ქართლოს კასრაძე და ოთხი ათასი ფრთა ფრინველი

ქართლოს კასრაძე და ოთხი ათასი ფრთა ფრინველი

თბილისის კოლორიტსა და უნიჭიერეს იუმორისტს, ქართლოს კასრაძეს, ჟურნალისტი ოთარ ხუციშვილი იხსენებს:

„იმ წლებში, როცა სარაიონთაშორისო გაზეთ „სამგორის" რედაქციაში ვმუშაობდი, ცნობილი იუმორისტი ქართლოს კასრაძე ჩვენი ხშირი სტუმარი გახლდათ. მოჰქონდა ფელეტონები, იუმორესკები, ზოგჯერ საქმიან წერილებსაც აქვეყნებდა.

ერთ-ერთი ასეთი წერილი, რომელიც გაზეთში დაისტამბა, მაშინდელ ლოჭინის მეფრინველეობის ფაბრიკად წოდებულ საწარმოს შეეხებოდა. ავტორი ხოტბას ასხამდა იქაურ მეფრინველეთა საქმიანობას და გეგმების დიდი გადაჭარბებით შესრულებას უწინასწარმეტყველებდა.

მეორე დღეს რედაქციაში ტელეფონის ზარი აწკრიალდა. შეშფოთებულმა ფაბრიკის დირექტორმა გვამცნო, რომ წერილში საბედისწერო შეცდომა გაიპარა: საწარმოში მხოლოდ 2 ათასი ფრთა ფრინველი გვყავს, კორესპონდენციაში კი 4 ათასი ფრთა წერიაო. ეს რა უბედურებასა გვწიეთ, ამიერიდან სახელმწიფო კვერცხის დამზადების გეგმას ამ ციფრის მიხედვით დაგვიწესებს და დავიღუპეთო.

გაზეთის რედაქტორმა სილოვან ნარიმანიძემ ქართლოს კასრაძე რედაქციაში იხმო და უსაყვედურა: - შე კაი კაცო, რა შარს გადამკიდე. ადგილზე იყავი მისული, ის ქათმები ხეირიანად დაგეთვალა და მერე ისე დაგეწერაო. - დავითვალე, აბა არ დავითვალე?! - იუკადრისა ქართლოსმა. - თუ დაითვალე, 2 ათასის ნაცვლად 4 ათასი ქათამი საიდან გაჩნდა? - სილოვან, აბა დაფიქრდი, - შეედავა იუმორისტი, - ერთ ქათამს ორი ფრთა ხომ აქვს. - აქვს. - ჰოდა, აგაშენა ღმერთმა, 2 ათას ქათამს 4 ათასი ფრთა არ გამოუვა?

რაღა ჰქონდა სათქმელი რედაქტორს, გაჩუმდა. იმისი კაბინეტიდან ქართლოსი გამარჯვებულის იერით გამოვიდა და რედაქტორის მოადგილეს ისლამ ბაბაევს აზერბაიჯანულად გაუბა საუბარი. ჩვენ ყველამ პირები დავაღეთ - ხედავთ, ქართლოსს ინგლისურთან, ფრანგულთან, ჩინურთან და იამაიკურთან ერთად აზერბაიჯანულიც სცოდნიაო.

ქართლოს კასრაძე რომ წავიდა, ბაბაევს ვკითხეთ, რას გელაპარაკებოდაო. - ვერ გეტყვით, ვითომ აზერბაიჯანულად ლაპარაკობდა, მაგრამ იქიდან ერთი სიტყვაც ვერ გავიგეო, - გვითხრა თავადაც პირდაღებულმა ისლამმა“.