„პილოტი მოატყუეს, კოდორის ხეობა დაცლილია და კრიმინალები გადაბუგეო“

„პილოტი მოატყუეს, კოდორის ხეობა დაცლილია და კრიმინალები გადაბუგეო“

კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი სააკაშვილისა და ოქრუაშვილის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს. როგორც ემზარ კვიციანის და ნორა კვიციანი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, სარჩელი პირადად ემზარ კვიციანის მიზეზით არ იქნება მოტივირებული, არამედ ეს იქნება სარჩელი კოდორის ხეობის თაობაზე.

მისი თქმით, ერთ-ერთმა პილოტმა პირადად ოქრუაშვილის, სააკაშვილის, სუხიტაშვილისა და ნიკოლაიშვილისგან მიიღო ბრძანება, კოდორის ხეობის სოფლის დაბომბვის შესახებ. პილოტს მოტყუებით უთხრეს, რომ ხეობა დაცლილია, იქ აღარავინ დარჩა, მარტო კრიმინალები არიან და ყველა გადაბუგეო. თუმცა მოულოდნელად, პილოტმა ეზოში მოთამაშე ბავშვები და ქალები დაინახა და იყვირა, რატომ მღუპავთო.

„ერმა ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს განაჩენი უნდა გამოუტანოს იმ ბრძანებისთვის, რაც მათ გასცეს. დღეს ჩვენ ცოცხლები ვართ და ამ პილოტებს მადლობა უნდა ვუთხრათ. კოდორელებმა უნდა გაიგონ, რა მოხდა სინამდვილეში და რა გმირობა ჩაიდინეს პილოტებმა მაშინ, როცა ბრძანება იყო გაცემული, ხეობაში ქვა-ქვაზე არ დატოვოთო. ეს მათ არ უნდა ეპატიოთ. ვიმედოვნებ, პილოტები ამოიღებენ ხმას და სიმართლეს იტყვიან. იტყვიან იმასაც, როგორ არწმუნებდნენ, თითქოს სოფელი ევაკუირებული იყო, თორემ ხეობას ხომ არ დავბომბავთო?! ამ დროს ქალებითა და ბავშვებით სავსე ხეობას წყვეტდნენ და ჟლეტდნენ. ცხინვალი ამოწყვიტეს და კოდორის ხეობის ამოწყვეტაზე უარს იტყოდნენ?! ამის შემდეგ პილოტი ციხეში ჩასვეს და რა დღეში ჰყავთ დღემდე“, - აცხადებს ნორა კვიციანი.

ამასთან, განმარტავს, რომ პილოტები ამ ეტაპზე ჟურნალისტებს ვერაფერს ეტყვიან, სულ მალე კი, სავარაუდოდ, არჩევნების შემდეგ მისი ძმის სასამართლო პროცესები დაიწყება და ისინი აუცილებლად მისცემენ ჩვენებას.

„ამიტომაც არ მინდა მათი გამჟღავნება. ჯერ კიდევ შიში აქვთ ჩანერგილი, ჩემი ძმა დღეს ციხეში უნდა იჯდეს და ესენი კიდევ კენჭს იყრიდნენ, პრესით გამოდიოდნენ და მთელ ერს აბოლებდნენ ტელევიზიიდან? რა უფლება აქვთ ამათ საერთოდ პირი გახსნან კი არა, საქართველოს მიწაზე ფეხი დააბიჯონ. ეს უნდა გამჟღავნდეს, ერმა უნდა გაიგოს, როგორი ხელისუფლება ჰყავდა საქართველოს, რატომ ვიჯექი მე ექვსი წელი და ოთხი თვე ციხეში, რატომ იდევნებოდა ჩემი ძმა და რატომ არის დღესაც ემზარ კვიციანი ციხეში, იმისთვის, რომ ხეობა ამოეჟლიტათ? როდესაც დაწვეს ჩვენი სამყოფელი და ჩვენი სახლ-კარი მთლიანად ამოძირკვეს, მე მინდორში ვეგდე და კიდევ კარგი, უფრო იქით დააგდეს „სნარიადი“, უკვე ბოლში გახვეული და გონდაკარგული ვიყავი“.

რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილს, ნორა კვიციანი მოღალატეობაში მასაც სდებს ბრალს. კერძოდ, მისი თქმით, 2005 წლის ივნისში ირაკლი ოქრუაშვილმა ბატალიონი „მონადირე“ გააუქმა. ამ დროს მან კარგად იცოდა, რომ 15 კილომეტრში ჩვენი მოწინააღმდეგე - რუსეთი იდგა. აფხაზეთის აღიარება კი კოდორის ხელში ჩაგდებამდე არ მოხდებოდა. „როცა ეს იცი და ბატალიონს მაინც აუქმებ, ე.ი. მოღალატე ხარ“, - მიიჩნევს ნორა კვიციანი და გაოცებულია, რომ დღეს ეს მოღალატე კაცი- ირაკლი ოქრუაშვილი არენაზე ისევ გამოდის და ისევ პოლიტიკაში ერევა.

„გამოძიება რაღა ჩემი ძმიდან უნდა დაიწყონ - დაიწყონ სათავიდან. რატომ უნდა იყოს ჩემი ძმა ციხეში და ირაკლი ოქრუაშვილი გარეთ?! რატომ არ ჩასვა ხელისუფლებამ ციხეში ოქრუაშვილი?!“ - აინტერესებს ემზარ კვიციანის დას.

მისი თქმით, ემზარი რუსებსაც ეუბნებოდა, სანამ ცოცხალი ვარ, აქ არ შემოგიშვებთო, ხან ხიდებს უფეთქებდნენ, ხან თავისი ბლოკ-პოსტის გადმოტანა უნდოდათ ჩვენს ტერიტორიაზე, მაგრამ ემზართან ვერაფერს გახდნენ, ბოლოს უთხრეს, ვაჟკაცი ყოფილხარო და გაბრუნდნენ.

„ჩემი ძმა მოატყუეს, კოდორში გიბარებენო და იქიდან გაიტაცეს. ჩემი ძმა გატაცებულია, ის რუსეთში თავისი ნებით არ წასულა და მით უმეტეს, არ გაქცეულა. ამიტომაც იყო შიდაპატიმრობაში ამდენი წელი, თორემ რუსს თვითონ ებრძოდა. წინა ხელისუფლებამ თავად მოატაცებინა ემზარი მოტყუებით და ჩემი ძმა ამ ყველაფერს დეტალურად იტყვის“, - აცხადებს ყოფილი პოლიტპატიმარი.