„თვითმხილველი ვიყავი ფაქტების, როგორ გასხვისდა თელასი და თბილისის წყალი“, - აცხადებს „თელასისა“ და „ჟინერის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, ენერგეტიკის აკადემიის წევრი თემურ ჭიჭინაძე. ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ობიექტების მიზერულ ფასად გასხვისების ისტორია მან ახლახან წიგნად გამოსცა. 3 ივლისს „ვარდების ბაღში“ გამართულ პრეზენტაციას ხელისუფლების წარმომადგენლები, სხვადასხვა დარგის ექსპერტები და საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები დაესწრნენ.
წიგნის ავტორი განმარტავს, რომ მილიარდობით ლარის გაფლანგვის ისტორია, პრაქტიკულად, დეტექტივის ელემენტებს შეიცავს და წიგნში მოყვანილი ფაქტებით კონკრეტული საგამოძიებო უწყებები სათანადოდ უნდა დაინტერესდნენ.
„წარსულში ქექვა იმიტომ გვჭირდება, რომ დღემდე მოქმედებს აპრობირებული სქემები და გრძელდება ის რაც წლების განმავლობაში ხდებოდა“, - აცხადებს თემურ ჭიჭინაძე და აღნიშნავს რომ წიგნი ცნობილი ბესტსელერის ჯონ პერკინსის „ეკონომიკური მკივლელის აღსარების“ მოტივებზე დაწერა და იგი სახელმწიფოს ცალკეული ჩინოვნიკების მიერ გარიგებებით და უკანონო მოქმედებებით სხვადასხვა ბიზნესებში შეჭრას ეხება.
For.ge-ს კითხვაზე, თუ ვინ არიან „ქართული ენერგეტიკის მკვლელები“ , თემურ ჭიჭინაძე ასე პასუხობს: „ძველი ხელისუფლების ჩინოვნიკები - ყველა, ვინც მონაწილეობდა ქართული ენერგეტიკის განადგურება-განიავებაში“. „მკვლელებს“ მიმართ ავტორის ერთ-ერთი მთავარი ბრალდება - საზოგადოების აბუჩად აგდება და იგნორირებაა. თემურ ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ მოქმედმა ხელისუფლებამ „ბრალდებულების“ პასუხისმგებლობაზე უნდა „იზრუნოს“, მანამდე კი გაარკვიოს, კონკრეტულად ვინ იხეირა ინვესტორებთან დადებული კაბალური ხელშეკრულებებით და ამის გამო ვის ჯიბეებში გროვდება დღემდე მილიონები.
საპარლამენტო უმრავლეოსობის წევრი გოგი თოფაძე, რომელიც „ვარდების ბაღში“ გამართულ პრეზენტაციას დესწრო, თემურ ჭიჭინაძის წიგნის მნიშვნელობაზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ სახელმწიფოსთვის წამგებიანი პირობებით გაყიდული ობიექტების საკითხი სათანადო შესწავლას საჭიროებს.
„ძალიან დროული იყო ამ წიგნის გამოსვლა. ბევრი იშრომა ავტორმა. რეალური ფაქტები დაგვანახა, თუ რა ხდებოდა 20 წლის წინ, როგორ იყიდებოდა აქტივები. კორუფციის ლანდი დასდევს ამ ყველაფერს. ყველამ მოვიმკეთ იმ გადაწყვეტილების შედეგები - ათმაგ ფასს ვიხდით ელექტროენერგიაში. ჩაიგდეს ჩვენი აქტივები ხელში უცხოელებმა, როგორც ამას აკეთებენ მესამე სამყაროს ქვეყნებში. ის რაც დღეს საქართველოში ხდება, წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. ჩვენ ძველი მთავრობისგან განსხვავებით ყაჩაღობას არ დავიწყებთ. ვერავის ვერაფერს წავართმევთ, საკითხი იურიდიულად უნდა მოგვარდეს“,-განუცხადა for.ge-ს გოგი თოფაძემ.
ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტი ვაჟა ბერიძე კი ფიქრობს, რომ თემურ ჭიჭინაძემ ეკონომიკის ცალკეულ დარგებში შექმნილი პრობლემების შესწავლის კუთხით სერიოზული ნაბიჯი გადადგა.
„ძალიან დიდ მასალას მოუყარა თავი და შექმნილი პრობლემების გარკვეული ვერსია შემოგვთავაზა. იმედი მაქვს, ეს წიგნი მკვლევარებს, მედიას, მოქალაქეებს სერიოზულად დაეხმარება ენერგეტიკისა და წყლის მოხმარებასთან დაკავშირებული საკითხების უკეთ გარკვევაში. კონკრეტული სახელებია დასარქმევი მათთვის, ვინც ჩვენი ენერგეტიკა დააქცია 90-იანი წლებში - შეჭამა უამრავი ფული და სხვადასხვა სფეროში დღეს კვლავ მაღალი თანამდებობები უკავიათ“, - განუცხადა for.ge-ს ვაჟა ბერიძემ.
თემურ ჭიჭინაძის „ქართული ეკონომიკის მკვლელები“ სამ მთავარ ქვეთავს მოიცავს და კონკრეტული ობიექტების გასხვისების შესახებ მკითხველს დეტალურ ინფორმაციას აწვდის. წიგნი „ივერია XXI-მ გამოსცა.