კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კუკიის სასაფლაოზე, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილია საფლავის ქვა, წარწერით - „შეიწყალე, უფალო, ნიკალა“!
ცნობილი მხატვრის სავარაუდო საფლავს ერთი თვის წინ „პირველი არხის“ ჟურნალისტი მაია რამიშვილი წააწყდა, მშობლების საფლავების შორიახლოს. მაია რამიშვილის მოსაზრებებს იზიარებენ ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე და საფლავის ქვების ცნობილი მკვლევარები ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული. ეთერ თათარაიძე იხსენებს ერთი ხანდაზმული ქალბატონის მონათხრობს, ბავშვობაში როგორ ადიოდა კუკიის სასაფლაოზე, ეკლესიის ხელმარცხნივ მდებარე ნიკალას საფლავზე. დღემდე არსებულ ვერსიებს შორის ყველაზე რეალური ეს უკანასკნელია. ახლა აუცილებელია უახლესი ტექნიკის გამოყენება, საფლავის სკანირება და იმის გარკვევა, ვინ მარხია კუკიის სასაფლაოზე.
აღსანიშნავია, რომ დღემდე მხატვრის განსასვენებელი ადგილის სავარაუდო ადგილმდებარეობებს შორის კუკიის სასაფლაო (ეკლესიის მარჯვენა მხარე) და პეტრე-პავლეს ტაძრის მიმდებარე ტერიტორია მიიჩნეოდა. პირველი ვერსიის ავტორი ისტორიკოსი მანანა ხომერიკი 100%-ითაა დარწმუნებული, რომ ფიროსმანი კუკიაზეა დასაფლავებული, რადგან იგი მიხეილის საავადმყოფოში გარდაიცვალა 1918 წლის აღდგომის წინა დღეს. ამ წელს აღდგომა ახალი სტილით 5 მაისს იყო, ნიკალა კი 4 მაისს წაუყვანიათ საავადმყოფოში და იმავე დღეს გარდაცვლილა. 4 მაისს თბილისში ერთადერთი უპატრონო მიცვალებულია გატარებული და ისიც - მიხეილის საავადმყოფოში. ამასთან, ფიროსმანი ამ საავადმყოფოსთან ახლოს ცხოვრობდა, იქ მისი მიყვანა უფრო ლოგიკური იყო და იაფიც დაჯდებოდა. თანაც, ამ საავადმყოფოში 1918 წლის მაისში შესული ყველა ავადმყოფის ვინაობა ცნობილია, ამ მამაკაცის გარდა. გარდა ამისა, უცნობი მამაკაცის ცხედრის გაკვეთის მონაცემები ემთხვევა იმ ჩივილებს, რის გამოც ფიროსმანმა 1893 წელს რკინიგზის სამსახურიდან გათავისუფლება მოითხოვა. კერძოდ, მხატვარი იძულებული გახდა‚ შვებულება აეღო და აბასთუმანში წასულიყო ტუბერკულოზის სამკურნალოდ.
რაც შეეხება მეორე ვერსიას, მის თანახმად, მხატვარი ე.წ. არამიანცის საავადმყოფოში გარდაიცვალა და პეტრე-პავლეს სასაფლაოზე დაკრძალეს. აღნიშნული ვერსიის ავტორი ჟურნალისტი ნელი კობიაშვილია. იგი სასაფლაოს დარაჯის ძმის, დავით ჩაჩანიძის მონათხრობსა და საარქივო მონაცემებს ეყრდნობა. მართალია, პეტრე-პავლეს სასაფლაოზე მხატვრის დაკრძალვა ჩანაწერებში დაფიქსირებული არ არის, თუმცა, სასაფლაოს დარაჯს უთქვამს, რომ უპატრონო რიყელი ბიჭი ნიკალა გარდაიცვალა, რომელსაც ძველი, „კრასკიანი“ დაგლეჯილი ტანსაცმელი ეცვა. მისი ცხედარი ცხენზე შებმული ტაჭკით მიუსვენებიათ და ამ სასაფლაოზე დაუკრძალავთ.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ნიკო ფიროსმანის სავარაუდო საფლავის შესახებ ხმამაღალი განცხადება კეთდება. ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში ფიროსმანის მემკვიდრეობის დაცვის საზოგადოებაში ვარაუდობდნენ, რომ ნიკალას საფლავს მიაგნეს. უბრალოდ, სიტუაციას ართულებდა ის, რომ სავარაუდო ადგილზე საავტომობილი გზა გადიოდა. ფიროსმანის ძებნის საქმეში მხატვრის მემკვიდრეობის დაცვის საზოგადოებამ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროც ჩართო. გათხრების შემდეგ ნეშტს ექსპერტიზა უნდა ჩატარებოდა და, თუ მხატვრის თმასა და ძვლებზე საღებავების კვალი არ აღმოჩნდებოდა, რითაც მხატვრის ამოცნობას შეძლებდნენ, მაშინ ნეშტის დნმ-ის კვლევა უნდა დაწყებულიყო. ფიროსმანის პროცესიის თვითმხილველის ინფორმაციით, ნიკალა საღებავებით დასვრილი ტანსაცმლით დაკრძალეს. თუმცა ამ „აღმოჩენის“ შესახებ მოგვიანებით აღარაფერი თქმულა. არადა, მხატვრის ნეშტის აღმოჩენას ნიკო ფიროსმანის მთაწმინდის პანთეონში გადასვენება უნდა მოჰყოლოდა.
ახალი აღმოჩენის შესახებ For.ge ფილმ „ფიროსმანის“ რეჟისორს გიორგი შენგელაიას ესაუბრა. კინორეჟისორმა ჩვენგან შეიტყო ეს ინფორმაცია და დაგვპირდა, რომ ამ თემით დაინტერესდებოდა. მან ისიც გაიხსენა, რომ თავის დროზე ანდრო ბარნოვს კუკიაზე მსგავსი აღმოჩენა გაუკეთებია, მართალია, საფლავის ქვა არ უპოვია, მაგრამ ვიღაცების მინიშნებით საფლავი გაუთხრიათ და იქ ქალის ჩონჩხი აღმოჩენილა.
„სხვათა შორის, მეც ვესწრებოდი ამ პროცესს. იქ იყვნენ მწერლები, ირაკლი აბაშიძე და სხვები. ფიროსმანის დროს უპატრონო მიცვალებულებს კუკიაზე ასაფლავებდნენ, მაგრამ ერთი რამ მაინც მაეჭვებს, ფიროსმანის ახლანდელ სავარაუდო საფლავზე დიდი ან პატარა ქვის დამდები არ იქნებოდა. იგი სახლიდან საავადმყოფოში ვიღაც მეეტლემ წაიყვანა, საავადმყოფოშიც შემორჩა საბუთები, რომ მიიყვანეს 60 წელს გადაცილებული ვიღაც მამაკაცი, არც სახელია, არც გვარი, უბრალოდ, ემთხვევა ფიროსმანის გარდაცვალების თარიღს მისი დაღუპვა. გარდა ამისა, მეზობლებმაც თქვეს, რომ კიბის ქვეშ მცხოვრები ფიროსმანი წაიყვანა ვიღაცამ. თუმცა, სანამ საფლავი არ გაითხრება და არ ამოვა ნეშტი, გადაჭრით არაფრის თქმა არ შემიძლია“.
გიორგი შენგელაიას ისიც აეჭვებს, რომ უშუალოდ ეკლესიის გვერდზე არ დაასაფლავებდნენ ფიროსმანს, რადგან ეს პრესტიჟული ადგილი იყო და მდიდარი ოჯახის შვილისთვის იყიდდნენ განსასვენებელს. უპატრონო მიცვალებულისთვის კი საფლავი ცოტა მოშორებით იქნებოდა.
ჟურნალისტი, ფიროსმანის ცხოვრების მკვლევარი ნელი კობიაშვილი For.ge-სთან საუბრისას იმყოფებოდა ფიროსმანის ახლად აღმოჩენილ სავარაუდო საფლავთან და ისტორიკოს ზაზა აბაშიძესა და მამა ალექსანდრესთან ერთად ათვალიერებდა ტერიტორიას, ქვის სიძველეს და ფიროსმანის გარდაცვალების წლების (1918-19) დამთხვევას ამ ქვაზე.
„ეს წარწერები გასაწმენდია და მხოლოდ მათი წაკითხვის შემდეგ შეიძლება საფლავის გათხრაზე საუბარი. სპეციალისტები უნდა მოვიწვიოთ, რომლებიც ქვის სიძველეს დაადგენენ, თუმცა ეს აღმოჩენა ყურადღება მისაქცევია“.
ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ამ დროისთვის ხმამაღალი ნათქვამია, თითქოს ფიროსმანის სავარაუდო საფლავი აღმოჩენილია. ეჭვებს ბადებს ისიც, რომ საფლავი არის პატარა ზომის და ბავშვის საფლავს ჰგავს.
„არ ვიცი, რამდენად შეიძლება პატარა ქვა დაედოთ ფიროსმანის საფლავისთვის, თუმცა მასზე დატანილი გამოსახულება არ არის ბავშვის. ეს არის ბიჭის გამოსახულება, რომელსაც ჯვარი აქვს კისერთან. თუ ჩვენი კულტურის მინისტრის ტვინამდე მივა, რომ ბოლოს და ბოლოს რაღაც უნდა გააკეთოს, მაშინ უნდა შეისწავლონ ეს საფლავი. არსებობს აპარატურა, რომლითაც დაადგენენ, გვამი ბავშვის არის თუ არა. გათხრაც არ არის საჭირო, აპარატურით ზუსტად დგინდება ეს ყველაფერი. გოგლა ლეონიძის კვლევაც იყო ამასთან დაკავშირებით, ასევე, ამირან არაბულს, ეთერ თათარაიძეს აქვთ საინტერესო ბიოგრაფიული მონაცემები ფიროსმანის შესახებ. ეს კვლევები ერთმანეთს შეავსებენ, რაღაცები ამოვარდება, რაღაცები დაემატება“, - გვითხრა გოგი ხოშტარიამ.
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, ფოლკლორისტმა ამირან არაბულმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ქვაზე შემორჩენილი მამაკაცის სახე, ხელები - ყველაფერი მიმსგავსებულია ადამიანს. თუმცა ქვა პატარა ზომის არის, როგორიც დევს ხოლმე ბავშვების საფლავებზე.
„დაბეჯითებით არ ვამბობთ, რომ ეს არის მაინცდამაინც ფიროსმანის საფლავი, მაგრამ ბევრი რამ ამის სასარგებლოდ მეტყველებს. ეს არის გასული საუკუნის 20-იანი წლების საფლავის ქვა, თვითონ წარწერის შინაარსი, სამსიტყვიანი წარწერა - „შეიწყალე, უფალო, ნიკალაი“ და მწირი მასალები, რომლებშიც საუბარია, რომ ნიკალას საფლავი იძებნებოდა ეკლესიიდან მარცხნივ, დაახლოებით 200 მეტრში, სავარაუდოდ, რეალობაა. ამ ქვას აუცილებლად ექნება დაბადება-გარდაცვალების თარიღები, რადგან ჩვენ არ შეგვხვედრია საფლავის ქვა, რომელზეც არ იყოს ეს თარიღები აღნიშნული. უბრალოდ, ქვა მიწაშია და არ ჩანს“, - გვითხრა ამირან არაბულმა და არ გამორიცხა, რომ ფიროსმანის საფლავის ქვა ამქრის წევრების, მისი ახლობლების, თანამოაზრეების გაკეთებული იყოს.
For.ge-სთან საუბარში ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე აცხადებს, რომ ეს საფლავი ფიროსმანს უნდა ეკუთვნოდეს, რადგან კუკიაზე, ეკლესიასთან ახლოს, 150-200 მეტრში მდებარეობს. თუკი კუკიაზე არ აღმოჩნდება ფიროსმანის საფლავი, მაშინ მეცნიერები არ უნდა გაჩერდნენ და ნელი კობიაშვილის მიერ მინიშნებული ადგილი უნდა გათხარონ პეტრე-პავლეს სასაფლაოზე.
„კულტურის სამინისტროში პატარა კომისია შეიქმნება, რომელიც ამას გამოიკვლევს. ეს საფლავი არ არის ეკლესიაზე მიბმული, იმ პერიოდში უპატრონო მიცვალებულებისთვის ცალკე უპატრონოთა სასაფლაო არ არსებობდა. მათ კრძალავდნენ პეტრე-პავლეს სასაფლაოზე, დღევანდელი ძველი ვერისა და დღევანდელი კუკიის სასაფლაოზე, რადგან ყველა სასაფლაოზე იყო მათთვის ადგილი გამოყოფილი“, - აღნიშნა ზაზა აბაშიძემ.