ბრაზილიაში მიმდინარე ფეხბურთელთა მსოფლიო პირველობა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. რამდენიმე დღის წინ ერთი ცნობილი ქართველი სპორტული ჟურნალისტი შემხვდა და მსოფლიო ჩემპიონატები რეალურად მეოთხედფინალებიდან იწყებაო - მითხრა. ამ ადამიანს ნამდვილად დაეჯერება, რადგან 1978 წლიდან არც-ერთი მუნდიალი არ გამოუტოვებია. სხვადასხვა მიზეზების გამო ბრაზილიაში გამგზავრება ვერ მოახერხა და ამას ძალიან განიცდიდა.
ბრაზილია-კოლუმბიის შეხვედრამ ორმაგი გრძნობა დამიტოვა. ერთი მხრივ კარგად მოასპარეზე მასპინძელთა გუნდი და რატომღაც ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მყოფი პეკერმანის ნაკრები და მეორე მხრივ მატჩის დასასრულს დატრიალებული დიდი ტრაგედია - ნეიმარის ტრავმა. „ვარსკვლავთბიჭუნას“ ორი თვის განმავლობაში უქმობა მოუწევს და ამით უპირველეს რიგში გერმანიის ეროვნულმა გუნდმა იხეირა.
გუშინ თბილისის რამდენიმე საბუკმეიკერო დაწესებულებაში შევიარე და მომავალ ნახევარფინალურ პაექრობაში იოაჰიმ ლიოვისა და ლუიშ ფელიპე სკოლარის გუნდების შანსები უკვე თანაბრად ფასობს. ნეიმარი დიდი ძალაა და მის გარეშე თამაში, ასპარეზობის მასპინძლებს ძალიან გაუჭირდებათ.
თბილისი ჭორების ქალაქია და ტოტალიზატორებში ყური ერთ საინტერესო „ვერსიასაც“ მოვკარი. მავანი ასაკოვანი და „ყოვლისმცოდნე“ „მაზავშიკი“ დარწმუნებით ამტკიცებდა, რომ ნეიმარი ფიფა-ს შეთქმულების მსხვერპლი გახდა. თურმე ბატონ ბლატერს ჩემპიონატის საორგანიზაციო მხარე არ მოსწონს და პელეს თანამემამულეების სამაგალითოდ დასჯა სურს. ამის გამო, ბრაზილიის შეხვედრების მომსახურე მსაჯებმა არაოფიციალური დავალება მიიღეს, რომ ნეიმარის წინააღმდეგ მიმართული უხეში თამაში არ აღკვეთონ და „მოძალადე“ ფეხბურთელები არ გააფრთხილონ. ამ პიროვნებამ ისიც დასძინა, რომ მსოფლიო ჩემპიონის წოდებას გერმანიის ეროვნული გუნდი მოიპოვებს. თავისი სიტყვების გასამართლებლად, ჩემს თვალწინ, ბუნდესნაკრების პირველობაზე 50 ლარს ჩამოვიდა.
სიმართლე გითხრათ, ამ მოსაზრების სისწორის ნამდვილად მეეჭვება, მაგრამ რას იზამ. კიდევ ერთი ვერსია მოვისმინე. ბლატერი ცნობილი მსოფლიო ტოტალიზატორების წილში იმყოფება და ბრაზილიის გაჩემპიონობა კატეგორიულად არ აწყობსო. თბილისში ყველამ ყოველთვის ყველაფერი იცის. დავიცადოთ რამდენიმე დღე და თავად ვიხილავთ, ადგილობრივი „მცოდნეების“ პროგნოზი თუ გამართლდება.
მცირეოდენი შესავლის შემდეგ ტრადიციას არ დავარღვევ და მსოფლიო ჩემპიონატის პერიპეტიებით გადაღლილებსა და დაქანცულებს რამდენიმე საინტერესო მოგონებას შემოგთავაზებთ.
დღევანდელი წერილის პირველი გმირი წარსულში ცნობილი ქართველი ფეხბურთელი, რევაზ ჩელებაძე იქნება. ეს პიროვნება იმის გამო ავირჩიე, რომ თავის დროზე „მარაკანას“ სახელგანთქმულ სტადიონზე უთამაშია. ამ სპორტულ სარბიელზე სლავა მეტრეველსა და მიხეილ მესხსაც უასპარეზიათ, მაგრამ „ჩელემ“ ბრაზილიელებს საკუთარი თავი სხვა კუთხით დაამახსოვრა.
წინა საუკუნის 80-იან წლებში, სსრკ-ის ნაკრები ამ სტადიონზე მასპინძელთა ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და ყველასათვის მოულოდნელად გამარჯვებასაც მიაღწია - 2:1. იმ მატჩში ჩელებაძესა და ჟუნიორს შორის ნამდვილი საფეხბურთო „ომი“ წარიმართა.
„ჟუნიორთან შელაპარაკება ცუდად დამამახსოვრდა. მეორე ტაიმში ბურთისთვის ორთაბრძოლაში ჟუნიორს დავეჯახე და ის დაეცა. ხელი გავუწოდე და ვუთხარი - პარდონ-მეთქი. მან კი შემაფურთხა. არბიტრს ფეხბურთელები ეფარებოდნენ და ეს ვერ დაინახა. ჟუნიორისკენ გავიწიე და ბრაზილიელს ვუღრიალე - მოგკლავ-მეთქი. ტრიბუნიდან პეტარდები ისროლეს. ნაკრების მწვრთნელი ბესკოვი სიტუაციის გართულებას მოერიდა და უმალ შემცვალა“.
რეზო ჩელებაძე სკანდალებში ხშირად ეხვეოდა. ალბათ უმჯობესი იქნება თუ ამის შესახებ თავად გაიხსენებს.
„სკანდალები ნამდვილად არ მაკლდა, მაგრამ, ისიც უნდა ითქვას, რომ თავად მსაჯებმაც ბევრი მიქარეს ჩემთან. თუნდაც სმოლენსკის მატჩი გავიხსენოთ: მოედნის ცენტრში სასტვენის გარეშე გავითამაშეთ ბურთი და ყვითელი ბარათი მომცა. მეტოქის საჯარიმოში წამაქციეს და 100-პროცენტიანი პენალტი არ დაინიშნა. პირიქით, მითხრა, დამნაშავე შენ ხარო და მეორე ყვითელი ბარათის მოცემით მოედნიდან გამაძევა. გავბრაზდი, ბარათი მოედანზე დავახეთქე, მსაჯს ვეცი და ხელი ვკარი. ჩემი ხელის კვრისას, ყველაზე ძლიერი ფეხბურთელებიც კი მოედანზე ეცემოდნენ. მსაჯიც მოცელილივით დაეცა.
ლენინგრადში „დინამოს“ „დუბლებს“ გვქონდა თამაში. მთავარი გუნდიდან მე და უმცროსი მიხეილ მესხი ვიყავით დამატებული. პირველი ტაიმი 0:3 წავაგეთ. შესვენებაზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ნოდარ ახალკაცმა, გვარიანად შეგვჯორა. მეორე ტაიმი დაიწყო და 15-20 წუთში ანგარიში გავათანაბრეთ. მატჩის მიწურულს მესხის პასით გავიტანე, მაგრამ არბიტრმა არ ჩათვალა. გვერდით მსაჯს ვეცი, ის კი გაიქცა და არბიტრს დაუძახა - ჩელებაძემ შემაგინაო. არადა, ტრიბუნიდან მე მაგინებდნენ, მოედნიდან გამაძევეს. ტრიბუნაზე ავხტი, რადგან ფანები მაგინებდნენ, თანაგუნდელები დამეწიენ და არ გამიშვეს.
ეს ისტორია კი მთელ საქართველოს დღემდე მწარედ ახსოვს. 1976 წელს ერევანში 0:1 ვაგებდით, მეორე ტაიმის ბოლოს ანგარიში გავათანაბრეთ. გამარჯვების გოლის გატანაც შემეძლო, მაგრამ, სამი კარგი შანსი გავუშვი ხელიდან. ჯერ იყო და, მეკარესთან პირისპირ გასვლისას, „არარატის“ გოლკიპერმა აბრამიანმა ამართვა ბურთი. ორი წუთის შემდეგ ახლოდან ბურთი ძელს გავარტყი. ბოლოს აბრამიანს ბურთი ფეხზე აეჭრა და მე დამრჩა. ცარიელი კარისკენ ბურთიანად გავიქეცი და თან ვფიქრობ, ახლა მეორე გოლს გავიტან, თბილისში მოგებული ჩავალ, დამხვდებიან, გულში ჩამიკრავენ, სუფრებს გამიშლიან. კარამდე 6 მეტრი იყო დარჩენილი, დავარტყი და... ბურთი კარს ავაცილე. ამის მერე არავის გახსენებია, რომ ერევანში წაგებას „დინამო“ მე გადავარჩინე, ყველა იმ ვერგატანილ გოლს იხსენებდა. იმ მატჩის შემდეგ ერევნიდან ავტობუსით ვბრუნდებით თბილისში. ფეხბურთელებს მშრალი ულუფა დაგვირიგეს. ჭამის თავი ვის ჰქონდა და დარჩა ულუფა. ადმინისტრატორმა ახალკაცს ჰკითხა: ნოდარ ფარსადანოვიჩ, „დოქტორსკი“ ძეხვი დარჩა და სად წავიღოო. „ჩელებაძეს შეარჭეთ უკან!“ - უპასუხა ახალკაცმა“.
ერევანთან დაკავშირებით „სასიამოვნო მოგონება“ კიდევ ერთ თბილისის „დინამოელს“, თენგიზ სულაქველიძეს გააჩნია.
„ჩემს ცხოვრებაში ერთხელ ვარ გაძევებული მოედნიდან, ისიც ტაშის დაკვრისთვის: ერევანში ვთამაშობდით. მსაჯმა ყვითელი მომცა. მიმაჩნდა, რომ არ მეკუთვნოდა, გავმწარდი და ტაში დავუკარი. ამის გამო ისევ ყვითელი მიჩვენა და გამაძევა. სომხებთან ურთიერთობა ადვილი არ არის, ძალიან დაძაბული მატჩი გვქონდა. იცით თქვენ, მწვრთნელები და საპატიო ფეხბურთელები წინ სხედან. გავდივარ მოედნიდან და, ნოდარ ახალკაცმა მომაძახა - ბიჭო, დაგვღუპეო? პირველი ტაიმი 1:1 დამთავრდა. დაიწყო მეორე ტაიმი და ეს თამაში 4:1 ანგარიშით მოვიგეთ. ახალკაცს ვუთხარი - აი, მე რომ არ გავსულიყავი თამაშიდან, ამ მატჩს ხომ ვერ მოვიგებდით-მეთქი. გაეცინა“.
ბატონი თენგიზი ბრაზილიაშიც ნამყოფია და როგორ იქნებოდა ერთი „ორიგინალური შემთხვევა“ ამ ქვეყანაშიც არ გადახდომოდა.
„ბრაზილიაში ვართ. ძალიან ცხელა, მაღაზიაში გავლა გადავწყვიტეთ. ჩემი ცოლისთვის ჩექმა მომეწონა. მეგობარს ფული მივეცი და ვთხოვე, ჩექმა მომიტანე-მეთქი. მომიტანა. ხომ არ დავუწყებდი შემოწმებას. თურმე, ინვალიდების მაღაზიაში შესულა, სადაც ორი მარჯვენა, ორი მარცხენა - ყველაფერი ასე იყიდებოდა. ცალ-ცალი ჩექმა ჩამოვუტანე ცოლს და კინაღამ გაგიჟდა - ეს რა უბედურებააო“.
წინა კვირის წერილში ბატონი რეზო ძოძუაშვილის ერთი „ახირება“ გავიხსენე, - დაქორწინებული ფეხბურთელები საკუთარ გუნდში რომ არ აყავდა. ამ თემას დღესაც გავაგრძელებ და სიტყვას თბილისის „დინამოს“ ყოფილ კაპიტანს, მანუჩარ მაჩაიძეს გადავცემ.
„რა დღეშიც ვიყავით იმ პერიოდში ფეხბურთელები, რომ გაიგოთ, შეიძლება, საცოდაობისგან დაიწვათ და იტიროთ. ხელფასი 180 მანეთი მქონდა. ყოველდღე ათ-თხუთმეტ კილომეტრს დავრბოდით და სამ კილოგრამს ვიკლებდით, რადგან დღეში სამჯერ ვვარჯიშობდით. თან ინსტიტუტში ვსწავლობდით და თან ბაზაზე შეკრებებზე ვიყავით ჩაკეტილები. გვიკრძალავდნენ ნებისმიერ ადამიანურ სიამოვნებას. ცოტა სხვანაირი შეხედულება ჰქონდათ მაშინდელ საბჭოთა სპორტში. ზოგი ვერ უძლებდა ამას. მე რაღაცნაირად ვუძლებდი, სპორტული ცხოვრებით ვცხოვრობდი.
არ შეიძლება, რა, ახალგაზრდა ბიჭს ნორმალური ცხოვრება, საპირისპირო სქესთან ურთიერთობა აუკრძალო. იდიოტობაა, ხომ?! ცოლი არ უნდა მოიყვანო, მეგობარი ქალი არ უნდა გყავდესო. იმდენი ხისთავიანი იყო, ვერ ხვდებოდნენ, რომ ასე ფეხბურთელს ღუპავდნენ. რამდენი ფეხბურთელია, იცით, გაფუჭებული ამის გამო? კაცი დღეში სამ კილოგრამს იკლებ და მწვრთნელი გეუბნება, წყალი არ დალიოო. ზაფხულში, პაპანაქება სიცხეში ონკანებს გვიკეტავდნენ. ახალგაზრდა კაცს რომ ჩაკეტავ თვეების განმავლობაში და ქალთან მისვლასა და შეხედვას აუკრძალავ, ის უკვე დეგრადირებულია, აბა, რა არის?!
საწყალი ბიჭები ვეღარ ითმენდნენ და ბევრი გააგდეს გუნდიდან. არადა, შეიძლებოდა, კარგი ფეხბურთელები დამდგარიყვნენ. მე ვერ მიბედავდნენ, იმდენად ძლიერი ვიყავი. უცხოეთში რომ ჩავდიოდით და პროფესიული გუნდები გვეთამაშებოდნენ, ისინი ჩვენსავით თვეობით კი არ იყვნენ ჩაკეტილები ბაზაზე. ერთ ღამეს სასტუმროში გაათენებდნენ, მერე გავიდოდნენ მოედანზე და ჩვენთან ერთად თამაშობდნენ. მარტო ფეხბურთზე უნდა გეფიქრა და ფულს 150 მანეთს გაძლევდნენ. დღეს არიან ფეხბურთელები, რომლებიც დღეში ოცი ათას დოლარს იღებენ, ეს კი თვეში ექვსასი ათასი დოლარია. არიან ისეთებიც, ვინც მილიონებს იღებს“.