თეა წულუკიანი მოსამართლეების დაბალ კვალიფიკაციაზე უკვე მერამდენედ საუბრობს და მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღას აანონსებს.
როგორც ირკვევა, სამომავლოდ, როდესაც კარგი კანონები ექნებათ მოსამართლეებს, მათ „შერჩევა“ და „გადარჩევა“ ელით. თეა წულუკიანი არ მალავს, რომ ბევრი მათგანი მოსამართლის მანტიას არ იმსახურებს.
„ის რომ, ქართველ მოსამართლეებს, მით უმეტეს, ის ვინც სისხლის სამართალზე მუშაობს, მეტი კომპეტენცია სჭირდებათ, ეს არავისთვის საიდუმლო არ არის. როდესაც გყავდა ხელისუფლება, რომელიც გჩაგრავდა და მოსამართლეს მონად გამუშავებდა სისხლის სამართლის საქმეებზე... მოსამართლეებს აქვთ თავისუფლება და დამოუკიდებლობა 2012 წლის 25 ოქტომბრიდან, როდესაც მე დავინიშნე იუსტიციის მინისტრად, მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგა მთავრობას სათავეში“, - აცხადებს თეა წულუკიანი და განმარტავს, რომ „კუბლაშვილის კულტურის დასრულება საბოლოოდ, წლის ბოლომდე“ მოხდება, რომელიც ემსახურება ოდნავ დამოუკიდებელი მოსამართლეების გაციმბირებას, ანუ მივლინებაში გაშვებას.
აგრეთვე, საკანონმდებლო დონეზე შეიცვლება ისიც, რომ „კუბლაშვილი კი არ „აკლიკებდეს“ თავის „მაუსზე“, რომ რომელიმე მოსამართლემ ესა თუ ის საქმე განიხილოს, არამედ ავტომატურად განაწილდეს საქმეები“.
თავის მხრივ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე თეა წულუკიანს მოსამართლეებზე ზეწოლაში ადანაშაულებს და კონკრეტული მოსამართლეების გვარების დასახელების და იმის შეხსენების შეწყვეტისკენ მოუწოდებს, რომ „ისინი სასამართლოებში მოწყალების ნიშნად დატოვა“. კუბლაშვილის თქმით, ყველა მოსამართლე მიიჩნევს, რომ რასაც წულუკიანი ამბობს, არასერიოზულია.
ცნობილია ისიც, რომ 2015 წლის თებერვალში კოტე კუბლაშვილის სამსახურეობრივი ვადა სრულდება. სწორედ ამ პერიოდში ელოდებიან ნაციონალები ხელისუფლებისგან სასამართლოზე შეტევას. ამას ემატება პრესაში გავრცელებული ინფორმაციაც, რომლის თანახმად, კუბლაშვილისა და მოსამართლეების წინააღმდეგ პროკურატურაში მალე სარჩელები შევა.
რას მოიტანს თეა წულუკიანის მიერ დაანონსებული მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღა და ელის თუ არა მოსამართლეებს კანონის წინაშე პასუხის გაცემა?
ადვოკატი ლია მუხაშავრია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მართლმსაჯულების რეფორმის პირველი და მეორე ტალღა ხომ „წარმატებით“ ჩააბარა იუსტიციის სამინისტრომ და ახლა მესამე ტალღის წარმატებაც საეჭვოა.
უფლებადამცველის თქმით, მოსამართლეებს შერჩევა-გადარჩევა კი არ სჭირდებათ, არამედ მათ პასუხი უნდა მოსთხოვონ იმისთვის, რომ 215 პოლიტპატიმარი და პოლიტიკური ნიშნით დევნილი ადამიანი გვყავდა. ვინც ეს ხალხი უსამართლოდ მისცა პასუხისგებაში, მათი გადარჩევა თავისთავად მოხდება. ამდენად, სულაც არ არის საჭირო ქირურგიული ჩარევა ამ პროცესში და პოლიტიკური მოტივების გამოყენება, რომ მოსამართლეებს ანგარიში გავუსწოროთ. უბრალოდ, უზენაეს სასამართლოში 12-ის ნაცვლად, დამატებით ახალი მოსამართლეები უნდა დაინიშნონ და შეიქმნას სპეციალური პალატა, რომელსაც მიეცემა უფლება, გადასინჯოს უკვე ძალაში შესული განაჩენები.
„კუბლაშვილის ვადის ამოწურვის შემდეგ სასამართლოზე შეტევას არ ველი. არა მგონია, რომელიმე ხელისუფლებამ სასამართლოზე შეტევა უნდა განახორციელოს, რადგან მერე მათაც გაასამართლებენ და იქ ნამდვილი მოსამართლეები უნდა დახვდნენ“, - აცხადებს ლია მუხაშავრია.
ადვოკატი მამუკა ნოზაძე მიიჩნევს, რომ მართლმსაჯულების პირველ და მეორე ტალღაში იუსტიციის საბჭოს ახალი დაკომპლექტების წესმა ვერ გაამართლა და იუსტიციის საბჭო ისევ ნაცმოძრაობის მოსამართლეებით დაკომპლექტდა. დღეს ეს საბჭო ისევ კუბლაშვილისგან იმართება და ეს მოსამართლეები თავიანთი სიცოცხლით დამოკიდებულნი არიან კუბლაშვილზე. უფლებადამცველის თქმით, მართლია, ერთი წელიც არ დარჩა კუბლაშვილს თავის პოსტზე, მაგრამ მან მოასწრო და მოსამართლეებად დანიშნა ყოფილი მდივნები და თანაშემწეები. სხვანაირად, ეს ადამიანები წესიერ ქვეყანაში მოსამართლეობას ვერ ეღირსებოდნენ.
„ვფიქრობ, არც მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ეტაპი არ იქნება სასარგებლო საზოგადოებისთვის. მოსამართლეები დიმიტრი გვრიტიშვილი, ციცინო მოსიძე, მალხაზ ჩუბინიძე უკანონოდ ჩამორთმეულ ქონებას არ უბრუნებენ ადამიანებს. მოსამართლეების 90-95 % სისტემას უნდა ჩამოშორდეს, განურჩევლად იმისა, სისხლის სამართალში მუშაობენ, თუ სამოქალაქოში. თუ უნდათ, რეალური რეფორმა გატარდეს, საზოგადოებამ უნდა მიიღოს მონაწილეობა მოსამართლეების შერჩევაში და არა იუსტიციის საბჭომ. სულ ახლახანს გერმანიაში გახლდით და იქ იუსტიციის საბჭო არაა, იქ იუსტიციის მინისტრი ნიშნავს მოსამართლეებს და ამ დანიშვნისას საზოგადოების აზრს ითვალისწინებენ. არა მგონია, არჩევნების შემდგომ მოიმატოს მოსამართლეების წინააღმდეგ შეტანილმა სარჩელებმა, რადგან ხელისუფლებას არ სურს დამნაშავე პროკურორთა და მოსამართლეთა დასჯა.
რაც შეეხება მოსამართლე გიორგი გოგინაშვილს, მისი საქმეების 90% დანაშაულის შემცველია. უბრალოდ, დღეს მიხვდა, რომ სხვა სიომ დაჰკრა და მიიღო გადაწყვეტილება უგულავას წინააღმდეგ. ეს მოსამართლე არანაირი ქების ღირსი არ არის და მისი სხვა საქმეები ნამდვილად არ არის მართლმსაჯულების ზეიმი. გოგინაშვილი ე.წ. მკვლელ მოსამართლეთა კატეგორიაში გადიოდა“, - აღნიშნა მამუკა ნოზაძემ For.ge-სთან საუბარში.
იურისტ ირმა ჭკადუას უჭირს იმ მოსამართლის დასახელება, რომელიც რეფორმირების შემდეგ სასამართლოში უნდა დატოვონ. იგი ფიქრობს, რომ მოსამართლეთა 90% უნდა შეიცვალოს. ამიტომ მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღას მიესალმება, რომლითაც მოსამართლეთა პროფესიონალიზმს, დამოუკიდებლობას შეაფასებენ. მეტიც, მიიჩნევს, რომ მოსამართლედ დანიშვნისას ადამიანმა, მინიმუმ, ერთი კვირა მაინც უნდა გაატაროს ციხეში, რათა კარგად გაიაზროს, სად უშვებს დაკავებულს.
„ბოლო ცხრა წლის განმავლობაში არა მხოლოდ მოსამართლეების, პროკურორების დონეც დაბალი იყო, ცარიელი ყდებით საქმეები მიდიოდა სასამართლოში, მოსამართლეს არ სჭირდებოდა საქმის განხილვა, ფორმალურად უსმენდა მოწმეებს. საკმარისი იყო პროკურორს თვალები დაებრიალებინა, დაბრიალებაც არ სჭირდებოდათ, მათთვის მისაღებ გადაწყვეტილებას იღებდნენ. ახალი ხელისუფლებისგან სასამართლოზე ზეწოლა არ შეინიშნება. ნაციონალების დროს მოსამართლე ნანა მაისურაძემ გამამართლებელი გადაწყვეტილება მიიღო პიროვნების მიმართ, რომელსაც თბილისში ყაჩაღობას ედავებოდნენ. იმ დროს, როცა ყაჩაღობა მოხდა, ის იმყოფებოდა გორში და ამას ადასტურებდა 15 ადამიანი სამარშრუტო ტაქსში, ასევე, სატელეფონო კავშირები. ამ საქმეზე ბრალდებას მხარს უჭერდა ნინო ციხისელი, რომელიც დღესაც პროკურორია. მოსამართლე, რომელმაც კანონიერად გაამართლა ეს ადამიანი, ზუსტად ორ დღეში გაათავისუფლეს სასამართლოდან. მასზე შანტაჟს ახორციელებდნენ, თუ არ დაწერდა განცხადებას, დაიჭერდნენ და მის სამუშაო მაგიდაში აღმოჩნდებოდა ფული. მოსამართლე, რომელიც პატრონის ძებნაშია და მუდმივად ელოდება დირექტივას, ნეტავ, რომელი მხარე დამიკვეთავს, რომ ვასიამოვნოო, არ შეიძლება იყოს მოსამართლე.
არ შეიძლება ბესო ბუგიანაშვილი საქალაქო სასამართლოში იყოს მოსამართლედ, მან ნაცმოძრაობის საამებლად გამოიტანა უკანანონო განაჩენები, ის კოტე კუბლაშვილის ცოლის ნათესავია და პირდაპირ შეკვეთებს ასრულებს. ყველა მოსამართლეს აქვს პრობლემა“, - აცხადებს ირმა ჭკადუა ჩვენთან საუბარში.
მისი თქმით, ადვოკატები უჩიოდნენ ხოლმე უკანონო განაჩენის მიმღებ მოსამართლეს, თუმცა მათ განა დასჯიდა კუბლაშვილი ან იუსტიციის საბჭო, რომელთა მაამებელი გადაწყვეტილებაც ამ მოსამართლემ მიიღო. ეს მოსამართლეები უსუსურები იყვნენ, პროცესს მიღმა ქუჩაში შიშით ვერ მოგესალმებოდნენ, 1-ლი ოქტომბრის შემდეგ კი სოციალურ ქსელში მეგობრებად ადვოკატებიც დაიმატეს.