიერთობები. მეტიც, ოქრუაშვილმა დაშალა რა ერგნეთის ბაზრობა, იგი გადაიტანა ცალ-ცალკე წყაროებად და ცალ-ცალკე დაიწყო მისი კონტროლი“. ამდენად, ზაქარეიშვილს მიაჩნდა, რომ ერგნეთის ბაზრობა, როგორც ბუნებრივი მოვლენა, უნდა აღმდგარიყო და ეს მთელი სამხრეთ ამიერკავკასიის ბაზარი გახდებოდა, სადაც პროდუქცია რუსეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, შესაძლოა, თურქეთიდანაც შემოსულიყო და გასულიყო.

ერგნეთის თემას ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი -ლეონიდ თიბილოვიც ერთ-ერთ პირველ ინტერვიუში შეეხო და თქვა, რომ ამ ბაზრობის განახლება ქართულ-ოსური ურთიერთობების აღდგენის საწყის ნაბიჯად უნდა ქცეულიყო. ის, რომ მისი განახლების იდეა ცხინვალის ლიდერებმა დადებით კონტექსტში არაერთხელ მოიხსენიეს, მის პერსპექტიულობაზე მეტყველებს. თუმცა საკითხავია, ეს პროექტი რამდენად გაამართლებს ახლა და როგორ იმუშავებს აფხაზეთის მიმართულებითაც?!

ექსპერტი ვაჟა ბერიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ერგნეთის ბაზრობა იყო იმ დროის პროდუქტი, მაშინდელი სიტუაციის ნაყოფი და გარკვეული პოზიტიური როლიც შეასრულა ოსებისა და ქართველების ურთიერთობების დათბობის კუთხით. თუმცა ის იყო აღურიცხავი საქონლის, საგადასახადო სივრიცისგან თავისუფალი ზონა, კონტრაბანდის სერიოზული წყარო საქართველოში.

„თუ შევხედავთ როგორც პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, ალბათ, საჭირო იყო იმ იდეის გარკვეული ტრანსფორმაცია. თუ ახლანდელი მთავრობა მუშაობს თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნაზე, მაშინ შესაბამისი კანონმდებლობის შექმნისა და სტატუსის განსაზღვრის შემდეგ შეიძლება ასეთი რამის აღდგენა, ოღონდ სხვა ფორმატით. ამისთვის საჭირო იქნება ურთიერთობა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „არჩეულ“ ადმინისტრაციასთან, რომელთანაც ურთიერთობა არ გვაქვს. ამიტომ, ვის უნდა ველაპარაკოთ ბაზრობის აღდგენის შესახებ? ცალმხრივი მოქმედებები შედეგს არ მოიტანს. დაველაპარაკოთ რუსებს? ამ საკითხზე, ალბათ, არ დაგველაპარაკებიან, რადგან მიაჩნიათ, რომ იქაურ სეპარატისტულ ხელისუფლებასთან უნდა შეთანხმდეს მნიშვნელოვანი საკითხები. საქართველოს მთავრობას დეკლარირებული კი აქვს, რომ უნდა დავიწყოთ ურთიერთობა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებასთანო, მაგრამ ასეთი დიალოგი ჯერჯერობით არ დაწყებულა, თუ არ ჩავთვლით ჟენევის სიმბოლურ ფორმატს. ასე რომ, იდეა თავისთავად ურიგო არ არის, თუ ის ხელს შეუწყობს ცხინვალის რეგიონსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბებას“,- აცხადებს ვაჟა ბერიძე და გადამწყვეტ მნიშვნელობას არ ანიჭებს, ასეთი ბაზრობა მაინცდამაინც ერგნეთში განთავსდება თუ სხვა ტერიტორიაზე.

For.ge-სთან საუბარში ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში იოსებ არჩვაძე აცხადებს, რომ ეკონომიკას შავი ხვრელები არ უნდა ჰქონდეს და სახელმწიფოს უნდა შეეძლოს გარკვეული პროცესების გაკონტროლება. ე.წ. ერგნეთის ბაზრობის იმავე ფორმატით აღდგენას ექსპერტი სკეპტიკურად უყურებს, მაგრამ თვლის, რომ ჩვენ უნდა მივცეთ მაქსიმალური ეკონომიკური შეღავათები ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც ჩარჩენილნი არიან აფახაზეთისა და ცხინვალის რეგიონების არაკონტროლირებად ტერიტორიებზე.

„მათთვის ეკონომიკურად საინტერესო უნდა იყოს ენგურსაქეთ და ერგნეთსაქეთ საქართველოსთან ეკონომიკური კავშირები, შემოსვლა, უსაფრთხოდ ყოფნა და უკან დაბრუნება. რაც შეეხება კონკრეტულად ერგნეთის ტერიტორიას, სასურველია, იმ ცოცხზე ხელმეორედ აღარ დავაბიჯოთ და ერთ მდინარეში ორჯერ არ შევიდეთ. ეს განვლილი ამბავია. პირობითად, აფხაზეთთანაც შეგვიძლია, ეს ურთიერთობა დავიწყოთ. მაგალითად, თუ თხილს გადმოიტანენ აფხაზეთიდან საქართველოში, დაწესებული ხუთი ლარის ნაცვლად, ჩვენმა სახელმწიფომ სუბსიდირებით კიდევ ერთი ლარი დაუმატოს, რომ დააინტერესოს ჩვენთან ურთიერთობით“, - აღნიშნა იოსებ არჩვაძემ.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ალექსანდრე თვალჭრელიძე For.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ არანაირი შეხება არ ჰქონია ამ ბაზრობასთან, მაგრამ მიიჩნევს, რომ არ მუშაობს ასეთი ეკონომიკური ზონები, ეს იყო კორუფციისა და ტრეფიკინგის ბუდე. „თუ ამ ბაზრობის გამჭვირვალობას უზრუნველყოფენ, მაშინ აღადგინონ, კარგია ბაზრობა, კარგია ოსებთან ვაჭრობა, მაგრამ ეს აუცილებლად დაცული უნდა იყოს კორუფციისგან. ეკონომიკური ზონები არც ფოთში არ მუშაობს, არც -არსად. კი ბატონო, გააკეთონ, მაინც არაფერი გამოვა“.

ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს ერგნეთის ბაზრობის ტიპის ამოქმედებას მიესალმება ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე, რომლის აზრითაც, სამშვიდობო რესურსი დიდია და, პოლიტიკური ნების შემთხვევაში, ამ სივრცის გაკონტროლება არც ისე რთული იქნება.