"გორის ბაზარი ოქრუაშვილმა მეუღლის დაჭერის შიშით დამათმობინა"

რაც დრო გადის, სულ უფრო მეტი ბიზნესმენი იშვერს ხელს ირაკლი ოქრუაშვილისკენ. საინტერესოა, რომ ძირითადად დაზარალებულები გორელები არიან და წლების წინ გავრცელებული ინფორმაცია, ნაციონალურმა ხელისუფლებამ ოქრუაშვილს შიდა ქართლი დაუკანონა და სათარეშოდ მისცაო, ნელ-ნელა რეალობას ემსგავსება. მორიგი პრესკონფერენცია გორის ბაზრის ყოფილმა დირექტორმა, ჯემალ წიკლაურმა გამართა და ღიად დააფიქსირა, რომ მას ყველაფერი სწორედ ოქრუაშვილმა წაართვა.

"2004 წლის თებერვალში, მაშინ, როცა ოქრუაშვილი შიდა ქართლი გუბერნატორი იყო, ხოლო მიხეილ ქარელი მისი მარჯვენა ხელი, ასეთი რამ მოხდა. ქარელი შევიდა გორის ბაზარში, იყიდა 10 კილო ხორცი, შემდეგ კი ჩემთან ამოვიდა და განაცხადა, გამყიდველმა მომატყუა, 500 გრამით ნაკლები ამიწონა და ბაზარი უნდა დათმოო. ხმამაღლა გავიცინე, რადგან ჯერ ერთი, ეს პროვოკაცია იყო, მერე კი რა შუაშია დირექტორი, როცა ბაზარში გამყიდველი იტყუება. ვუთხარი კიდეც, უჩივლე და დაიჭერენ თქო. ეს იყო პირველი სიგნალი იმისა, რომ ახალი ხელისუფლება ჩემით დაინტერესდა", - განაცხადა წიკლაურმა.

სავარაუდოდ, ოქრუაშვილიცა და ქარელიც მიხვდნენ, რომ წიკლაური ადვილად მოსათვინიერებელი არ იქნებოდა და ზეწოლა გააძლიერეს. გორის ბაზარში ფინანსური პოლიცია შევიდა და დოკუმენტი დადო, რომლის მიხედვითაც, წიკლაურმა სახელმწიფოს 300 ათასი ლარი გაუმალა. ამ თანხის დაფარვა მას ათი დღის განმავლობაში უნდა მოეხდინა. ქარელმა კიდევ ერთხელ გაუმეორა, რომ სჯობდა ბაზარი დაეთმო, მაგრამ წიკლაური ისევ უარზე დადგა. შედეგად, ყველაფერი მარტივად დასრულდა.

"ივნისში მოწმის სახით დამიბარეს დაკითხვაზე და იქვე დამაკავეს. გადამიყვანეს ორთაჭალის ციხეში, სადაც ჩემთან ექვსჯერ შემოვიდა მიხეილ ქარელი და მითხრა, რომ ბაზარს თუ არ დავთმობდი, სერიოზულ სასჯელს მომისჯიდნენ. ჩემთან თითქმის ყოველ დღე დადიოდა სამხარეო პროკურორი ტერაშვილი, რომელიც იგივეს ითხოვდა. კატეგორიული უარის შემდეგ, ტერაშვილი და ქარელი ერთად შემოვიდნენ და გამომიცხადეს, რომ როგორც ბაზრის თანამფლობელს, ჩემს მეუღლესაც დააკავებდნენ. იმ დროს უკვე ოქრუაშვილი გენერალური პროკურორი იყო. მოსაფიქრებლად ერთი დღე ვითხოვე. იმავე ღამეს საკნიდან გამიყვანეს და მიმიყვანეს გენერალურ პროკურატურაში. ის, რომ მე ირაკლი ოქრუაშვილის კაბინეტში ვიყუავი, მარტივად მივხვდი - კარს გარედან აბრა ჰქონდა. დაახლეობით ნახევარსაათიანი ლოდინის შემდეგ, მითხრეს, რომ შეხვედრა გადაიდო. მეორე დღეს ტერაშვილს პირადად ვუთხარი, რომ ბაზარს დავთმობდი, სანაცვლოდ კი თავისუფლება და რაღა თქმა უნდა, ჩემი ოჯახის წევრების ხელშეუხებლობა მინდოდა. მოიყვანეს ნოტარიუსი და გორის ბაზარი გამგებლის მაშინდელ მოადგილეს, ნუკრი პაპუნაშვილს ჩუქების ხელშეკრულებით გადავუფოპრმე. 24 ივნისს, ანუ მეორე დღეს წამიყვანეს სასამართლოზე და საპროცესო შეთანხმებით, 2000 ლარის გადახდის შემდეგ გამომიშვეს",-აცხადებს წიკლაური.

ციხიდან გამოსვლის შემდეგ წიკლაურს სამართლის ძიება არ შეუწყვეტია. მან სარჩელი შეიტანა სტრასბურგის სასამართლოში და ნაჩუქრობის ხელშეკრულების გაუქმება მოითხოვა. საჩივარს ერთვოდა ნოტარიუსის ცნობა, სადაც გარკვევით ეწერა, რომ ჩუქება მოხდა ორთაჭალის ციხეში.

"საქმე დღემდე ძიებაშია, მაგრამ დაკითხულია ყველა მოწმე და ყველა აღიარებს ჩემი კლიენტის სიმართლეს. ნოტარიუსი ამბობს, რომ ციხეში სამჯერ ჰყავდათ შეყვანილი წიკლაურთან, მაგრამ პირველ ორ შემთხვევაში მან ჩუქებაზე უარი თქვა. მიხეილ ქარელი აცხადებს, რომ უშუალოდ ირაკლი ოქრუაშვილის მითითებით მოქმედებდა. სამხარეო პროკურორი ტერაშვილი ადასტურებს, რომ სწორედ ირაკლი ოქრუაშვილის ზეწოლის შედეგად გააკეთა ის, რაც გააკეთა და აიძულა წიკლაური ბაზარი დაეთმობინა. საინტერესოა ისიც, რომ ბატონმა ჯემალმა ბაზარი ივნისში დათმო, აგვისტოში კი საურავი დააკისრეს ბაზრის თემაზე და ეს საურავი დღემდე იზრდება და 200 ათას ლარს ასცდა და ამის გამო მისი უძრავ-მოძრავი ქონება დაყადაღებულია",-განაცხადა დაზარალებულის ადვოკატმა ვახტანგ კონიშვილმა.

როგორც სხვა შემთხვევებში, ირაკლი ოქრუაშვილი ამჯერადაც დუმილს ამჯობინებს და ყველაფერს დაგეგმილ პროვოკაციას უწოდებს, თუმცა ორი კვირის წინ, ტელეკომპანია «თრიალეთის» ეთერში მან საინტერესო განცხადება გააკეთა, როცა კითხვა გორის წისქვილკომბინატისა და საკოლმეურნეო ბაზრის წართმევის თემაზე დაუსვეს.

"და თქვენ რა გინდათ რომ ვთქვა? წისქვილკომბინატისა და ბაზრის მფლობელებს ეს ქონება მამა-პაპისგან კი არ მიუღიათ? უნდა დაეთმოთ და დათმეს კიდეც",-განაცხადა მან და ამით არაპირდაპირ აღიარა, რომ ამ ხალხს ქონება დაათმობინა.

2007 წელს ბაზარი ქართულ-ებრაულ კომპანიას მიჰყიდეს 700 ათას დოლარად, ერთ თვეში კი ბანკმა ამ კომპანიაზე 800 ათასიანი კრედიტი გასცა. რა გამოდის? თუ ბაზრის ღირებულება 700 ათასი იყო, ბანკმა გარისკა და იმაზე მეტი გაიღო, ვიდრე რეალური ფასი? ბაზრის ყოფილი დირექტორი ვარაუდობს, რომ ამ კომპანიის უკან ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები დგანან.

"ასეთ რამეს ბანკი არ აკეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს მოხდა. ვერ გეტყვით, ვინ დგას ამ კომპანიის უკან, მაგრამ ფაქტია, რომ მათ სასათბურე პირობები აქვთ" - განაცხადა წიკლაურმა.

ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ გორელი ბიზნესმენები ოქრუაშვილს სერიოზულ ბრალდებას უყენებენ და წინასაარჩევნოდ გამოცხადებული მორატორიუმის მიუხედავად, სავარაუდოდ, სამართალდამცავებმა როგორც წისქვილკომბინატის, ისე ბაზრის საქმეზე მთავარი მოწმე, ირაკლი ოქრუაშვილი უნდა დაკითხონ. ორივე დაზარალებული სწორედ ამას ითხოვს, ხოლო ორივე საქმის უშუალო მონაწილე და შემსრულებელი მიხეილ ქარელი მზად არის აღიარებითი ჩვენება მისცეს.