სასჯელთა შეკრებითობის პრინციპის ამოქმედებას უმრავლესობა სავარუდოდ მხარს არ დაუჭერს

სასჯელთა შეკრებითობის პრინციპის ამოქმედებას უმრავლესობა სავარუდოდ მხარს არ დაუჭერს

სასჯელთა შეკრებითობის პრინციპი შესაძლოა კვლავ ამოქმედდეს. კანონპროექტს იუსტიციის სამინისტრო ამზადებს. კანონპროექტს, რომელიც მალე პარლამენტში შევა, სავარაუდოდ, მხარს არ დაუჭერს უმრავლესობა. კანონპროექტის მომზადება დღის წესრიგში სასამართლო პრაქტიკის და იმ პრობლემების გათვალისწინებით დადგა, რაც სასჯელთა შეკრებითობის პრინციპის გაუქმებამ და ძალაში მხოლოდ „შთანთქმის პრინციპის“ დატოვებამ გამოიწვია.

იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში ჯერ არ შესულა. სასჯელთა შეკრებითობის პრინციპი ახალმა ხელისუფლებამ 2013 წელს გააუქმა. პარლამენტის მიერ ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, შეკრებითობის პრინციპის გამოყენება ავტომატურად არ მოხდება და მოსამართლეებს საშუალება ექნებათ, თავად აირჩიონ, რა ნორმას მიმართონ. 

როგორც იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ზურაბ სანიკიძე განმარტავს, ამ კანონის აღდგენის აუცილებლობა დღის წესრიგში დადგა სასამართლო პრაქტიკის შედეგად და იმ პრობლემების გამოკვეთის შემდეგ, რომლებიც გამოიწვია სასჯელის შეკრებითობის გაუქმებამ და ძალაში მხოლოდ შთანთქმის პრინციპის დატოვებამ.

„იუსტიციის სამინისტრო თავიდანვე იყო წინააღმდეგი უპირობო შეკრებითობის პრინციპისა, რომელიც მოგეხსენებათ შეიცვალა და დღეს აღარ მოქმედებს. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ უნდა იყოს მხოლოდ შთანთქმის პრინციპი და რატომაა მიზანშეწონილი როგორც შთანთქმის, ასევე ნაწილობრივ, ან სრულად შეკრების პრინციპი რომ არსებობდეს, პირველი, ეს არის პრაქტიკაში ნაჩვენები პრობლემები. შეიძლება ეს სრული შთანთქმის პრინციპი გარკვეულწილად მასტიმულირებელი ფაქტორიც კი იყოს და პრევენციულ ზომებს ვერ მიიღებს ამ შემთხვევაში კანონი. 

ჩვენ არ ვუბრუნდებით შეკრებითობის პრინციპს, უბრალოდ მოსამართლეს ექნება შესაძლებლობა ორივე გამოიყენოს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კანონის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია, რომ უნდა მოხდეს სასჯელის ინდივიდუალიზაცია“, - განაცხადა ზურაბ სანიკიძემ.

2006 წელს, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, დადგენილ იქნა, რომ ყველა შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას მოხდებოდა სასჯელების მთლიანად შეკრება. თუმცა, 2013 წელს იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც უნდა გაუქმებულიყო სასჯელთა უპირობო შეკრების პრინციპი და უნდა აღდგენილიყო ძველი, ალტერნატიული მიდგომის პრინციპი, რომლის მთავარი სიკეთეებია სასჯელის პროპორციულობა და ინდივიდუალიზაცია, აგრეთვე მოსამართლის დისკრეცია, თავად განსაზღვროს, თუ რომელი პრინციპი გამოიყენოს - სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების, მთლიანი შეკრების, თუ შთანთქმის.

თუმცა, საბოლოოდ ისე მოხდა, რომ პარლამენტმა მიიღო 59-ე მუხლის ისეთი ვერსია, რომლის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს უფრო მკაცრი სასჯელი ყველა შემთხვევაში შთანთქავდა ნაკლებად მკაცრს. ფაქტიურად, ამით დადგენილ იქნა სასჯელთა უპირობო შთანთქმის პრინციპი.

შესაბამისად, სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში, რომელშიც იუსტიციის სამინისტროს გარდა ასევე შედიან სამართალდამცავი ორგანოების, პარლამენტის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი და უცხოური სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, მიღებულ იქნა წინადადება, რომ აღდგენილ იქნას ალტერნატიული მიდგომა და, ამასთანავე, სასჯელთა შეკრების შემთხვევაშიც კი, დადგენილ იქნას საბოლოო სასჯელის ზედა ზღვარი. 

იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული რედაქცია ასეთია - დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრ ან იგივე ზომის სასჯელს ან სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება. სასჯელთა ნაწილობრივ ან მთლიანად შეკრების შემთხვევაში, საბოლოოდ დანიშნული სასჯელი არ უნდა აღემატებოდეს ჩადენილ დანაშაულთა შორის ყველაზე მძიმე დანაშაულისთვის გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელისა და მისი ნახევრის ჯამს.

საქართველოს პარლამენტის წევრის, თინა ხიდაშელისთვის უცნობია, დარეგისტრირდა თუ არა პარლამენტში სასჯელთა შეკრებითობის პრინციპის შესახებ კანონპროექტი. კითხვაზე, ზოგადად ამ პრინციპის მიმართ როგორია მისი დამოკიდებულება, ხიდაშელი პასუხობს, რომ მისი დამოკიდებულება ამ პრინციპის მიმართ ზუსტად იმდენი წელია ცნობილი, რამდენი წლის წინაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს სიმახინჯე შემოიტანა კანონმდებლობაში.

უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ კანონპროექტი პარლამენტში ჯერ არ შემოსულა, თუმცა იცის, რომ მას მხარს არ დაუჭერს.

„მოვისმინოთ არგუმენტები. ძალიან უნდა გადამარწმუნოს ვიღაცამ, რომ მხარი დავუჭირო. მე გამიჭირდება წინასწარ რამის თქმა, მაგრამ ამ წუთას განწყობილი ვარ, რომ უნდა დარჩეს ისე, როგორც არის. მგონია, რომ კანონის შეცვლა მაინცდამიანაც არაა აუცილებელი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლევან ბერძენიშვილი.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ სოზარ სუბარის განცხადებით, ჟურნალისტებისგან ესმის პირველად, რომ პარლამენტში სასჯელთა შეკრებითობის პრინციპის შესახებ კანონპროექტია დარეგისტრირებული. 
„პირველად მესმის თქვენგან. შეკრებითობა არის გაუქმებული, მაგრამ მოსამართლეს აქვს დატოვებული უფლება, საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს შეკრებითობა. ანუ მოსამართლის დისკრეციაა გამოიყენებს სრულად შთანთქმის პრინციპს, გამოიყენებს ნაწილობრივ შეკრებითობას თუ გამოიყენებს სრულად შეკრებითობას“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა. 

იუსტიციის სამინისტროს ინიციატივას შეკრებითობის პრინციპის დაბრუნებას პოზიტიურად აფასებს იურისტი კახი კახიშვილი. კახიშვილი თვლის, რომ უნდა დადგინდეს კრიტერიუმები, როდის უნდა გამოიყენოს მოსამართლემ სასჯელის შეკრებითობისა და შთანქმის პრინციპი. როგორც კახიშვილმა for.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, შეცდომა იყო როცა სასჯელის უპირობო შეკრების პრინციპიდან უპირობო შთანთქმის პრინციპზე გადავედით.

„ვფიქრობ, რომ იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა სავსებით კარგია. ჩემი აზრით, შეცდომა იყო როცა სასჯელის უპირობო შეკრების პრინციპიდან გადავედით უპირობო შთანთქმის პრინციპზე. მოსამართლეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა თავად გადაწყვიტოს გამოიყენოს სასჯელის შთანთქმის, თუ შეკრებითობის პრინციპი. თუმცა, ამ ყველაფერს სჭირდება კარგი გაწერა, რათა ეს ყველაფერი დამოკიდებული არ იყოს მოსამართლის პირად რწმენაზე. ამიტომ დასადგენი იქნება კრიტერიუმები - როდის შეეძლება მოსამართლეს სასჯელის შთანთქმის, ან შეკრებითობის პრინციპის გამოიყენება“, - აცხადებს კახი კახიშვილი.

იურისტი ლია მუხაშავრი აცხადებს, რომ ახალი კანაონპროექტი რეალურად მოსამართლის უფლებამოსილების გაზრდას უწყობს ხელს. თუცმა, მისი თქმით, თუ გავითვალისწინებთ ვინ არიან ჩვენი მოსამართლეები და რამდენად ვენდობით მათ, ამ თვალსაზრისით სრულიად უკუშედეგს ვიღებთ.

„ყველას ის ავადსახსენებელი წლები ახსენდება, თორემ არსებითან ეს არ ცვლის მდგომარეობას, რომელიც ახლა არის. ეს არაა აბსოლუტური შეკრების პრინციპი, რაც იყო ადრე და მექანიკურად ჯამდებოდა ყველა დანაშაული ცალ-ცალკე ისე, რომ 30 წლამდე შეიძლება ყოფიყო სასჯელი. ახლა ნაწილობრივ შეკრებითობის პრონციპი გამოიყენება ერთობლიობისას, ოღონდ ყველაზე მძიმე დანაშაულის მიმართ სასჯელს არ უნდა აღემატებოდეს შეკრებილი სასჯელები.

ანუ, პრინციპში, ეს შთანთქმა არის, იმიტომ, რომ შთანთქმის პრინციპიც თითქმის იგივეა, ამიტომ ჩემთვის სრულიად გაუგებარია რატომ ჩაწერეს შთანთქმის პრინციპი, თუ ეს პირობა იქნება. ჩემი აზრით, ეს არის ერთ-ერთი ნაბიჯი, რომ მოსამართლეს მეტი უფლებამოსილება ჰქონდეს ინდივიდუალურ შემთხვევებში, კონკრეტულად გადაუწყვიტონ, კონკრეტულ მსჯავრდებულს რამდენი მიესაჯოს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლია მუხაშავრია.