გიგი უგულავას პასუხისმგებლობა კიდევ ერთ საქმეზე ეკისრება. თბილისის უფლებაშეჩერებულ მერს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვას ედავება. საქმე ეხება გიგი უგულავას თბილისის მერის პოსტზე ყოფნის პერიოდს. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სწორედ, მან გამოსცა უკანონო ბრძანება, რომლითაც კერძო კომპანია - „სი-ტი პარკს“ დამატებითი შეღავათები მიენიჭა. ამ კონკრეტულ საქმეზე ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გიგი უგულავას 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
გამოძიების ინფორმაციით, 2007 წლის 7 დეკემბერს, შპს „სი-ტი პარკსა“ და ქ.თბილისის მთავრობას შორის გაფორმდა ხელშეკრულება „პარკირების სფეროს მართვის უფლების იჯარის გაცემის შესახებ“, რომლის თანახმად თბილისში პარკირების მომსახურების გაწევა გადავიდა ექსკლუზიურად შპს „სი-ტი პარკ“-ზე, რომლიდანაც მიღებული შემოსავლის (ჯარიმების) 60%-ს მიიღებდა ქ.თბილისის მთავრობა, ხოლო 40%-ს შპს „სიტი პარკი“. ამავე ხელშეკრულების თანახმად, შპს „სი-ტი პარკს“ მიეცა საგზაო მოძრაობისა და დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევისათვის მოქალაქეთა დაჯარიმების უფლება.
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის თანახმად კი, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის მიღებული შემოსავლის 40% უნდა წარიმართოს ცენტრალურ ბიუჯეტში, 60% ადგილობრივი ბიუჯეტში, ხოლო ამავე კანონის თანახმად, პარკირების წესების დარღვევისთვის შედგენილი საჯარიმო თანხები ავტომატურად მიიმართება თბილისის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განმარტებით, გიგი უგულავა მერობის პერიოდში „სი-ტი პარკს“ შემოსავლების ხელოვნურად გაზრდაში დაეხმარა და ამით სახელმწიფო ბიუჯეტი დიდი ოდენობით თანხით აზარალა.
„კერძოდ, გიორგი უგულავამ შპს „სი-ტი პარკი“-ს სასარგებლოდ, 2009 წლის 11 თებერვალს გამოცემული ბრძანების დანართში განზრახ არასწორი სახაზინო კოდი მიუთითა, რის საფუძველზე საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის თბილისელების მიერ გადახდილი ჯარიმის თანხის 40%, ნაცვლად სახელმწიფო ბიუჯეტისა, გადაირიცხა შპს „სი-ტი პარკის“ ანგარიშზე“,- განმარტავენ საგამოძიებო სამსახურში.
თბილისის უფლებაშეჩერებულ მერს ასევე ედევაბიან კომპანიისთვის სასარგებლო და სახელმწიფოსთვის საზიანო დოკუმენტის გამოცემაში. უფრო კონკრეტულად კი საუბარია 2011 წლის 6 აპრილს მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც „სითი პარკსა“ და თბილისის მერიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, რომელიც ჯარიმებიდან მიღებული შემოსავლის კვლავ „სი-ტი პარკის“ სასარგებლოდ გადანაწილებას ითვალისწინებდა - „სი-ტი პარკს“ მიეცა შესაძლებლობა თბილისელების მიერ გადახდილი თითოეული ჯარიმიდან, დამატებით, 3 ლარი მიეღო.
გიგი უგულავა და მისი თანაგუნდელები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ. უგულავას მტკიცებით, მის წინააღმდეგ ჩვენება კობა ბექაურს აქვს მიცემული, თუმცა ამ ჩვენების შინაარსი მისთვის და მისი ადვოკატებისთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა.
„ხუთი წუთი სჭირდებოდა ბექაურის ჩვენება რომ მოეცათ, თუმცა არ მოუციათ. როგორც ჩანს, ეს არის შაბლონური ჩვენება. თუმცა, მეც დიდი სიამტკბილობით წავიკითხავდი მის ჩვენებას“, - განუცხადა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან გამოსვლის შემდეგ, სადაც იგი ქვეყნიდან გაუსვლელობის საკითხზე გააფრთხილეს და ამ მიზნით სპეციალური ოქმიც შეადგინეს.
უგულავას ადვოკატი ბექა ბასილაია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს უკანონო ოქმის გამოცემაში ადანაშაულებს. ადვოკატის მტკიცებით, ოქმი, რომელიც პირს ქვეყნიდან გასვლას უკრძალავს, მოქმედი კანონით, მხოლოდ სასამართლომ უნდა გამოსცეს.
„პირისთვის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, რეალურად, მხოლოდ სასამართლოს შეუძლია. საგამოძიებო ორგანოები არ არიან უფლებამოსილნი, მსგავსი ტიპის ოქმები შეადგინონ. ამ ყველაფერს ვაფასებთ გიორგი უგულავას მიმართ პოლიტიკური დევნის გაგრძელებად. ბრალდების მხარე საკუთარი ქმედებებით ლუსტრაციას ახდენს“,- განუცხადა for.ge-ს ბექა ბასილაიამ და აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოცემულ ოქმს სასამართლოში აუცილებლად გაასაჩივრებს.
ადვოკატის განცხადებით, უგულავას საქმეში არსებული კობა ბექაურის ჩვენება საგამოძიებო სამსახურმა მათ დროულად განგებ არ გადასცა და საამისოდ ვადა საღამომდე ითხოვა.
„ვიცით, რომ ასეთი ჩვენება არსებობს, მაგრამ არ ვიცით დეტალები, თუ რა წერია ამ ჩვენებაში, როდესაც ოფიციალურად გადმოგვეცემა, დეტალებზეც ვისაუბრებთ. აბსურდულია და შეუძლებელია, ვინმე კობა ბექაური რამე ინფორმაციას ფლობდეს გიორგი უგულავას წინააღმდეგ. კობა ბექაური არის თაღლითი და ამ საქმეშიც პირადი განაწყენების საფუძველზე აძლევს ჩვენებას. ეს არის მორიგი მარგინალიზებული პიროვნების ჩვენება, ისეთის, როგორიც აქამდე იყო ჯოზეფ კეი“,- აცხადებს ბექა ბასილაია.
კობა ბექაური „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წარმომადგენელია, სწორედ, ამ პარტიის „რწმუნებით“ იყო ჯერ თბილისის საკრებულოს, შემდეგ კი საქართველოს პარლამენტის წევრი. ბექაური ქართველ საზოგადოებას საბაჟო ტერმინალ „ოპიზას“ გახმაურებული ამბებით ახსოვს. მოგვიანებით, ის ჟურნალისტ შალვა რამიშვილის საქმეშიც გამოჩნდა, წლების წინ გავრცელებული ვიდეოკადრების თანახმად, რამიშვილს, სწორედ, მან გადასცა დიდი ოდენობით თანხა მის შესახებ მომზადებული საგამოძიებო რეპორტაჟის ეთერში დაბლოკვის სანაცვლოდ.
2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დასრულებიდან დაახლოებით ერთ თვეში, კობა ბექაური თავად შალვა რამიშვილის გადაცემის სტუმარი იყო. „მაესტროს“ ეთერში ბექაურმა ჟურნალისტისთვის ფულის შეთავაზების საკითხზე განაცხადა, რომ ამგვარი ქმედება ვანო მერაბიშვილმა, ზურაბ ადეიშვილმა და დათა ახალაიამ აიძულეს.
რა ინფორმაციას ფლობს და რა კავშირი აქვს „სი-ტი პარკის“ საკითხზე გიგი უგულავასთვის წაყენებულ ბრალდებასთან კობა ბექაურს? For.ge-ს კითხვას იგი ასე პასუხობს:
„2005 წელს, საკრებულოში ყოფნის პერიოდში, მე ჩამოვიყვანე ისარაელიდან და მოვაწყობინე პრეზენტაცია იმ პირებს, ვისთანაც 2007 წელს გიგი უგულავამ და მამუკა ახვლედიანმა ხელშეკრულება გააფორმეს. უთხრეს მათ, რომ კობა ბექაური არაფერ შუაში იყო, ყველაფერი თვად იყვნენ და გადაიფორმეს კიდეც წილები. შექმნეს ზუსტად ისეთი სატენდერო პირობები, როგორიც მათ აძლევდათ ხელს. ამ კომპანიას 7 საჯარიმოს მანქანის ჩამოყვანის და გზების დახაზვის გარდა საქართველოში არაფერი გაუკეთებია“.
ბექაური განმარტავს, რომ თბილისის მერიამ, „სი-ტი პარკს“ მხოლოდ მისაღები სატენდერო პირობები არ „აკმარა“ და წლების განმავლობაში ხელშეკრულება, კომპანიის სასარგებლოდ, ოთხჯერ შეცვალა.
„უგულავამ და ახვლედიანმა მაფიოზური სქემა შეიმუშავეს და ეს სფერო საკუთარ ბიზნესად აქციეს. ხელშეკრულებაში ჩაწერეს, რომ თუ ამ კომპანიას ვინმე შეეხებოდა, მერიას 60 მილიონი დოლარის ჯარიმა უნდა გადაეხადა. კომპანია, რომელმაც ხელშეკრულება გააფორმა მერიასთან, 2007 წელს, 3 წელიწადში გაიყვანეს და „სი-ტი პარკი“ სხვა კომპანიაზე გადააფორმეს. ახალ კომპანიას კი ტენდერით გათვალისწინებული ძველი ვალდებულებებიც მოუხსნეს და სრულად საკუთარ თავზე მოირგეს. 2012 წელს საპარლამენტო არჩევნების წინ, სწორედ, ეს კომპანია აფინანსებდა გიგა ნასარიძის რეკლამებს. ბიუჯეტის ქურდბაცაცა უგულავამ კარგად იცის, როგორ ვარ დაკავშირებული „სი-ტი პარკთან“, მესმის, რომ ნერვიულობენ, წინ სასამართლოა“,- აცხადებს კობა ბექაური და აღნიშნავს, რომ დღეს თბილისის ბიუჯეტში „სი-ტი პარკის“ მიერ შესული თანხები, 2005 წელს არსებული პარკირების შემოსავლიდან მიღებულ თანხებს არ აღემატება, უგულავამ კი ამ პერიოდში მილიონობით ლარი მიიღო.
უგულავას წინააღმდეგ წარმოებული ე.წ. „სი-ტი პარკის“ საქმეზე გამოძიება გრძელდება. გამოძიება ასევე გრძელდება მის წინააღმდეგ წარმოებულ სხვა საქმეებზეც, რომლის თანახმადაც, თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებულ მერს, დაახლოებით, 50 მილიონი ლარის გაფლანგვაში ედება ბრალი.