„ქარს გატანებული“ სახელმწიფო სიმდიდრე

„ქარს გატანებული“ სახელმწიფო სიმდიდრე

რატომ არ გაიაფდა ელექტროენერგია, რატომ არის გაურკვევლობა და ბუნდოვანება წყლით მომარაგების სფეროში; შეეძლო თუ არა დღევანდელ ხელისუფლებას, რომელიც ძალაუფლებაში მოსვლამდე ენერგომატარებლებზე ფასების სერიოზულ შემცირებას გვპირდებოდა, რეალურად შეესრულებინა დაპირებები. შესაძლოა ამ კითხვებზე პასუხები მივიღოთ წიგნში - „ქართული ეკონომიკის მკვლელები“ - რომელიც კომპანიების - „თელასის“ და „ჟინერის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, „ორთაჭალჰესის“ ყოფილი გენერალური დირექტორის და ენერგეტიკის აკადემიის წევრის თემურ ჭიჭინაძის ავტორობით გამოიცა.

წიგნი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სფეროში არსებულ კორუფციულ სქემებსა და დატაცებული მილიარდებს ეხება. For.ge თემურ ჭიჭინაძეს ესაუბრა.

ბატონო თემურ, რატომ გადაწყვიტეთ ამ თემაზე წიგნის გამოცემა, ფიქრობთ, რომ დღევანდელი ხელისუფლება ამ ყველაფერს ყურად იღებს?

- თელასის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ვიყავი, როდესაც ის იყიდებოდა და მთელმა მოვლენებმა ჩემს თვალწინ ჩაიარა. მაშინ მიმაჩნდა, რომ ყველაფერი ისე უნდა ყოფილიყო, როგორც მოხდა - პრივატიზაციის პირველი ტალღა იყო და პირველი მსხვილი ობიექტი იყიდებოდა - ყველანი კმაყოფილები ვიყავით იმ იმედით, რომ რაღაც შედეგი დადგებოდა. შემდეგ უკვე ორი მოწვევის საკრებულოს წევრი გახლდით და თბილწყალკანალის თემებზე მომიწია მუშაობა. ჯერ კიდევ მაშინ უნდოდათ, წყლის გასხვისება, მაგრამ სხვადასხვა ძალების ჩარევის შემდეგ შეჩერდა.

ეს სხვადასხვა ძალები ვინ იყვნენ? იუზა ცარციძე ხომ არა?

- პირიქით, იუზა მაშინ მონდომებული იყო, რომ პრივატიზება მომხდარიყო. „ჯენერალ დეზო“ იყო, ფრანგული კომპანია, მიდიოდა სერიოზუილი ლობირება, შემდეგ წყლის ტარიფი გაზარდეს, გამოიყო ევრობანკის სესხი, რომელიც წყლის განვითარებას უნდა მოხმარებოდა. მახსოვს, მაშინ პატრიარქმა ითხოვა, რომ ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოეხსნათ. ასე გადარჩა მაშინ წყალი...

ჯონ პერკინსის „ეკონომიკური მკვლელის აღსარება“ ჩამივარდა ხელში და იმ ყველაფერმა რისი მომსწრეც ვიყავი, თვალწინ გამიელვა, რაღაც პარალელები გავავლე და აღმოჩნდა, რომ ის ყველაფერი, რაც თავის დროზე ჩემს თვალწინ ხდებოდა, ძალიან ახლოს იყო ამ წიგნთან.

გამახსენდა, როგორ შემოდიოდა საქართველოში მსოფლიო ბანკი... ის რეალობა, რაც საქართველოში სუფევდა, ძალიან ახლოს იყო ამ წიგნთან. ამიტომ ვიფიქრე, რომ ცუდი არ იქნებოდა ამ ყველაფრის აღწერა.

დავუბრუნდეთ, რაც ხდებოდა რეალობაში. მართალია თელასის გასხვისება მაშინ უპრეცენდენტო მოვლენა იყო და ფაქტობრივად, საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლას უნდა ჩაყროდა საფუძველი, მაგრამ რამდენადაც ცნობილია, მაშინვე სხვადასხვა ინტერესები იკვეთებოდა. ჟურნალისტებისთვის ცნობილი გახდა ისეთი ფაქტები, როგორიცაა, „მერილ ლინჩისმიერ დალუქული პაკეტების წინასწარ გახსნა, შემდეგ ეიესისთვის უპირატესობის მინიჭება და .. თქვენ რა დეტალებს გამოყოფდით, იყო კორუფციული ელემენტები?

- შესაძლოა, ამას მაშინ დიდ ყურადღებას არ ვუთმობდით, რადგან პირველი ობიექტი იყოდებოდა 25 მილიონად. მაშინ თელასი 25 მილონზე ბევრად მეტი ღირდა - წიგნში აღწერილია კიდეც - მარტო მიწის ქვეშ იმდენი კაბელი იყო ჩაწყობილი, ამ კაბელების ღირებულება იქნებოდა 25 მილიონი, რომ აღარაფერი ვთქვათ, იმ ქონებაზე, რაც მაშინ თელასს გააჩნდა. ძალიან მცირე ფასად გაიყიდა, მაგრამ იმ პერიოდში ძალიან უჭირდა ქვეყანას, არ იყო დენი. შესაძლოა, აქედან გამომდინარე, ეს ფასი იმ მომენტისთვის მისაღებიც იყო, მაგრამ ძალიან ბევრი სხვა შეცდომაც იყო დაშვებული.

როდესაც პირველივე ტენდერი ასე ჩატარდება ქვეყანაში, თუნდაც, სატენდერო პაკეტების წინასწარ გახსნა მაქვს მხედველობაში - ფრანგული კომპანიაც მონაწილეობდა მაშინ ტენდერში ამერიკულ კომპანიასთან ერთად და მათი პაკეტი გაიხსნა წინასწარ. შემდეგ ეს არც უარყვეს და იმით დაასაბუთეს, რომ აინტერესებდათ, თანხის გადახდის ჩეკი იდო თუ არა პაკეტში.

შემდეგ მოხდა ისე, რომ ტენდერის დასრულებამდე 10-15 წუთით ადრე ამერიკელებმა შეიტანეს განაცხადი. უკვე ჩანდა, რომ მათი გამარჯვებით ძალიან იყო დაინტერესებული იმდროინდელი ახალგაზრდული რეფორმატორების ფრთა ჟვანია-სააკშვილის ხელმძღვანელობით. ისინი ლობირებდნენ ამერიკულ კომპანიას და ეს გამოჩნდა კიდეც სატენდერო კომისიის სხდომაზე, როდესაც თქვეს, ყურადღება არავის მიექცია იმ ფაქტისთვის, რომ სატენდერო პაკეტი წინასწარ გაიხსნა. იმ 25 მილიონიდანაც სახელმწიფოში 23 მილიონი შემოვიდა, 2 მილიონი საკონსულტაციო კომპანია „მერილ ლინჩმა“ აიღო.

ანუ ძალიან იაფად გაიყიდა თელასი?

- თელასის 6-სართულიანი შენობა 60 ათასად იყო შეფასებული. იმ დროს, როდესაც 4-ოთახიანი ბინა ღირდა 50 ათასი.

ვინ შეაფასა ქონება?

- „მერილ ლინჩს“ ჰყავდა დაქირავებული კონსულტანტები და ყველაფერი მან მოამზადა. გარდა ამისა, „ეი-ი-ესმა“ სრულიად უფასოდ წაიღო თბილისის გარშემო მდებარე მაღალი ძაბვის ქვესადგურები (40 ქვესადგური), რომლებიც პრივატიზების ნუსხაში საერთოდ არ იყო შესული. უცებ გაახსენდათ - საქენერგოს ბალანსიდან გადმოიტანეს და „ეიიესს“ მისცეს.

რა ფასში უნდა გაყიდულიყო თელასი?

- ძნელია ამისი თქმა, მაგრამ შემოსვლიდან მეორე წელს გააკეთეს გადაფასება, ისე, რომ ინვესტირება დამთავრებული არ ჰქონდათ და უკვე 200 მილიონად იყო შეფასებული. თუ ინვესტიცია არ განხორციელდა, ერთ წელიწადში როგორ გახდა 200 მილიონად ღირებული?! როგორც ჩანს, თავიდანვე 200 მილიონი ღირებულა.

გარდა ამისა პირობებიც არ შეუსრულებიათ - 24-საათიანი მომარაგება რაღაც პერიოდის შემდეგ შესრულდა. გამრიცხველიანებაც ასევე, გარკვეული პერიოდის შემდეგ შესრულდა, მაგრამ მესამე პირობა, ხელშეკრულებები მომხმარებელთან, დღემდე არ არის შესრულებული. ცალმხრივი ხელშეკრულება მომხმარებელს ყველაფრის უფლებას ართმევს.

რა ინტერესი ჰქონდა მაშინ ჟვანის-სააკშვილის ფრთას?

- ეს ალბათ მოკვლევის საგანია, ფაქტია რომ ძალიან დიდი ლობირება ხდებოდა - ძალიან მალე თელასს გაუზარდეს ტარიფი, ეს ფაქტი უკვე იძლეოდა ეჭვის საფუძველს, რომ კორუფციულ გარიგებას ჰქონდა ადგილი. „მოქალაქეთა კავშირს“ მაშინ თელასში თავისი წარმომადგენელი ჰყავდა და ყველაფრის საქმის კურსში იყო. თელასსაც და ენერგო-პროსაც ძალიან მაღალი ტარიფები აქვთ და სერიოზული მონოპოლისტები არიან.

გამოდის, რომ 1998 წლიდან მოყოლებული ხალხს მიზანმიმართულად ძარცვავენ?

- როდესაც სახელმწიფო ხელს უწყობს კომპანიას, გამოდის, რომ ეს ძარცვა არის ერთობლივი. შეგნებულად შეიქმნა ორი მონოპოლისტი. სადმე ელექტროენერგიის შეყვანა რომ გინდა, ის, რაც შეიძლება 40-50 ლარად გააკეთო, მათთან 500,1000 და 2000 ლარი ღირს - სხვა კომპანიას უბრალოდ, ვერ მიმართავ, იმიტომ, რომ არ არსებობს.

ვარდების რევოლუცის დროს თელასი უცებ რუსების ხელში აღმოჩნდა. სააკაშვილი ამბობდა, შევარდნაძემ აყდაო. შევარდნაძის მომხრეები სააკაშვილისკენ იშვერდნენ ხელს, ვისი მხარდაჭერით გაიყიდა შინ თელასი?

- იმდენად დიდ დონეზე მიდის ეს თამაში, ძნელია, ზუსტად მიხვდე, რა ხდება. ისიც იკვეთება, რომ სახელმწიფო სტრუქტურები ამაში ჩართულები იყვნენ - გაყიდვის საშუალება მისცეს და შემოუშვეს რუსები, იმ დროს, როდესაც რუსეთთან უკვე დაძაბული ურთიერთობა გვქონდა. ეს მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ მაშინდელი მმართველი ჯგუფის გარეშე ეს ვერ მოხდებოდა - ჟვანია-სააკაშვილი მყავს მხედველობაში.

მე არ ვარ კრიმინალისტი და არ შემიძლია რაღაცეები ვამტკიცო, მაგრამ სერიოზული ეჭვები როდესაც ჩნდება, ის უნდა გამოიძიოს სახელმწიფომ.

საკუთრების გაყიდვის უფლება ყველას აქვს, მაგრამ მექანიზმები არსებობს, რომლითაც სახელმწიფოს საკუთარი ინტერესების დაცვა შეუძლია, ვალდებულებები გადავიდა თუ არა ერთი კომპანიიდან მეორეზე ეს მაინც მოიკითხა ვინმემ?!

თელასს, მაგალითად 2007 წლიდან ტარიფი უნდა შეემცირებინა, რადგან ინვესტირება დაამთავრა. მაშინდელმა პრემიერმა, ნოღაიდელმა ახალი ხელშეკრულება დაუდო და ერთპიროვნულად გაუზარდა ტარიფი ჯერ 2015-წლამდე, მერე როგორც ამბობენ, 2025-წლამდე, მაგრამ ეს მემორანდუმი არ საჯაროვდება. მთელი უბედურება ისაა, რომ პრემიერ მინისტრმა დააწესა ტარიფი ისე, რომ ეს მისი საქმე საერთოდ არ იყო და ეს შემდეგ სემეკმა დაამტკიცა, როდესაც პირიქით უნდა მომხდარიყო.

არც თელასს და არც ენერგო-პროს თავისი ვალდებულებები არ შეუსრულებიათ. მაგალითად, თელასს უნდა აეშენებინა 130 მეგავატიანი ელექტროსადგური და ამის საფასურს ჩვენ ტარიფში წინსწრებით ვიხდით. სად მიდის ეს თანხები? ვხედავთ, რომ გვძარცვავენ და რატომღაც, ძალიან ინერტულები ვართ. არადა, მილიარდობით თანხებია დაკარგული.

უამრავი კომისია შექმნა „ოცნებამ“ ტარიფთან დაკავშირებით და მათაც არ დადეს არაფერი. ძალიან ბევრი თემა, რომელიც ტარიფს ეხება, დაბლოკილია. ორი წელია ეს ხელისუფლებაა და ახლა ვინ ბლოკავს ამ თემას?!

ფიქრობთ, რომ ძველ სქემაში ჩაჯდა ახალი ხელისუფლებაც?

- დარწმუნებული ვარ, ის სქემა, რომელიც მაშინ შეიმუშავეს, დღესაც მოქმედებს. ენერგეტიკის სამინისტროშიც კი არავინ შეცვლილა. ენერგეტიკოსი არც მინისტრია არც მისი მოადგილეები. ელემენტარულად, ხომ უნდა დაასაბუთონ, რატომ არ შეიძლება ტარიფის შეცვლა? - ვერ ასაბუთებენ და ამბობენ, ტარიფი რომ შევამციროთ ენერგეტიკა დაგვექცევაო. ან - კომპანიებს ვაწყენინებთო.

ორი ენერგეტიკული კომპანიის ხელმძღვანელი ვიყავი, ელექტროენერგიას ვყიდდით 1,83 თეთრად. მაშინდელმა სემეკმა 2 თეთრამდეც კი არ გაგვაზრდევინა ტარიფი, მიუხედავად დანახარჯებისა. აქ შეუძლიათ უცებ გაუორმაგონ ტარიფი. ცხადია ამ უფლებას ტყუილად არ მისცემდნენ და რაღაც ინტერესი არსებობს. უნდა დაასაბუთონ რატომ ღირს 16 თეთრი და არა 10 - ყველა ვარაუდით ლაპარაკობს, დასაბუთება ვერავისგან მოვისმინე - სემეკს დამალული აქვს კომპანიების მიერ წარდგენილი გათვლები.

რატომ მალავს?

- კომპანიები ვერ ასაბუთებენ თავიანთ ტარიფებს და იმიტომ. სხვა შემთხვევაში არ დაიმალებოდა. დღეს სემეკში ისეთი ხალხია თავმოყრილი, ინფორმაციას კი არა, საერთოდ ახლოს ვერ გაეკარები. სახელმწიფომ რომ გადახედოს იმ ხელშეკრულებებს, რაც კომპანიებთან არის გაფორმებული, შესაძლოა, ტარიფი შეუმციროს კი არა, კონტრაქტები გაუუქმოს, რადგან ხელშეკრულებები შესრულებული არ არის, ხალხი კი იძარცვება.

100 კილოვატამდე ენერგიიის ფასი რომ შეამცირეს, ეს არაფერია, რადგან თითქმის ყველა მეტს მოიხმარს. არც ასაბუთებენ, აღარც ლაპარაკობენ ამ თემაზე. არც არაფერს იძიებენ. ასე რომ, ბევრი კითხვები და ეჭვები ჩნდება.

წყალს რაც შეეხება?

- მისი გაყიდვაც არასწორად მოხდა. შემიძლია, ვთქვა, რომ წყლის ტარიფი, რომელიც დამოუკიდებელ აუდიტებს აქვთ დათვლილი, ბევრად დაბალია, ვიდრე დღეს არსებული. დიდი ალბათობით მაქსიმუმ, 20 თეთრად უნდა იყიდებოდეს. იურიდიულ პირებზე კი 4,4 ლარად იყიდება - სად მიდის ეს ფული, კითხულობს ვინმე? ტარიფი გაანგარიშებულია 1 სულ მოსახლეზე 800 ლ. დღეში. თბილისში თუ მილიონი ადამიანი ცხოვრობს, გამოდის, რომ დღეში მილიარდ ტონამდე წყალი იხარჯება, რაც სრული აბსურდია - თბილისში წყლის წლიური შემოდინება არის მილიარდი მ3? არავინ არ დაჯდა და არ დათვალა რა ხდება რეალურად.

ერთ-ერთი სტრატეგიული ობიექტი იყო და ყველაფერი გააკეთეს, რომ სტრატეგიული ობიექტების სიიდან ამოეღოთ. მთელი თბილისის წლის მეურნეობა სულ 85 მილიონად გაყიდეს თავისი ჟინვალჰესიანად, რომელიც ქართველ ინვესტორებს წაართვეს - 85 მილიონი მხოლოდ ჰესის ღირებულება იყო. ეს ნაციონალური სიმდიდრე იყო, რომელსაც გაფრთხილება სჭირდებოდა და, რომელიც ერთხელ პატრიარქმა გადაარჩინა, თუმცა ყოფილმა ხელისუფლებამ კაპიკებში გაყიდა.

ეს ხელისუფლება ან ვერ გაერკვა, ან უცებ მოერგო კორუფციულ სქემებს - თქვენ რომელ ვერსიას ემხრობით?

- ნაციონალები რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში ყველაფერი კარგად ჰქონდათ შესწავლილი და ყველაფერს უცებ მოერგნენ. იმიტომ იყო, რომ ზოგი გაყარეს, დაიჭირეს, ფული წაართვეს. არ ვიცი, ამ ხელისუფლებამ რა იცოდა და რა არა, მაგრამ ძალიან მალე ჩასხდნენ ამ სქემებში. ძალიან ბევრი ხელშეკრულება, რომელიც ნოღაიდელის დროს გაფორმდა, გასაიდუმლოებულია და დღემდე არ გახედებენ. ვეჭვობ სერიოზული ჩანაცვლება მოხდა.

ვიცი, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ სერიოზული პანიკა იყო თბილისის წყალში. ჩამოსული იყო რაპოპორტი, როგორც ვიცი, „დაალაგა“ სიტუაცია და წავიდა.

რომელ ქვეყანასაც ბუნებრივი რესურსები გააჩნია, თავისი ხალხისთვის ეს რესურსი ძალზე იაფია. ენერგომატარებლები თუ შემოგვაქვს, წყალი ხომ ჩვენია, არ შეიძლება რომ აქ მაინც საკუთარი ხალხი არ ვძარცვოთ?

გამომდინარე წყლის რესურსების სიმრავლიდან, რეალურად შესაძლებელია, საქართველო ელექტროენერგიის სერიოზული ექსპორტიორი გახდეს?

- რა თქმა უნდა, თუმცა რატომღაც ისეთი ინვესტორები შემოჰყავთ, რომლებსაც ან გამოცდილება არ აქვთ, ან რაღაც ინტერესები გააჩნიათ. როდესაც ინვესტორი შემოდის და აშენებს ჰესს, რაღაც სახელმწიფოსაც უნდა დაუტოვოს. ასეთი ინვესტორებიც არსებობენ, რომლებიც საკუთარ მოგებაზეც ფიქრობენ და სახელმწიფოსაც წილს დაუტოვებენ, მაგრამ რატომღაც სულ ისეთებს პოულობენ, რომლებიც მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე ფიქრობენ. ასეთი მიდგომით კი წარმატებას ვერ მიაღწევ.