უახლოეს მომავალში ნავთობსა და გაზზე მოთხოვნა იკლებს

უახლოეს მომავალში ნავთობსა და გაზზე მოთხოვნა იკლებს

როგორც საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო ვარაუდობს, უახლოესი წლების განმავლობაში ნავთობსა და გაზზე მოთხოვნა იკლებს და ამის მიზეზი ახალი საბადოების ამოქმედება და ენერგორესურსების ეკონომიის პროგრამები გახდება.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ ორი წლის წინ ენერგეტიკული სააგენტო 2030 წლისთვის ნავთობის მოხმარების 106 მილიონ ბარელამდე, ანუ 25 პროცენტით ზრდას წინასწარმეტყველებდა.

ახლა ექსპერტები ფიქრობენ, რომ ნავთობის მოხმარება მსოფლიოში გაიზრდება არა 2 პროცენტით, როგორც ეს წინა ათწლეულში ხდებოდა, არამედ მხოლოდ 0,5-1 პროცენტით.

კიდევ უფრო ნეგატიურია საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს პროგნოზი ბუნებრივ აირთან მიმართებაში: მსოფლიოს გაზის საერთაშორისო ბაზარზე შეთავაზება მოთხოვნილებაზე მეტი იქნება და ამ შემთხვევაშიც იგივე ფაქტორები იქნება განმსაზღვრელი, რაც ნავთობთან მიმართებაში.

ენერგეტიკული სააგენტოს მონაცემებით, 2020 წლისთვის ბუნებრივი აირის ჭარბწარმოება 250 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს და ეს ტენდენცია კარდინალურ ცვლილებებს მოიტანს გაზის ფასის დადგენის პროცესში.

ასე რომ, ბუნებრივი აირის საერთაშორისო ბაზარი ახალი ერის დაწყების ზღურბლზეა. ახალი ტენდენციების შედეგად ისეთი მომპოვებელი ქვეყნები, როგორიც თუნდაც რუსეთია, ვეღარ შეძლებენ, მყიდველებს გაზის სპეკულაციურ ფასად შესყიდვა აიძულონ. აქედან გამომდინარე, რუსულ ენერგოგიგანტ „გაზპრომს“ საკუთარი გეგმების შეცვლა და წარმოების შემცირება მოუწევს.