როგორ დავიმორჩილოთ ემოციები

როგორ დავიმორჩილოთ ემოციები

ემოცია - ეს თავისებური ნიშანია, რომელიც ამა თუ იმ სიტუაციის და მის მიმართ ჩვენს დამოკიდებულებას ავლენს. როგორი სასარგებლოც უნდა იყოს ისინი, მათზე ბრმად დამორჩილება არ შეიძლება.

თქვენი წონასწორობიდან გამოყვანა ადვილია? გაბრაზებული ყვირილზე გადადიხართ თუ ტირილს იწყებთ? როგორ შეინარჩუნოთ თავშეკავებულობა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ოჯახში, სამსახურში? ისწავლეთ ემოციების მართვა და ცხოვრება ბევრად უფრო გაგიადვილდებათ. 

არსებობენ ადამიანები, რომლებიც კინკლაობის პროვოცირებას პროფესიულად ახდენენ, შეუძლიათ, ადამიანი წონასწორობიდან ოსტატურად გამოიყვანონ და ამისთვის ხალხმრავალ ადგილებს (სავსე ტრანსპორტი, მაღაზია, როდესაც იქ ბევრი ხალხია) ირჩევენ. ისინი ენერგოვამპირები არიან. მათი მსხვერპლი რომ არ გახდეთ, მათთან კონტაქტს თავი აარიდეთ, კამათში არ აჰყვეთ, თვალებში არ შეხედოთ. ადამიანთა შეჯგუფების ადგილზე არ დაუშვათ, რომ უცხო ადამიანი უკნიდან ძლიერ ახლოს 10–15 სმ–ში დაგიდგეთ. ხერხემლიდან ადამიანის ყველაზე მეტად მოწყვლადი (სუსტი) ენერგეტიკული ღერძი გამოდის. გამოიყენეთ როზმარინის, ევკალიპტის ან მიხაკის ეთერზეთები - მათი არომატი დაცვას აძლიერებს.

წარმოიდგინეთ, როგორ გამოიყურება სიტუაცია სხვა ადამიანის პოზიციიდან. დაფიქრდით, ზედმეტად ეგოისტურად ხომ არ იქცევით? თუ იგვიანებთ, ამ დროს კი თქვენ წინ გზაზე ვიღაც დინჯად მიაბიჯებს, რატომ ხდით ვალდებულს, ფეხს აუჩქაროს? ნუ დაივიწყებთ, რომ გარშემომყოფებს უფლება აქვთ, თქვენი თხოვნა არ შეასრულონ. თუ ვინმეს შენიშვნას აძლევთ, მასში კეთილმოსურნეობა უნდა ჩანდეს. შეიძლება, ადამიანი, რომელმაც გაგაღიზიანათ, ვერ ხვდება, რომ სხვაგვარად მოქცევა შესაძლებელია. მაგალითად, ადამიანს, ქალბატონების თანდასწრებით უხამს ანეკდოტს რომ ყვება, ბოროტი განზრახვა არ აქვს, უბრალოდ აღზრდა აკლია. თქვენმა შენიშვნამ გარშემომყოფები არ უნდა შეურაცხყოს.

ბევრი ადამიანი სამსახურში ემოციებს მარტივი გზით უმკლავდება - მათ ახშობს, მაგრამ გულისწყრომის ან დაღონების დათრგუნვა არ ღირს. საქმე ისაა, რომ ჩახშობილი გრძნობები არ ქრება, არამედ თანდათან გროვდება და ცხოვრებას წამლავს: შფოთვას ამაღლებს, დეპრესიას ან ფსიქოსომატურ დაავადებებს იწვევს.

საბედნიეროდ, საკუთარი ემოციების გაკონტროლების უფრო ეფექტური საშუალებებიც არსებობს. როგორ მოიქცეთ, თუ შიგნით ყველაფერი დუღს, მაგრამ საჭიროა სამუშაოზე ყურადღების მოკრება, კოლეგებთან ურთიერთობა? ეცადეთ, თქვენი გრძნობა არ ჩაახშოთ, არამედ სხვაზე, მოცემული სიტუაციისათვის უფრო შესაფერისზე გადართოთ. რა თქმა უნდა, კოლეგაზე განაწყენებულს გაგიჭირდებათ, მის მიმართ კეთილმოსურნეობა გამოამჟღავნოთ. ამიტომ, პირველ რიგში, უარყოფითი გრძნობები ნეიტრალურით, მაგალითად, გაკვირვებით შეცვალეთ. ემოციები მიმიკებით გამოხატეთ: წარბები აზიდეთ, თვალები ფართოდ გაახილეთ, თანამოსაუბრეს ყურადღებით შეხედეთ და თქვით: "ნუთუ?" ან "ასე რატომ ფიქრობთ?". ასეთი გადართვა თქვენს უარყოფით ემოციას დროებით მიაყუჩებს. შემდეგ მასზე უნდა იმუშაოთ, სიტუაცია გააანალიზოთ, სახელდობრ, რომელმა სიტყვამ ან მოქმედებამ გამოგიყვანათ წონასწორობიდან. დაბოლოს, შეურაცხმყოფელის მიმართ პრეტენზიები კორექტულად ჩამოაყალიბეთ.