ქართული ანიმაციის მომავალი

ქართული ანიმაციის მომავალი

ანიმაციის რეჟისორის, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის ლადო სულაქველიძის სახელი კარგად არის ცნობილი ქართული ხელოვნების მოყვარულთათვის. რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ბატონმა ლადომ მრავალი ანიმაციური სურათი გადაიღო. ამის პარალელურად საკუთარი შესაძლებლობები კინოდოკუმენტალისტიკაშიც მოსინჯა. ის არის ავტორი 43 დოკუმენტური ფილმისა. რა მდგომარეობაა ამჟამინდელ ქართულ ანიმაციაში და რა პირადი გეგმები გააჩნია, ყოველივე ამის გასაგებად ბატონ ლადოს სტუმრად ვეწვიეთ.

 

დიდი მადლობა რომ ჩვენთან სასაუბროდ მოიცალეთ. საინტერესოა ამჟამად სად საქმიანობთ და რა გეგმები გაქვთ?

 

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თბილისის თეატრალურ უნივერსიტეტში პედაგოგიურ მოღვაწეობას ვეწევი. რამდენიმე ნიჭიერი ახალგაზრდა მყავს და ანიმაციის რეჟისორის პროფესიის დაუფლებაში ვეხმარები.

 

რაც შეეხება პირად შემოქმედებით გეგმებს. რამდენიმე პროექტის განხორციელება კი მსურს, მაგრამ დროებით გაჩერებული ვარ - გარკვეული ტექნიკური პრობლემების გამო. ამ თემაზე  დაწვრილებით საუბარი არ მსურს, რადგან წინასწარ ლაპარაკი არ მიყვარს. ერთადერთი გეტყვით, რომ მომავალი ნაშრომი ეროვნულ თემატიკას შეეხება.

 

2007 წლის შემდეგ არაფერი გადაგიღიათ. რა არის ამისი მიზეზი?

 

– ბოლო წლების განმავლობაში ძირითადად სასწავლო პროცესით ვარ დაკავებული. 2007 წელს ისე მოხდა, რომ სტუდია “მიფასთან” ვთანამშრომლობდი და ოთხი ანიმაციური ფილმი გადავიღე. შემდეგ გარკვეული წინააღმდეგობები შემხვდა. ეს ეხებოდა როგორც ტექნიკურ მხარეს, ასევე ფინანსურ სიძნელეებსაც. ჩვენთან  არის მიღებული: პროექტი კინოცენტრში მიგაქვს და თუ მოწონება დაიმსახურა თანხის 75%-ს გაძლევენ. დანარჩენი თავად უნდა მოიძიო. არსებობს მეორე გზაც. კერძო დამფინანსებელი გაფინანსებს.

 

ამ დროს შემოქმედებით თავისუფლებაზე უარი უნდა განაცხადო და პროდიუსერის გემოვნება გაითვალისწინო. მაგალითად სტუდია “მიფასში” აინტერესებდათ იმ ანიმაციური სურათების გადაღება, რომელიც მხოლოდ 3-დან 10 წლამდე მოზარდებისათვის იქნებოდა განკუთვნილი. ყოველივე ამ ფაქტორების გათვალისწინების გამო დროებით გაჩერებული ვარ, თუმცა მომავალს მაინც ოპტიმისტურად ვუყურებ.

 

არაერთი დოკუმენტური სურათი გაქვთ გადაღებული. საკუთარ თავს კინოდოკუმენტალისტებს მიაკუთვნებთ თუ ანიმატორებს?

 

– პროფესიით  ანიმაციის რეჟისორი ვარ, თუმცა დოკუმენტური ფილმების რეჟისორობაზეც გამაჩნია გარკვეული პრეტენზია. ჩვენთან ადრე მიღებული იყო, რომ მხოლოდ სპეციალობის მიხედვით უნდა გემუშავა. ერთ დღეს ამ სტერეოტიპის დარღვევა მოვისურვე და უკვე 43 დოკუმენტური სურათის ავტორი გახლავართ. იმ წლებში სხვადასხვა ტელევიზიებში მუშაობა მომიწია. გახსოვთ რა მძიმე მდგომარეობა იყო ქვეყანაში. დოკუმენტური ფილმების გადაღება კი გაცილებით იოლი აღმოჩნდა.

 

გადაღებული ნამუშევრებიდან განსაკუთრებით რომლებს გამოყოფდით?

 

– თავდაპირველად ანიმაციით დავიწყებ. არ ვიცი გახსოვთ თუ არა ანიმაციური თოჯინური სურათი “მოდის”. რაც შეეხება დოკუმენტურ კინოს, გამოვყოფდი “ჩემს ქვეყანას”. ეს იყო საქართველოს შესახებ შექმნილი ტელესერიალი და თვეში სამ ფილმს ვიღებდით. თითოეულის ხანგრძლივობას ათ წუთს შეადგენდა.

 

განსაკუთრებით მინდა გავიხსენო დოკუმენტური სურათი  “გერმანული სათვისტომო”. დაახლოებით ათი წლის წინ ერთი საინტერესო პროექტი მქონდა. მინდოდა საქართველოში მცხოვრები უცხოელი სათვისტომოების ყოფა–ცხოვრება და კულტურული ტრადიციები მეჩვენებინა.მხოლოდ ერთი მათგანის გადაღება მოვახერხე. საკმაოდ ძვირადღირებული პროექტი აღმოჩნდა და ტელევიზიებმა მის გასაგრძელებლად საჭირო თანხები ვერ მოიძიეს. მათმა ხელმძღვანელებმა ეს იდეა დიდ ფუფუნებად ჩათვალეს. სამწუხარო ფაქტია, რადგან “გერმანულმა სათვისტომომ” საქართველოში დიდი დაინტერესება გამოიწვია.

 

ქართულ ანიმაციას მდიდარი ისტორია გააჩნია. მოკლედ როგორ შეაფასებდით მის მიერ განვლილ გზას?

 

– ქართული ანიმაციის დაბადების თარიღად ოფიციალურად 1935 წელი ითვლება, როდესაც რეჟისორმა ლადო მუჯირმა “არგონავტები” გადაიღო. მართალია, ერთი ნამუშევარი მანამდეც არსებობდა, მაგრამ რატომღაც ფუძემდებლად მაინც ზემოთ დასახელებული ფილმი ითვლება.

 

ამის შემდეგ ქართულ ანიმაციაში 1992 – 93 წლებამდე ყოველწლიურად რამდენიმე სურათს იღებდნენ და მათმა საერთო რაოდენობამ 400 – 500-ს მიაღწია. ამის შემდეგ მრავალწლიანი უძრაობის პერიოდი დადგა, რომელსაც სევდანარევი ხუმრობით “კლინიკური სიკვდილის” წლებს ვუწოდებდი. დღეს ყინული გარკვეულწილად გალღვა და რამდენიმე მცირემეტრაჟიანი სურათი შეიქმნა. რასაკვირველია 15 წლიანმა ჩავარდნამ თავისი როლი ითამაშა და უმეტესი მათგანის მხატვრული დონე არ მაკმაყოფილებს. დადებითი კი ის ფაქტორია რომ საქართველოში ანიმაციით კვლავ დაინტერესდნენ. პირადად მე თეატრალურ ინსტიტუტში ამჟამად შვიდი სტუდენტი მყავს.

 

ამჟამად ჩენს ქვეყანაში გადაღებულ ანიმაციურ სურათებს კომერციული წარმატების მიღწევა არ შეუძლიათ. მათ ძირითადად საავტორო ნამუშევრების რანგში გავიყვანდი, რომელიც სპეციფიური მაყურებლისათვის და სპეციალისტებისათვის არის გათვლილი. ახალგაზრდა თაობა კი მოდის, მაგრამ მათთვის ხელშემწყობი პირობები ჯერ არ გაგვაჩნია.

 

აუცილებელია შესაბამისი სტუდიების არსებობა. ამ სიამოვნებას კი ამჟამად მოკლებულები ვართ. კანტი კუნტად აქა იქ რომელიმე სტუდია ხან გაიხსნება და ცოტა ხნის შემდეგ ისევ დაიკეტება. ამას საქმისადმი სერიოზულ დამოკიდებულებას ვერ ვუწოდებდი. ხშირად გამიგია ისიც, რომ მავანი და მავანი ანიმატორი უცხოელ კოლეგებთან ერთად ერთობლივ პროექტზე მუშაობას იწყებს, მაგრამ ეს ყოველივე მხოლოდ საუბრის დონეზე რჩება. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ამჟამად არც შესაბამისი ბაზა გაგვაჩნია და არც საკმარისი ტექნიკური პერსონალი გვყავს.

 

ბოლო პერიოდში საქართველოში გადაღებულ 3D ფორმატის ანიმაციურ სურათებზე რას გვეტყოდით?

 

– პირადად მე ამ ტექნიკაში არ ვმუშაობ. საქართველოში ბოლო პერიოდში შექმნილი რამდენიმე ნამუშევარი ნანახი მაქვს და არ მომეწონა. ერთადერთი სასიამოვნო გამონაკლისი რეჟისორი დათო სიხარულიძის “გავარდნილები” აღმოჩნდა. იცით რაშია საქმე? არსებობს წიგნი და არის პროკლამაციაც. არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ საქართველოში შექმნილი 3D-ს ფორმატის ანიმაციური სურათების დიდ ნაწილს სწორედ რომ პროკლამაციების რანგში გავიყვანდი.

 

წმინდა ანდრიას ჯვრის” კინოფესტივალის ჟიურის წევრი რამდენჯერმე იყავით. კიდევ თუ გაიმართება ეს ფესტივალი?

 

– მართალი ბრძანდებით, რელიგიურ თემატიკაზე შექმნილი კინონამუშევრების ამ ფესტივალზე ორჯერ ვიყავი მიწვეული. გასულ წელს ერთგვარი იუბილეც ვიზეიმეთ, რადგან იგი მეხუთედ ჩატარდა. გაცნობებთ რომ ეს კინოფესტივალი ტრადიციულად ბათუმში, ყოველი წლის ოქტომბრის მეორე ნახევარში იმართება და ეს ტრადიცია არც მიმდინარე წელს დაირღვევა.

 

2008 წელს, “წმინდა ანდრიას ჯვრის” ფესტივალის სპეციალური ჯილდო დაიმსახურა ჩემმა ვაჟმა ვახტანგმა, რომელმაც ქაშვეთის ეკლესიის შესახებ გადაღებული სურათი “ერთადერთი რუსთაველზე” წარმოადგინა. ვახტანგი ამჟამად თეატრალური ინსტიტუტის საოპერატორო ფაკულტეტზე სწავლობს და მომავლისათვის მრავალი გეგმები გააჩნია.

 

ჩვენი საუბრის დასასრულს საინტერესოა თქვენი აზრის გაგება თანამედროვე ქართული კინოხელოვნების შესახებ?

 

– რამდენიმე ხნის წინ, ერთ-ერთ რუსულ ტელეარხზე ცნობილი იტალიელი სცენარისტი ტონინიო გუერას გამოსვლა მოვისმინე. წამყვანის შეკითხვაზე, რუს კინემატოგრაფისტებს რას ურჩევდითო, ამ უკანაკნელმა შემდეგი პასუხი გასცა. - “გადაიღეთ ანიმაციური ფილმები, რომლებიც თქვენს კულტურას მსოფლიოს გააცნობს, ასევე ყურადღება მიაქციეთ დოკუმენტურ სურათებსაც, რომლებშიც თქვენი ისტორია იქნება ასახული”.

 

მიმაჩნია რომ თანამედროვე ქართული კინოხელოვნება ამ მიმართულებით უნდა განვითარდეს. სამწუხაროდ რეალობაში სულ სხვა სურათი გვაქვს. მასობრივად იღებენ ე. წ. “კომერციულ” სურათებს, რომლებიდანაც როგორც ჩემთვის არის ცნობილი უცხოეთში არც ერთი მათგანი არ  გაყიდულა. ბოლო პერიოდში გადაღებული ქართული მხატვრული სურათების უდიდესი ნაწილი ერთმანეთს წააგავს და მათში ძირითადად ქუჩის თემატიკაა ასახული. პრეტენზია არ მაქვს თავად მსახიობების თამაშის დონეზე ან უშუალოდ გადაღების ტექნიკურ მხარეზე.

 

მიმაჩნია, რომ თანამემამულე სცენარისტები და რეჟისორები უფრო ქართული თემატიკით უნდა დაინტერესდნენ. მაგალითისათვის კი გეტყვით, რომ უკანასკნელ პერიოდში საქართველოში გადაღებული კინოსურათებიდან მხოლოდ “ჯაყოს ხიზნები” მომეწონა. ეს სურათი გაექცა იმ მოდას რომელიც ქართულ კინოხელოვნებაში დამკვიდრდა და ყოველივე უცხოურის უნიჭო კოპირებას ითვალისწინებს. ამის მიუხედავად მიმაჩნია, რომ ქართული კინო ძილის მდგომარეობიდან გამოდის და თანდათან ვითარდება.