მსოფლიო ჩემპიონატებს თვალს 1978 წლიდან ვადევნებ და ამ მუნდიალის მსგავსი დაძაბული და საინტერესო ასპარეზობა იშვიათად მახსენდება. დღემდე მიმაჩნია რომ ესპანეთში, 1982 წელს გამართული შეჯიბრება ყველაზე საუკეთესო გახლდათ. ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა, რადგან უფროსი თაობის გულშემატკივრები განსაკუთრებით, 1970 წლის ჩემპიონატს გამოყოფენ. ნებისმიერ მუნდიალს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები გააჩნია. არ ვიცი ბრაზილიაში მთავარ ჯილდოს რომელი გუნდი მოიპოვებს, მაგრამ ფაქტია - „მუნდიალი - 2014“ სპორტის ამ სახეობის ისტორიაში ადგილს შემტევი ფეხბურთის გაბრწყინების სახელით დაიკავებს.
ძალიან კი უნდოდა ბატონ პელეს ფინალურ მატჩში თანამემამულეებისა და რუსეთის ეროვნული გუნდის ხილვა, მაგრამ ალჟირელმა მოთამაშეებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს რომ თანამედროვე ფეხბურთში ფულს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ენიჭება. ფაბიო კაპელო ბრაზილიაში მოასპარეზე ნაკრებების მწვრთნელებს შორის ყველაზე მაღალანაზღაურებადი გახლდათ. სამწუხაროდ მოთამაშეთა ნიჭიერებით რუსები აშკარად ვერ დაიკვეხნიდნენ და იტალიელ სპეციალისტს ჩემპიონატის ვადაზე ადრე დატოვება მოუწია.
ჯგუფებში ჩატარებული თამაშების შემდეგ რამდენიმე აშკარა ფავორიტი გამოიხატა: ბრაზილია, ჰოლანდია, არგენტინა და გერმანია. საქართველოში დიეგო მარადონას თანამემამულეებს განსაკუთრებული სიყვარულით ქომაგობენ. ალბათ არ გადავაჭარბებ და ამ გუნდს ჩვენში ყველაზე მეტი გულშემატკივარი ჰყავს. წესითა და რიგით, ლეო მესი და მისი თანაგუნდელები ფინალურ ორთაბრძოლამდე უნდა მივიდნენ, მაგრამ მწვრთნელს, ბატონ საბელიას, მანამდე დაცვის ხაზის სასწრაფოდ მოწესრიგება ევალება. ის რაც ნიგერიასთან გაუვიდათ მეეჭვება ბელგიასთან ან ჰოლანდიასთან გაუგორდეთ და ამის გამო არ დაისაჯონ.
გუშინ ერთ-ერთ ქართულ ვებ-გვერდზე საინტერესო „ნიუსს“ გადავაწყდი:
„აზარტული მოთამაშეების სიმრავლე ლომბარდების მუშაობასაც დაეტყო. სალომბარდო ბიზნესის კლიენტურა გააქტიურდა. წესით, საზაფხულო სეზონი მათ საქმიანობაში წარუმატებელია, მაგრამ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებულმა ვნებამ აქაც იჩინა თავი.
როგორც აღმოჩნდა, აზარტით შეპყრობილი გულშემატკივრები სალომბარდო მომსახურებითაც აქტიურად სარგებლობენ. თბილისში მოქმედი დაწესებულებების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ საქმიანობაში მსოფლიო ჩემპიონატი ხელსაყრელია, რადგან აზარტული კლიენტები სალომბარდო მომსახურებას არ ერიდებიან და ძვირადღირებულ ნივთებსაც კი ლომბარდებში აგირავებენ“.
სამწუხაროდ, მსოფლიო პირველობა მარტო სპორტული შეჯიბრება არ გახლავთ, ის გამდიდრების ერთ-ერთი სწრაფი საშუალებაცაა. საქართველო ეკონომიურად გაჭირვებული ქვეყანაა და ტოტალიზატორები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ამ დაწესებულებებში თავს არაერთი უმუშევარი იყრის და უკანასკნელი გროშებით რამდენიმე კაპიკის შოვნას ცდილობს. სამწუხაროდ ფორტუნა ცვალებადია და გამონაკლისი არც „მუნდიალი - 2014“ გახლავთ. კოსტა რიკას ეროვნულმა გუნდმა ადგილობრივ საბუკმეიკერო დაწესებულებებს გვარიანი მოგება მოუტანა, განსხვავებით ქართველი აზარტული მოთამაშეებისა, რომლებმაც ამ პატარა (მსოფლიოში ყველაზე დემოკრატიული) ქვეყნის გუნდთან დიდძალი ფული წააგეს. ჩემპიონატში დაფიქსირებული მოულოდნელობების ჩამოთვლა კიდევ შემიძლია, მაგრამ ალბათ აჯობებს ამ თემაზე საუბარი დავასრულო.
გუშინ მერვედფინალური ეტაპის მატჩები დაიწყო და ფეხბურთის ქართველ თაყვანისმცემლებს გულითა და სულით ერთ რჩევას მივცემდი: ცივ ლუდთან ერთად ისიამოვნეთ ფეხბურთით და დიდი თანხებით ფსონების დადებისაგან თავი შეიკავეთ. (ითამაშეთ, მაგრამ იმ რაოდენობის ფულით, წაგების შემთხვევაში კატასტროფის ტოლფასი რომ არ გაგიხდეთ). გახსოვდეთ, სპორტული ცხოვრება „მუნდიალი - 2014“-ის შემდეგაც გაგრძელდება და საინტერესო ფსონების დადების შესაძლებლობა კიდევ არაერთხელ მოგეცემათ. დღეს კი, უყურეთ მშვიდად ფეხბურთს და სხვადასხვა ტოტალიზატორების მეპატრონეებს ნუ გაამდიდრებთ. (ანტირეკლამას ამ სფეროს წარმომადგენლები ალბათ მაპატიებენ, რადგან ერთმა ჩემმა ახლობელმა მანქანა (მართალია ძალიან ძველი), მეორემ კი 1000 ლარიანი ფოტოაპარატი უკვე წააგო).
მომდევნო კვირას მსოფლიო პირველობაზე საუბარს კვლავ გავაგრძელებ. ნება მომეცით წერილის მეორე ნახევარზე გადავიდე.
დღეს ცნობილი ქართველი მწვრთნელის, რეზო ძოძუაშვილის სამ მოგონებას შემოგთავაზებთ. ეს ისტორიები ფართოდ ცნობილი არ გახლავთ და იმედია ქართველი გულშემატკივრები მათ ინტერესით გაეცნობიან.
ერთხელ, როდესაც საბჭოთა კავშირის ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან წარმატებული თამაშის შემდეგ მოსკოვში, სასტუმრო „როსიაში“ იმყოფებოდა, რეზო ძოძუაშვილი, გივი ნოდია და მურთაზ ხურცილავა ერთად სავახშმოდ რესტორანში წავიდნენ.
„ისე მოხდა, რომ ჩვენს გვერდით მაგიდასთან ისხდნენ ქართველები და მათთან ერთად იყო სამამულო ომის გმირი, ჩვენი თანამემამულე მელიტონ ქანთარია. ჩვენც ვისხედით, მშვიდად.
საქმე გაკეთებული გვქონდა - ჩრდილოეთ ირლანდიასთან დადებითი ბალანსი. ამიტომაც გადავწყვიტეთ თავისთვის უფლება მიგვეცა და ცოტა დაგველია.
მელიტონ ქანთარიამ რომ დაინახა ორი მეგრული გვარის წარმომადგენელი და მათთან ერთად მე, ალავერდს ჩემთან გადმოვიდა - ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი, ჯორჯ ბესტი ამოკეტე და კარგი სადღეგრძელოს თქმასაც შეძლებო. იდეა ავიტაცე და შემდეგი სადღეგრძელო წარმოვთქვი: მინდა ამ სასმისით ჯორჯ ბესტი ვადღეგრძელო. კაცი, რომლის დიდი შიში გვქონდა და რომლის დაძლევაც მე შევძელი. რომ არა ჯორჯ ბესტი, მე ნახევარი ევროპა ვერ გამიცნობდა.
ამის შემდეგ ალავერდს ქანთარიასთან გადავედი. სახელოვანმა გმირმა გადმომხედა, სასმისს მეორე მიუდგა გვერდით და გვითხრა: „ამ სადღეგრძელოსთან ერთად, მაშინ მე მეორესაც ვიტყვი. ჰიტლერი რომ არ ყოფილიყო, მსოფლიო ვერ გამიცნობდა და დღეს, ვერც თქვენს გვერდით ვერ ვიჯდებოდიო“.
ერთხელაც რეზო ძოძუაშვილი აბაშაში ჩავიდა...
„იქ, ერთ-ერთ სტადიონზე ვარჯიშობდა კახი კაჭარავა. მე იმ დროს ქუთაისის „ტორპედოს“ მწვრთნელი ვიყავი. კახი როგორც ფეხბურთელი მომწონდა. თანაც ჯარში მიჰყავდათ და დახმარება მთხოვა. ვურჩიე ქუთაისში ჩემთან წამოსულიყო. კახა დამთანხმდა და რამდენიმე ვარჯიშის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში ჩავაყენე.
მოგეხსენებათ ქუთაისელი გულშემატკივარი. დაინახეს მაღალი კაცი, თანაც ზანტად მოძრავი. მოვიდნენ ჩემთან და მითხრეს:
„ბიჭო, ძოძუაშვილო, ეს ძროხა ვინ ჩამოიყვანეო. მესამე თამაშზე კაჭარავამ ოთხი გოლი გაიტანა. მოვიდნენ ისევ ის გულშემატკივრები და მითხრეს - ყოჩაღ რეზო, კარგი მეწველი ძროხა კი ჩამოგიყვანია. აბა შენ იცი, ამრავლე ასეთი კაჭარავებიო“.
საქართველოში ყველამ იცის - რეზო ძოძუაშვილის გუნდში თუ გინდა ითამაშო, ცოლი ან დიდი ხნის მოყვანილი უნდა გყავდეს, ანდა ვიდრე თამაშობ, ცოლზე აღარ უნდა იფიქრო.
„სტატისტიკას“ თვალს თუ გადავავლებთ, ძოძუაშვილის გუნდებში მთელი რიგი მოთამაშეები დაოჯახების შემდეგ მართლაც აღარ თამაშობდნენ. სიტყვას კვლავ ბატონ რეზოს გადავცემ.
„ერთხელ მოსკოვში ვიყავით. თბილისის „დინამოს“ მწვრთნელი მაშინ იაკუშინი იყო. თამაშამდე ერთ რუს გოგონას „სვიდანია“ დავუნიშნე.
სასტუმროში დაბრუნებას ვაგვიანებდი და გადავწყვიტე დისტანცია, შეხვედრის ადგილიდან სასტუმრომდე სირბილით დამეფარა. ის იყო კარები უნდა შემეღო, რომ ფეხი ამისრიალდა და გუბეში ჩავვარდი.
ნომერთან იაკუშინი შემხვდა. სველი რომ დამინახა, ყველაფერს მიხვდა, თუმცა არაფერი მითხრა. სამაგიეროდ მეორე დღეს შემადგენლობაში აღარ ჩამაყენა. თამაშის შემდეგ მოვიდა და მითხრა „ყველაფერში გუშინდელი ფანტანჩიკებია დამნაშავეო“.
მე ფეხბურთელების გოგოსთან სეირნობის წინააღმდეგი კი არ ვარ, მაგრამ თუ დაოჯახებას სერიოზულად აპირებ, კი ბატონო. თუ არა და მაშინ სპორტულ კარიერას მიხედონ, თორემ ერთხელ, უკვე „დინამოს“ მწვრთნელი ვიყავი, დიღმის საწვრთნელი ბაზის ყველა კარი და ფანჯარა თავად შევამოწმე, ჩაკეტილი იყო თუ არა და ერთს ღიას წავაწყდი, მეორე სართულზე. თანაც უცნაური ხმაურიც შემომესმა.
გადავიხედე და რა დავინახე - ერთ-ერთი ცნობილი დინამოელი ფეხბურთელი კედელს იყო დაკიდებული. ვეღარც გაპარვას ახერხებდა.
თუ გინდა სპორტული ცხოვრება მოაწყო, მაშინ რაღაცაზე უარი აუცილებლად უნდა თქვა“.