საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი, რომელიც სამკურნალოდ გერმანიაში გაემგზავრა, სახელმწიფო მოხელეებსა და საბანკო სექტორს მიწის უცხოელებზე გასხვისების პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდებს.
უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოუწოდებს სახელმწიფოს, რომ სასწრაფოდ მიიღოს ზომები სათანადო რეგულაციების შესამუშავებლად, რომელიც მიწის უცხოელებზე გასხვისებას ხელს შეუშლის. საპატრიარქო დღეს გავრცელებულ განცხადებაში მიუთითებს, რომ კონსტიტუციის 21-ე მუხლი ამის შესაძლებლობას იძლევა.
„დღეს, როდესაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დიდი უმრავლესობა სიღატაკის ზღვარზეა და ბევრ შეთხევაში იძულებულია თავისი ქონება ძალზედ იაფად გაასხვისოს, ახალი რეალობა დიდი დარტყმის წინაშე დააყენებს სახელმწიფოს.
თავისთავად უცხოური კაპიტალისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შემოსვლა-დამკვიდრება მისასალმებელია, რადგან შეუძლებელია ამის გარეშე ქვეყნის განვითარება, მაგრამ ეს პროცესი უმართავი არ უნდა გახდეს, მან არ უნდა განაპირობოს ყველაზე დიდი მატერიალური სიმდიდრის - ჩვენი მიწა-წყლის დაკარგვა და ჩვენი მოქალაქეების მხოლოდ მომსახურე პერსონალად გადაქცევა. არ უნდა მოხდეს ისე, რომ ამ ქვეყნის მკვიდრთ, რომელთაც პირველ რიგში ეკუთვნით აქაური სიკეთე და დოვლათი, აღარ ჰქონდეს შიდა სამეწარმეო რესურსის გამოყენების საშუალება.
უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფომ ერთი წელია, სერიოზული ნაბიჯები გადადგა სოფლის მეურნეობაში არსებული სიტუაციის გამოსწორებისათვის, მაგრამ ამჟამად შექმნილი ვითარება სხვა ქმედებების განხორციელებასაც საჭიროებს, მათ შორის შეღავათიანი და გძელვადიანი სესხების გაცემას.
ამასთან, ვთხოვთ ხელისუფალთ სასწრაფოდ მიიღონ ზომები და ევროპის რიგი ქვეყნების მსგავსად, შეიმუშაონ სათანადო რეგულაციები, რათა განეიტრალდეს ფრიად ნეგატიური მოსალოდნელი შედეგები, მით უმეტეს, რომ კონსტიტუციის 21-ე მუხლის დღევანდელი რედაქცია ამის შესაძლებლობას იძლევა“, - განაცხადა პატრიარქმა.
პატრიარქი ასევე მიმართავს ბანკებსა და მიკროსაფინანსო დაწესებულებებს, მათი შესაძლებლობიდან გამომდინარე, გარკვეული რეგულაციების დადგენამდე, შეაჩერონ სესხების დაფარვის მიზნით მიწის გასხვისების პროცესი ან შეღავათიანი გადახდის პირობები დააწესონ.
ილია მეორე მოუწოდებს ბიზნესმენებსაც, გაააქტიურონ საქმიანობა სოფლის მეურნეობის სფეროში და დააბანდონ თავიანთი კაპიტალი ახალ ტექნოლოგიებსა და გადამამუშავებელ მრეწველობაში.
საკონსტიტუციო სასამართლოს და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის გარდა, პატრიარქის მოწოდება ყველა ადამიანისთვის და სახელმწიფო მოხელისთვის მისაღებია. მაგალითად, ეკონომიკის განვითარების მინისტრი სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გაყიდვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სასტიკად უარყოფითად აფასებს.
„როგორც ეკონომიკის მინისტრი, კატეგორიულად უკმაყოფილო ვარ იმ გადაწყვეტილებით, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო. გუშინ ჩემი მითითებით, შეჩერდა ახალი ლოტების გამოტანა სასოფლო-სამეურნეო მიწების ნაწილში იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ აუცილებლად მოვძებნით ახალ მექანიზმებს, რათა მსოფლიო პრაქტიკის მიხედვით, შევქმნათ მოდელი, რომელიც სერიოზული სოციალური პრობლემების წინაშე არ დაგვაყენებს. ვფიქრობ, მიწების პრივატიზება უნდა მოხდეს, მაგრამ გარკვეული რეგულაციებითა და შეზღუდვებით, რაც ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაში მოქმედებს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილიც პატრიარქის განცხადებას მსწრაფლ გამოეხმაურა. აბაშიშვილის თქმით, საკითხი საკმაოდ კომპლექსურია და მასზე მთავრობა ბევრს მუშაობს.
„ჩვენ ამასთან დაკავშირებით ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ერთი მხრივ, თავისუფალი ბაზრის პრინციპები არ შეილახოს, მეორე მხრივ კი ამ პროცესისგან არავინ დაზარალდეს“, - განაცხადა აბაშიშვილმა.
უწყებათაშორისო კომისიის სხდომა მიწის გასხვისების საკითხებთან დაკავშირებით 5 ივლისისთვის არის დაგეგმილი.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მიწის მიყიდვა უცხოელებზე შეზღუდული უნდა იყოს. მისი თქმით, შაბათს დაგეგმილ კომისიის სხდომაზე ყველა შესაძლო ვარიანტი განიხილება, რაც ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედებს. ევროკავშირის ქვეყნების 90%-ში კი უცხოელებზე მიწის მიყიდვა იკრძალება.
„მახსოვს, ჩვენი პარტიის დამფუძნებელი ყრილობა - 1999 წლის 14 აპრილი, როცა პატრიარქი სიტყვით გამოვიდა და მოგვიწოდა, მიგვექცია ყურადღება სოფლად ხალხის დასაქმების, მიწების დამუშავებისთვის. პატრიარქი ამის შესახებ დიდი ხანია საუბრობს და უნდა გავითვალისწინოთ პატრიარქის მოწოდება. სამწუხაროდ, საკონსტიტუციოს გადაწყვეტილების შემდეგ ცოტა სხვა გზით უნდა წავიდეთ. ჩვენ ვართ პატარა, მცირემიწიანი ქვეყანა.
ჩვენ რომ ავიღოთ რომელიმე სხვა ქვეყნის მაგალითი, სადაც 50-150 მილიონი მოსახლე ცხოვრობს, მას ვერ შევედრებით. ამიტომ უნდა მოვძებნოთ ოქროს შუალედი, არ დავარღვიოთ არც კონსტიტუცია და არც საერთაშორისო ვალდებულებები. შვეიცარიაში ვერავითარ შემთხვევაში, მიწას ვერ იყიდი, ვერც- ბრიტანეთსა და ჩეხეთში. მართალი გითხრათ, მზა რეცეპტი არ მაქვს, ყველა მაგალითი მომწონს, რომელიც მიწის უცხოელზე გასხვისებას ზღუდავს, მაგრამ რომელი მოერგება ჩვენს სიტუაციას, 5 ივლისს გავიგებთ“, - გვითხრა ზურაბ ტყემალაძემ.
For.ge-სთან საუბრისას იურისტი ლევან ალაფიშვილი აცხადებს, რომ, თუ გულწრფელები ვიქნებით, საკონსტიტუციო სასამართლოს არსებითად ეს საკითხი არც განუხილავს. უბრალოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ მკაფიოდ თქვა, შინაარსობრივად ამ საკითხზე უკვე ნამსჯელი მაქვს და არ შევდივარ ამ საკითხის განხილვაშიო.
„მაგალითად, მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, მინდა მიწის გაყიდვა, სახელმწიფო არ ყიდულობს ჩემგან ამ მიწას და მეუბნება, დაზარალდი? მე არ აგინაზღაურებ არაფერს. ამ დროს შესაძლებელია, რეალური უცხოელი მყიდველი მყავდეს, რომელიც სამჯერ მეტს იხდის და ქართველი არ იყოს დაინტერესებული ამ მიწის ნაკვეთის შეძენით. ან კიდევ, ავიღოთ სხვა შემთხვევა, აღმასრულებელმა გამოიტანა აუქციონზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, რომელიც ჯეროვნად რომ გაიყიდოს საჯარო აუქციონზე, მეტ მოგებას მივიღებდი, მაგრამ უცხოელს რადგან არ ეძლევა მისი ყიდვის საშუალება, აუქციონი ჩაიშალა და მე ვრჩები ჰაერში გამოკიდებული. ამაზე არავინ საუბრობს. მხოლოდ ცალმხრივად პრობლემის დანახვა არ შეიძლება. სახელმწიფოს შეუძლია, შეზღუდვები თუ რეგულაციები საკუთარ თავს დაუწესოს, ანუ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე დააწესოს შეზღუდვა და არა - კერძო პირის საკუთრებაზე“, - აცხადებს ლევან ალაფიშვილი.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე For.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ დასაფასებელია პატრიარქის მიმართვა ბიზნესწრეების გააქტიურების შესახებ სოფლის მეურნეობაში, რადგან, თუ გადავხედავთ საბანკო აქტივების სტატისტიკას, გაცემული სესხების მხოლოდ მცირე ნაწილი მოდის სოფლის მეურნეობაში დაბანდებულ კრედიტებზე.
„ბუნებრივია, არსებობს სახელმწიფო პრიორიტეტები და ზოგადად, მიწის თემა ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ ისეთი საინვესტიციო კლიმატი არ უნდა შევქმნათ, რომელიც საქართველოს ინვესტირებისთვის მიმზიდველს აღარ გახდის. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გარეშე გარღვევის მოხდენა ეკონომიკაში, მათ შორის, სოფლის მეურნეობაში წარმოუდგენელია. საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში მიწის გაყიდვაზე შეზღუდვის დაკანონება ერთ-ერთი ყველაზე სულელური გადაწყვეტილება იყო. თუ საქართველოს პარლამენტმა მსგავსი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ მიიღო, ანუ საკონსტიტუციო სასამართლოს შემდეგ მაინც შეეცადა მის განხორციელებას, ეს იქნება საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დასასრული. არგუმენტები, რომ ევროკავშირის ქვეყნების 90%-ში უცხოელებზე მიწის მიყიდვა იკრძალება, მედლის ცალი მხარეა. გავიხსენოთ, რა გზა განვლეს ევროპულმა ქვეყნებმა და რა მდგომარეობამდე არიან დღეს მისულნი? როგორია მათი ეკონომიკური განვითარების დონე? რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო? იგი ხომ ელემენტარულად გაჩერდება და ასეთი რეგულაციებით ალბანეთის მსგავსი ქვეყანა გახდება, რომელიც დღესაც იმავე მდგომარეობაშია, როგორშიც გასული საუკუნის 80-იან წლებში და განვითარების პერსპექტივა არ აქვს“, - აცხადებს ლევან კალანდაძე.