საკრებულოს თავმჯდომარე მოსახლეობასთან შეხვდერებს განაგრძობს და ავარიულ სახლებში მაცხოვრებელ მოქალაქეებს ხვდება.
ირაკლი შიხიაშვილმა დღეს პეკინის #25 ში მდებარე ავარიული კორპუსი მოინახულა და მოსახლეობას საკრებულოს ინიციატივით ამოქმედებული ის პროექტი გააცნო, რომლის ფარგლებშიც მწვავე ავარიული სახლების გამაგრებით სამუშაოებს დიდწილად დედაქალაქის ბიუჯეტი დააფინანსებს.
პეკინის # 25 -ის მცხოვრებლების განცხადებით, აღნიშნული კორპუსის ქვეშ მეტრო გადის, რაც კიდევ უფრო მეტ საფრთხეს უქმნის მათ საცხოვრისს.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განმარტა, წლის ბოლომდე დედაქალაქში 80ავარიული კორპუსის კაპიტალური გამაგრება იგეგმება და აღნიშნული საცხოვრისიც ამ ნუსხაშია შეტანილი.
დედაქალაქის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ მიმდინარე პროექტი მომავალი ხელისუფლების პერიოდშიც გაგრძელდება, რაც ასი ათასამდე თბილისელს მოუხსნის საცხოვრისთან დაკავშირებულ პრობლემას.
პროექტის ფარგლებში თავდაპირველად საპროექტო სამუშაოებზე ცხადდება ტენდერი და მას ექსპერტიზა უტარდება. ამის შემდეგ ტენდერი უკვე სამშენებლო სამუშაოებზე ცხადდება და მომავალი წლიდან მწვავე ავარიული სახლების გამაგრებითი სამუშაოები დაიწყება.