„გიგი უგულავას უსაფრთხოება არის უზრუნველყოფილი - ის მარტო იმყოფება და არის უსაფრთხოდ“

„გიგი უგულავას უსაფრთხოება არის უზრუნველყოფილი - ის მარტო იმყოფება და არის უსაფრთხოდ“

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გიგი უგულავას N8 დაწესებულებაში გადაყვანას ინციდენტი მოჰყვა, სასჯელაღსრულების სამინისტროში არ ადასტურებენ. მინისტრის მოადგილის ბესო დევდარიანის განცხადებით, პატიმრებს შორის ინფორმაციის გავრცელებას, რომ თბილისის ყოფილი მერი დაწესებულებაშია, პატიმრების გადაძახილი მოჰყვა, რაც არ შეიძლება შეფასდეს, როგორც ინციდენტი. ამასთან, დევდარიანი for.ge-სთან საუბრისას ადასტურებს, რომ უგულავას უსაფრთხოებიდან გამომდინარე მის საკანზე ვიდეოთვალთვალი ხორციელდება და შესაბამის ოქმს მან თავად მოაწერა ხელი.

For.ge ბესო დევდარიანს ესაუბრა.

ბატონო ბესო, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რომელიც სახალხო დამცველის წარმომადგენელმა დაგვიდასტურა, .. საკარანტინო ნაწილიდან უგულავას მე-8 დაწესებულების კორპუსზე გადაყვანას, სადაც სასჯელს პოლიციის ყოფილი თანამშრომლები იხდიან, გარკვეული პროტესტი და ხმაური მოჰყვა პატიმრების მხრიდან, რის გამოც უგულავა ისევ საკარანტინო ნაწილში დააბრუნეს. ადასტურებთ ამ ინციდენტს?

- ამას ინცინდენტს ვერ დავარქმევ. როცა გაიგეს, რომ გიგი უგულავა იქ იყო, უბრალოდ გადაძახილი იყო ერთმანეთში პატიმრებს შორის. ინცინდენტი, როგორც ასეთი, არ მომხდარა.

მაშინ რატომ მოხდა მისი ისევ საკარანტინო ნაწილში გადაყვანა? ოპერატიულად იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული...

- ერთადერთი მიზეზი, რატომაც მივიყვანეთ ბატონი გიგი გლდანში, არის ის, რომ ეს არის მიმღებ-გამანაწილებელი დაწესებულება. მას აუცილებლად უნდა ჩატარებოდა სამედიცინო დათვალიერება, რაც ჩაუტარდა კიდეც. შემდეგ გარკვეული პერიოდით გაჩერდა, მომზადდა პატიმრის დოკუმენტაცია და ამის შემდეგ, გადავიყვანეთ ე.წ. „მატროსოვზე“ - სასჯელაღსრულების N9 დაწესებულებაში.

რაც შეეხება საკანს სადაც უგულავა იმყოფება, დაცვის მხარის განცხადებით, უგულავა იმყოფება ვიდეოთვალთვალის ქვეშ, ასეა?

- დიახ, ასეა. მითუმეტეს, რომ მისივე მოთხოვნა იყო უსაფრთხოების უზრუნველყოფა. უგულავა არის ისეთივე პირობებში, როგორც სხვა პატიმრები. შემიძლია გითხრათ, რომ ის საკანში არის მარტო.

რატომ გახდა აუცილებელი მისი ვიდეოთვალთვალი?

- მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ბატონი უგულავა ინფორმირებულია, რომ არის ვიდეოთვალთვალის ქვეშ. მან ხელიც მოაწერა შესაბამის ოქმს. როგორც გითხარით, მისივე მოთხოვნა იყო უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

თუმცა, სახალხო დამცველის წარმომადგენელთან საუბრისას უგულავამ აღნიშნა, რომ უმჯობესი იქნება თუ სხვა ზომას გამოიყენებენ მისი უსაფრთხოების დაცვის მიზნით...

- უსაფრთოხოების უზრუნველყოფის მიზნით გამოიყენება ადამიანური რესურსი და ვიდეოკონტროლი. გიგი უგულავას უსაფრთხოება ორივე კომპონენტით არის უზრუნველყოფილი. ის მარტო იმყოფება და არის უსაფრთხოდ.

რაც შეეხება სხვა მსჯავრდებულებს, ამბობენ, რომ ყველაზე მხნედ არის ვანო მერაბიშვილი, რაც შეეხება ბაჩო ახალაიას, ბოლო პერიოდში ის ძალიან აგრესული გახდაო. ეს ბრალდებულებიც უგულავას მსგავსად მარტო არიან საკანში და მიმდინარეობს მათზე ვიდეკონტროლი?

- ყველა ცალ-ცალკეა და მათზეც ხორციელდება ვიდეოკონტროლი. ისინი ინფორმირებული არიან ამის შესახებ და ოქმებზეც აქვთ ხელი მოწერილი.

თუ სარგებლობენ ეს ბრალდებულები კუთვნილი გასეირნებით? ჩვენი ინფორმაციით ბაჩო ახალაია და კუდ-ის მაღალჩინოსანი რომა შამათავა არ სარგებლობენ კუთვნილი გასეირნებით...

- ეს მათი ნებაა. ზოგჯერ სარგებლობენ, ზოგჯერ - არა. კანონით უფლება აქვთ ყოველდღიურად ერთსაათიანი გასეირნებით ისარგებლონ. ამ მომენტში სტატისტიკას ვერ მოგიყვანთ, რომელი მათგანი რა სიხშირით სარგებლობს ამ უფლებით, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს მათი ნებაა.

საინტერესოა, ერთად სეირნობენ თანამდებობის პირები, თუ ყველას თავისი გრაფიკი აქვს?

- ყველას თავისი გრაფიკი აქვს.

რაც შეეხება რომა შამათავას, ადასტურებს სასჯელაღსრულების სამინისტრო, რომ შამათავას ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობა?

- არა, არანაირი მცდელობა არ ჰქონია.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, პაატა ქარდავას შვილმა, რომელიც თქვენს უწყებაში მუშაობდა, სცადა შურისძიება. მოგეხსენებათ, რომ შამათავა ბრალდებულია პაატა ქარადავას მკვლელობის საქმეში...

- ამ ინფორმაციას არ ვადასტურებ, მცდარი ინფორმაციაა. ვადასტურებ, რომ ჩვენთან მუშაობდა ქარდავას ვაჟი, მას გაუვიდა ხელშეკრულების ვადა, თუმცა მას არანაირი შეხების წერტილი არ ჰქონია იმ დაწესებულებასთან, სადაც შამათავაა განთავსებული. გასაგებია, რომ ჟურნალისტების ინტერესის სფერო არის ყოფილი თანამდებობის პირები, თუმცა ვანო მერაბიშვილისა და გიგი უგულავას გარდა, სისტემაში დაახლოებით 9 ათასი ადამიანი იმყოფება. აღნიშნული თანამდებობის პირებიც ისეთივე ჩვეულებრივი პატიმრები არიან, როგორიც სხვები და იმყოფებიან ანალოგიურ პირობებში, როგორშიც დანარჩენი პატიმრები.