სტრასბურგმა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე ქართველი ადვოკატის სარჩელის განხილვა დაიწყო

სტრასბურგმა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე ქართველი ადვოკატის სარჩელის განხილვა დაიწყო

[ნინო მიქიაშვილი]

მიმდინარე წლის 2 მარტს, ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ, ქართველი ადვოკატის - მამუკა ნოზაძის სარჩელის განხილვა დაიწყო. იმაზე, თუ კონკრეტულად რას და რატომ ითხოვს ადვოკატი ევროპის სასამართლოსგან, მამუკა ნოზაძეს შევხვდით და ვესაუბრეთ.

კონკრეტულად რას ითხოვთ ევროპის სასამართლოში?

მამუკა ნოზაძე: 2007 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის საქმეთა კოლეგიას მივმართე და მოვითხოვე: ირაკლი ოქრუაშვილთან, მიხეილ ქარელთან, გურამ გოგუასთან (ბიზნესმენი, რომელსაც ამჟამად თურქეთში პოლიტიკური თავშესაფარი აქვს მიღებული), რეზო გუნცაძესთან (კოკა გუნცაძის ძმა) და დიმიტრი ქიტოშვილთან მიმართებაში გამოტანილი ბრძანებები, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების და შეცვლის შესახებ.

ზემოხსენებული გადაწყვეტილებები საქალაქო სასამართლომ დამიმალა - საჯარო არ არის, კონფიდენციალურია და ინფორმაციას ვერ მოგაწვდითო. შესაბამისი პროცედურების დაცვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის წინააღმდეგ სარჩელით მივმართე ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

მოსამართლე ნათია ჯორბენაძემ, საქართველოს კონსტიტუციის და საერთაშორისო ნორმების და კონვენციების შესაბამისად, სარჩელი დამიკმაყოფილა და სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას დაავალა, რომ ჩემს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია გადმოეცათ სრულყოფილად და არა დაშიფრულად.

მოსამართლე ნათია ჯორბენაძის გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა. მოსამართლე ჯუმბერ რუსიაშვილს დაავალეს, რომ ჯორბენაძის გადაწყვეტილება შეეცვალა და მან ეს დაკვეთა შეასრულა. სხვათა შორის, ამჟამად რუსიაშვილი გათავისუფლებულია; როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ განმარტა, რუსიაშვილი დარღვევების გამო გაათავისუფლეს.

ჩემი სასარჩელო მოთხოვნა, რომ აღარ დაკმაყოფილდა, ეს უზენაეს სასამართლოში გავასაჩივრე, რომელმაც საქმე წარმოებაში არ მიიღო, არ განიხილა.

გქონდათ ამგვარი ინფორმაციის მოთხოვნის უფლება, მაშინ, როცა თქვენ მათ უფლებებს არ იცავდით?

-მართალია, მათ უფლებებს არ ვიცავდი, მაგრამ მე ვარ მოქალაქე და დამაინტერესა რა თანხა იყო გადახდილი და რა მოტივიაცია გამოიყენა სასამართლომ ამ კონკრეტული პირების მიმართ, გადაწყვეტილების გამოტანისას, მაშინ, როცა სხვა პირებს მცირე და არჩადენილ დანაშაულებებზე შეუფარდა პატიმრობები.

იმ პერიოდში მე პატიმრობაში ვიყავი და ეს ინფორმაცია ჩემი საქმიდან გამომდინარეც მაინტერესებდა, რომ შემდგომში, ევროსასამართლოში ჩემი საქმის გაგზავნისას პრეცედენტებად გამომეყენებინა.

საქართველოს კონსტიტუციის, კანონის საერთო სასამრთლოების შესახებ და ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ გამოტანილი ყველა გადაწყვეტილება საჯაროა, თუ ეროვნულ უსაფრთხოებას და უშიშროებას საფრთხე არ ემუქრება. თქვენმა მკითხველმა განსაჯოს ჩემს მიერ მოთხოვნილი რომელი ინფორმაციით ემუქრება საფრთხე ეროვნულ უსაფრთხოებას და უშიშროებას.

სხვათა შორის, 2003 წლამდე ყველა გადაწყვეტილება საჯარო იყო და ეს იბეჭდებოდა -უზენაესი სასამართლო ბუკლეტებს გამოსცემდა ადმინისტრაციულ, სისხლის და სამოქალაქო საქმებზე, სადაც კონკრეტული გვარები, სახელები სრულად მითითებული იყო.

თქვენი აზრით, რატომ გახდა საიდუმლო ამ ინფორმაციის ნაწილი?

-იმიტომ რომ იქ არის დანაშაულებრივი გარიგებები, კონკრეტულ პირებსა და სახელმწიფოს შორის. აი, ამიტომ მალავენ ამ ინფორმაციას.

როდის მიმართეთ ევროპულ სასამართლოს და ახლა რა ეტაპზეა ეს საქმე?

-ევროპულ სასამართლოს სარჩელით 2010 წლის 2 თებერვალს მივმართე, ევროკონვენციის მეათე მუხლის დარღვევის თაობაზე და მოვითხოვე მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება. მართალია სარჩელის შედგენაში თანხის გადახდა არ დამჭირვებია, მე ადვოკატი ვარ და სარჩელი თავად მოვამზადე, მაგრამ თარგმნა, გაგზავნა ხარჯებთანაა დაკავშირებული...

2011 წლის 2 მარტს ევროპულმა სასამართლომ აღნიშნული საქმის განხილვა დაიწყო - ახლა კომუნიკაციის ეტაპზე ვართ. ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას კითხვები დაუსვა და აღნიშნულისთვის განუსაზღვრა ვადა - 2011 წლის 21 ივნისამდე უნდა წარადგინონ თავიანთი არგუმენტაცია, თუ რატომ შემეზღუდა კონკრეტულად მე ინფორმაციის მიღების თავისუფლება.

სტრასბურგში გაგზავნილი ამ სარჩელით მინდა ხელი შევუწყო ქართული სამართლის განვითარებას - ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ხელს უწყობს სამართლის განვითარებას; ამით პარლამენტი იძულებული ხდება კანონმდებლობა შეცვალოს და ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიაში მოიყვანოს.

ვიღაც კუბლაშვილებს, თორდიებს და სხვებს, როგორც მოეპრიანებათ კანონმდებლობა ისე არ უნდა ცვალონ და საკუთარ ტყავზე ჩოხასავით არ უნდა მოირგონ. რაღაც პრეცედენტი ხომ უნდა შეიქმნას?!

ძალიან მნიშვნელოვანია ის პრობლემა, რის გამოც ევროპულ სასამართლოს მივმართე. ეს პრობლემა ჟურნალისტებს და მათ შორის, კონკრეტულად თქვენც გაქვთ; საჯარო ინფორმაციას ადმინისტრაციული კოდექსის მოშველიებით არ გაწვდიან - ინფორმაცია კონფიდენციალურია, საიდუმლოა და ასე შემდეგ, რაც სინამდვილეს არ შეეფერება.

P.S. იმაზე, თუ რა სიახლეებია ჩვენს მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის თაობაზე, აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ბარათელის შესახებ, რაზეც ადგილობრივმა სასამართლო ინსტანციებმა უარი იმ მოტივით გვითხრეს, რომ ინფორმაცია საიდუმლოაო, უახლოეს დღეებში გაცნობებთ.