ორლესული მახვილი საქართველოსთვის

ორლესული მახვილი საქართველოსთვის

სანამ საქართველოს საგარეო მინისტრი მაია ფანჯიკიძე იმედოვნებს, რომ მომავალში ქართული მხარე მოახერხებს რუსული ბიზნესი საქართველოში ინვესტიციებით დააინტერესოს, მანამდე ასოცირების ხელშეკრულების კვალდაკვალ, კრემლი თავდაცვით მექანიზმებს ამუშავებს.

კერძოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი „თავდაცვით ზომებზე“ ალაპარაკდა, თუკი საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მიერ ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულება ნეგატიურად აისახება დსთ-ს თავისუფალ ზონაზე.

ლავროვს არც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ჩამორჩა. მანაც დაიქადნა, რომ რუსეთი მიიღებს თავდაცვით ზომებს იმ შემთხვევაში, თუ ეს დოკუმენტები რუსეთის ბაზარზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს.

ის, რომ რუსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ ყველა ქვეყანას ევრაზიის საბაჟო კავშირში ეპატიჟებოდა, არავისთვის უცხო არ არის. მოსკოვი ცდილობდა, ევრაზიული კავშირის იდეა ისე მოეხვია თავს ყოფილი რესპუბლიკებისთვის, რომ იძულებითი მექანიზმები არ გამოაშკარავებულიყო. ამ მხრივ განსაკუთრებით ინტერესს იჩენდა უკრაინის მიმართ, რომელსაც მოსკოვი შეღავათიან გაზს ჰპირდებოდა.

ამასთან დაკავშირებით, კარნეგის ფონდის ერთ-ერთი ექსპერტი განმარტავდა, რომ, თუ უკრაინა ევრაზიის საბაჟო კავშირში გაწევრიანებას გადაწყვეტდა, ეს არა მარტო დიდ პრობლემას გამოიწვევდა ევროპის კავშირში, არამედ ეს იქნებოდა იმის ნიშანი, რომ რეგიონში დამყარდა პოსტ-საბჭოთა ეკონომიკური მოდელი. ხოლო, თუ უკრაინა უარს იტყოდა ევრაზიის საბაჟო კავშირზე, ევროკავშირთან დაახლოების სასარგებლოდ, მაშინ ევრაზიის საბაჟო კავშირი იძულებული იქნებოდა, ჩამოცილებულიყო ევროპას და აქცენტი აზიის მიმართულებაზე გაეკეთებინა.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შემდეგ რუსული მუქარა ძალაშია. თუმცა საინტერესოა, რამდენად ქმედითი იქნება ეს მუქარა და სამი ქვეყნის მიერ ასოცირების ხელშეკრულებზე ხელმოწერა რა პოზიციაზე დააყენებს რუსეთს?! ამასთან, რუსული საბაჟო კავშირი როგორ კონკურენციას გაუწევს ევროპულ ბაზარს?

ექსპერტი გია ხუხაშვილი For.ge-სთან საუბრისას განმარტავს, რომ ევრაზიული საბაჟო კავშირი და ევროკავშირის ბაზარი ორი სხვადასხვა სამყაროა და აქ კონკურენციაზე საუბარი ზედმეტია. მისი თქმით, რა ზომებიც არ უნდა მიიღოს რუსეთმა, ამის დრამატიზირება არ შეიძლება, რადგან ბოლო პერიოდში რუსეთთან კავშირები ისედაც შესუსტებული იყო. უკრაინასთან დაკავშირებით კი სულ სხვა სურათია და მიუხედავად უკრაინელების ოპტიმისტური განცხადებებისა, მათი ეკონომიკა ორმხრივად იყო ინტეგრირებული რუსულ ეკონომიკასთან. ეკონომიკური კავშირების გაწყვეტამ, ევროპული ბაზრების მაღალმა სტანდარტებმა კი შეიძლება, უკრაინაში პრობლემები გააჩინოს.

„იმედი ვიქონიოთ, რომ ეს იქნება მოკლე და საშუალოვადიანი და უკრაინა რამდენიმე წლის განმავლობაში შეძლებს თავისი ეკონომიკის მოდერნიზებას. უკრაინული ეკონომიკა ძალზე გაზოტევადია, ეს კიდევ უფრო მაღალი რისკის ქვეშ აყენებს ამ ქვეყნის ეკონომიკას, რომ არაფერი ვთქვათ სეპარატიზმთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებულ დამანგრეველ პროცესზე. ასოცირების ხელშეკრულების გამო, საქართველოში საზეიმო განწყობაა, დღეს შეიძლება ასეთი განწყობა გვქონდეს, მაგრამ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თავისთავად ეს ხელშეკრულება არაფერს იძლევა, ეს ორლესული მახვილია, რომელიც ხსნის სერიოზულ შესაძლებლობებს და დანარჩენი ჩვენზეა დამოკიდებული. თუ ჩვენ მოვახერხეთ ეკონომიკის რეორგანიზაცია, კონკურენტუნარიანობა ეს იქნება ძალზე სერიოზული ბიძგი ქვეყნისთვის, მაგრამ, თუ ეს ვერ მოვახერხეთ, მაშინ პირიქით მოხდება, ჩვენ გავხდებით მთლიანად იმპორტზე დამოკიდებული, ანუ საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით მომხმარებელ ქვეყნად“, - გვითხრა გია ხუხაშვილმა, რომლის თქმითაც, მაღალ საზოგადოებაში მიღება სულაც არ ნიშნავს, რომ ადამიანი დღესვე არისტოკრატი გახდება, ეს ნიშნავს, რომ გეძლევა შესაძლებლობები, შენც შეესაბამებოდე აღნიშნულ საზოგადოებას.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე For.ge-სთან საუბარში აბსურდულ და კონტექსტიდან ამოვარდნილად მიიჩნევს ლავროვის განცხადებას, თითქოს საქართველოსა და უკრაინის მიერ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებამ შეიძლება შეცვალოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი და ის წესები, რომელიც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მიერ არის დადგენილი. სინამდვილეში, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება სრულ ჰარმონიზაციაშია მსოფლიო ორგანიზაციის დებულებასა და მუშაობის წესთან.

ამავდროულად, არც საქართველოს და არც სხვა წევრ ქვეყნებს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ასოცირების ხელშეკრულება არანაირად არ ზღუდავს, რომ სხვა ქვეყნებთან, მათ შორის, არაევროკავშირის წევრ ქვეყნებთან გააფორმონ ცალკე ინდივიდუალური ხელშეკრულებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.

„შეიძლება, პოლიტიკური ნიშნით გარკვეული ზეწოლის ფაქტები განხორციელდეს საქართველოსთან მიმართებით, მაგრამ საქართველო ამისთვის მზად უნდა იყოს. უნდა შემუშავდეს ანტიკრიზისული გეგმები და ღონისძიებების მთელი პაკეტი. უპირველესად ეს არის ბაზრების დივერსიფიკაციის პრინციპი, რადგან რეალურად ჩვენ ხელმოწერის და ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციის შემდეგ 500-მილიონიონიანი ბაზარი გვეხსნება და ამ პოტენციალის სწრაფად, შემჭიდროვებულ ვადებში გამოყენება მთლიანად საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.

რუსეთის მიერ განხორციელებული ეკონომიკური სანქციების შედეგად გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვანი ზიანი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას არ მიადგება. 2008 წელსაც კი რუსეთის სანიტარული ნორმების „დარღვევის“ საფუძველზე განხორციელებულმა ე.წ. ემბარგომ ქვეყნის ეკონომიკა ვერ ჩამოშალა. რუსული საბაჟო კავშირი წმინდა წყლის პოლიტიკური გაერთიანებაა და არანაირად -ეკონომიკური გაერთიანება. მისი შექმნის იდეაც „ველიკოდერჟავულ“ პრინციპებზეა დაფუძნებული.

ჩვენთვის ეს არ არის ევროკავშირის არანაირი ალტერნატივა, რადგან მარტივი ციფრებითაც რომ შევადაროთ, დაახლოებით ოთხჯერ მეტი მოსახლეობაა ევროკავშირში, დაახლოებით რვაჯერ მეტია მთლიანი შიდა პროდუქტი ევროკავშირის ქვეყნებში, ვიდრე ევრაზიული კავშირის ბაზარზე. ევროპასთან ასოცირება ნიშნავს თავისუფალ ეკონომიკურ სივრცეში საქართველოს დამკვიდრების საშუალებას, ხოლო ევრაზიული კავშირი ნიშნავს, რომ საქართველო იარსებებს, მაგრამ ეკონომიკური განვითარების პერსპექტივა პრაქტიკულად ნულოვანი ექნება“, - აცხადებს ლევან კალანდაძე.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, ისევე, როგორც ევროკავშირის ზონის ქვეყნებს აქვთ საკუთარი რეგულაციები, ასევე, ევრაზიულ კავშირსაც საკუთარი რეგულაციები ექნება წევრი ქვეყნებისთვის, ხოლო განსხვავებული რეგულაციები - არაწევრი ქვეყნებისთვის. ამიტომ საქართველომ არანაირ ტრაგედიასა და სიამეზე არ უნდა იფიქროს, რადგან ასოცირების ხელშეკრულება დღეს, ხვალ და ერთი წლის შემდეგ არანაირ შედეგს არ იძლევა. ქვეყანა უნდა მოემზადოს იმისთვის, რომ ევროკავშირის ბაზარზე გასვლა და დამკვიდრება შეძლოს, რადგან ევროკავშირი საქველმოქმედო ორგანიზაცია არ არის და იქ საშეღავათო პირობები არ მოქმედებს.

„ასე რომ, თავის თავს მიხედავენ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრები. ჩვენ კი წავედით ერთი ზონიდან მეორე ზონაში. მკაცრი არ იქნება რუსული რეგულაციები, არანაირი საომარი მოქმედებები საქართველოს წინააღმდეგ არ იქნება. უბრალოდ, ზონის გარეთ ხარ და მორჩა, აღარ გექნება შეღავათები. რისი დანაკარგი უნდა ჰქონდეს საქართველოს, ისედაც წაქცეული, დაჩოქილი ქვეყანაა, სადაც სიღარიბე დომინირებს, ტოტალური უმუშევრობაა. თუ ვინმეს ილუზიები აქვს, რომ დღევანდელი ხელმოწერილი ხელშეკრულება ხვალ შედეგს მოტანს, ცდება. ეს ხელშეკრულება გაძლევს შანსს, განვითარდე. თუ არაფერს გააკეთებ, დარჩება ფარატინა ქაღალდად. დღეს არაფერი არ გვაქვს ევროპაში გასატანი და არაფერს არ ვაკეთებთ, რომ ევროპულ სახელმწიფოს დავემსგავსოთ“.