უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები ამოქმედდება. იუსტიციის სამინისტროში მინისტრ თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით მიწის საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც მიწის გასხვისების საკითხი განიხილეს. იუსტიციის მინისტრს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც უცხოელებზე მიწის გასხვისების აკრძალვის მოხსნას გულისხმობს, გაუმართავად მიაჩნია. გადაწყდა, რომ მორატორიუმის ნაცვლად, ევროპული სტანდარტების შესაბამისი რეგულაციები დაწესდება. ახალ რეგულაციებს თეა წულუკიანი მთავრობის უახლოეს სხდომაზე წარადგენს.
საუბარია იმაზე, რომ უცხოეთში დაფუძნებული იურიდიული პირები მომავალში ვერ შეიძენენ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კატეგორიის მიწას. თუკი უცხოელს დასჭირდება, შეიძონოს ამ კატეგორიის მიწა, მაშინ მან საქართველოში უნდა დააარსოს იურიდიული პირი, მას უნდა ჰქონდეს საინვესტიციო მკაცრად გაწერილი გეგმა და დარგობრივ სამინისტროებს და მთავრობასაც უნდა შეუთანხმოს ის საინვესტიციო საქმიანობა, რასაც აპირებს.
მანამდე კი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებს, იქნებ, პატრიოტიზმით დაიმუხტონ და ჩვენი მიწები უცხოელებზე რეგულაციების მიღებამდე არ გაყიდონ.
მიმდინარეობს მსჯელობა იმაზეც, თუ რა რეჟიმს შეიძლება დაექვემდებარონ უცხოელები, რომლებიც ჩამოდიან საქართველოში მხოლოდ იმიტომ, რომ ქართული მიწის დამუშავებით საკუთარი მრავალშვილიანი ოჯახები გამოკვებონ.
ჩვენ დავინტერესდით, რას ფიქრობენ სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით ის საშუამავლო ფირმები, რომლებსაც უცხოელები ქართული მიწის ყიდვას ავალებდნენ.
როგორც გაირკვა, მორატორიუმის გამოცხადებამდე უამრავი ეგვიპტელი, არაბი, ინდოელი აკითხავდა უძრავი ქონების სააგენტოებს და მიზერულ ფასად მიწების შესყიდვას ითხოვდა. მორატორიუმმა კი ეს პროცესი შეაჩერა.
უძრავი ქონების სააგენტო „სიგმას“ გენერალური დირექტორი ზურაბ ლაჩაშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ პირადად იგი რეგულაციების გარეშე ქართული მიწის გაყიდვას ეწინააღმდეგება, რადგან ეს არასახელმწიფოებრივი ნაბიჯი იქნება.
იგი მიესალმება მორატორიუმს, რამაც დააფიქრა მთავრობა და პარლამენტი, შემოეღოთ რეგულაციები სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებით. მათ შორის, აუცილებელია რეგულაციები საზღვრისპირა ზონებში.
„არცერთი უცხოელისთვის ქართული მიწა არ მიმიყიდია. არადა, უამრავი ადამიანი მოდიოდა, ზარებიც იყო მიწის შეძენის შესახებ. იმ მომენტში იუსტიციის სამინისტროში ან საჯარო რეესტრში რომ მისულიყავით, უამრავ ეგვიპტელს, ინდოელს დაინახავდით. უფრო ხშირად ეგვიპტელები გვაკითხავდნენ, არაბული სამყაროს წარმომადგელები, რომლებიც დაინტერესებულნი იყვნენ სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენით. თანაც, ცდილობდნენ, რაც შეიძლება მინიმალურ ფასად შეეძინათ ეს ქონება. ჩემი ინფორმაციით, ერთ ჰექტარზე 625 ლარი სახელმწიფო პრივატიზაციის ფასია. უცხოელებს კი ჩვენი მიწები კაპიკებად უნდოდათ. ეს მაშინ, როცა ეგვიპტეში ერთი ჰექტარი მიწის ფასი ათი ათასი დოლარია. საქართველო კარგავს მიწებს, რა მნიშვნელობა აქვს, მტერი როგორ შემოვა?! ევროპაში, ისრაელში მიწა არ იყიდება, ჩვენი ქვეყანა რატომ არის დაკნინებული, რა, ნაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენი მიწა? ეგვიპტის უდაბნოში ხშირად ზემოდან ყრიან მიწას და მოსავალი მოჰყავთ, ისეთი მნიშვნელობა აქვს მიწას. კახეთში ახლაც არიან უცხოელთა ჯგუფები, რომლებიც ფლობენ ჩვენს მიწებს. ამ ადამიანებს მოჰყვებიან თვისტომნი, ერთი რომ იტყვის, საქართველოში მიწა ძალიან იაფად ვიყიდეო, სხვებიც მოემართებიან საქართველოსკენ. ასე წარმოიშობა კოლონიები კახეთში“, - აღნიშნა ზურაბ ლაჩაშვილმა და იქვე განმარტა, რომ, სამწუხაროდ, სასოფლო-სამეურნეო მიწებზე ქართველების მოთხოვნა დიდი არ ყოფილა, გლეხები იაფად ყიდდნენ მიწებს. ხშირად სოფელმა არც კი იცოდა, რომ მისი მიმდებარე ტერიტორია, საძოვრები გაყიდული იყო. თავის დროზე ეს ადგილები გარკვეულმა წრეებმა იყიდეს, შემდგომში მოგების მიზნით.
ფირმა „ჰაუსის“ ხელმძღვანელი თენგიზ გაზდელიანი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოს მიწებზე დიდი მოთხოვნა იყო, ამ მიზნით მათ უამრავმა უცხოელმა მიმართა, თუმცა მათი ფირმა მათ მიწების მიყიდვაზე უარს ეუბნებოდა. მისი თქმით, შემძენები იყვნენ ირანელები, ინდოელები, ერაყელები. ისინი ერთ ჰექტარში 1000-1500 დოლარს სთავაზობდნენ, რაც მიზერია.
„ჩვენ იმაზეც ვაცხადებდით უარს, რომ გვეჩვენებინა მიწები უცხოელებისთვის. თუმცა არიან ფირმები, რომლებიც სწორედ ამ კუთხით მუშაობენ. ასეთი დაახლოებით 15-20 ფირმა მაინც იქნება. ჩვენს შესახებ რომ შეიტყვეს, რომ არ ვყიდდით მიწებს უცხოელებზე, უკვე აღარ გვიკავშირდებოდნენ. თუმცა თბილისში ირანელებს აქვთ უძრავი ქონების სააგენტოები, მაინც ვფიქრობთ, რომ მათ კახეთის მიწების შეძენა და კახეთის ანალოგიურ ფირმებზე გასვლა გაუჭირდებოდათ. ახლა ზოგიერთები ამბობენ, რომ უცხოელები ქართველებს ამოეფარებიან და ისე შეიძენენ ჩვენს მიწებსო. არა მგონია, ქართველს ამოეფარონ ეს ადამიანები, რადგან ერაყელი ისე არ იყიდის მიწას, თუ თავის თავზე არ გადაიფორმებს. ისინი სხვებს არ ენდობიან“, - გვითხრა თენგიზ გაზდელიანმა.
რაც შეეხებათ ერაყელებს, მათგან იყო შემოთავაზებები ბაკურიანში სასტუმროს აშენების თაობაზე, სადაც ქართველებზე დაბალი ტარიფები უნდა ჰქონოდათ, ამ თემაზე თენგიზ გაზდელიანის ფირმა მუშაობდა, მაგრამ „ბოლოს ბორჯომის საჯაროს უფროსმა აფერისტული გზით არ გააკეთებინა ეს საქმე, ეტყობა, თვითონაც ინტერესი ჰქონდა“. ასევე, კახეთში ვენახების შეძენაზე იყო საუბარი, თავიანთი ქარხნით. იყო დაპირებაც, რომ ადგილობრივებსაც დაასაქმებდნენ, რადგან კახელებმა კარგად იცოდნენ ვენახის მოვლა. თენგიზ გაზდელიანი აცხადებს, რომ ასეთ შეთავაზებაზე კიდევ შეიძლებოდა დაფიქრება. მისი თქმით, რა თქმა უნდა, უნდა იყიდებოდეს ჩვენი მიწები, მათ შორის, უცხოელებზეც, მაგრამ უნდა იყოს შეზღუდვები და, ყველა შემთხვევაში, სახელმწიფოს ჩარევის უფლება უნდა ჰქონდეს.