ფასეულობები, რომლის გასხვისებაც არ შეიძლება

ფასეულობები, რომლის გასხვისებაც არ შეიძლება

„ქართული მიწა, წყალი, მდინარე, საბადოები - ეს ის ფასეულობებია, რომლის გასხვისება არ შეიძლება“, - ამის შესახებ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. ილია მეორის თქმით, უცხო ხალხს გააჩნია ბევრი საშუალება, ფული, რათა ეს ყველაფერი იყიდოს და საქართველო დარჩეს სრულიად ცარიელი. ამიტომ უნდა ვიფიქროთ არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ შთამომავლობაზე.

„არის შემთხვევები, როცა ხდება არა გაყიდვა, არამედ 50, 90-იანი, 100 წლით გასხვისება. მაგალითად, ტყის გასხვისება. ტყე რომ განადგურდეს, განადგურდება ხალხიც. 100 წელი რად უნდა ტყის განადგურებას, ერთი კვირაც ეყოფა, რაც ძალიან საშიშია“, -  აღნიშნა პატრიარქმა.

ცნობისთვის, სულ ახლახანს საკონსტიტუციო სასამართლომ ძალადაკარგულად ცნო ის ნორმა, რომელიც უცხოელებს უკრძალავდა, გამხდარიყვნენ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეები. საუბარია საქმეზე „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. სადავო ნორმის მიხედვით, 2014 წლის 31 დეკემბრამდე უცხოელ ფიზიკურ პირებს შეჩერებული ჰქონდათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების შეძენის უფლება.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველი გახდა ორგანიზაცია „საერთაშორისო–გამჭვირვალობა საქართველოს“ (სამეთვალყურეო საბჭოს გამგეობის თავმჯდომარე ამერიკის მოქალაქე მარკ მალენი) მიერ მომზადებული სარჩელი იმის თაობაზე, რომ მიწაზე დაწესებული მორატორიუმი დაუშვებელია, რადგან ის ზღუდავს კერძო პირის უფლებებს.

მარკ მალენის მოსაზრებით, „იდეა, რომ სახელმწიფო ფლობს მიწას, უცნაურია და იგი ისტორიის მანძილზე ასე მკვეთრად განსაზღვრული არ იყო. ამგვარი ხედვა ნელ-ნელა ძველდება“. „საქართველოში არის ხალხი, ვისაც ეს ყველაფერი აწუხებს. ისინი ამბობენ, რომ ეს მათი ქვეყანაა და ახალჩამოსულებზე ნერვიულობენ. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ორასი წლის წინ თბილისი სავსე იყო არაბებითა და ირანელებით. „ახლად ჩამოსულებს“ უცხოდ აღიქვამენ და ეს შფოთვის საბაბს ქმნის“.

ცნობისთვის, მარკ მალენს საქართველოში ბინზესინტერესები აქვს. იგი წილებს ფლობს „ჯეო კაპიტალსა“ და „ბეტსის“ სასტუმროში. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტოს მიხედვით, მარკ მალენი საკუთარი კომპანიის („ჯეო კაპიტალის“) პრეზენტაციაზე სააკაშვილის გვერდით დგას. უფრო ადრე კი მალენი „ენ-დი-აი“-ს საქართველოს განყოფილების უფროსი იყო.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დარღვეული მორატორიუმის შემდეგ უცხოელებზე ქართული მიწის გასხვისების შესაძლებლობამ იმატა. სხვადასხვა მონაცემით, უცხოელთა საკუთრებაში 30 ათას ჰექტრამდე მიწა მოექცა. თუმცა სამწუხაროა, რომ საქართველოში ამ მხრივ ზუსტი სტატისტიკა არ იწარმოება.

ჯერ კიდევ 2010 წელს გაეროს დაქვემდებარებულმა ორგანიზაციამ გამოხატა გაკვირვება იმის გამო, რომ საქართველოში არ აღირიცხებოდა მიწები და არ ხდებოდა მიწის ბალანსის შედგენა. 2004 წლის მონაცემებით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი შეადგენდა 3025.8 ათას ჰექტარს. საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის 2008 წლის მონაცემებით, აღრიცხული იყო მხოლოდ 838,0 ათას ჰექტარი. თუმცა სად იკარგებოდა 2187,6 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგული, დღემდე უცნობია.

რა რაოდენობის მიწა გასხვისდა საქართველოში უცხოელებზე და არის თუ არა ქვეყანა საფრთხის ქვეშ?

დემოგრაფი, პროფესორი ანზორ თოთაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ უცხოელებზე ყველაზე საუკეთესო მიწები გაიცემა, რაც კი მოიპოვება კახეთსა და თბილისის შემოგარენში (სააგარაკო ნაკვეთები) და არა ვთქვათ - ხარაგაულის რაიონში, სადაც არავინ წავა.

„ამ გოგოს - ეკა გიგაურს მზითევში ხომ არ მოყვა საქართველოს მიწები? ეს უკანონობა მას საკონსტიტუციო სასამართლოში პაპუაშვილმა დაუმოწმა. ნაციონალები თავისას არ იშლიან და ყოველივე ეროვნულის წინააღმდეგ გამოდიან. ეკა გიგაური ნაციონალების საქმეს აკეთებს. მაშინ დააზუსტოს გიგაურმა, რამდენი მიწაა გაყიდული სომხეთში ან აზერბაიჯანში, სადაც აკრძალულია მიწის გაყიდვა, ან ისიც თქვას, შეიძლება თუ არა მიწის გაყიდვა ისრაელში, მოადგა მაინცდამაინც დაპატარავებულ საქართველოს, სადაც დემოგრაფიული მდგომარეობა უმძიმესია, ხალხი გარბის, მიწების 20% წაღებულია და რაც დაგვრჩა, ამ მიწებსაც ვყიდით. თუ ასე გაგრძელდა, საქართველო აღარ იქნება. ეკა გიგაურის უკან უცხოელების ინტერესია. კატასტროფული მდგომარეობაა მსოფლიოში, ასეულ მილიონობით ადამიანს სუფთა სასმელ წყალზე არ მიუწვდება ხელი, აქ წყალიც არის და ყველაფერიც, თუკი კაცი ხელს გაანძრევს, საკვები არ მოაკლდება. ეკა გიგაურის, ნინო ლომჯარიას, კახა კოჟორიძის საერთაშორისო ორგანიზაციებს ფულს უხდის ის ხალხი, რომელიც თავის ინტერესზე ფიქრობს. დღე არ გავა, რამდენიმე ინტერვიუ ამ სამმა ადამიანმა გადარბენით არ მისცეს. მათ ხომ არ უნდა შევწიროთ მთელი საქართველო?“ - აცხადებს ანზორ თოთაძე და განმარტავს, რომ დაზუსტებით არავინ იცის, მაგრამ უცხოელებზე 30 ათას ჰექტარზე ბევრად მეტი მიწაა გაყიდული. მარტო შარშანწინ კახეთში მიწის გაყიდვის 544 შემთხვევა აღირიცხა.

გარდა ამისა, უამრავი „შერეკილი მილიარდელია“, რომელიც „ნაკვეთებს“ ყიდულობს მთვარესა და მარსზე. ასეთ საოცარ ბუნებას კი ვინ დატოვებს?! „ერეკლე მეფე, 75 წლის კაცი, დიდი მთავარსარდალი ხმლით ხელში იბრძოდა ამ მიწისთვის აღა-მაჰმად-ხანის წინააღმდეგ, ასეთი ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს, რომ ამ ასაკის კაცს ასე ეომოს, ჩვენ კი რას ვუტოვებთ შთამომავლობას?!“

ექსპერტი აგრარულ საკითხებში პაატა კოღუაშვილი მიიჩნევს, რომ ერისთვის წყევლაა, როცა არ ისმენს სულიერი მოძღრვის ჭეშმარიტ მოთხოვნას. მისმა უწმინდესობამ დააყენა საკითხი, რომ უცხოელთა მიმართ გამოყენებულ იქნას გრძელვადიანი იჯარა. კერძოდ, გრძელვადიანი იჯარის ორი ფორმა არსებობს - პირველი 49 წელს მოიცავს, ხოლო მეორე ახალი ფორმაა და გრძელვადიან გასხვისებად იჯარას ნიშნავს. ანუ უცხოელი, რომელიც 20 წლის შემდეგ გადაწყვეტს, რომ არ გააგრძელოს საქმიანობა ამ მიწაზე, უფლებას იღებს, გაასხვისოს ამ იჯარით სარგებლობის უფლება და მიწა ავტომატურად ხდება ბაზრის ობიექტი.

„უცხოელებზე 30 ათასი ჰექტარია გასხვისებული. ეს მონაცემები შემდეგნაირად დაანგარიშდა: საქართველოში სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ფართობი არის 3 მილიონ 250 ათასი ჰექტარი, აქედან 803 ათასი ჰექტარი არის სახნავი, დაახლოებით 270 ათასამდეა მრავალწლიანი ნარგავი- ვაზი, ხეხილი და სხვა, მილიონ 800 ათასი ჰექტარია საზღვარი. ეს არის ჩვენი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფონდი. ინტენსიურ სავარგულებს განეკუთვნება სახნავს დამატებული მრავალწლიანი ნარგავების ფართობი, ეს არის სადღაც მილიონ ასი ათასი ჰექტარი.

სახელმწიფო დანაშაული ჩაიდინა საკონსტიტუციო სასამართომ, როცა უცხოელი მოქალაქის სარჩელი დააკმაყოფილა და არ გაითვალისწინა 2014 წელის 31 დეკემბრამდე არსებული მორატორიუმი. საქართველოს მთავრობამ სასწრაფოდ უნდა შექმნას მიწის დაცვის ტრიბუნალი, რომელიც განიხილავს ნებისმიერ მოთხოვნას მიწის შესყიდვის თუ იჯარის შესახებ. ეს შეზღუდვები უნდა უკავშირდებოდეს საქართველოში ლეგიტიმურ ცხოვრებას. იმავე ავსტრიელმა, რომელმაც გვიჩივლა, რატომღაც არ გაიხსენა, რომ ავსტრიის კანონში პირდაპირ ჩაწერილია, რა შემთხვევაში გაიცემა მიწა არაავსტრიელ მოქალაქეზე: უცხოელი ასი წელი მაინც უნდა ცხოვრობდეს ავსტრიაში ლეგიტიმურად, მას უნდა ჰქონდეს აგრარული განათლება, აგრარულ სფეროში მუშაობის გამოცდილება, შესაბამისი ფინანსები და სხვა“, - აცხადებს პაატა კოღუაშვილი For.ge-სთან საუბარში.

ეკონომიკის ექსპერტი პაატა აროშიძე განმარტავს, რომ საქართველოში ძალიან დიდი რაოდენობით მიწაა უცხოელებზე გასხვისებული. უბრალოდ, აქ ორი მომენტია-  უცხოელს პირად საკუთრებაში აქვს მიწა ან მიწა ქართველის საკუთრებაშია, ოღონდ რეალურად უცხოელი განკარგავს.

„მორატორიუმს დადებითი ის ჰქონდა, რომ ჩერდებოდა უცხოელებზე მიწების გაცემა, განსაკუთრებით, საზღვრისპირა რეგიონებში. ახლა ზოგიერთი ამბობს, ხომ ვერ მოიკიდებს ვიღაც მიწას და ხომ ვერ წაიღებსო, მაგრამ თვითონ ეს პროცესია საშიში, რადგან მას საკუთრების უფლება გადაეცემა მიწაზე და არათუ გაყიდის, არამედ ჩამოასახლებს თვისტომს. ნეტავ, გვქონდეს იმდენი მიწა გასასხვისებლად. ისრაელში მიწა სახელმწიფოს საკუთრებაა, რომლის გადაცემაც გრძელვადიან საკუთრებაში ხდება ისრაელის მოქალაქისთვის, მაგრამ გაყიდვა კატეგორიულად აკრძალულია. პატრიარქის ნათქვამი დროულია, რადგან მიწა ის არის, რაზეც მატერიალურად არსებობს სახელმწიფო.

თუ ჩვენ გვინდა ყველაფერი გავასხვისოთ, ამით სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ. სამწუხაროდ, საქართველოდან უცხოეთში იგზავნებოდა განცხადებები, ინდოელებო, პაკისტანელებო ჩამოდით საქართველოში, აიღეთ მიწები, კანონმდებლობა კარგია, ხელს შეგიწყობენ. ამაში მონაწილეობდნენ ჩვენი საერთაშორისო ორგანიზაციები. დადასტურებით ვერ ვიტყვი, ამაში „საერთაშორისო გამჭვირვალობაც“ ერია თუ არა, მაგრამ უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონენო - ასეა ჩვენი საქმე. წმინდა ეკონომიკური პრინციპიდან გამომდინარე, ვერანაირ სარგებელს ვერ ვხედავ, რომ უცხოელმა აიღოს ჩვენი მიწა. პოლიტიკური გადასახედიდანაც, ეს პირდაპირ სახელმწიფო უსაფრთხოებას უკავშირდება. მეზობელი ქვეყნების ინტერესები იკითხება - იმავე თურქეთის, განსაკუთრებით აჭარის რეგიონში, სომხეთის, აზერბაიჯანის.

რამდენიმე წლის წინ ბურების ჩამოსახლება უნდოდა წინა ხელისუფლებას. სამწუხაროდ, საერთაშორისო ორგანიზაციების უმეტესობა მოწოდებულია უცხოელთა და არა საქართველოს მოქალაქეთა დასაცავად“, - აღნიშნა For.ge-სთან საუბარში პაატა აროშიძემ და არ გამორიცხა, ამ საქმეში მარკ მალენსაც (ამერიკის მოქალაქეს) ჰქონდეს ინტერესი, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ უკან დგას.

ზოგადად, ექსპერტის აზრით, ვინც მორატორიუმის მოხსნით იყო დაინტერესებული, ან პოლიტიკური ინტერესი ჰქონდა, ან- ეკონომიკური, ან კიდევ - დავალებას ასრულებდა“.

იმის გასარკვევად, აწარმოებენ თუ არა საქართველოში უცხოელებზე გასხვისებული მიწების სტატისტიკას, ჩვენ სხვადასხვა ინსტანციებს დავუკავშირდით, თუმცა ერთი უწყება მეორისკენ გვამისამართებდა. ასე აღმოჩნდა, რომ სტატისტიკის ეროვნული სამმართველო, სოფლის მეურნეობის თუ ეკონომიკის სამინისტროები არ აწარმოებდნენ ამგვარ აღრიცხვას. საბოლოოდ საჯარო რეესტრს დავუკავშირდით, სადაც წერილობით მიმართვა გვთხოვეს, თუმცა დღის ბოლომდე საჯარო რეესტრიდან პასუხი არ მიგვიღია.