12 წლის გენიოსი და დაბნეული მეცნიერები

12 წლის გენიოსი და დაბნეული მეცნიერები

კვანტური მექანიკა, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, პალეონტოლოგია - 12 წლის ლუკა ირემაშვილისთვის ეს დარგები იმდენად ახლოა, რომ დღემდე 5 სამეცნიერო ნაშრომი მოამზადა. ხუთივე მათგანი საქპატენტში დარეგისტრირებულია და პატარა გამომგონებელის სახელზე დეპონირების დამადასტურებელი მოწმობებიც გაცემულია.

ქართველ მეცნიერთა ნაწილი ლუკა ირემაშვილში გენიოსს ხედავს. თბილისის 24-ე საჯარო სკოლის მოსწავლემ ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესორებთან პირველი საჯარო შეხვედრა 1-ელ ივლისს გამართა. პროფესორებმა ორთვიანი ტაიმ-აუტი ითხოვეს და პატარა გამომგონებელთან საკამათოდ მორიგი შეხვედრა სექტემბრისთვის ჩაინიშნეს. ეს არ ნიშნავს, რომ ლუკა ორი თვე ისვენებს, იგი საკუთარ ნაშრომებს ინგლისურ ენაზე თარგმნის და საერთაშორისო ვებგვერდზე გამოქვეყნებას აპირებს, სადაც მის აღმოჩენებს უცხოელი მეცნიერები გაეცნობიან. ლუკა ირემაშვილს საკუთარი გამოგონების დასაცავად არგუმენტების წარდგენა მათთანაც მოუწევს.

For.ge ლუკას სახლში ესტუმრა და მისი ოჯახის წევრებსაც გაესაუბრა. ლუკას დედა, მაკა ხითარიშვილი ჩვენთან საუბარში ყვება, რომ შვილს განსახვავებული ინტერესები და ხედვები ადრიდანვე შენიშნა

„შინაგანად აქვს ნიჭი და განსხვავებულად ფიქრობს. თავისებური ხედვა აქვს. ზღვა კითხვები უჩნდება, სულ კითხულობს, ეს ასე რატომ არის? მე ვერ ვპასუხობ. ამიტომ თავადვე ცდილობს პასუხების მოძიებას“, - ამბობს მაკა ხითარიშვილი.

შვილიშვილზე დიდ იმედებს ამყარებს ბაბუა, ილია ხითარიშვილი, რომელიც პროფესიით ქიმიკოსია. გვეუბნება, რომ ლუკასთან ნათესაური ურთიერთობა თითქმის არ აქვს, რადგან ისინი, ძირითადად, საქმეზე - სამეცნიერო საკითხებზე მსჯელობენ და კამათობენ.

„ცნობილ პროფესორთან მეცნიერ აბესალომ ვეკუასთან მივედით. დახედა პალეონტოლოგიის თემაზე ლუკას ნაშრომს, გაესაუბრა მას და მითხრა: ვერ დაგიმალავთ, ეს ბავშვი გენიოსია! ძვალი რასაც ქვია, მის შესახებ ყველაფერი ვიცი, მაგრამ რასაც ეს ბავშვი ყვება, პირველად მესმის, რეცენზენტიც არ მეგულება, ვინც რეცენზიას დაგიწერდათ, ჩემს ჟურნალში რომ დამებეჭდაო“, - იხსენებს ილია ხითარიშვილი და აღნიშნავს, რომ ლუკა ელექტრონების თემის შემდეგ უკვე წყლის ფენომენის გამოკვლევით არის დაინტერესებული.

For.ge ყველაზე ვრცლად თავად პატარა გამომგონებელს ესაუბრა.

ლუკა, მოგვიყევი, როდის და რატომ დაინტერესდი კვანტური მექანიკის საკითხებით?

- მეოთხე კლასში ვიყავი, კოსმოსით რომ დავინტერესდი. მინდოდა გამეგო, თუ როგორ ჩამოყალიბდა ატომები 14 მილიარდი წლის წინ. ინფორმაციის მოსაძიებლად ინტერნეტს ვიყენებდი. ვიდეორგოლებს ვუყურებდი, ვუსმენდი ბევრი მეცნიერის კამათს ამ თემაზე. მათ შორის იყო კვანტური მექანიკის ავტორის ნილს ბორის და ცნობილი მეცნიერის ალბერტ აინშტანის კამათი. აინშტაინი უარყოფს ნილს ბორის კვანტურ მექანიკას. ისე გარდაიცვალა, კვანტური მექანიკა არ აღიარა. ატომების ჩამოყალიბება რომ მცოდნოდა, კვანტური მექანიკა უნდა შემესწავლა. რაც თავის მხრივ, კვანტური რიცხვების და რამდენიმე წესის სწავლას გულისხმობდა. მეხუთე კლასში უკვე კონკრეტული აღმოჩენები მქონდა.

ვინ გეხმარებოდა კვანტური მექანიკის შესწავლაში, შენს ასაკში სკოლაში, მსგავსი საგნები არ ისწავლება და მასწავლებელი ალბათ ვერც კონსულტაციას გაგიწევდა...

- ინტერნეტში ვეძებდი ინფორმაციებს. გავიგე, რომ ქიმიის და ფიზიკის წიგნები მჭირდებოდა და, თავდაპირველად, უფროსი ძმის, გუგას სახელმძღვანელოები წავიკითხე.

ინტერნეტში ქართულის გარდა რა ენაზე კითხულობდი შენთვის საჭირო ინფორმაციებს?

- ინგლისურად. ეს ენა ადრე ვისწავლე, მულტფილმების და ფილმების ყურებით.

სამეცნიერო ნაშრომებზე მოგვიყევი. როდის დაწერე პირველი ნაშრომი და რა თემაზე?

- მრავალელექტრონიანი სისტემისა და კვანტური რიცხვების წესის შესწავლის შემდეგ ნელ-ნელა ვსწავლობდი სისტემაში ატომების ჩამოყალიბებასაც, ეჭვი შემეპარა ქრომის ატომში. ლიტერატურაში ცნობილია, რომ ელექტრონი ჩავარდება სამიდან ხუთ ორბიტაზე და ასე ჩამოყალიბდება ქრომის ატომი. შევისწავლე ქრომის ატომი და გამოვიტანე დასკვნა, რომ იგი კი არ ვარდება, არამედ, აზროვნების გამოყენების შედეგად გადაადგილდება საკუთარი ორბიტიდან სხვა ორბიტაზე. შემდეგ შევისწავლე მანგანუმის ატომი. სპილენძის ატომიც ქრომის მსგავსია. გამოვიტანე დასკვნა, რომ ერთ ელემენტს შეუძლია, 5 სხვადასხვა ატომი სხვადასხვა რიცხვებით სხვადასხვა დროს ჩამოაყალიბოს. ეს ატომებია - კალციუმი, ქრომი, მანგანუმი, სპილენძი და თუთია. 4S2-ის გარდა ასევე შევისწავლე 5S2, 6S2, 7S2-ის ორბიტაზე მბრუნავი ელემენტების ქცევა და წარსული ინფორმაციული ველის შესწავლით დავადგინე და თუ რომელ ელემენტებს ჩამოაყალიბებს 5S2, 6S2, 7S2.

ვის აჩვენე პირველი ნაშრომი და რამდენად იოლად გაიგეს შენი აღმოჩენის მნიშვნელობა?

- ქიმიას რომ ვსწავლობდი, ბაბუა მეხმარებოდა, რომელიც ჩემი კონსულტანტია. როცა რაღაცაში ეჭვი მეპარებოდა და კითხვები მიჩნდებოდა, ვეკითხებოდი, ვიყავი თუ არა მართალი. როდესაც დავადგინეთ, რომ 4S2-მა, 5S2-მა, 6S2-მა და 7S2-მა ჩამოაყალიბა 20 ატომი, ვეცადე დამემტკიცებინა, რატომ ხდებოდა ეს. ამის შემდეგ დიმიტრი უზნაძის წიგნის საფუძველზე უკვე დავწერე მეორე ნაშრომი - „კანონი განწყობის შესახებ“.

რას გულისხმობსკანონი განწყობის შესახებ“?

- ელექტრონს უნდა გააჩნდეს თავისუფალი ნება, რომ ჩამოაყალიბოს ატომი. ანუ, ელექტრონი თავად წყვეტს, თუ რომელ ორბიტაზე დაჯდეს, რომელი ატომები ჩამოაყალიბოს და რომელი კვანტური რიცხვები ჰქონდეს. იგი ემორჩილება სამყაროს კანონზომიერებას - პროცესები მიმდინარეობს უმოკლესი გზებით, ნაკლები ენერგიის ხარჯვით და სრულდება მიზნის მიღწევით. მიზანი ამ შემთხვევაში არის მდგარდი სისტემის ჩამოყალიბება.

პალეონტოლოგიის მიმართულებითაც გაქვს ნაშრომი მომზადებული. ეს სფერო რა კავშირშია კვანტურ მექანიკასთან?

- როდესაც გავარკვიე, რომ ჩემი ელექტრონები აზროვნებენ, აქვთ გენეტიკური მეხსიერება და აყალიბებენ სხვადასხვა ატომს, შევისწავლე ძვლის შემადგენლობა. ინგლისურ ენაზე წავიკითხე ლიტერატურა ინტერნეტში და გავარკვიე, რომ ძვალსაც ელექტრონის მსგავსი თვისებები ჰქონდა. ძვალს აქვს მეხსიერება და უნარი, თაობიდან თაობას გადასცეს ინფორმაცია. ამ საკითხთან დაკავშირებით შევხვდი მეცნიერს - აბესალომ ვეკუას, მითხრა, ძვლის შესახებ ყველაფერი ვიცი, ხელს რომ მოვკიდებ, თვალდახუჭულიც გეტყვით, რომელი ძვალია, მაგრამ რაც ნაშრომში გიწერია, ეს არ ვიციო. ბევრ სხვა მეცნიერსაც შევხვედრილვარ. პროფესორები, რომლებიც კვანტურ მექანიკაში ლექციებს კითხულობენ, მეუბნებიან, რომ საკითხები, რაზეც მე ვწერ, არ იციან.

ჩემი ბოლო ნაშრომი კვანტურ რიცხვს ეხება. ჩემი ელექტრონების დასახასიათებლად შემოვიტანე კვანტური რიცხვი, რაც არის ელექტრონის თავისუფალი ნება. დავადგინე მისი რიცხვობრივი მნიშვნელობა, რაც კრებითი კვანტური რიცხვის ტოლია. კრებითი კვანტური რიცხვი კი ელექტრონის მთავარი, ორბიტალური, მაგნიტური და სპინოკვანტური რიცხვის ერთობას უდრის. ჩემი აზრით, ეს ახალი კვანტური რიცხვი უნდა იყოს მთავარი კვანტური რიცხვი.

ასეთ რთულ საკითხებზე მუშაობა და ნაშრომების მომზადება ალბათ დიდ დროს მოითხოვს? სწავლაში ხელი არ გეშლება? როგორი მოსწავლე ხარ?

- სკოლაში ნორმალურად ვსწავლობ და ჩემი შრომებისთვისაც მრჩება დრო. უფრო მეტს ვფიქრობ, ვიდრე სამეცნიერო ლიტერატურას ვკითხულობ. არ მინდა, რომ გადავიტვირთო, ვთამაშობ და ვერთობი კიდეც. კალათბურთი და ფეხბურთი მიყვარს. კომპიუტერულ თამაშებსაც ხშირად ვთამაშობ. სამეცნიერო საკითხებზე მუშაობისთვის განსაკუთრებით კარგი დრო ჩემთვის ზაფხულია. სკოლაში არდადეგები რომ მაქვს, მეტი თავისუფალი დრო მრჩება.