მორიგი სიურპრიზი - ივანიშვილი GDS-ზე თოქ-შოუს წაიყვანს

მორიგი სიურპრიზი - ივანიშვილი GDS-ზე თოქ-შოუს წაიყვანს

ბიზნესის, პოლიტიკისა და არასამთავრობო სექტორის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი საკუთარი შესაძლებლობების გამოცდას ტელევიზიაში აპირებს. ყოფილი პრემიერ-მინისტრი საზოგადოებრივ-შემეცნებითი თოქ-შოუს ავტორი და თანაწამყვანი იქნება. ტელეკომპანია GDS-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა for.ge-ს განუცხადა, რომ ტელეგადაცემასთან დაკავშირებით კონკრეტული სამუშაოები უკვე დაწყებულია და პროდუქტი ეთერში, სავარაუდოდ, ახალი სატელევიზიო ეთერიდან - შემოდგომიდან გავა.

ამ ეტაპზე უცნობია, ვინ იქნება ბიძინა ივანიშვილის თანაწამყვანი, დეტალები არც გადაცემის ფორმატსა და შინაარსთან დაკავშირებით ხმაურდება. For.ge-ს ინფორმაციით, GDS-ი მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს კონკრეტულ ჟურნალისტებთან, რაც იმას ნიშნავს, რომ არხზე ბიძინა ივანიშვილს თოქ-შოუს გარდა საინფორმაციო გადაცემის მომზადებაც იგეგმება. ამ მიზნით გარკვეული ტიპის კონსულტაციები გასულ კვირაში უკვე შედგა თამარ რუხაძესა და ირაკლი აბსანძესთან. ორივე მათგანი ივანიშვილის მეუღლის მფლობელობაში მყოფი ტელევიზიის „მეცხრე არხის“ თანამშრომლები იყვნენ და არხი მენეჯმენტის შეცვლის შემდეგ საკუთარი ნებით დატოვეს.

ივანიშვილის ახალი ინტერესი მოულოდნელი აღმოჩნდა ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის. ყოფილმა პრემიერმა უკანასკნელი გადაწყვეტილებით ექსპერტთა ნაწილიც გააკვირვა. გია ხუხაშვილი, რომელიც მასთან დაახლოებულ პირად მიიჩნევა და პრემიერ-მინისტრობის პერიოდში მისი მრჩეველიც იყო, for.ge-სთან აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

 „რაც კი სატელევიზიო გადაცემების ფორმატები გვინახავს და რასაც მიჩვეულები ვართ, ასეთ ფორმატში, სიმართლე გითხრათ, ბიძინა ივანიშვილს ვერ ვხედავ. თუმცა, კარგად ვიცნობ მას და ვიცი, ძალიან საფუძვლიანად ფიქრობს, ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებს. როგორც ჩანს, რაღაც ორიგინალური აქვს მოფიქრებული, დაველოდოთ, ვნახოთ, რა ფორმატი იქნება, ამის შემდეგ უფრო იქნება შესაძლებელი, რამე კონკრეტული ვთქვათ. ჩვენთან, სატელევიზიო სივრცეში, ჩამოყალიბებულია გარკვეული სტერეოტიპები და იქ ბიძინა ივანიშვილის წამყვანობა ჩემთვის ცოტა წარმოუდგენელია. მას ახასიათებს სიურპრიზების შემოთავაზება საზოგადოებისთვის, ასე რომ, დაველოდოთ. ჯერჯერობით, ჩემთვის ეს ინფორმაციაც სიურპრიზია. მოულოდნელი იყო“, - აცხადებს გია ხუხაშვილი და აღნიშნავს, რომ ივანიშვილი საკუთარი გადაცემით ახალ სიტყვას იტყვის, შესაბამისად, მოქმედი ჟურნალისტების კონკურენტი არ იქნება.

ხუხაშვილისგან განსხვავებით, ყოფილი პრემიერის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ აღმოჩნდა პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძისთვის. მისი თქმით, სხვადასხვა დროს აშკარად ჩანდა, რომ ივანიშვილს ეს მიმართულება აინტერესებდა.

„ანალოგიური რაღაც მოვლენა საფიქრებელი იყო. მისი გამოჩენის პირველივე დღეებიდან, ჯერ კიდევ არჩევნებში გამარჯვებამდე, ის უდავოდ დიდ ყურადღებას უთმობდა ანალიტიკოსებს, ჟურნალისტებს - ყველას, ვინც საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში მონაწილეობს. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილს ეს მიმართულება აინტერესებდა, იმთავითვე ჰქონდა საკუთარი შეხედულებები ამა თუ იმ მოვლენაზე და მის გაშუქებაზე. მის პოზიციას დეტალურად მისი გადაცემებიდან გავეცნობით. შემთხვევითი და გასაკვირი ეს ფაქტი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ არც ტიპურია. გასაკვირი არ არის ივანიშვილის ხასიათიდან გამომდინარე, მაგრამ ტიპური არ არის ამხელა ბიოგრაფიის მქონე ადამიანს დაეწყოს თოქშოუ. ისიც ცხადია, რომ დისკუსიები, კამათი, ინტელექტუალური მუშაობა მას უდავოდ იზიდავს. ვნახოთ, რა გამოვა, წესით, საინტერესო უნდა იყოს“,- აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე და ინტერესდება, უკვე გაიარა თუ არა ივანიშვილმა ტრენინგები ჟურნალისტიკაში.

პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ ივანიშვილის გადაცემა ეს იქნება გარკვეული სახის პაექრობა ჟურნალისტებთანაც და ანალიტიკოსებთანაც - მისი ტრიბუნიდან და გადაცემაც საინტერსო გამოვა. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ფართო საზოგადოებაში მან რეიტინგის მოპოვება იოლად შეძლოს.

„გარკვეული ორიენტაციის პოლიტიკით და ჟურნალისტიკით დაინტერესებული ადამიანების წრეებში, თანამედროვე სახელისუფლო წრეებში, ეს გადაცემა უდავოდ იქნება რეიტინგული, მაგრამ ქვეყნის მასშტაბით ასეთი მოლოდინი რეიტინგულობისა ძნელია ჰქონდეს ივანიშვილს. ალბათ, მოუწევს იმ რეალობასთან პირისპირ დადგომა, რომ ჟურნალისტი მხოლოდ თავისი გემოვნებით არ მოქმედებს, საზოგადოებრივი გემოვნებით უწევს მას მოქმედება. ჟურნალისტებს ივანიშვილი ხშირად საყვედურობდა სკანდალურობასა და იაფფასიანობას, მაგრამ ამ სკანდალურობასა და იაფფასიანობას ხშირად საზოგადოება ითხოვს. არაერთი გამოცემა ყოფილა სოლიდური, აკადემიური და დოტაციის გარეშე ვერ გაუძლია ბაზრისთვის. დოტაციის პირობებში კი მედიასაშუალება თავს ინარჩუნებს, თუმცა, ეს არ მეტყველებს მის რეიტინგზე, ამით უბრალოდ, ის ირკვევა, რომ მას მხარდამჭერი ჰყავს გარკვეულ წრეებში, რომლებსაც ფული აქვთ“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე და აღნიშნავს, რომ გადაცემისთვის ივანიშვილს ფინანსური მხარდაჭერა არ დასჭირდება, მაგრამ ეს ფაქტორი გადაცემის რეიტინგს ვერ უზრუნველყოფს, რადგან ფართო წრეებში აკადემიური, ინტელექტუალური გადაცემა რეიტინგული ვერ იქნება.

ივანიშვილს გადაცემას ტელემაყურებელი, სავარაუდოდ, ოქტომბრიდან იხილავს. მანამდე კი ტელეკომპანია GDS-ი ამ გადაცემასთან დაკავშირებულ ზოგად ინფორმაციას ოფიაციალური განცხადების სახით ავრცელებს.

„აღნიშნული თოქ-შოუ, საეთეროდ „GDS Production-ს“ უნდა დაემზადებინა. განიხილებოდა მისი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განთავსება, თუმცა ამას, შესაძლოა, გარკვეული კითხვები გამოეწვია საზოგადოებაში, ამიტომ გადაცემის იდეის ავტორთან შეთანხმებით, გადაწყდა ალტერნატიულ ვერსიებზე მუშაობა. ამ ვერსიებიდან, ყველაზე სწრაფად და მარტივად (ზედმეტი კითხვების გარეშე) პროექტზე მუშაობის დაწყება, ტელეკომპანია GDS-ს შეეძლო, ამიტომ არხის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება დროებით, მაუწყებლობის ფორმატის ცვლილებასთან დაკავშირებით. არ გამოირიცხება ის ვერსიაც, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, პროექტი გადაეცეს საზოგადოებრივ მაუწყებელს ან სხვა რომელიმე კერძო ტელეკომპანიას, ხოლო GDS TV დაუბრუნდეს მაუწყებლობის პირვანდელ ფორმატს. ვადასტურებთ, რომ მიმდინარეობს იდეის და ზოგადად, პროექტის დამუშავების პროცესი, თუმცა არ ვადასტურებთ არც ერთ გავრცელებულ ინფორმაციას პროექტის შინაარსობრივ მხარესა და სხვა მონაწილე ადამიანებთან დაკავშირებით. ნებისმიერი საჭირო ინფორმაცია თემასთან დაკავშირებით გასაჯაროვდება და ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის“,- განმარტავენ ტელეკომპანიაში.