რუსთაველის თეატრის რეჟისორი სანდრო ახმეტელი 1937 წლის 29 ივნისს დახვრიტეს. ამას უძღოდა რეჟისორის 222-დღიანი წამება. სამი თვის განმავლობაში ის ყველა ბრალდებას უარყოფდა, მაგრამ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ ყველა წაყენებული ბრალდება აღიარა. ბერიას მითითებით, სასტიკი წამებისგან დაუძლურებული სანდრო ახმეტელი ღია მანქანით რუსთაველზე გაატარეს, რათა ხალხს ენახა, რა ბედი ელოდა ხალხის „მტერსა და მავნებელს“. ბერიას ბრძანებით, თეატრის წინ დასაშინებლად საგანგებოდ გამოიყვანეს მსახიობებიც...
ეს წლების წინ ხდებოდა, ახლა კი, სანდრო ახმეტელის დახვრეტის დღეს რუსთაველის თეატრში მოჩვენება დააფიქსირეს. იყო თუ არა ეს მისტიკური დამთხვევა, ან რა მოვლენასთან გვქონდა საქმე, ამას ექსპერტები სწავლობენ და დასკვნას რამდენიმე დღეში დადებენ. რობერტ სტურუა და მსახიობები კი უჩვეულო მოვლენაზე საუბრობენ.
„დაახლოებით 03.00 საათზე, პატარა გადახურულ თეატრის მოსაცდელში, სადაც მსახიობები და სტუმრები იკრიბებიან, სანდრო ახმეტელის მარმარილოს ბიუსტთან რაღაც ნათება ჩამოეშვა... პატარა ღრუბელივით მოძრაობდა სამი წუთი და მერე გაუჩინარდა... კამერამ დააფიქსირა ეს უცნაური მოვლენა... ამბობენ, რაღაც ხმები ახლდა ამ უცნაურ ობიექტს“, - ეს ტექსტი ფეისბუკზე რობერტ სტურუამ გამოაქვეყნა.
მსახიობი ნიკა ქაცარიძე მიიჩნევს, რომ თეატრი თავისთავად მისტიკაა და ასეთი მისტიკური მოვლენები, ალბათ, არსებობს.
„არ ვიცი, ვისი სული იყო, მაგრამ ფაქტი ერთია, მე სულ ვიცოდი, რომ თეატრში სულები არიან, დადიან... ყველა თეატრს თავისი მისტიკური სამყარო აქვს. სწორედ იმ დღეს დახვრიტეს სანდრო ახმეტელი, როდესაც ეს მოჩვენება აღბეჭდეს კამერაზე“, -აცხადებს მსახიობი.
ჩვენ დავინტერესდით, თუ რას უკავშირებს ამ მისტიკურ ნათებას უფოლოგი ერეკლე შონია, რომელსაც მამამ, ცნობილმა ფიზიკოსმა თალეს შონიამ ასწავლა ბიოლოკაციური მეთოდის თაობაზე, რომლითაც იგი ამა თუ იმ ადგილის ენერგეტიკულ ველს იკვლევდა.
For.ge-სთან საუბრისას ერეკლე შონია არ გამორიცხავს, რომ საქმე ფენომენალურ მოვლენასთან გვქონდეს. მისი აზრით, ძნელია, კონკრეტული სახელი დავარქვათ ამ მოვლენას, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც ფენომენი იწყებს მსახიობებთან ურთიერთობას. ამ ეტაპზე იმის თქმაც რთულია, ეს სულია, ნათებაა თუ რაიმე სხვა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ძველ შენობაში ფენომენალური მოვლენა უნდა ფიქსირდებოდეს.
- ძველად, ისტორიულად იმ ადგილზე სასაფლაო იყო. როგორც ჩანს, ინფორმაცია, რომელიც იმ სამარხებს აქვს, მოქმედებს დღესაც და ამ ზემოქმედებას ადგილზე მომუშავე ადამიანებიც გრძნობენ. მსგავსი ნათება როცა გამოცხადდება, ეს არ ხდება ერთი რომელიმე მიზეზის გამო. ეს არის კომპლექსი მთელი მიზეზების. მათ შორის, ერთ-ერთი მიზეზია ამ შენობის ბიოლოგიური ადგილმდებარეობა, ასევე, არქეოლოგიური ფენა, ნასაფლავარი თუ ძველი ნაეკლესიარი, რაც ამ შენობის ქვევით არის. ძველი სასაფლაო, იქ დაკრძალული მიცვალებულების ნაწილები, ძვლის ნაშთები თავიანთ ინფორმაციას ატარებენ და მოქმედებენ ადამიანზე. არ არის გამორიცხული, თეატრის დასთან ან ადმინისტრაციის ნაწილთან დაიწყოს ამ მოძრავმა ამოუცნობმა ობიექტმა უფრო მეტი კონტაქტი. იყოს ხმაური, შექმნას განსხვავებული სიტუაცია. ადამიანები ამბობენ, რომ ისინი გრძნობენ, რომ მათ ვიღაც აკვირდება, იყო შემთხვევა, როცა თეატრის თანამშრომლებს შეეშინდათ გარკვეული უცნაურ მოვლენების. თუმცა ეს არსებები საშიშები არ არიან და ადამიანი კორექტული უნდა იყოს კონტაქტისას.
გარკვეულ ადგილებში რუსთაველის თეატრის მსახიობებს უჭირთ გადაადგილება. ერთ-ერთი მათგანი აცხადებს, რომ ისეთი რამ დაინახა, მას შემდეგ საერთოდ უჭირდა გასვლა კონკრეტულ გასასვლელში. გარდა ამისა, თეატრის მსახიობებს შენობაში ხშირად ესმით გაურკვეველი ხმები.
- დიახ, იმ ადგილას შიშით ჩადიან. აქ ორი ფაქტორია- ერთია, რომ ეს ტერიტორია ნასაფლავარია, მეორეა ის, რომ ქვემოთ გვირაბია და ამ გვირაბის დიდი ნაწილი მდებარეობს გეოპათოგენურ ზონაზე, სადაც ადამიანის ხანგრძლივი ყოფნა არ შეიძლება. ანუ ეს მომდინარეობს დედამიწის ქერქიდან და მოქმედებს ადამიანებზე. ამიტომ არ არის გამორიცხული, ამ ზონაში მყოფი ადამიანი ცუდად გრძნობდეს თავს.
თქვენ აცხადებთ, რომ წინათ ქართველები ვაზის რტოთი ეძებდნენ განსაკუთრებული ენერგეტიკის მქონე ადგილებს საცხოვრებლის ან ტაძრის ასაგებად. თუკი მართლაც მიცვალებულის ძვლის ტვინიდან ფოსფორის ამოსვლას 3 ათას წელზე მეტი სჭირდება, რამდენად მოქმედებს ასეთი ადგილები განსაკუთრებულად სენსიტიურ ადამიანებზე?
- ისეთ პირობებში, როცა ნიავდება მსგავსი ადგილები, როცა იქ არ არის საცხოვრებელი სახლი აშენებული, მაშინ არანაირი პრობლემა არ არის. ხოლო, როცა ისეთ ადგილზე აშენებენ საცხოვრებელ სახლს, სადაც ქიმია გამოსულია ადამიანის ძვლის ტვინიდან, მაშინ ქიმიურ-ფიზიკური გამოსხივება უარყოფითად მოქმედებს ადამიანზე შენობაში ხანგრძლივად ყოფნის დროს. დაწესებულების შემთხვევაში, ადამიანი მაინც არ ატარებს იქ 24 საათს, გამოდის შენობიდან, სულ სხვა გარემოში ხვდება და ნაკლებად მოქმედია მასზე მსგავსი მოვლენები. წარმოიდგინეთ, ადამიანის განცდები წლების განმავლობაში იწერება მის მოლეკულებში. სულის გარდა, სხეულიც ატარებს გარკვეულ მეხსიერებას. საინტერესოა, რომ ჩვენი წინაპრები ეძებდნენ და პოულობდნენ ჯანსაღ ადგილებს და, არავითარ შემთხვევაში, არც ნასაფლავარზე არ ააშენებდნენ სახლს, არც იმ ადგილზე, სადაც ისეთი უარყოფითი ველებია, რასაც გეოპათოგენურ ზონებს ვეძახით. როგორც ჩანს, ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ ამ ადგილების ძებნის ცოდნა და უნარი.
თბილისში ხშირად გვხვდება ასეთი ადგილები? თუნდაც დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე 1923 წელს დახვრიტეს ადამიანები კომუნისტებმა. უფრო ზუსტად, ამ ტერიტორიაზე სამი ადგილია მიჩნეული ქართველების მასობრივად დახვრეტისა და დასაფლავების ადგილად.
- დასასვენებელი პარკები ისედაც მცირე გვაქვს და კიდევ მცირდება. მის ადგილას საცხოვრებელ სახლებს აშენებენ. ამას ემატება ის, რომ არ ვიცით თუნდაც იმ 20, 30-იანი წლების რეპრესიების ზუსტი ადგილმდებარეობა, სად ხოცავდნენ ადამიანებს. მერე ამას დაემატა კიდევ 40-იანი წლების, ომის შემდგომი პერიოდის საფლავები, რომლებიც არის იაპონელი და გერმანელი ტყვეების ნასაფლავარები. თუნდაც ავიღოთ წითელი პარკი საბურთალოზე, როცა იქ 90-იანი წლების შუა პერიოდში სახლებს აშენებდნენ, გერმანელი ტყვეების ძვლები და თავის ქალები ამოდიოდა, რომლებიც ჯერ კიდევ 40-იან წლებში იყვნენ დასაფლავებულნი. მესმის, რომ ყველას გვინდა ცხოვრება ცენტრში, მაგრამ მთავარია, რომ იმ ადგილებს არ უნდა შეეხონ და არ ააშენონ, რადგან ეს იქ მცხოვრებ ადამიანებზე უარყოფითად ზემოქმედებს.
ძველ ეკლესიებსაც ხშირად გარშემო სასაფლაოები აკრავს. თუნდაც კუკიაზე წმინდა ნინოს ეკლესია, დიდუბის ეკლესია, ვერის სასაფლაოზე პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ეკლესია, პეტრე-პავლეს ეკლესია. ამ ეკლესიებს კარგი ენერგეტიკა აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ მათ გვერდით სასაფლაოებია.
- იმიტომ, რომ ძველად, პირველ რიგში, ჯერ ეკლესიებს აშენებდნენ და შემდგომში მის გარშემო დიდი პატივი იყო მიცვალებულთა დასაფლავება. ეს არ იყო მეორადი ადგილი. ჯერ ეძებდნენ ადგილს, რომელიც იყო ჯანსაღი, კარგად მოქმედებდა, დადებითი ენერგიით იყო დამუხტული და იმის გარშემო კეთდებოდა საფლავები. ახლა ასე არ ხდება და წესების გაუთვალისწინებლად, ადამიანების ნებით მოზომილ ადგილებში აშენებენ სახლებს, ეკლესიებს.
ანუ ეკლესიების აშენებისას ენერგეტიკულ ველს აღარ აქცევენ ყურადღებას?
- დიახ.
გეოპათოგენური ზონები ძირითადად ძველ თბილისშია?
- გეოპათოგენური ზონები მთელ თბილისშია, განურჩევლად იმისა, ძველი თბილისია თუ არა. მთაწმინდის ტერიტორიაზე მობინადრენი არამიწიერ მოვლენებზე საუბრობენ, მათ ახსოვთ, მათ შენობაში ვიღაცამ თავი ჩამოიხრჩო, ვიღაც გაუბედურდა, რადგან სახლი ამ ზონებზე იყო აშენებული. ეს მარტო თბილისში არ ხდება, არამედ სხვა ქალაქებშიცაა. მაგალითად, ქუთაისის პარლამენტის შენობა ცუდი ენერგეტიკის მატარებელია, მით უმეტეს, უბედურ შემთხვევას-დედა-შვილის დაღუპვას დაემთხვა მისი მშენებლობა. ასევე, ცოდვით არის დამძიმებული თბილისის პარლამენტის შენობა, სადაც თავის დროზე იუნკრების საფლავი და ეკლესია იყო.