Lustracio-განწმენდა მსხვერპლშეწირვის გზით - ეს არის ლუსტრაციის ენციკლოპედიური განმარტება. აღმოსავლეთ ევროპის ყოფილ სოციალისტურ ბანაკში 1990-93 წლებში მიიღეს კანონები ლუსტრაციის შესახებ, რამაც დადებითი როლი ითამაშა ამ ქვეყნების შემდგომი განვითარების საკითხში. მაგ. თუ ლუსტრაციის პროცესში დადასტურდებოდა ტოტალიტარულ რეჟიმთან თანამშრომლობის ფაქტები, პიროვნებას აძლევდნენ არჩევანის უფლებას თანამდებობის ნებაყოფლობით (გამომჟღავნებული ფაქტების საიდუმლოდ შენახვის გარანტიით) და იძულებით დატოვებას შორის (მაკომპრომეტირებელი ინფორმაციის საჯარო გამოქვეყნებით). ლუსტრაციის შესაძლებლობას ძირითადად იძლევა ამა თუ იმ სპეცსამსახურების მიერ შექმნილი არქივები. ასეთი არქივი ჰქონდა საბჭოთა სუკ-ს, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით გატანილი იქნა საქართველოდან.
ლუსტრაციის აუცილებლობა, რომ კვლავ აქტუალურია, ამაზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება. 90-იან წლებიდან მოყოლებული, როდესაც ახალგაზრდა, დამოუკიდებელი ქვეყნის საზოგადოება აცხადებდა ლუსტრაციის აუცილებლობის შესახებ, ეს იმით აიხსნებოდა, რომ ქვეყნის მართვის სადავეებთან არ მოხვედრილიყვნენ საბჭოურ სუკ-თან ნათანამშრომელი აგენტები, რაც მათ მიერ ქვეყნისთვის კრიტიკულ მომენტში მიღებულ გადაწყვეტილებების საიმედოობის ალბათობას შეამცირებდა. ბევრი მიზეზის გამო (ამაზე მსჯელობა შორს წაგვიყვანს) ჩვენმა ქვეყანამ ვერ მიიღო კანონი ლუსტრაციის შესახებ, რაც ჩემი აზრით, ერთ-ერთი იმ მიზეზთაგანია, რამაც განაპირობა ჩვენი საზოგადოების, უკვე მერამდენედ, ერთი და იგივე წრეზე ბრუნვა. მართლაც და თუ დავუკვიდებით, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მომენტებში, გადაწყვეტილებების მიღება ხშირად უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ხდებოდა.
აღიარებული ფაქტებით ნაციონალური ხელისუფლებაც მუშაობდა საკუთარი არქივის შექმნაზე. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამეგრელოში სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტომ აღმოაჩინა სამალავი, სადაც განთავსებულია ასაფეთქებელი ნივთიერებები, ცეცხლსასროლი იარაღები, ნარკოტიკული საშუალებები და წინა ხელისუფლების ოპონენტების მაკომპრომატირებელი მასალები, დაახლოებით 25 000 ფაილი. უღებდნენ ყველას და ყველაფერს, ღია თუ ფარული კამერით და ეს მხოლოდ რამდენიმე ადამიანისათვის იყო ხელმისაწვდომი. თუ რაში გამოიყენებდა და სავარაუდოდ, კიდევ იყენებს ამ მაკომპრომატირებელ მასალებს ნაცმოძრაობა არ უნდა იყოს რთული გასაგები. ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, აუცილებელ გასატარებელ ღონისძიებად მიმაჩნია „კასრებში ჩამარხული საქართველოს“ ლუსტრაცია ნდობის ჯგუფის მიერ, რათა უკვე კომპრომენტირებულ „ერისკაცებს“ მიეცეთ არჩევანი, თანამდებობის ნებაყოფლობით (გამომჟღავნებული ფაქტების საიდუმლოდ შენახვის გარანტიით) და იძულებით დატოვებას შორის (მაკომპრომეტირებელი ინფორმაციის საჯარო გამოქვეყნებით).
„ოო, ვგოდებ, უფალო, დაბრმავებულ ბრბოს დავტირი ერად ყოფილს.
- ვგლოვობ შეგინებულ ჩალისფერ დროშას!
- დავტირი მარადმძინარეთ და დედის საშოშივე მკვდრად ჩასახულ ნაყოფს!
- დავტირი ხუცესს,მტრის შიშით,მალვით რომ იძლევა ლოცვა- კურთხევას!
- დავტირი ტაძარს,გამოკეტილს და გაუქმებულს,დარჩენილს უმღვდლოდ!
- დავტირი ქალწულს,რომელსაც ამირანის ნაცვლად მთვლემარე ჰერმოფროდიტი შეატყუეს!
- დავტირი ენას,გაუქმებამდე მისულს!
- დავტირი გონებას დარჩენილს აზრის გარეშე!
- დავტირი სინდისს, დარჩენილს ქეჯნის გარეშე!
- დავტირი გულს, სიკვდილივით ცივს, გრძნობადაკარგულს!
- დავტირი სულს, სადაც აღარ არის ალაგი ღვთისათვის!
- დავტირი პირუტყვადქცეულ საბრალო ადამიანს, ფოთლის შრიალიც რომ აფრთხობს შიშშეპყრობილს!
- და დავტირი საკუთარ თავს, რამეთუ ხმა ჩემი ყოველ წინასწარმეტყველის მსგავსად რჩება „ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა!“
გია ჭანტურია „ახალი იერემიას გოდება “