ბიზნესმენ ჯემალ ლეონიძის განცხადებით მისი ქონება ნაციონალების ხელში აღმოჩნდა, ხოლო ბიზნესმენი შეთითხნილი ბრალდებით ციხეში გამოამწყვდიეს. დღეს ლეონიძე პოლიტპატიმრის სტატუსით თავისუფალია, მაგრამ ქონების დაბრუნებას ვერც ამ ხელისუფლების პირობებში ახერხებს. მისი საქმე, უკვე, მესამედ, იმ მოსამართლეს გადაეცა, რომელმაც 2012 წელს ჯემალ ლეონიძის ავტოგასამართი სადგურების ქსელ „მაგნატის“, როგორც სამეწარმეო სუბიექტის, საჯარო რეესტრიდან ამოშლის გადაწყვეტილება მიიღო. ამჯერადაც, ამავე მოსამართლემ „მაგნატის“ ყოფილ მფლობელს ქონების დაბრუნების მოთხოვნით სარჩელის განხილვაზე მორიგი უარი უთხრა.
საუბარია საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილზე, რომელიც ჯემალ ლეონიძის თქმით, ნაციონალების სამსახურს დღემდე აგრძელებს. მოსამართლე ქოჩიაშვილი კი ირწმუნება: ვინაიდან ჯემალ ლეონიძის „მაგნატი“ გაკოტრდა და სამეწარმეო რეესტრში კომპანია აღარ ფიქსირდება, ამდენად, მოსამართლის ვერდიქტით, სარჩელის განხილვასაც აზრი ეკარგება. ეს მაშინ, როცა „მაგნატი“ რეესტრიდან სწორედ გაკოტრების გამო გაქრა და „მაგნატის“ საქმეზე გადაწყვეტილება ორი წლის წინ სწორედ მოსამართლე ქოჩიაშვილმა გამოიტანა. ჯემალ ლეონიძის „განკულაკების“ შემდეგ კი მისი ყველა ბენზინგასამართი სადგური „გალფის“ ხელში გადავიდა. ახლა კი ლეონიძე აღსრულების ბიუროს წარმომადგენელსა და „მაგნატის“ გაკოტრების მმართველს 8 მილიონ ლარს ედავება.
ლეონიძის „მაგნატი“ 12 დღის ვადაში მოსამართლე ქოჩიაშვილის გადაწყვეტილების გასაჩივრებას და მისი უფლებამოსილების საკითხის დაყენებას აპირებს, თუ რამდენად ჰქონდა მას უფლება უკვე მესამედ კომპანიის ლიკვიდაცია გამოეცხადებინა.
For.ge ჯემალ ლეონიძეს ესაუბრა.
რატომ არ მოითხოვეთ მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილის აცილება?
- ეს იყო უპრეცედენტო საქმე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ახალ და ძველ პერიოდშიც, რაც გააკეთა პირველი ინსტანციის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა კომპანია „მაგნატი 2006“-ის მიმართ. ჯერ კიდევ 2012 წლის 27 ივნისს ქოჩიაშვილმა „მაგნატი 2006“-ის გაკოტრების რეჟიმი დაამთავრა და ლიკვიდაციაზე გამოიტანა კომპანია. მიუხედავად იმისა, რომ კრედიტორები ითხოვდნენ მის რეაბილიტაციას და კომპანიას ჰქონდა აქტივები ვალების გასასტუმრებლად, ქოჩიაშვილმა მაინც კომპანიის ლიკვიდაცია გამოაცხადა. გარდა ამისა, სახელმწიფოს მისაღები ჰქონდა თანხა, რომლის მიცემის შანსიც ჩემს კომპანიას ჰქონდა, მაგრამ სახელმწიფოს საგადასახადო შემოსავლების სამსახურმა მხარი არ დაუჭირა რეაბილიტაციას.
წარმოიდგინეთ, სახელმწიფოს ეკუთვნის ფული, კომპანია ამბობს, რომ სამი თვე მომეცით საშუალება, რომ ამოვიღო ეს ფული და გადაგიხადოთო და ამაზე სახელმწიფო უარს ამბობს. სხვათა შორის, სამი დღე ითხოვეს ამ პასუხის გასაცემად. მაშინ მე პატიმრობაში ვიყავი. სახელმწიფოს საგადასახადო სამსახურმა უარი თქვა ამ ფულზე და მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმაც მიიღო ზემოხსენებული გადაწყვეტილება გაკოტრების რეჟიმის თაობაზე და კომპანიის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით.
ჩემი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, ჩვენ მოვიძიეთ კიდევ ბევრი აქტივი, საუბარია 7-8 მილიონ ლარზე. ანუ კომპანიას, რომელიც გააკოტრა ლაშა ქოჩიაშვილმა 2012 წელს, აღმოჩნდა, რომ ახლა აქვს 8 მილიონის აქტივები და კიდევ დამატებითი ქონება, რომლის მოძიებასაც ვაწარმოებთ.
ჩემი პატიმრობიდან გამოსვლის შემდეგ მივმართეთ სარჩელით სასამართლოს და რატომღაც, სასამართლომ ისევ ლაშა ქოჩიაშვილს დააწერა ეს საქმე. ქოჩიაშვილმა ჯერ კიდევ იანვარ-თებერვალში უარი მითხრა ამ საქმის განხილვაზე, რაც ჩვენ გავასაჩივრეთ სააპელაციოში კერძო საჩივრით. აპელაციამ განიხილა ჩვენი სარჩელი, დააკმაყოფილა და საქალაქო სასამართლოს დაავალა საქმის წარმოება-განხილვა, რადგან იყო საკმაო მტკიცებულებები ჩემი საქმის წარმოებაში მისაღებად. თუმცა, ხელმეორედ ეს საქმე ისევ ლაშა ქოჩიაშვილს დაეწერა. ჩვენ შუამდგომლობით მივმართეთ კანცელარიას ამ მოსამართლის აცილებაზე, აცილების საფუძველი გვქონდა მყარი, კერძოდ, რა პროცედურები და მავნებლობაც ჰქონდა ჩადენილი ლაშა ქოჩიაშვილს კომპანიის და სახელმწიფოს მიმართ წინა განაჩენის გამოტანით, მაგრამ მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი მაინც არ ჩამოშორდა ამ საქმეს და არ დაკმაყოფილდა ეს შუამდგომლობა. 2014 წლის 25 ივნისს გაიხსნა სხდომა და იმ დღესვე დასრულდა პროცესი, ჩვენი საქმე არ განიხილეს. რეალურად დაგვრჩა გასაჩივრების საშუალება სააპელაციოში. ოთარაანთ ქვრივის არ იყოს, რკინის ქალამნებს ჩავიცვამ. მაგრამ, ამ ქვეყანაში, როგორც ჩანს, სამართალს ვერ იპოვი. მე მაინც არ შევეშვები და ვნახოთ, რა იქნება.
„მაგნატის“ გარდა, თქვენ არაერთ სხვა ბიზნესსაც ფლობდით. როგორც ვიცით, მცხეთში მდებარე კუთვნილი სახლი ჩამოგართვეს და „საბანკო დავალიანების“ გამო აუქციონზე გაიტანეს, რომელიც ბაჩო ახალაიას მოადგილემ შეიძინა.
- დიახ, მცხეთაში ჩემი სახლი შეიძინა ახალაიას მოადგილემ, დავით ჩხიტუნიძემ, რომელიც შარშან საბერძნეთში დააკავეს და შემდეგ გამოუშვა იქაურმა სასამართლომ. საქართველოში ვერ ჩამოდის, რადგან რაც აქვს გაკეთებული, ძალიან კარგად იცის. სხვათა შორის, ეს პროცესი მოვიგე და პირველი ინსტანციის მოსამართლემ ყველა შუამდგომლობა დააკმაყოფილა, მაგრამ მეორე ინსტანციაში გაასაჩივრა ჩხიტუნიძის სიდედრმა, ვინმე ნატალია კვანტალიანმა.
თქვენს საქმეში ვინმე თამარ მერაბიშვილიც ფიგურირებს. ვანო მერაბიშვილის მეუღლეზეა საუბარი? თუ არ ვცდები დღეს მის სახელზეა მუშტაიდის ბაღის გვერდით მდებარე თქვენი ყოფილი რესტორანი „გვირილა“.
- არ ვიცი, გამოძიება ბოლოშია გასული, მაგრამ შედეგს არ დებს. თამარ მერაბიშვილი რეგისტრირებულია ახალციხეში, მცხეთის ქუჩა №58-ში. თუმცა, სინამდვილეში, ახალციხეში მცხეთის ქუჩა არ არსებობს, იქ არის მესხეთის ქუჩა №58 და მაგ ნომერზე სახლობს მერაბიშვილების ოჯახი. ამდენად, ჩემს საქმეში ნახსენები მერაბიშვილი თაკოა თუ თამრიკო, ვერ გეტყვით.
ანუ, ეს პროკურატურის დასადგენია?
- რამდენადაც ვიცი, პროკურატურამ ეს დაადგინა, გამოძიება დამთავრდა, მაგრამ შედეგს არ დებენ. პირდაპირ რომ გითხრათ, იმ ხელისუფლების ნარჩენებს, დღეს რომ მოკალათებულან სამართალდამცავ ორგანოებში, ჩემი საქმე ყელში აქვთ გაჩხერილი.
უშუალოდ ვინ იყო დაინტერსებული თქვენი ქონების კონფიქსკაციით?
-ჩემი ქონების წართმევით დკავებული იყო სააღსრულებო ბიურო, რომელიც იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო. კონკრეტული პირების დასახელებისგან თავს შევიკავებ, რადგან თითქმის ყველა მაღალჩინოსანი მონაწილეობდა ამ საქმეში.
იმ დროს სააღსრულებო ბიუროს ნიკა მელია ხელმძღვანელობდა.
- კი ბატონო, ნიკანდრო მელია იყო მაგ დროს სააღსრულებო ბიუროში, ჩემი მცხეთის სახლი რომ წაიღეს. მერე სხვებიც იყვნენ და მარტო მას არ მიუძღვის „წვლილი“ ამ საქმეში. სხვათა შორის, ნიკანდრო მელიასთან დაკავშირებით ჩემი საქმე გამოძიებული აქვს გორის სამხარეო პროკურატურას, მაგრამ რატომღაც დასასრული არც მაგ საქმეს ჰქონია სისხლის სამართლის კუთხით.