თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩანა ახალაიას მეუღლეს, ანი ნადარეიშვილს ადვოკატი, ლილიკო გელაშვილი ტყუილში ამხელს. ბაჩო ახალაიას მეუღლემ სოციალურ ქსელში გაავარცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ახალაიას საქმის ბრალდების მთავარმა მოწმემ, მამუკა ბეჭვაიამ 2014 წლის 16 აპრილს მოქალაქე ლალი გელაშვილს ორჯერ მიაყენა ჭრილობა. თუმცა, იმის გამო, რომ მოწმე იყო ადვილად გაათავისუფლეს.
„პროკურატურის მოწმე მამუკა ბეჭვაია, რომელიც ადრე სამჯერ ნასამართლევი და ბესელიას მიერ ამნისტირებული იყო, 2014 წლის 16 აპრილს ვაგზლის მოედანთან ყაჩაღობა ჩაიდინა, მოქალაქე ლალი გელაშვილს ორჯერ მიაყენა ჭრილობა დანით და წაართვა მობილური ტელეფონი.
იგი დააკავეს რამდენიმე საათში, მაგრამ ვინაიდან აღმოჩნდა ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ მთავარი მოწმე, იგი გაათავისუფლეს. ამ შემთხვევაში ქოცპროკურატურას გაუმართლა, ვინაიდან დაზარალებული ლალი გელაშვილი აღმოჩნდა თამაზ თამაზაშვილის ახლო მეგობარი და ადვოკატი და ასევე ნოშიკო ნამორაძის ადვოკატი. ასე რომ, იგი ადვილად გააჩუმეს“, - წერს ანი ნადარეიშვილი.
ადვოკატი, ლილიკო გელაშვილი for.ge-სთან საუბრისას უარყოფს მამუკა ბეჭვაიასთან ნაცნობობას და ასევე მისი დაჭრის შესახებ ნადარეიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
ქალბატონი ლილი, მამუკა ბეჭვაიას თუ იცნობთ და რა ინციდენტი მოხდა მასსა და თქვენს შორის? ნადარეიშვილი წერს, რომ ბეჭვაიამ 2014 წლის 16 აპრილს ვაგზლის მოედანთან დაგაყაჩაღათ, ორჯერ მოგაყენათ დანით ჭრილობა და მობილური ტელეფონი წაგართვათ.
- ასეთი სახელი და გვარი საერთოდ არ მეცნობა. თვითონ ამ ბეჭვაიასთან ნაცნობობა რაში მაინტერესებს, როცა დაჭრილი არ არასოდეს ვყოფილვარ. ესენი ტვინში არიან დაჭრილები და რამდენ უმსგავსობას გააკეთებენ, ამაზე ვერ გავაკათებ კომენტარს.
რომ დავაზუსტოთ 2014 წლის 16 აპრილს თქვენთვის დანით ჭრილობა არ მიუყენებიათ?
- მეხუმრებით? არასოდეს, ცხოვრებაში არ ვყოფილვარ დაჭრილი, რას ამბობთ?! დაჭრა, ეს ისეთი შემთხვევაა, რომლის დამალვა წარმოუდგენელია. როგორ ფიქრობთ დაფიქსირებული არ იქნება, ან დაჭრის კვალი არ დამეტყობოდა?
მაშინ რას ეფუძნება ახალაიას მეუღლის ეს განცხადება, რატომ თქვენ და არა სხვა? ის ამბობს, რომ თქვენ თამაზ თამაზაშვილის მეგობარი ხართ და ამიტომ გაუმართლა ბეჭვაიას...
- მეგობარი კი არ ვარ, მე ვარ თამაზ თამაზაშვილის ადვოკატი. თამაზაშვილი, რომ ყელში ყავთ გაჩხერილი - ფაქტია. იმიტომ, რომ მისი ადვოკატი ვარ, დამჭრეს და ეს ვინმეს შევარჩინე? მე რომ დაჭრილი ვიყო, ამას ვინმეს შევარჩენ? ეს არის აბსურდი და როგორი აბსურდი იცით? - ნოშიკო ნამორაძესაც მიაბეს. მათ არ უნდა ერთი რამ გაიგონ, რომ მათი ოჯახის წევრები არინ კრიმინალები, კრიმინალურ დანაშაულში ედებათ ბრალი. ეს უნდათ, რომ განაზოგადონ და რაღაცას დააკავშირონ, ხელისუფლების მიერ დევნილებად უნდათ თავი წარმოაჩინონ.
ნანუკა ჟორჟოლიანმაც დაწერა, რომ თამაზაშვილის ადვოკატი იცავს ნოშიკო ნამორაძესო და გავეცი პასუხი. მე ნოშიკო ნამორაძეს მაშინ ვიცნობდი, როდესაც ოცნება, ოცნებაშიც არ იყო და ამიტომ აღარავინ დავიცვა? ამ ვიღაცა ბეჭვაიას სახელი და გვარიც არ მეცნობა. ძველი ხელისუფლების დროს ამომაცალეს ტელეფონი, ამაზე განცხადებაც მაქვს შეტანილი და ამასთან დაჭრა რა შუაშია? წარმოდგენა არ მაქვს ვინ ამომაცალა ტელეფონი. ეს ტელეფონი ვერ იქნა ნაპოვნი.
ხომ არ აპირებთ ნადარეიშვილის მიმართ ცრუ ინფორმაცაიის გავრცელების ბრალდებით სარჩელის შეტანას?
- ჯერ უნდა ვნახო ეს განცხადება და მერე მივიღებ გადაწყვეტილებას. მაგრამ ასეთ აბსურდს პასუხი როგორ უნდა გავცე... მაპატიეთ და თვითონ, ტვინით და ჭკუით დაჭრილი რამდენ განცხადებას გააკეთებს, ამაზე რომ კომენტარები ვაკეთო, მაშინ ჩემს საქმეს უნდა ჩამოვშორდე.