საჯარო ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი უჩვეულო ექსპოზიციის მომსწრე გახლდათ. დარბაზის ცენტრში უზარმაზარი ხეების კორომი და მოჭიკჭიკე ჩიტების ხმა დაგატყვევებდათ და იდილიურ სამყაროში გაგრძნობინებდათ თავს. ფსიქოთერაპევტ ნათია ფანჯიკიძის ხელმძღვანელობით, ამ უჩვეულო გარემოში ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრმა „კამარამ“ ნარკოტიკულ ნივთიერებაზე ყოფილ დამოკიდებულთა ნამუშევრების გამოფენა „მე დავბრუნდი“ გამართა.
საგამოფენო დარბაზის ორივე მხარეს წარმოდგენილი იყო ნახატები, ინსტალაციები, ქანდაკებები, მცირე ხელნაკეთი ნივთები. უამრავი დამთვალიერებელი გაოცებას ვერ ფარავდა არაპროფესიონალთა ექსპოზიციით, რომელთა ყველა ნამუშევარს ერთი იდეა ამთლიანებდა - წარსული და აწმყო. მთლიანობაში, ეს იყო ტანჯვაგამოვლილი ადამიანების მონოლოგი. „კარცერ-ლუქსი“, „იქამდე“, „სიყვარულს დრო არ აქვს“ და სხვა - ამ ნამუშევრებში ყველგან ამოიკითხავდით, რომ ეს ადამიანები მძიმე წარსულს დაუსხლტნენ და უკან მოიტოვეს „ცხოვრების ეტლში შებმული გაურკვევლობა“.
დამთვალიერებლებს შორის ერთმანეთს ცვლიდნენ ცნობილი თუ უცნობი სახეები - ყოფილი ნარკომომხმარებლები, ასევე, მედიკოსები, ხელოვანები, სასულიერო პირები, მინისტრები- ირაკლი ალასანია, დავით სერგეენკო, მაია ფანჯიკიძე, ლევან ყიფიანი.
„ჩემი ნამუშევრები დაგარწმუნებთ, რა გზა გამოვიარე და დღემდე საიდან მოვდივარ. ჩემი პირველი ნამუშევარი, ანუ ჩემი პირველი ავტოპორტრეტი იყო კატა, ასე ვხედავდი ჩემს სახეს, ადამიანად არ ვგრძნობდი თავს, დაკარგული ვიყავი ამ ცხოვრებაში, რადგან ავად გახლდით. მაგრამ ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარაში“ მოსვლიდან სულ რაღაც 6 თვეში, ჩემგან ლომი, ანუ მეორე ავტოპორტეტი შედგა, ახლა კი შეყვარებული ვარ და ეს ჩემს ნამუშევარშიც აისახება - ფრთაშესხმული ლომის ქანდაკება, რომელიც მიფრინავს. ნათია ფანჯიკიძე ყველა „კამარელისთვის“ ახლობელია, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, დედასავით გვიყვარს. ის რომ არა, რა გვეშველებოდა. ხომ ამბობენ, ნარკომანი ყოველთვის ნარკომანიაო, მეც ასე მეგონა, მაგრამ „კამარა“ ამ შეხედულებას უარყოფს, თურმე ყველაფერი იკურნება“, - აღნიშნა For.ge-სთან საუბრისას ზაზა ბურჭულაძემ და, სხვა ყოფილ ნარკოტიკდამოკიდებულთაგან განსხვავებით, საკუთარი ვინაობა არ დამალა.
ზაზა ბურჭულაძის შემდეგ სხვა ნამუშევრისკენ გადავინაცვლე, ეს იყო ქოლგიანი არსება, - მუყაოს ქანდაკება. აღმოჩნდა, რომ მისი ავტორი 35 წლის გიორგი იყო. მისი გულახდილი გრძნობების გააზრებული აღსარება უფრო საზოგადოების გამოსაფხიზლებლად იყო მიმართული.
„15 წლისამ დავიწყე ნარკოტიკების მოხმარება, ადრეულ ასაკში დიდი ფული ჩამივარდა ხელში და ამ ფულმა, ასევ ვთქვათ, გამრყვნა. ორწელიწადნახევარი ნათია ფანჯიკიძის ცენტრში დავდივარ, შვიდ თვეში საგრძნობლად გამოვჯანმრთელდი. ჩემს შემთხვევაში, ეს პროცესი საკმაოდ რთული იყო, რადგან, ფაქტობრივად, წამალთან ერთად გავიზარდე. ცოლი არ მოვიყვანე, რადგან მეცოდებოდა სხვა მანდილოსნები, რომლებსაც ნარკომანი მეუღლეები ჰყავდათ. იმ დროს საკმაოდ მაღალანაზღაურებადი სამსახური მქონდა, ასე რომ, წამლის ფული არ მიჭირდა, თუმცა აგვისტოს ომის შემდეგ უმუშევარი დავრჩი. პარალელურად, მაშინდელი სამართალდამცავები გადამეკიდნენ, თანამშრომლობას მთავაზობდნენ, ან უნდა შევკროდი სამართალდამცავებს, ან უარი უნდა მეთქვა ნარკოტიკზე. მეორე ვარჩიე“, - აცხადებს For.ge-სთან საუბარში გიორგი და დასძენს, რომ ახლო პერსპექტივაში სამსახურთან დაკავშირებით რამდენიმე წინადადება მიიღო.
გულახდილი ემოციების მოსმენა For.ge-ს მესამე რესპონდენტის - ირაკლისგანაც მოუწია. მან აღნიშნა, რომ ნათია ფანჯიკიძის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი მას დაეხმარა. არტთერაპია, ანუ ხელოვნებით განკურნება ყველას სიამოვნებს, მაგრამ არტთერაპიასთან ერთად, პარალელურად უტარდებათ ფსიქოთერაპიის კურსი და ნათიას „ჯადოქრობა“ რომ არა, ახლა სულ სხვა მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ.
„ჩემი ნამუშევარი არტია, ეს არის ჩოხა, რომელსაც მასრების მაგივრად, პიანინოს კლავიშები აქვს. ჩემს ნამუშევარს როცა ნახულობს ნათია, მასზე უშეცდომოდ კითხულობს მთელ ჩემს ცხოვრებას. მოვლილი მაქვს ყველა სარეაბილიტაციო საშუალება, მაგრამ ამ ცენტრის გარდა, არაფერმა მიშველა. მანამდე ჩემი სიცოცხლე საშინელება იყო, ახლა კი გვიხარია ცხოვრება და ვქმნით ხელოვნების ნიმუშებს“.
თავის მხრივ, ამ ყველაფრის შემქმნელი ნათია ფანჯიკიძე გლობალურ ფონდს და ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ემადლიერება, რომლებმაც ამ საქმეში დიდი ღვაწლი გაიღეს.
„ამ ნამუშევრებს ბევრი ახსნა-განმარტება არ სჭირდება, ეს არის ვიზუალური ხელოვნება, რომელიც უნდა იგრძნოთ. არ უნდა შევხედოთ ამ ნამუშევრებს, როგორც პროფესიონალთა გამოფენას, ზოგ მათგანს პირველად ეჭირა ფუნჯი ხელში. ეს ადამიანები ხშირად არიან საზოგადოებისგან ხელნაკრავნი, როგორც ბალასტი, მაგრამ რამხელა შრომა და ძალაა ამ ყველაფერში“,- აღნიშნა ნათია ფანჯიკიძემ.