ისტორიაში საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი სიზმარია, რომლებიც ცნობილი ადამიანების დაბადებას ან რაიმე მნიშვნელოვან მოვლენას წინასწარ გვამცნობენ.
ამერიკის შეერთებული შტატების მე-16 პრეზიდენტს, აბრაამ ლინკოლნს, პირად დღიურში სიზმარი ჰქონდა ჩაწერილი. მან ეს სიზმარი სიკვდილამდე ათი დღით ადრე ნახა. დაესიზმრა, რომ თეთრ სახლში ტირილი ისმოდა. ერთ-ერთ დარბაზში ხალხის ჯგუფი დაინახა, რომლებიც კუბოს შემოხვეოდნენ. კუბოზე ამერიკის დროშა იყო გადაფარებული. ლინკოლნმა იქვე მდგარ კაცს ჰკითხა: "ვის კრძალავენ?". “ნუთუ არ იცით, პრეზიდენტი მოკლეს", - უპასუხეს ლინკოლნს. დილით პრეზიდენტმა სიზმარი მეუღლეს მოუყვა და თან უბის წიგნაკში ჩაიწერა. ათი დღის შემდეგ ლინკოლნი გარდაიცვალა, იგი მოკლეს.
ცნობილ ფრანგ მეცნიერს, რენე დეკარტს, თავისი ერთ-ერთი წიგნი დაესიზმრა და ძირითადი თეზისებიც სიზმარში ნახა. დიმიტრი მენდელეევმა ქიმიური ელემენტების ცხრილი ასევე სიზმარში ნახა. კანადელმა ექიმმა ფრედერიკ ბანტინგამ ინსულინი სიზმარში იხილა და ნობელის პრემიაც მიიღო.
რიჰარდ ვაგნერის ოპერა “ტრისტან და იზოლდა" პირველად რომ შესრულდა, იზოლდას სიკვდილის მომენტზე ვაგნერს უთხრეს, ადამიანმა ასეთ მუსიკას მხოლოდ სიზმარში შეიძლება მოუსმინოსო. კომპოზიტორმა უპასუხა, დიახ, ეს ადგილი სწორედ სიზმარში ჩავიწერეო.
ლეგენდის თანახმად, გენიალურმა იტალიელმა პოეტმა დანტე ალიგიერიმ "ღვთაებრივი კომედიის" იდეა 1300 წელს სწორედ სიზმარში იხილა. მისი სიკვდილის შემდეგ დაიკარგა ამ ნაწარმოების ბოლო თავი. დანტეს შვილმა, იაკოპომ, ნახა სიზმარი, სადაც მამამისმა მიუთითა ის ოთახი და ადგილი, სადაც ის თავი ინახებოდა.
ინგლისელმა პოეტმა სამუელ კოლრიჯიმ მთლიანად სიზმარში იხილა პოემა "ყუბულაი ხანი". ის გაღვიძებისთანავე შეუდგა წერას. დაახლოებით 50 სტრიქონი დაწერა. ამ დროს კარზე მეზობელმა მიუკაკუნა. პოეტმა მეზობელი გაისტუმრა და ისევ საწერ მაგიდას მიუჯდა, მაგრამ ერთი სტრიქონის დაწერაც ვერ შეძლო. მას სიზმარში ნანახი დაავიწყდა. იმის მიუხედავად, რომ პოემა დაუმთავრებელია, იგი მსოფლიო ლიტერატურის ოქროს ფონდშია შესული.