„რა დაჯდება ეს ოხერი რეზონანსი?“

„რა დაჯდება ეს ოხერი რეზონანსი?“

სამწუხაროდ ამჟამინდელ თაობას წარსულის თანამემამულე მსახიობებზე, მწერლებზე და რეჟისორებზე ნაკლები ინფორმაციები გააჩნია. დღევანდელ წერილ-მოგონებაში დაახლოებით ორი საუკუნით უკან მინდა რომ დავბრუნდე და ახლადჩამოყალიბებულ ქართულ თეატრთან დაკავშირებული საინტერესო ისტორიები მოგითხროთ.

ერთხელ ქართულ თეატრში დაიდგა ვოდევილი „ცელქები“. ავადმყოფი მსახიობის, შათირიშვილის ნაცვლად სცენაზე სახელდახელოდ ალექსანდრე იმედაშვილი გამოიყვანეს. ცხადია, მთელი ყური და გონება მას მოკარნახისკენ ჰქონდა მიმართული.

სცენაზე ტასო აბაშიძე, როლში შესული, იმედაშვილს ხელს უწვდიდა და თან ჩურჩულით ეუბნებოდა - ახლა ხელზე უნდა მაკოცო, საშა! იმედაშვილმაც ხელი ანგარიშმიუცემლად საკოცნელად წაიღო და თან ისევ მოკარნახისკენ იხედებოდა. ამ დროს გაისმა საშინელი წივილ - რას შვრები, ბიჭო, ხელი ნუ დამწვი! თურმე იმედაშვილი ტასოს გამოწვდილ ხელს გავარვარებული პაპიროსით დაჰკონებოდა.

ერთხელ კოტე ყიფიანი, როდესაც დიდ სცენაზე დებიუტი ჰქონდა, მეტად უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

1865 წლის ზაფხულის მიწურულს გაიმართა ერთ-ერთი საქველმოქმედო სპექტაკლი. თამაშობდნენ მოლიერის პიესას „ძალით ცოლის შერთვევინება”. ვინაიდან იმ დროს ქალის სცენაზე გამოსვლა თავის მოჭრად ითვლებოდა, დორიმენას როლს ვასილ მაჩაიძე ასრულებდა, ხოლო პაჟისას - კოტე ყიფიანი. ეპოქის მოდის თანახმად, დორიმენას მეტად გრძელშლეიფიანი კაბა ეცვა და ამ შლეიფის ტარება ახალბედა მსახიობ კოტეს ევალებოდა. სცენაზე რომ გამოვიდნენ, ყიფიანი მაყურებლის დანახვამ ისე დააბნია, შლეიფჩაჭიდებული იდგა, ვიდრე დორიმენას კაბაზე ქინძისთავებით მიბლანდული შლეიფი ხელში შერჩა. ასეთმა მოულოდნელმა სიურპრიზმა დარბაზში ხარხარი და ტაში გამოიწვია. მხოლოდ მაშინ მოვიდა გონს გარინდებული კოტე და კულისებისაკენ მოკურცხლა.

ქართული თეატრის კორიფეებისა და მათი სახალისო ისტორიების შესახებ ინტერესი მუდამ არსებობდა და იარსებებს. სიტყვას ცნობილ დრამატურგ ავქსენტი ცაგარელს გადავცემ.

„რეპეტიციები ძირითადად დიმიტრი ყიფიანისა და ნიკო ავალიშვილის ოჯახებში და როინაშვილის ფოტოგრაფიაში იმართებოდა. არტისტ ქალთა შორის, რომელთაც დღევანდლამდე გასტანეს ქართულ სცენაზე, მე დავასახელებ მაკო საფაროვის ქალს, რომელიც ყველაზე ადრე გავიცანი. ამის გამო ერთი სასაცილო შემთხვევაც კი მახსოვს.

1878 წელს, ერთს დიდ თოვლიან და სუსხიან ზამთრის ღამეს, რეპეტიცია გვქონდა (არ მახსოვს, რომელი პიესისა) ნიკო ავალიშვილის სახლში - სოლოლაკში, კოჯრის გზა რომ ადის, სწორედ იმ კლდის ძირში. რეპეტიცია გავათავეთ ღამის თერთმეტ საათზე და, რადგანაც ერთ მხარეს ვცხოვრობდით, მე და საფაროვის ქალი (კუკიაში) ერთად წამოვედით.

საშინელი ქარბუქი იდგა ცისქვეშ. მე და მაკო გამოვედით ავალიშვილის სახლიდან და ხელ-ჩაჭედილნი, როგორც „ორი ობოლი“, გამოვემართეთ შინისკენ. ამ გასპეტაკებულ თოვლიან გზაზე რომ მოვდიოდით, უცბათ ორივემ შევკივლეთ და გადმოვიჩეხეთ კლდეზე და ყელამდის თოვლში ჩავცვივდით. ეს კარგად მახსოვს. ჩვენ პირდაპირ, აივნის ქვეშ მდგომმა ქალაქის დარაჯმა თურმე შეგვნიშნა და ვიღაც კაცების დახმარებით თოვლიდან ამოგვათრიეს თაგვებივით გაზუნზლულ-გაგანგლულები. მე და ჩვენი დღევანდელი "პრიმადონა" გამოვეშურეთ შინისაკენ. ეს კი კარგად არ მახსოვს, ამ ყინვაში რომელს ჩვენგანს ეცვა კალოშები, მე თუ საფაროვის ქალს. მხოლოდ მახსოვს, რომ ერთ-ერთ ჩვენგანს ეცვა და არ ვიცი, რომელს, მგონია, მე. იმედია, თვითონ საფაროვის ქალი მოიგონებს. ასეთი ამბებით დავდიოდით რეპეტიციაზე ამ უბედურ ზამთარში".

ერთხელ, როდესაც მორიგი ეკონომიკური გასაჭირის გამო ქართულ თეატრს დახურვის საფრთხე დაემუქრა, ვასო აბაშიძე და კოტე მესხი ცნობილ ბანკირთან, ივანე ბაგრატიონ-მუხრანსკისთან მისულან და სპექტაკლის დასადგმელად სესხად 500 მანეთი უთხოვიათ.

თურმე, მუხრან-ბატონმა გაიცინა და ვასო აბაშიძეს ჰკითხა: „შენ არ იყავი, გუშინწინ, წარმოდგენის დროს რომ შეხტი, შემობზრიალდი და ყველანი გააცინეო?” „მე ვიყავი”, - უპასუხა მსახიობმა. „აბა, ახლაც შეხტი, შემობზრიალდი და ფულსაც მიიღებ”.

შეურაცხყოფილი აბაშიძე სიბრაზისგან აცახცახდა. მესხმა კი იფიქრა, შეიძლება, ამ შემთხვევით ვისარგებლოთო და აბაშიძეს ყურში ჩასჩურჩულა: „რა გენაღვლება, შეხტი, ეგებ ფული დავტყუოთ”. ბატონი ვასოც მიუხვდა გულისწადილს და სიბრაზისგან გაწიწმატებული უფრო გამეტებით შეხტა, ცალ ფეხზე შემოტრიალდა და თან დააყოლა: „იფ, კნიაზჯან!”

მუხრან-ბატონს სიცილი აუტყდა და ქართველ მსახიობებს 500 მანეთი უფეშქაშა.

ერთხელ ქუთაისში დადგეს მონტის ცნობილი პიესა „კაიუს გრაკხი“. გრიგოლი აქ ქანდაკებას „ასრულებდა“. იგი უძრავად იდგა სცენაზე. მოქმედებაც კარგად მიმდინარეობდა.

ამ დროს გრიგოლს შუბლზე ბუზმა გადაურბინა, მაგრამ ეს არაფრად ჩაუგდია მას. შემდეგ ლოყაზე დააჯდა. აქედან ყურზე აუცოცდა. გრიგოლი ითმენდა, უძრავად იდგა, ბუზი კი არ ეშვებოდა, ახლა ცხვირზე დააჯდა. კარგა ხანს შეჩერდა აქ. გრიგოლმა ვეღარ მოითმინა და თავი გააქნია, თითქოს შეუმჩნევლად, მაგრამ აბა, ქანდარას რა გამოეპარებოდა?!

გაისმა სიცილი. გრიგოლმა იხტიბარი არ გაიტეხა და განაგრძო თავის პოზაში დგომა, წყეული ბუზი არ ეშვებოდა, ცხვირიდან აფრენილი, უცებ კვლავ დააფრინდა ცხვირის ნესტოებთან და ღიტინი დაუწყო.

გრიგოლმა ვეღარ მოითმინა, უფრო მძლავრად გაიქნია თავი და ხელიც შეაშველა. ბუზი კი გაფრინდა, მაგრამ დარბაზში სიცილ-ხარხარი ატყდა.

პარტერი მალე გაჩუმდა. ქანდარა კი კვლავ განაგრძობდა სიცილს და თან ისმოდა: ვაშა, გრიგოლ, ვაშა! რეპეტე, რეპეტე!

მოთმინებიდან გამოსულმა გრიგოლმა მრისხანედ ასძახა ზევით:

- რა გაცინებთ, თქვე მამაძაღლებო?! ვერ გაჩუმდებით?!

აბა, ამას რა ხმაური და სიცილ-ყიჟინა მოჰყვებოდა, ადვილი წარმოსადგენია.“

ეს ამბავი კი წინა საუკუნის დასაწყისში მოხდა.. ოქტომბრის რევოლუციამდე, საქველმოქმედო მიზნით, საქართველოში ხშირად იმართებოდა წარმოდგენები, სალიტერატურო საღამოები, კონცერტები. ასეთი წარმოდგენა-საღამოების მომწყობად იწვევდნენ გავლენიანსა და დიდი თანამდებობის პირთ, ან მათ ცოლებს. ზოგი სახელის მოსახვეჭად, ზოგიც თავისი სიამოვნებისათვის შემოიკრებდა ხოლმე გარშემო მეგობრებს, ნათესავებს და საქმეს მიჰყოფდა ხელს.

ერთხელ, რომელიღაც კულტურული საზოგადოების სასარგებლოდ, თბილისის თეატრში მოეწყო საღამო-წარმოდგენა საკონცერტო განყოფილებითა და აპოთეოზით. საღამოს გამგედ მოწვეული იყო იმხანად ცნობილი გენერალი ჭილაშვილი. საკონცერტო განყოფილებას ხელმძღვანელობდა მომღერალი სანდრო კავსაძე.

თეატრში ყოველ საღამოს იმართებოდა რეპეტიციები. ჭილაშვილი, როგორც წესი, რეპეტიციებს ესწრებოდა და მონაწილეებს ამხნევებდა.

ბოლოს და ბოლოს მოახლოვდა საღამოს მოწყობის დროც. დაინიშნა გენერალური რეპეტიცია, მოვიდნენ საღამოს მომწყობნი, მოვიდა გენერალი ჭილაშვილიც. იგი პირველად სანდრო კავსაძეს შეხვდა და ჰკითხა:

- როგორ არის, სანდრო, საქმე, გუნდი მზად არის?

- ყველაფერი მზადაა, მაგრამ უბედურება ის გახლავთ, სცენას რეზონანსი არა აქვს, - მოწყენით მიუგო სანდრომ.

- კი მაგრამ, რა დაჯდება ეგ ოხერი რეზონანსი რომ შევიძინოთ? –აღელვებით გააწყვეტინა სიტყვა გენერალმა.

სანდრო კავსაძე არ დაიბნა, ალღო აუღო მის უმეცრებას და უპასუხა:

- ხუთ თუმნამდე დაჯდება, თქვენო აღმატებულებავ.

- მაშ, აი, შენ ხუთი თუმანი და უეჭველად შეიძინე, მაგით საქმეს ნუ გააფუჭებ,

- უთხრა გენერალმა. სანდრომ ეშმაკურად გაიღიმა და ფული ჩამოართვა.

 იმ ღამეს, რეპეტიციის შემდეგ, იმ ფულით გუნდმა ერთი ლაზათიანად იქეიფა.