გაეროს სოციოლოგიური კვლევის ცენტრის ინფორმაციის თანახმად, 2050 წლისთვის მსოფლიო მოსახლეობამ შეიძლება 9.5 მილიარდ ადამიანს მიაღწიოს, რაც 37%-ით მატებას ნიშნავს. თუმცა დემოგრაფიული მატება ყველა ქვეყანას არ შეეხება.
რამდენიმე წლიანი დეტალური კვლევის შედეგად, გამოიყო ის ხუთი ქვეყანა, რომელიც სოციალური რეგრესის გზას ადგას და შესაძლოა, მომავალ ათწლეულებში, საერთოდ, გაქრეს მსოფლიოს რუკიდან. მართალია, საქართველოს მოსახლეობა ამ დროისთვის 4.340 მილიონია, მაგრამ კვლევის თანახმად, 2050 წლისთვის სოციუმი 3.591 მილიონამდე შემცირდება.
საერთაშორისო ექსპერტთა აზრით, საქართველოში საკმაოდ მომატებულია შობადობა, თუმცა სიღარიბის ძალიან მაღალი დონე (რომელმაც 22%-ს მიაღწია) ხელს უშლის მოსახლეობის რაოდენობრივ ზრდას. ასევე, ნეგატიურად მოქმედებს მიგრაციის მატება, რაც განსაკუთრებით ახალგაზრდებში შეინიშნება.
საქართველოს გარდა, იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც გაქრობა ემუქრებათ, მოხვდა იაპონია, უკრაინა, ბოსნია-ჰერცოგოვინა და ბულგარეთი. იაპონიის მოსახლეობის რაოდენობა ამჟამად 126 მილიონია, 2050 წლისთვის – 95.152 მილიონი იქნება, უკრაინის მოსახლეობის რაოდენობა ამჟამად 45. 864 მილიონია, 2050 წლისთვის – 35.273 მილიონი იქნება, ბოსნია-ჰერცოგოვინას მოსახლეობის რაოდენობა ამჟამად 3.826 მილიონი, 2050 წლისთვის – 3.075 მილიონი, ბულგარეთის მოსახლეობის რაოდენობა ამჟამად – 7. 210 მილიონი, 2050 წლისთვის – 5. 894 მილიონი იქნება.
სოციოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ანზორ თოთაძე For.ge-სთან საუბრისას საქართველოში მძიმე დემოგრაფიულ მდგომარეობას 2050 წლისთვის არა, მაგრამ ამ თარიღის სიახლოვეს არ გამორიცხავს.
რაც შეეხება უკრაინას, მისი თქმით, იგი არ გაქრება, მაგრამ საშიშროება ემუქრება, თუკი საგანგებო მდგომარეობას არ მიიღებს. დემოგრაფიის მხრივ ჩამორჩენა კი გამოიწვია განათლების დონის ამაღლებამ, ტექნიკის განვითარებამ, ოჯახურმა კრიზისმა. იაპონიაში გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ოჯახებში დაიწყეს ძაღლების მომრავლება, რადგან ბავშვები არ ჰყავდათ. ქართველი დემოგრაფის აზრით, ეს საშინელებაა, რადგან მართალია, იაპონელები მრავალრიცხოვანნი არიან, მაგრამ შობადობა მათთან ძალზე დაბალ დონეზეა, მოსახლეობის ბუნებრივი კლება დიდი ტემპებითაა დაწყებული და გაცილებით მეტი იღუპება, ვიდრე იბადება.
„სიყვარული აღარ აქვთ ადამიანებს, დასავლეთ ევროპაში ბევრი ამბობს, ოჯახი, ბავშვი არ მინდა. აშშ ახლა ნანობს, რომ ახალგაზრდები მიუშვა, 13-14 წლის ასაკში აბორტები კეთდება, ადრეულ ასაკში თხოვდებიან. აბორტს ვერ ავკრძალავთ, მაგრამ, როცა აბორტს იკეთებს ქალი, მოსაფიქრებელი დრო უნდა გაიზარდოს. ესეც კი არ უნდათ ამ საერთაშორისო ორგანიზაციებს - გიგაურებს, კოჟორიძეებს, ლომჯარიებს. ქალის უფლება ილახებაო. რატომ ავიწყდებათ, რომ სხვა უფლებებიც ილახება? პირველი აბორტის შემდეგ ხომ შეიძლება, ქალი უშვილო დარჩეს, ნუთუ არ ილახება მისი უფლებები შვილის არყოლის თვალსაზრისით?
გოგონას ადრეული გათხოვების გამო მისი განათლების უფლება არ ილახება? 17 წლის გოგოს უკვე სამი შვილი ჰყავს, სქესობრივ ცხოვრებაში კონცენტრირდება და ვეღარ იღებს განათლებას. ამით ოჯახისა და ერის ინტერესები არ ილახება? დემოგრაფიული თვალსაზრისით, ჩვენ უმძიმეს ვითარებაში ვართ, მაგრამ „ოცნების“ მოსვლის შემდეგ დემოგრაფიას მეტი ყურადღება მიექცა, უფასო ბაგა-ბაღები, უფასო მშობიარობა, დეკრეტული შვებულების გახანგრძლივება და ანაზღაურება.
ექვს რეგიონში, სადაც დაწყებულია მოსახლეობის კვდომა (კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, იმერეთი, გურია) მესამე ბავშვსა და მეტზე 150 და 200 ლარი დააწესეს“, - აცხადებს ანზორ თოთაძე.
მისი თქმით, ეს ყველაფერი ხვალ და ზეგ შედეგს ვერ მოგვცემს, 28 წელი მაინც უნდა გავიდეს, რომ თაობა გაიზარდოს, მაგრამ კარგია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, შეიქმნა დემოგრაფიული პრობლემების შემსწავლელი კომისია.
„2050 წელს ერის გაქრობა გამორიცხულია, 3 მილიონი ხომ მაინც ვართ და როგორმე გადავრჩებით. ახლა მთავარია, ერი არ მიეჩვიოს დაბალი შობადობის პირობებში ცხოვრებას და დემოგრაფიული აღორძინების ფონდს მივხედოთ. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ყველგან, გარდა ალბანეთისა, მოსახლეობის ბუნებრივი კლებაა. პატარა სახელმწიფოს ამ მხრივ მეტად უჭირს, უფრო გაქრება. თვით რუსი დემოგრაფებიც კი, უმძიმესი დემოგრაფიული სიტუაციის გამო, 100-150 წელიწადში პოლიტიკური რუკიდან რუსეთის გაქრობას პროგნოზირებენ. სამბავშვიანი ოჯახი ნორმაა, 3 ბავშვი ოჯახში ბუნებრივი მატებაა, 2 ბავშვი კი უბრალოდ ანაზღაურებს დედ-მამას. თუმცა ერთ წლამდე ასაკში ბევრი ბავშვი კვდება, ყველა ვერ აღწევს 18 წელს, ზოგიც უნაყოფოა. ერი, რომელიც ოჯახში მხოლოდ ორ შვილს ბადებს, დიდი ხნის შემდეგ გაქრება. ახლა მატულობს ერთბავშვიანი ოჯახები, ეს ბავშვის სულიერ მდგომარეობაზეც აისახება, სიცოცხლე მაინც სიკვდილ-სიცოცხლის მონაცვლეობაა, თუ ბავშვს არ ჰყავს დედმამიშვილი, დეიდაშვილი და სხვა, ე.ი. მოწიფულ ასაკში ნაკლებ შვილს შობს, რადგან დამხმარე არ ჰყავს ბავშვის გაზრდისას“.
დემოგრაფი გია წულაძე For.ge-სთან საუბარში გადაჭარბებულად მიიჩნევს ჩვენი ერის გაქრობაზე საუბარს, უბრალოდ, აცხადებს, რომ ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და ის მცირე შემცირებებიც კი მტკივნეულად აისახება საქართველოზე.
„არსებობს სხვადასხვა გაანგარიშება-მსოფლიო ბანკის, შეერთებული შტატების აღწერის ბიუროს მონაცემები. მათ შორის განსხვავებები არის, მაგრამ ზოგადი ტენდენცია საქართველოსთვის არასასურველია. გაეროს ოფისის სისტემატური ექსპერტი გახლავართ და ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს ცუდი ტენდენციები, თორემ ჩინეთის მოსპობას რომც შეეცადონ, ის მაინც დარჩება, რადგან უამრავი ჩინელი ცხოვრობს. ბოსნია, უკრაინა-ეს ქვეყნები მოსახლეობის აღწარმოების მაჩვენებლით ცუდ მდგომარეობაში არიან. იქ მეტი კვდება, ვიდრე იბადება. საბედნიეროდ, ჩვენთან ასე არ არის, საქართველოში მატებაა, მეტი იბადება, ვიდრე იღუპება. დაახლოებით 7-9 ათასით მეტი იბადება ყოველ წელს, ვიდრე კვდება. ასე რომ, კატასტროფა მოსალოდნელი ჯერ არ არის“, - გვითხრა გია წულაძემ.