უმცროს ოფიცერთა სკოლის კურსდამთავრებულებმა ფიცი დადეს

უმცროს ოფიცერთა სკოლის კურსდამთავრებულებმა ფიცი დადეს

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 98 ოფიცერი შეემატა. დღეს, მათ  დავით აღმაშენებლის ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამწყობრო მოედანზე ღვთისა და ერის წინაშე ფიცი დადეს. დღეიდან მათ ოფიცრის პირველადი წოდება - ლეიტენანტი მიენიჭებათ.

აკადემიის პირადმა  შემადგენლობამ  და მოწვეულმა  სტუმრებმა წუთიერი დუმილით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას პატივი მიაგეს.

საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარველაშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრნენ.

საქართველოს შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა უმცროს ოფიცრებს კურსის დასრულება მიულოცა: „ახალი ოფიცრობა შეემატა ქართულ შეიარაღებულ ძალებს. ეს არის ინტელექტუალი, პროფესიონალი ოფიცრების ახალი თაობა. ისინი გააძლიერებენ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას. მე კიდევ ერთხელ ვულოცავ მათ ამ ღირშესანიშნავ დღეს“.

კურსდამთავრებულებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიმართეს.

ირაკლი ალასანიამ ოფიცრებს კურსის წარმატებით გავლა მიულოცა, კარიერული წინსვლა უსურვა და  სამხედრო მოსამსახურის  პროფესიის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი: „მქონდა ბედნიერება მენახა მათი სამხედრო მომზადების დონე,  როცა ბრიგადებში სტაჟირებაზე იყვნენ. მინდა ვთქვა, რომ დღევანდელი შემატებით საქართველო  კიდევ უფრო ძლიერი გახდა. მე დარწმუნებული ვარ მათ განათლებაშიც, პროფესიონალიზმშიც და ვიცი, რომ ის ქვედანაყოფები რომელსაც ისინი წარუძღვებიან, იქნება ერთ-ერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანი“.

ღონისძიებას ასევე დაესწრნენ უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი, შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი ალუდა კოპალიანი, თავდაცვის აკადემიის და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები, ასევე, კურსდამთავრებულების ოჯახის წევრები.

საზეიმო ღონისძიების დასრულების შემდეგ, პირადი შემადგენლობა საქართველოს შეიარაღებული ძალების კაპელანმა, მამა დავითმა დალოცა. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-სასულე ორკესტრის მიერ  საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.

ქვეით ოფიცერთა მომზადების კურსი 50 კვირას მოიცავდა, რომლის ფარგლებშიც მსმენელები სხვადასხვა  სამხედრო დისციპლინას ეუფლებოდნენ. მიმდინარე წელს ქვეით ოფიცერთა მომზადების კურსზე 150 მსმენელი ჩაირიცხა. 35 კვირიანი სწავლების შემდეგ, კურსის მსმენელები სპეციალობების შესაბამისად, ქვეით ოფიცერთა მომზადებისა და ავიაციის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსებზე გადანაწილდნენ.

დღეს, ქვეით ოფიცერთა მომზადების კურსი, მსუბუქი ქვეითი სპეციალობით  80-მა მსმენელმა დაასრულა. ავიაციის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი, საავიაციო შეიარაღების ტექნიკოსის, საფრენი აპარატების და საავიაციო ძრავების ტექნიკოსის, საფრენი აპარატების საავიაციო და რადიოელექტრონული მოწყობილობების ტექნიკოსის სპეციალობით  18-მა  მსმენელმა გაიარა.

დღეიდან კურსდამთავრაბულები სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გააგრძელებენ მსახურს.