საკანში, სადაც გიგი უგულავა იმყოფება, უსაფრთხოების უზრუნველოყოფის მიზნით, ვიდეო კონტროლი ხორციელდება. პირობები დამაკმაყოფილებელია და ამ მხრივ უგულავას რაიმე პრეტენზია არ გამოუთქვამს. თბილისის ყოფილი მერი ე.წ. მატროსივის ციხეში მისი თანაპარტიელების მეზობლად იმყოფება. გიგი უგულავა სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებიდან ე.წ. მატროსივის ციხეზე კვირას გამთენიისას სასწრაფო წესით გადაიყვანეს. მისი სასწრაფოდ გადაყვანის მიზანშეწონილობა პატიმრების უმწვავესი პროტესტით იყო განპირობებული.
როგორც for.ge-ს საბადრაგო სამსახურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განუცხადა, პარასკევს უგულავა გვიან ღამაით მოათავსეს გლდანის ე.წ. საკარანტინო ნაწილში, თუმცა მან გააპროტესტა საკარანტინოში მისი გადაყვანა და მიღებული იქნა გადაწყვეტიელება, რომ გადეყვანათ გლდანის მე-8 დაწესებულების კორპუსზე, სადაც სასჯელს პოლიციის ყოფილი თანამშრომლები იხდიან. თუმცა, როგორც ჩვენი წყარო ყვება, ამას მოჰყვა გარაკვეული პროტესტი და ხმაური პატიმრების მხრიდან.
„როცა დაინახეს გიგი უგულავა, ამას მოჰყვა შეძახილები და ხმაური. სიტუაციის დაძაბვის თავიდან აცილების მიზნით ადმინისტრაციამ ოპერატიულად მიიღო გადაწყვეტილება და უგულავა ისევ საკარანტინო ნაწილში გადაიყვანეს. პროტესტმა იმდენად მასიური სახე მიიღო, რომ გამოძახებული იყო დამატებითი ჯგუფი, რომ ეს მასობრივი ხმაური და პროტესტი არ გადასულიყო ბუნტში. თავად უგულავაც ძალიან შეშინებული იყო, როგორც ჩანს, არ ელოდა ასეთ პროტესტს.
მატროსოვზე მოითხოვა გადაყვანა, მაგრამ ისე იყო შეშინებული, რომ ეტაპირების დროს მანქანიდან ძლივს გადმოვიდა. სხვათა შორის, ყველაზე მხნედ არის ვანო მერაბიშვილი. ბოლო პერიოდში ძალიან აგრესული გახდა ბაჩო ახალაია, რომელსაც უგულავას მსგავსად აქვს შიში.
მატროსოვზე იმყოფება რომა შამათავაც, მან თვითმკვლელობაც კი სცადა. შიშის ფაქტორი ისეა მათში გამჯდარი, რომ სასამართლოზე ეტაპირების დროს ემოციებში არიან. შამათავას ისე ეშინია ციხის კედლების, რომ მის საკანში ალბათ ბუზის გაფარენის ხმას გაიგებ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას საბადრაგო სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი.
გიგი უგულავა დილის საათებში მატროსოვზე გადაიყვანეს. საკანში მარტოა მოთავსებული. მასზე ხორციელდება ვიდეო კონტროლი. ვიდეო კონტროლთან დაკავშირებით შედგა ოქმი, რომელსაც უგულავამ ხელი მოაწერა. უგულავა უკვე მოინახულა სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა. როგორც ნიკა კვარაცხელია for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, უგულავას განემარტა, რომ ვიდეო კონტროლი მისი უსაფრთხოების მიზნით ხორციელდებოდა.
ამასთან კვარცხელია ადასტურებს გლდანის მე-8 დაწესებულებაში მომხდარ ინციდენტს და აცხადებს, რომ უგულავა გლდანის მე-8 დაწესებულების კარანტინის ნაწილიდან საპატიმროს იმ ნაწილში უნდა გადაეყვანათ, სადაც პოლიციის ყოფილი თანამშრომლები არიან მოთავსებული, რასაც მოჰყვა პატიმართა პროტესტი.
„პატიმრებმა უგულავა, რომ დაინახეს, ამას მოჰყვა ერთგვარი პროტესტი და ხმაური პატიმრების მხრიდან, რაც მთელ დაწესებულებას გადაედო. ციხის ადმინისტრაცია სიტუაციის დაძაბვას მოერიდა და ისევ საკარანტინო ნაწილში დააბრუნეს. გამთენიისას კი, ე.წ. „მატროსოვზე“ გადაიყვანეს.
საკარანტინო ნაწილში მოვინახულეთ ჩვენ ღამის საათებში, ვესაუბრეთ. ის საკვებს არ ღებულობდა და ითხოვდა ე.წ. მატროსოვის დაწესებულებაში გადაყვანას, ვინაიდან მე-8 დაწესებულებაში თავს უსაფრთხოდ არ გრძობდა. გამთენიისას ის გადაიყვანეს მატროსოვის ციხეზე, სადაც განათავსეს მარტო საკანში და მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიმდინარეობს მისი მეთვალყურეობა.
დამონტაჟებულია კამერა და თავად უგულავა ინფორმირებულია, რომ ხორციელდება ვიდეო ჩაწერა. თუმცა, თვითონ ჩვენს წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, რომ თუ სხვა საშუალებით იქნებოდა მიღწეული მისი უსაფრთხოების დაცვა, ამ შემთხვევაში ისურვებდა, რომ არ ყოფილიყო კამერის მეთვალყურეობის ქვეშ. კონკრეტულად, რა საფრთხეზეა საუბარი ეს ჩემთვის უცნობია“, - აცხადებს ნიკა კვარაცხელია.
გიგი უგულავას დაცვის მხარემ უკვე მიმართა სააპელაციო სასამართლოს, თუმცა მიიღებს თუ არა სასამართლო სარჩელს წარმოებში ამ დრომდე უცნობია. თავად, ბრალდებული მიმართავს სააპელაციო სასამართლოს, რომ ნუ დატოვებენ მის სააპელაციო საჩივარს განხილვის გარეშე.
უგულავას ადვოკატი, ბექა ბასილაია აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი არის მხნედ და განწყობილია, რომ დაამტკიცოს თავისი სიმართლე. რაც შეეხება ინციდენტს, ადვოკატი დეტალებს არ აკონკრეტებს.
„ეს ინფორმაცია აქვს სახალხო დამცველის წარმომადგენლებს. ფაქტი ის არის, რომ გიორგი უგულავა იყო ის მერი, რომლის მერობის პერიოდში თბილისი გახდა ყველაზე უსაფრთხო ქალაქი და შესაბამისად, მის მიმართ კრიმინალური მუხლით ბრალდებული პირები კეთილად განწყობილი ვერ იქნებიან. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს გიორგი უგულავას პიროვნებაზე დადებითად“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ბექა ბასილაიამ.